ლეგენდიდან მოსული კაცი...

"ჭაბუამ ხელნაწერის ფურცლები ნერვული მოძრაობით შეაქუჩა და ჩაილაპარაკა - ვინ იცის, რა გამოვა!
ეს არ იყო, მაინცდამაინც, სხვათა აზრის შეტყობის სურვილი ან პოზა, ეს იყო გულწრფელი ეჭვი...
ახლა ყველაფერი იოლი ჩანს...
მაშინ კი, ყინულით მოზარნიშებული სარკმლიდან გაცრეცილი სხივი გამოკრთოდა; მრავალმეტყველ კაცს ხმის ამოღება უმძიმდა; ეჭვი, უნდობლობა, უიმედობა ღრღნიდა. და მაინც, ჯიუტი რწმენა იყო იმ დღეებში მისი საყრდენი და წლებით, ცხოვრებით, ბედუკუღმართობით გამოწრთობილი შინაგანი სიმტკიცე, შესაძლოა ისიც, ერთი კაცის თავზე ხომ არ უნდა მოიქცეს ყოველი მოსაქციელი... იქნებ თაობიდან თაობაზე გადმოცემული, ძველთაგანვე სისხლში გამჯდარი ავანტიურიზმიც, ის ავანტიურიზმი, ყოველთვის რომ ახლავს მხედართმთავარს, მოგზაურისა და მწერლის ცხოვრებას..." - წერდა ჭაბუა ამირეჯიბის უახლოესი მეგობარი, მწერალი ოტია პაჭკორია. მაშინ "დათა თუთაშხია" ჯერ მხოლოდ ხელნაწერებში არსებობდა. მწერლის ცხოვრება კი...
1937 წლის რეპრესიებს შეწირული მშობლები და ახლობლები, საბჭოთა ციხეში გატარებული თექვსმეტი წელი, ციხიდან სამჯერ გაქცევა, ორჯერ მისჯილი დახვრეტა, დაბოლოს, რეაბილიტაცია... ყველაფერი ის, რაც შემდეგ "გორა მბორგალში" აირეკლა. დღეს კი ბატონი ჭაბუა, იმავე მეგობრის სიტყვებით - "ლეგენდიდან მოსული კაცი", საკუთარი შემოქმედებით, წარმომავლობით, წარსულითა და თავს გადახდენილი უამრავი განსაცდელით თავად გახლავთ ცხოვრების მიერ შექმნილი ერთი დიდი და საინტერესო წიგნის ლეგენდარული პერსონაჟი...

ბატონო ჭაბუა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გავლენა იქონია თქვენზე, როგორც პიროვნებისა და როგორც მწერლის ჩამოყალიბებაზე? რა როლი შეასრულა ამ პროცესში დრომ (საბჭოთა დრო) და ოჯახმა (არისტოკრატიული ოჯახი)?

- უპირველესად ყოვლისა, ჩემი ბებო, სოფიო მაღალაშვილი-ამირეჯიბისა, პაპაჩემი, გიორგი ამირეჯიბი, დედ-მამა და ქალბატონი მელანია მეძმარიაშვილი-გველესიანისა, აკადემიკოს გურამ გველესიანის ბებია. ამ ადამიანს სორბონა ჰქონდა დამთავრებული პედაგოგიკის განხრით. როგორ მოვხვდი მასთან? ჭირვეული ბავშვი ვიყავი, დიდი ხვეწნით დაითანხმეს "დეიდა მელაშა", მივეღე თავის ოჯახში. თითქმის ყველა ინტერვიუში აღვნიშნავ ხოლმე ამ ადამიანის ღვაწლს ჭაბუა ამირეჯიბის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში. ექვსი წლისა გამაბარეს, რვა წლისა მეორე კლასში დამსვეს. ორი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ბრწყინვალე პედაგოგსა და ადამიანს ბავშვის მომავალი ზნეობის საძირკველი ჩაედგა. ისე მგონია, იქაური ორი წელიწადი რომ არა, სულ სხვა კაცი ვიქნებოდი - გაცილებით უარესი.
დრომ - ძალიან მძიმე! კარგად მახსოვს, სადილად რომ დავსხდებოდით, მამაჩემი ირაკლი და პაპაჩემი გიგო ერთმანეთს იმ ახალ ამბებს ამცნობდნენ, სადაც მავანთა დაპატიმრებებსა თუ დახვრეტებს მთავარი ადგილი ეჭირა. რაც ოჯახის გავლენას შეეხება - დახვეწილი საქციელი, თავდაჭერა, ზრდილობა, რწმენა და სიყვარული იყო ჩემი აღზრდის წყარო და ხვედრი.

