"გავიტანოთ უნდა ლელო..."

საქართველოში "სათამაშო" სპორტის სახეობებიდან შვიდკაცა რაგბი პირველი იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გავიდა.
ქართველი მორაგბეების პირველი სერიოზული წარმატება 1997 წელს, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება იყო. მაშინ ამ შეხვედრას სხვა ელფერი დაჰკრავდა, ეს მარტო რაგბის თამაში არ იყო.
ოცდამეერთე საუკუნე ქართველი მორაგბეების ორი დიდი გამარჯვებით დაიწყო: "ბორჯღალოსნებმა" (ეროვნული ნაკრები) რუმინეთიდან ევროპის ერთა თასი ჩამოიტანა, ხოლო ჭაბუკთა ნაკრებმა ჩილეში - მსოფლიო პირველობაზე "ბ" ჯგუფის ფინალური თამაში მოიგო, თასიც მოიპოვა და მომავალი წლიდან "ა" ჯგუფის უძლიერეს გუნდებთან მოუწევს შერკინება.
მსოფლიოში რაგბის მოთამაშე ელიტარული ქვეყნები არსებობს და ეს თამაში ერთ-ერთ უძვირეს სპორტადაც ითვლება.

რამდენიმე ამბავი ოვალური ბურთის მოყვარულებზე

ამბობენ, ადამიანებმა ბურთის თამაში გამოქვაბულიდან დაიწყესო. მრავალი ვერსია არსებობს იმის თაობაზე, თუ რა საგანი გამოიყენებოდა ბურთის მაგივრად, ან როგორ შეიქმნა პირველი ბურთი... მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ იმას, რაც ზუსტად ვიცით: ბურთს თამაშობდნენ უძველესი დროიდან და ბურთმა შექმნა უამრავი თამაში - ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, წყალბურთი, ხელბურთი და ასე შემდეგ... არსებობს უამრავი წესი და განმარტება, არსებობს უამრავი მოთამაშე და მაყურებელი...
ქართული ლელო ერთი იმ თამაშთაგანია, რომლის ისტორიაც ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ახლახან ინგლისში რაგბის პირველი ენციკლოპედია გამოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ თანამედროვე რაგბი ქართული ლელოდან მოდის. საიდან და როგორ გავრცელდა ეს თამაში ევროპაში, ალბათ, მკვლევარები დაადგენენ. მანამდე კი, ის ვიცით, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ინგლისის ქალაქ რაგბიში, კოლეჯის მასწავლებელმა უილიამ ვებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მანამდე ირბინა, სანამ მოწინააღმდეგის კარში არ შეაგდო. "ავანგარდისტ ფეხბურთელს" მალე თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ, ბურთმა ფორმა შეიცვალა და ახალი თამაშისთვის სპეციალური წესებიც შეიქმნა. საუკუნის დასასრულისთვის კი რაგბის საერთაშორისო საბჭო დაარსდა.
იმდროინდელ ქართულ პრესას თუ დავუჯერებთ, ბათუმში ინგლისური ხომალდის მეზღვაურები ბურთს "ჩვენებურებივით" თამაშობდნენ და ხშირად - ჩვენებურებთან ერთად. საინტერესოა, მოგვიანებით, ბორის პაიჭაძის ერთი ნაამბობიც, თუ როგორ თამაშობდნენ ფოთის ნავსადგურის მახლობლად ინგლისელი მეზღვაურები უცნაური, გრძელი ბურთით (ფოთელებს ნესვი რომ ეგონათ) და როგორ იოლად ითვისებდნენ ამ თამაშს ლელოში გაწვრთნილი ქართველი ბიჭები...
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში პირველი სერიოზული ჩემპიონატი მოეწყო, რომელსაც "ხუთი ერის" პირველობა ერქვა (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი). თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა იტალიას, რომ ამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეღო. დღეს ეს ჩემპიონატი "ექვსი ერის" სახელითაა ცნობილი. მეტად მნიშვნელოვანი ასპარეზობებია ასევე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პირველად 1987 წელს ჩატარდა და ევროპის ერთა თასის პირველობა.
"ბურჟუაზიული და საეჭვო წარმოშობის" ამ თამაშს საბჭოთა კავშირში მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. რაგბიმ ოფიციალურად არსებობის უფლება დაახლოებით მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოიპოვა. საქართველოში პირველი გუნდი 1959 წელს შეიქმნა. მოგვიანებით კი, რაგბის ფედერაციაც დაარსდა. წლების მანძილზე ქართველი მორაგბეები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში და ქართული გუნდები რამდენჯერმე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელებიც გახდნენ.
90-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს რაგბის კავშირი საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანდა. აქედან იწყება ქართული რაგბის ახალი წარმატებები.

