მუშტაიდის ბაღი...

რაც უნდა იყოს, მუშტაიდი მაინც სხვა არის...
იქნებ სიძველის გამო, ან იმის გამო, რაც ამ სიძველეს უკავშირდება. იქნებ ჩვენი მშობლებისა თუ ბებიების ან ბაბუების მონათხრობის გამო... ან იქნებ, კიდევ უფრო ადრინდელი თბილისელების ან თბილისის სტუმრების მოგონებების გამო...
უფრო სწორად კი, ყველაფრის გამო ერთად და მთლიანად... და იმის გამო, რომ მუშტაიდი ტკივილამდე ჩვენი და მშობლიურია.
არადა, სიტყვა "მუშტაიდი" სულაც არ არის ქართული. ბაღის სახელწოდება კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებას უკავშირდება, რომელმაც იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში გააშენა. ეს კაცი ირანის შიიტური რელიგიის უმაღლესი სასულიერო პირი, თავრიზელი მირ-ფერტე-აღა-სეიდ მუშტაიდი გახლდათ.
მირ-ფერტე-აღა-სეიდ მუშტაიდი ირანსა და კავკასიაში ცნობილი პიროვნება იყო. მის პოპულარობას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა: წარმომავლობა, თანამდებობა, განათლება, განსაკუთრებული ორატორული ნიჭი; ასევე პიროვნული თვისებები - იგი კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი ყოფილა.
მუშტაიდის პოპულარობა მხედველობიდან არ გამორჩენია კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელს, გენერალ ალექსანდრე პასკევიჩს, რომელიც ხმლით იპყრობდა კავკასიას და ნაწილ-ნაწილ უერთებდა რუსეთის იმპერიას. მან სწორად განჭვრიტა მუშტაიდის უნარი და შესაძლებლობა. დიპლომატიური ტაქტითა და ეშმაკობით (იდეა რუსეთის მაშინდელ ელჩს ირანში, ალექსანდრე გრიბოედოვს ეკუთვნოდა თურმე) მუშტაიდი გადაიბირა და რუსეთის სამსახურში ჩააყენა. მუშტაიდმა შეძლო სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის, ირანის უფლისწულის აბაზ-მირზასა და თავრიზის სარდლის ალაიარ-ხანის გაძევება, რითიც ხელი შეუწყო ამ მხარის რუსეთთან შეერთებას. ხოლო თურქმანჩაის ზავის შემდეგ, როცა სამხრეთ აზერბაიჯანი ირანს დაუბრუნდა, მუშტაიდს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, იქ აღარ დაედგომებოდა და იძულებული გამხდარა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. მუშტაიდმა ირანში დატოვა 27 000 ირანულ თუმნად (400 000 რუსულ ოქროს მანეთად) შეფასებული ქონება.
კავკასიის მთავარმართებელმა შესაფერისად დაუფასა გაწეული სამსახური. მისი შუამდგომლობით დაუნიშნეს მაღალი პენსია, დააჯილდოვეს იმპერიის უმაღლესი ორდენებით, მედლებით და 15 სოფელიც უბოძეს შირვანში. მუშტაიდი მთელი კავკასიის შიიტების უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად დაინიშნა. რეზიდენცია თბილისში გამოუყვეს და ნება დართეს, სასულიერო სკოლა გაეხსნა. საამისოდ 50 დესეტინა მიწა გამოუყვეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც შესანიშნავი ბაღი გააშენა...
1845 წელს მუშტაიდი შაჰმა შეიწყალა და იგი ირანში დაბრუნდა.
"მუშტაიდის ბაღის" დაარსებას კი სევდიანი და რომანტიკული ამბავი უდევს საფუძვლად. მუშტაიდს ცოლად ჰყოლია ულამაზესი ქართველი ქალი - ნინო, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე უყიდია. ირანიდან გახიზნულს, მისი თხოვნითვე აურჩევია თბილისი საცხოვრებლად. სამშობლოში დაბრუნებულ ნინოს სულ ექვსი თვე უცოცხლია.
საყვარელი მეუღლე მუშტაიდს სახლის წინ დაუკრძალავს და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დაურგავს. შემდეგ მის გარშემო შესანიშნავი ბაღი გაუშენებია. ბაღის მოსარწყავად მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაუყვანია...
ბაღი კი დღესაც ყვავის გაზაფხულობით და დღემდე შემორჩა დამაარსებლის სახელი.
მუშტაიდის ირანში წასვლის შემდეგ, ბაღი ვაჭარ გორგიჯანოვს შეუსყიდია; იგი მალე გაკოტრებულა და ბაღი 1853 წელს სახელმწიფო ხაზინას შეუძენია სასოფლო-სამეურნეო ფერმის მოსაწყობად. XIX ს-ის 80-იან წლებში მის ტერიტორიაზე მეაბრეშუმეობის სადგური და მუზეუმი აშენებულა. 1859 წლიდან მუშტაიდი სასეირნო ბაღად გადაქცეულა.
პირველი დიდი ღონისძიება აქ 1859 წლის 25 აგვისტოს გაიმართა აულ ღუნიბში შამილის დატყვევებასთან დაკავშირებით. კავკასიის მეფისნაცვალს, გენერალ-ფელდმარშალ ალექსანდრე ბარიატინსკის მუშტაიდის ბაღში დიდი საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. შემდგომ, როგორც პოეტი გრიგოლ ორბელიანი წერს: "უწინდელი მუშტაიდის ბაღი მთავარმართებელმა გაადიდ-გაალამაზა და შექმნა პუბლიკისათვის სასეირნოდ და სალხინოდ". აქ იყო მრავალი გასართობი: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. აქვე, გორგიჯანოვის კაფე-შანტანში ელიტარული საზოგადოება და ბატონი ოფიცრები შამპანურს მიირთმევდნენ და თავს იქცევდნენ.