როგორი იყო პირველი ლიტერატურული ცდები, რას გაიხსენებდით?

- ამ სამიოდე წლის წინ გაზეთმა "კავკასიონმა" ჩემი რვა წლის ასაკში შეთხზული, ბათუმში მოძიებული ლექსის სტროფი გამოაქვეყნა. ჰაე, რომ თხზვის ჭია პატარაობიდანვე მქონდა შეჩენილი. თორმეტი, ცამეტი წლისამ პროზაც მოვსინჯე. ასეთი შემთხვევა დამახსომდა. ჩემი და - როდამი და ლალი ჯავახიშვილი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ. საგნებს ერთად ამზადებდნენ ხოლმე, ძირითადად ჩვენთან. საიდანღაც შინ დავბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს მოთხრობას კითხულობდნენ. ლალიმ შემაქო, - ყოჩაღ, კარგი მოთხრობააო. ალბათ, ამ შექებამაც იმოქმედა, რომ წერას აღარ მოვეშვი.

როგორ მუშაობთ, თუ გაქვთ რაიმე წესი, რომელსაც წერის დროს ყოველთვის იცავთ?

- საერთოდ, ნელა ვწერ. ერთი ჩაჯდომით დიდი წიგნის დაწერა შეუძლებლად მიმაჩნია. ცხადია, კარგ წიგნს ვგულისხმობ. ვწერ ასე: როდესაც მომავალი წიგნი თავიდან ბოლომდე გააზრებული და "დანახულია", ვიწყებ იმ ნაჭრის წერას, რომელიც ამწუთში მეხასიათება. ეს შესაძლოა, ფინალიც კი იყოს. ამ ნაწერს გადავდებ და თუ მანამ სხვა ნაჭერი არ მომთხოვს დაწერას, დაწერილს ორიოდ კვირის მერე ვუბრუნდები - ან შესწორებები შემაქვს, ან იქნება, გადავაგდო კიდეც. ისეც ხდება, რომ ნაწერს მცირე რამ შესწორებაც კი არ სჭირდება. ნათქვამიდან გასაგებია, რატომ მოვანდომე ჩემს წიგნებს ათ-ათი წლის მუშაობა. აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ წიგნის "დანახვას" მთელი წარსული სიცოცხლე სჭირდება. ვწერ იმას, რაც უკვე ვიცი. ვიცი კი ის, რასაც ცხოვრებისეული გამოცდილება და ნააზრევი ჰქვია.
რა სიძნელეების გადატანა შეძლო მწერალმა და ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ჭაბუა ამირეჯიბმა საბჭოთა დროში?

- ათას ცხრაას ორმოცდაოთხი წლის თორმეტ აპრილს, როგორც არალეგალური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" წევრი, შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით, უშიშროების ჯარების ტრიბუნალმა სხვა ცხრამეტ წევრთან ერთად გამასამართლა და ოცდახუთი წლით პატიმრობა მომისაჯა. საგანგებო საქმეთა პროკურორმა ჩემს მიმართ გამოტანილი განაჩენი არასაკმარისად მიიჩნია, გაასაჩივრა, დახვრეტა მოითხოვა. სამოცდათხუთმეტი დღე გავატარე დასახვრეტთა საკანში. არ დამხვრიტეს, ოცდახუთი წელი დამიტოვეს. აქედან დაიწყო ჩემი გაქცევების "სერია". ამ პროცესში კიდევ ერთი დახვრეტა "ვიშოვე". სხვადასხვა განაჩენით, საერთო ჯამში, ოთხმოცდასამი წლის პატიმრობა მომიგროვდა. როგორც ჩემი ძმაკაცი, განსვენებული მწერალი ოტია პაჭკორია იტყოდა, "რეაბილიტანსის" შედეგად ის ოთხმოცდასამი დავუტოვე გულაგს და სამშობლოში დავბრუნდი.