დღეს საქართველოში არის ეროვნული ნაკრები, შვიდკაცა ეროვნული ნაკრები, ოც, ცხრამეტ და ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ნაკრებები. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ექვსი გუნდი ასპარეზობს, ასევე ექვსი გუნდია პირველ ლიგაში, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობენ. არის აგრეთვე ჭაბუკთა "ა" ლიგა და "ბ" ლიგა. ბავშვებისათვის კი ყოველწლიური რაგბის ფესტივალი იმართება. რაგბის თამაშს 8-9 წლის ასაკში იწყებენ და ზოგი 40-45 წლამდე აგრძელებს.

"ბარბაროსული თამაში" და ქართველი "რაინდები"

ერთხელ, ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბობ ჩარლტონმა თქვა: "რაგბი ბარბაროსული თამაშია და მას რაინდები თამაშობენ, ფეხბურთი კი პირიქით - რაინდული თამაშია და ბარბაროსები თამაშობენო"...
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების, ეგრეთ წოდებული "ბორჯღალოსნების", უმეტესობა ლეგიონერია და საფრანგეთის სხვადასხვა გუნდში თამაშობს. ისინი საქართველოში საერთაშორისო შეხვედრების დროს ჩამოდიან და კიდევ ზაფხულში - დასასვენებლად. ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული ნაკრების წევრები, ერთად ვარჯიშს ასე თუ ისე ახერხებენ. საქართველოს რაგბის კავშირის ოფისში კი, ყველაზე ხალხმრავალი და საინტერესო დღეები იწყება.
ილია ზედგენიძე - 24 წლის, ნომერი რვა, შერკინების მესამე ხაზი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წლიდან საფრანგეთში თამაშობს. დასვენებისათვის წელიწადში ხუთი კვირა აქვს, რომელსაც საქართველოში ატარებს. მომავალი წლიდან უნდა, რომ სამეცნიერო თემა აიღოს და მთელი თავისუფალი დრო მასზე მუშაობას დაუთმოს.
"რაგბი საინტერესო და ვაჟკაცური თამაშია. კარგ თამაშს ცოდნა, გამოცდილება და მაგარი ტექნიკა სჭირდება.
ჩემი მეგობრები თამაშობდნენ რაგბის და მეც "ჩამითრიეს". 17 წლის ვიყავი, პირველ კურსზე ვსწავლობდი. თავიდან "რაშებში" ვთამაშობდი, შემდეგ რამდენჯერმე გამოვიცვალე გუნდი. ახლა "ტულონში" ვარ, პროფესიული გუნდია და მომავალი წლიდან ჩემთან ერთად გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე და აქვსენტი გიორგაძე ითამაშებენ. ძველი მეგობრები ვართ და საქართველოს ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ. დიდი შეღავათია, როცა "მარტო" არ ხარ...
საფრანგეთში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად განვითარდე და სერიოზული რაგბი ითამაშო..."
ვასო აბაშიძე - 23 წლის, გარემარბი, უკანა ხაზი. სამი თვე თამაშობდა საფრანგეთში. საქართველოს ნაკრების თამაში დაემთხვა იქაური გუნდის თამაშს და არჩევნის გაკეთება მოუხდა, რის გამოც საფრანგეთიდან წამოვიდა. ახლა ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ელიტა-2"-ის ერთ-ერთ კლუბთან.