სწორედ მუშტაიდის ბაღში, ღია რესტორნის სცენაზე, იხილა თურმე ნიკო ფიროსმანმა აქტრისა მარგარიტა. იხილა და... დანარჩენი ყველამ კარგად იცის. მერე იყო დიდი და უცნაური სიყვარული, მერე იყო ის ცნობილი უამრავი ვარდი.
მუშტაიდის საზაფხულო თეატრში, 1860 წელს თბილისის ოპერის თეატრი სისტემატურად მართავდა სიმფონიურ კონცერტებს. აქვე გაისმოდა საზანდრისა და დუდუკის ტკბილი ჰანგები და ქართველ რომანტიკოსთა საყვარელი მომღერლის, აღა სათარას საამური მელოდიები.
კონცერტზე დამსწრე საზოგადოებისათვის ყაბახიდან ყოველ ნახევარ საათში გადიოდა დილიჟანსი. ადმინისტრაციის განკარგულებით, ქალბატონები შეღავათით სარგებლობდნენ, უბილეთოდ დასწრების უფლება ჰქონდათ. მამაკაცები კი ბილეთს ყიდულობდნენ, რომელიც მანეთი ღირდა და უფლება ჰქონდათ, თან ხლებოდათ ერთი მანდილოსანი.
მუშტაიდი პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა ძველ თბილისში. აქ ხდებოდა დედაქალაქში ჩამოსული საპატიო სტუმრების მიღება. ეწყობოდა გამოფენები. პირველი - "კავკასიის მხარის ბუნებრივ და მანუფაქტურულ ნაწარმთა გამოფენა" - 1850 წელს გაიხსნა. განსაკუთრებით გრანდიოზული 1901 წლის საიუბილეო გამოფენა იყო, იგი უამრავმა ხალხმა დაათვალიერა.
მუშტაიდის ბაღიდან აფრინდა ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი. ეს იყო 1882 წელს.
მუშტაიდის ბაღზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ცნობილი გერმანელი მწერლის, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, არტურ ლაისტის მოგონება: "მუშტაიდი და მისი ახლომახლო მდებარე ბაღები ნამდვილი კერაა აქაური საზოგადოებრივი ცხოვრებისა. აქ, ყოველ საღამოს, ხუთი საათიდან შუაღამემდე, გაცხარებული დროსტარებაა, ჭეშმარიტად მხიარული და ხმაურიანი, რადგან ქეიფის დროს ქართველებს უყვართ მუსიკა, სიმღერა და ხმამაღალი ბაასი. მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება. ხეივნებში ქრიან ეტლები.
ამ დროს აქ შეიძლება ყოველნაირი კავკასიური ჩაცმულობის ნახვა; რაინდული შეხედულების ჩაუქი ახალგაზრდობა დასეირნობს გრძლად ჩამწკრივებულ სკამებს შორის, რომლებზედაც თითქმის გაუნძრევლად სხედან საქართველოს მშვენიერი და წყნარი ასულნი. ბევრ მათგანს ლეჩაქი ხურავს, სხვები სრულიად ევროპულად არიან ჩაცმული. მათი გასაოცარი შავი თვალები ბრწყინავს ახალმოდური შლიაპის ქვეშ, რომელიც ვერ ფარავს გველებრ გამოყრილ კუპრივით შავ დალალებს. სეირნობა მუშტაიდში, ჩვეულებრივ, საღამოს ათი საათისათვის მიწყნარდება ხოლმე, მაგრამ სხვა ბაღებში გრძელდება - უკრავს ზურნა, გაისმის სიმღერა, ხარხარი, გაჩაღებულია ლეკური. ეს საყვარელი ცეკვაა ქართველებისა. მთვარიანი ღამით ბაღებში დროსტარება უფრო საინტერესო ხდება.
ამგვარ ღამეებში კარგია კაცი დადგეს მტკვრის ნაპირას, ბაღების გასწვრივ რომ მოდუდუნებს და უცქიროს მთვარის შუქზე მის ჩქარ, ვერცხლისფერ, მბრწყინავ ზვირთებს..."
მართლაც, რომ კარგია...
და მართლაც, რომ გინდა, დღესაც ასეთ ემოციებს აღძრავდეს ეს საოცარი ადგილი...
მას შემდეგ ბაღს მრავალჯერ შეუცვალეს სახელი. ხან რკინიგზელთა სახელობისა იყო, ხან კი სერგო ორჯონიკიძის სახელს ატარებდა; ხან ძველებური სილამაზით ბრწყინავდა, ხანაც, აწინდელის არ იყოს, ოდნავ შელახული და მოწყენილი იერი ჰქონდა...
მაგრამ იგი ყოველთვის იყო თბილისელთა თუ თბილისის სტუმართა უსაყვარლესი ადგილი - სულის მოსათქმელი, მშვიდი და ყველაფრის მიუხედავად, რომანტიკული.
და ამ ბაღს დღემდე მისი დამაარსებლის, თბილისელი სპარსის, მუშტაიდის სახელი შემორჩა.

მზია ქუცნიაშვილი