ქართული ფერწერა - მეოცე საუკუნის ოსტატები

"წარმოგიდგენთ "თანამედროვე ხელოვნების გალერეის" გამოფენათა ციკლის - მეოცე საუკუნის ოსტატები - თაობიდან თაობამდე ექსპოზიციის კატალოგს, რომელიც ქართველ დიდოსტატთა ნამუშევრებთან ერთად ახალი თაობის მხატვართა ტილოებსაც გაგაცნობთ.
ვიმედოვნებთ, რომ გამოფენათა ციკლი და ეს გამოცემა ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნების განვითარებას, მის პოპულარიზაციას; კიდევ ერთხელ გვაზიარებს მშვენიერების სამყაროს, უკეთესად გაგვაცნობს იმ კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც შექმნილია ქართველ ფერმწერთა მიერ XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდში. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა კატალოგის მომზადებასა და გამოცემაში."

ავტორთა ამ სიტყვებით იხსნება ოთხი კატალოგის ყოველი წიგნი. ეს ალბომები XX საუკუნის შესანიშნავ ქართველ ოსტატთა ოთხ გამოფენას ასახავს და ქმნის თანამედროვე ქართული მხატვრობის მეტად საინტერესო და ფერადოვან სურათს.

ეს პროექტი თავისთავად იყო მეტად საინტერესო, განსხვავებული და უცხო. თანამედროვე ქართველი მხატვრების ოთხი გამოფენა - არა რეტროსპექტული, არა აკადემიური და ქრონოლოგიური; უბრალოდ, მხატვრობის არაჩვეულებრივი ნიმუშების წარმოჩენის ცდა; უბრალოდ შეკრება და მოძიება, რამდენადაც შესაძლებელია ერთად თავმოყრა... ბაჟბეუქ-მელიქოვი, ზურაბ ნიჟარაძე, ალბერტ დილბარიანი, ედმუნდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, გივი აღაპიშვილი, თამაზ ხუციშვილი, რადიშ თორდია, გივი თოიძე და სხვანი და სხვანი... კლასიკოსები და ახალი თაობის არაჩვეულებრივი ქართველი ხელოვანნი... კედლიდან ფურცელზე გადასული ხელოვნება - თაობიდან თაობამდე...

ყოველ გამოფენას შემდგომ არაჩვეულებრივად გამოცემული კატალოგები მოჰყვა, როგორც ყოველივე ამის ამსახველი და მატიანე. არც ამ კატალოგებს ჰქონია ანთოლოგიის პრეტენზია, ესეც იყო მხოლოდ სურვილი კიდევ ერთხელ შევსებისა და შეგროვების, ჩვენი სულიერი კულტურის ჩვენებისა და წარმოჩენის.

ხოლო შედეგი გამოვიდა სრულიად მოულოდნელი, და შეიქმნა თანამედროვე ქართული მხატვრობის მეტად საინტერესო და განუმეორებელი სურათი, რომელზეც მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობა აისახა როგორც ერთი მთლიანობა.

ამ საქმის სულის ჩამდგმელი ბატონი გია ჯოხთაბერიძე გახლდათ, მხატვრობის დიდი მოყვარული და მეცენატი, სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ საქმის წამოწყება და ბოლომდე მიყვანა. გამოფენების მომზადება და კატალოგების შედგენა პროექტის მეორე ავტორმა, გია ჯანბერიძემ განახორციელა.

საბოლოოდ კი, ერთიანი ძალებით, ,,ნეოსტუდიის" მთელი შემოქმედებითი ჯგუფის თავდადებისა და რუდუნების შედეგად, ქართულმა საზოგადოებრიობამ ოთხ წიგნად გამოცემული, არაჩვეულებრივ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული კატალოგები იხილა.

,,მეოცე საუკუნის ოსტატები - თაობიდან თაობამდე"...

ნახეთ, დაათვალიერეთ და თქვენს წიგნებად აქციეთ ისინი.