"რაგბი ძალიან რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო თამაშია.
ჩემთვის ეს ოჯახური სპორტია - მამაჩემი რაგბისტი იყო, ბიძაჩემიც, ბავშვობიდან ვთამაშობ. თავიდან "ლელოში" ვიყავი; შემდეგ ჰოლანდიაში წავედი, დავბრუნდი და აქაურ გუნდებში ვთამაშობდი. შემდეგ სამი თვე საფრანგეთში ვიყავი და ისე მოხდა, რომ უკან წამოვედი, სხვაგვარად არ შემეძლო, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი. საქართველოში ძალიან ძნელია კარგი ფორმის შენარჩუნება. ვერც აქაური ანაზღაურებით იცხოვრებ, არადა, სხვა რამის კეთებას თუ დაიწყებ, რაგბის ვეღარ ითამაშებ. რაღაც პერიოდის შემდეგ მინდა, რომ ისევ საფრანგეთში წავიდე. ვნახოთ რა იქნება..."
გია ლაბაძე - 27 წლის, 7-6 ნომერი, მე-3 ხაზი. 1997 წლიდან საფრანგეთში თამაშობს. ცხოვრობს ზღვისპირა ქალაქ ტულონში და საქართველოში ჩამოსულს ზღვის დანახვა აღარ უნდა, სამაგიეროდ არდადეგების მთაში გატარებას და "გემრიელად" დასვენებას აპირებს.
"რაგბი მაგარი თამაშია - მეგობრული, კოლექტიური და გონივრული. ყველაფერი გათვლილია, მხოლოდ ბურთის გადაგდება-გადმოგდება არ არის და არც მარტო ის, რომ ბურთს სტაცო ხელი და გაიქცე, ერთი შეცდომა და, შეიძლება თამაში წააგო.
თავიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ვერ აეწყო. შემდეგ ჩემმა სიძემ მირჩია, რაგბიში გადადიო და მეც დავუჯერე. ჯერ "ლელოს" ბავშვთა ნაკრებში ვიყავი. მერე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გადავედი. 1991 წელს მსოფლიო ჩემპიონატშიც ვმონაწილეობდი. მერე საქართველოში ჩამოვედი. მერე ისევ რუსეთი და 1995 წელს პირველად მოვხვდი საქართველოს ნაკრებში. შემდეგ უკვე ისე გამოვიდა, რომ საფრანგეთში აღმოვჩნდი. ერთი წელი მარტო ვიყავი და მერე ილია ზედგენიძე ჩამოვიდა. ძნელია იქ მარტო ყოფნა და ძალიან მიხარია, რომ მომავალი სეზონიდან ერთ გუნდში ოთხი ქართველი ვიქნებით.
თამაშის დროს ბევრი რაღაც ხდება. იმ წუთში შეიძლება მაგრად გაბრაზდე. ერთხელ იტალიას ვეთამაშებოდით და აუტში ამწიეს, მაღლა ვარ, ბურთი გავისროლე და მომენტალურად გამიშვეს ხელი, ყველა ბურთს გაეკიდა. ჯერ ჰაერში ვარ, და უცებ ბა-ბახ - ძირს... მერე, ჩანაწერს რომ ვუყურეთ, სიცილით კინაღამ მოვკვდით, კარგი სანახავი იყო, იმ სიმაღლიდან მიწაზე როგორ "ჩამოვფრინდი"...
უცხოურ გუნდებში თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ფორმის შენარჩუნების თითქმის ერთადერთი შანსი აღმოჩნდა. მთელი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან რაგბის კავშირისთვის გამოყოფილმა თანხამ ერთი საერთაშორისო შეხვედრის ხარჯიც ვერ დაფარა. თუ სათამაშო მოედნებისა და სათანადო ბაზების სიმწირეს ამას დავუმატებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ ქართველ მორაგბეებს ბოლოდროინდელი გამარჯვებები.