საინტერესოა, როგორ ახერხებდით ურთიერთობას ბიუროკრატიასთან, ხელისუფლებასთან? თუ მაშინაც იყვნენ გრაფი სეგედის მსგავსი ხელისუფალნი?

- უნდა მოგახსენოთ, ქართველთა შორის, ზოგი ცოფიანი იდიოტის გარდა, კომუნისტური იდეებით "გადარეული" ნაკლებად მოიპოვებოდა, განსაკუთრებით ჩემი დაბრუნებისდროინდელ საქართველოში. დავბრუნდი და რესპუბლიკის მართვის სადავეები ჩემი თაობის ადამიანებს ეპყრათ ხელთ. ვისარგებლებ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მათ ყოველივე იმისთვის, რა თანაგრძნობა და შესაძლო დახმარებაც აღმომიჩინეს. მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაპატიმრებამდე რატომაც "ვერ მოვახერხე", ამაზე ზევით ვთქვი.

როგორ გამოაქვეყნეთ "დათა თუთაშხია"? ხომ არ იყო რაიმე პრობლემა ცენზურასთან დაკავშირებით? თქვენს ერთ პერსონაჟს თუ დავუჯერებთ, ცენზურა მხოლოდ "ნაცრისფერს" ებრძვის.

- თქვენ მიერ ხსენებულ პერსონაჟს მხედველობაში ნიჭიერების პრეტენზიის მქონე უნიჭობა ჰქონდა. "დათა თუთაშხიას", "გორა მბორგალისგან" განსხვავებით, ძლიერი საცენზურო წინააღმდეგობა დახვდა. კრიტიკის ოფიციოზმა რუსეთისა და რუსების მიმართ შეურაცხყოფაში დამადანაშაულა, მაგრამ ჯერ გამოქვეყნების პერიპეტიებისა ვთქვათ. დავამთავრე წიგნი, მივიტანე "ცისკარში". მთავარ რედაქტორს, ჯანსუღ ჩარკვიანს მაგიდაზე დავუდე ის ვეებერთელა შეკვრა და ვუთხარი - ჯანსუღ, გასართობად წაიკითხეთ შენც და რედაქციამაც. არა მგონია, დაბეჭდოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თხუთმეტი წლის შემდეგ ეს წიგნი ნამდვილად გაიმარჯვებს. წაიკითხეს გივი გეგეჭკორმა, ტარიელ ჭანტურიამ, ოტია პაჭკორიამ და თავად ჯანსუღ ჩარკვიანმა. პირველი ნაწილი სტამბაში ჩაუშვეს ცენზურის აზრის გაუთვალისწინებლად, სადაც ხსენებული შეკვრა წასაკითხად ჰქონდათ. გამოქვეყნება შეაჩერეს. აქ კიდევ ბევრი რამ საყურადღებო მოხდა, მაგალითად ის, რომ რომანი უშიშროებაში გადაიგზავნა რეაგირებისათვის. გულაგმა კიდევ დამიღო ხახა, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და აი, როგორ: კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ ნიკა ჩერქეზიშვილი იჯდა. წაიკითხა რომანი, წააკითხა აწ განსვენებულ ჩინებულ მოქალაქესა და მამულიშვილს, ოთარ ქინქლაძეს და პირველ კაცთან, ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით, ოცსა თუ ოცდახუთ მწერალს რომანის ასლები წასაკითხად და წერილობითი აზრის გამოსათქმელად დაუგზავნა. თავად ნიკა და ოთარი ბატონ ედუარდს დასასვენებლად გაჰყვნენ რომანის კიდევ ერთი ასლით იღლიაში. სანატორიუმში თვე თუ ნაკლები დაჰყვეს, დაბრუნდნენ. ბატონ ედუარდს რომანი უკვე წაკითხული ჰქონდა და ოცივე მწერლის წერილობითი გამოხმაურება ნიკა ჩერქეზიშვილს მაგიდაზე ედო. მოხდა ის, რაც ქართულ ლიტერატურაში არასოდეს მომხდარა - ბატონმა ედუარდმა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ჟურნალ "ცისკრის" სარედაქციო კოლეგიის მუშაობის საკითხი, საკუთარი დასკვნითურთ, განსახილველად შესთავაზა და დადებითი რეზოლუციაც მიიღო. რომანმა მწვანე გზა იპოვა - წინააღმდეგობას ვინ გაბედავდა, დევნა შეწყდა.