ქართული რაგბის თემი და მსოფლიო თასი

საქართველოს ნაკრებმა შვიდკაცა რაგბის მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. თხუთმეტკაცას მიერ ევროპის ერთა თასის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ვარაუდობენ, რომ 2003 წელს ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე გავლენ.
1995 წლიდან რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე გახლავთ. პროფესიით არქიტექტორი და პროფესიონალი მორაგბე, დღეს უკვე მეორე ვადით ასრულებს თავის მოვალეობას. ალბათ მისი დამსახურებაა, რომ ქართული რაგბის თემი ასე შეკრული და ერთსულოვანია. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში რაგბის ბევრი კარგი მოთამაშე დაუბრუნდა; თითქმის დაშლილი გუნდები ისევ შეიკრიბა; ტარდება ყოველწლიური ჩემპიონატები და კიდევ ერთი - ჩვენი მორაგბეების ყველა შეხვედრას მაყურებელთა უზარმაზარი არმია გულშემატკივრობს.
მიხეილ ბურძგლა - რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი
- "პირველი წრის შედეგებით პირველ ადგილზე ვართ. რუსები და რუმინელები საკუთარ სახლში დავამარცხეთ. წინ რამდენიმე სერიოზული და ურთულესი თამაში გველის. არ უნდა დავთმოთ, ფინალურ თამაშებზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. დიდი მხარდაჭერა გვაქვს რაგბის საერთაშორისო საბჭოსგან (IBR) და რაგბის საერთაშორისო ასოციაციისგან (FIRA - AER). სიტუაცია შეიცვალა, ქართული რაგბი აღიარეს და ახლა უკან დახევა აღარ შეიძლება...
რაგბი საოცრად კარგად ერგება ქართველი კაცის ბუნებას. რთული თამაშია და წესებიც რთული აქვს. ისტორიას არ ახსოვს, რომ თამაში "ჩაწყობილიყო", რაგბის ხასიათიდან გამომდინარე ეს გამორიცხულია. თუ სპორტის სხვა სახეობებმა, შეიძლება ითქვას, ამოწურა საკუთარი თავი - ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, მოედანზე მომხდარიყო, უკვე მოხდა, რაგბიში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
ნოემბერში, თბილისში, საფრანგეთის ნაკრები ჩამოდის. დღემდე საფრანგეთისთვის არაფერს ნიშნავდა საქართველოსთან თამაში, რაკი ასე გადაწყდა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს."
საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთი რაგბის სამყაროში უძლიერესთა შორისაა. ფრანგი ხუთი ათასიდან ირჩევს საუკეთესოს, ქართველი - ასი კაციდან. მაგრამ როგორც ამბობენ, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დღე ისე არ გავა, რომ კავშირის ოფისში ვინმემ არ დარეკოს, ჩემ შვილს რაგბის თამაში უნდა და რომელ გუნდს მირჩევთო. დღითი დღე იზრდება ქართველ ლეგიონერთა რიცხვიც. იმასაც ამბობენ, რომ ლელოს ქვეყანა შეიძლება, მალე დიდი რაგბის ქვეყნადაც იქცესო...
მეოცე საუკუნის საქართველოს უცნაური სპორტული ცხოვრება ერგო. საერთაშორისო შეხვედრებში ქართველების წარმატება რუსების წარმატებად ითვლებოდა, რუსეთში კი ისინი საბჭოთა სპორტსმენები იყვნენ. თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ჩვენებს ქართული დროშით ეასპარეზათ, მსოფლიოს სპორტულ რუკაზე კი საქართველო თავიდან აღმოსაჩენი გახდა.
ოცდამეერთე საუკუნეში, ალბათ, ამ რუკაზე საქართველო არც ისე პატარა იქნება, როგორც ეს გეოგრაფიულად ჩანს.
ყოველ შემთხვევაში, ქართველ მორაგბეებს ამისა სჯერათ.

ელისო კაპანაძე