როგორ მიიღო მკითხველმა და კრიტიკამ "დათა თუთაშხია" და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია, გადაღებებში თუ მონაწილეობდით?

- მკითხველმა და კრიტიკამ (მათ შორის ოფიციალურმაც) რომანი უდიდესი ქება-დიდებით მიიღო. დაიწერა მრავალი რეცენზია და დაიწყო საუბრები იმაზე, რომ რომანის ეკრანიზაცია იყო საჭირო. გავიხსენებ იმასაც, რომ რუსთაველის პრემიაზე წარდგენილმა "დათა თუთაშხიამ" გამარჯვება ვერ მოიპოვა - ვფიქრობ, იმჟამინდელი იდეოლოგიური ვითარებისა და ლიტერატურაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო.
მომწიფდა ეკრანიზაციის საკითხიც. რეჟისორობა გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ იკისრეს იმ აუცილებელი პირობით, რომ სცენარის ავტორი მე ვიქნებოდი. ფილმი მრავალსერიანი და სატელევიზიო უნდა ყოფილიყო. დაფინანსებაზე საკავშირო რადიო-ტელევიზიის კომიტეტმა განაცხადა თანხმობა. ფილმის გადაღება "ქართულმა ფილმმა" დაიწყო. სტუდიის დირექტორი (უკვე მეორედ) ბატონი აკაკი ძიძიგური იყო. გადავიღეთ ისე, როგორი სცენარიც დავწერე. გადაღების პროცესში სცენარის ავტორის მონაწილეობა აუცილებელია, რადგან ყველა ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს რაიმეს შეცვლისა თუ დამატების საჭიროება.

არის თუ არა "გორა მბორგალი" ავტობიოგრაფიული და რამდენად დოკუმენტურად გაცოცხლდა ის დრო?

- უკვე მოგახსენეთ, მწერალი წერს იმას, რაც მან თავისი ბიოგრაფიის წყალობით მოიპოვა ცხოვრებისეულ გამოცდილებად. დავწერე ის, რაც საფუძვლიანად ვიცოდი, რაც თავად გადამხდა, ან გადახდათ ჩემს მეგობრებს. ამას წინათ, ბატონმა ტარიელ ჭანტურიამ მითხრა - ავტობიოგრაფია, მოგონებებიო, მემუარებიო, თუ რაც გინდა, ის დაარქვი, ამ ხასიათის წიგნი დაწერეო. "გორა მბორგალი" წაიკითხე-მეთქი, მივუგე.
დიახ, დოკუმენტური სიზუსტე "გორა მბორგალში" სრულად არის დაცული იმ გამონაკლისით, რომ გმირების ზოგი გვარ-სახელი შეცვლილი მაქვს, მაგრამ ჩემი მეუღლის, ქალბატონ თამარ ჯავახიშვილის დაჟინებული თხოვნით, რომანის, ასე ვთქვათ, "ვინ - ვინ არის" შევადგინეთ და შემდეგ გამოცემას დავურთავთ კიდეც. სიზუსტე დაცულია-მეთქი - ვგულისხმობ ნაწარმოებში ზუსტად შეტანას იმისა, რა და როგორც აღიქვა ჩემმა ანალიზმა და მეხსიერებამ.

"დათა თუთაშხია" რუსულ ენაზე თქვენვე თარგმნეთ. კიდევ რომელ ენებზეა თარგმნილი თქვენი ნაწარმოებები? მთელი ამ დროისა და ვითარების გათვალისწინებით, როგორ იცნობენ ჭაბუა ამირეჯიბს უცხოეთში?

- "დათაც" და "გორაც" ჩემი თარგმნილია, რა თქმა უნდა, სხვათა მიერ შესრულებული პწკარედების შემწეობით. ჩემი ნაწერები, მათ შორის, და უპირველესად ყოვლისა, რომანები სამ ათეულამდე ენაზეა თარგმნილი და გამოცემული, ნუ ჩამომათვლევინებთ - მეც დავიღლები და მკითხველიც.
ყოველ უცხოურ გამოცემას, ალბათ, რეკლამირების მიზნით, დართული აქვს ჩემი ბიოგრაფიის ძირითადი და საყურადღებო მონაცემები სწორედ იმ მოსაზრებით, რომ მკითხველმა გაიცნოს ისინი. ასეც მიცნობენ.

დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდტანიანმა რომანმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომანის მომავალი?

- რომანს გააჩნია. წიგნი ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ მკითხველს ტელევიზორი გამოართვევინოს! ორივე რომანი სქელტანიანია - გაგიჭირდათ წაკითხვა? რომანის მომავალი, მართალს ბრძანებთ, მაინც მცირე მოცულობაა. ადამიანს სქელი წიგნების წასაკითხად ჩვენს დროში, როცა ატმოსფერო ინფორმაციით არის გადატვირთული, ნაკლებად სცალია. ეს ახალი რომანისთვის გავითვალისწინე, იგი ორჯერ მაინც მცირეტანიანი იქნება, ვიდრე წინა ორი.

თქვენი აზრით, როგორია თანამედროვე ქართული ლიტერატურა? რას იტყვით ახალგაზრდა მწერლებზე, ვის იცნობთ და ვის უწინასწარმეტყველებთ მომავალს?

- თანამედროვე ქართული ლიტერატურა აღმავლობის გზას ადგას. გამოჩნდნენ ახალგაზრდა მწერლები, ვინც წარმატებით ეწევა სამწერლო ჭაპანს. ეს არის უნიჭიერესი პლეადა. მე მათი დიდი იმედი მაქვს. ნუ ჩამომათვლევინებთ, არ მინდა, ვინმე პირველ რიგში მოვიხსენიო და ვინმე ჩამონათვალის ბოლოში. მწერალი ამაზე, როგორც წესი, მწვავედ რეაგირებს.

ვის მიიჩნევთ ლიტერატურაში თქვენს მემკვიდრედ?

- ვინც ჩემზე უკეთ დაწერს. ასეთი არაერთი გამოჩნდება.

რატომ გადაწყვიტეთ გაზეთის დაარსება, რა გინდათ უთხრათ მისი საშუალებით დღევანდელ საქართველოს? და შეიძლება თუ არა, იგივე ითქვას ლიტერატურის მეშვეობით?

- განვიზრახე, დამეარსებინა გაზეთი, რომელიც სიმართლეზე, მიუკერძოებლობაზე, ნეიტრალურ მკითხველზე იქნებოდა ნავარაუდევი. ამ იდეამ ისევე გაიმარჯვა, როგორც ჩემმა რომანებმა და პუბლიცისტიკამ, მით უმეტეს, რომ რედაქციაში თანამოაზრეთა ჯგუფი მყავს - ფართოდ ცნობილი მწერლის, ბატონ ვაჟა გიგაშვილის მეთაურობით.

რას იტყვით დღევანდელ საქართველოზე?

- დღევანდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, მართლაცდა დღევანდელი არ არის. რიგი გარემოებებისა გამო, იგი უწინდელი "საქართველოების" განმეორებაა იმ განსხვავებით, რომ მას მეტად ღირსეული, დაუღალავი, შორსმჭვრეტელი და მსოფლიოში აღიარებული ხელმძღვანელი ჰყავს ბატონ ედუარდ შევარდნაძის სახით. უწინდელ საქართველოებს ეს ქუდბედი ერთობ იშვიათად თუ რგებიათ. პირადად მე "შევარდნაძისტი" ვარ და როგორც უნდა განვითარდეს მომავალი, ამავე პოზიციაზე დავრჩები.

თუ გიფიქრიათ ოდესმე აქედან წასვლა?

- უცხოეთის გამომცემლობებში ყოფნის დროს იყო დარჩენის წინადადებები, თანაც დიდ ფულად, მაგრამ მე ის კაცი არ ვიყავი, რაღაც შემოთავაზებების გამო სამშობლო მიმეტოვებინა. მით უმეტეს ახლა კეტით ვერ გამაგდებს ვერავინ. ამდენი საკეთებელია... ვერ ვიდეზერტირებ!

ბატონო ჭაბუა, ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ვწერ ახალ რომანს, პირობითი სახელწოდებით "გიორგი ბრწყინვალე", რომელიც ფორმით, კონცეფციით, ძირითადი მახასიათებლებით განსხვავებული იქნება წინა რომანებისაგან. მოდით, წინასწარ ნურაფერს მათქმევინებთ, რადგან ჩანაფიქრს ხშირად ვერ პასუხობს შედეგი. ვნახოთ, რა გამოვა.