არცთუ შორეული პერსპექტივა...

ყველაზე დიდი დაფარვის ზონა, აბონენტთა მომსახურების მაღალი დონე, 150 000-ზე მეტი აბონენტი, უახლესი ტექნოლოგიები და მასზე დაფუძნებული მომსახურებები - აი, ის რეალობა, რომლითაც სამართლიანად შეიძლება იამაყოს მაგთიკომმა თავისი კომერციული საქმიანობის ოთხი წლის თავზე.

მაგთიკომის წარსული მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა მობილური კომუნიკაცია ყველაზე პროგრესირებადი ინდუსტრიაა და მხოლოდ მიღწეული შედეგებით ვერ დავკმაყოფილდებით. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაგთიკომი ფეხდაფეხ მიჰყვება წამყვან ევროპულ ოპერატორებს და საქართველოში თანამედროვე კავშირგაბმულობის უახლეს სტანდარტებს ამკვიდრებს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და შევეცდებით აბონენტთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით მსოფლიო გამოცდილების ანალიზი და მობილური კომუნიკაციის უახლოესი წლების პერსპექტივების მოკლე მიმოხილვა.

მესამე თაობის მობილური ქსელების (3G) გამოჩენამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი. ოპერატორი კომპანიები კი უკვე დღეს ცდილობენ ისეთივე ტიპის მომსახურების დანერგვას, როგორსაც მესამე თაობის ქსელების საშუალებით შესთავაზებენ მომხმარებელს. ასეთ შესაძლებლობას GPRS (Gereral Packet Radio Service) ტექნოლოგია იძლევა, რომელსაც გარდამავალს უწოდებენ ახლანდელსა (2.5G) და მესამე თაობის ტექნოლოგიებს შორის.

როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის ცნობილია, GSM-ის მთავარი უპირატესობა მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემა და ინტერნეტთან ე.წ. On-Line რეჟიმში კავშირია. GPRS-ის მეშვეობით აბონენტები შეძლებენ თვისებრივად ახალი მომსახურებით სარგებლობას, რომელიც მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემაზე იქნება დაფუძნებული. საკონსულტაციო კომპანია მერილ ლინჩის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მობილური ტელეფონით მონაცემთა გადაცემის მსურველთა რიცხვი, რომელიც აბონენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, 2002 წლის ბოლოსათვის გაიზრდება 10%-მდე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნა დამატებით მომსახურებებზე, რომელიც მრავალფეროვანი შინაარსის მონაცემთა გადაცემაზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ აუცილებელია, რომ დანერგილმა სიახლეებმა გამართულად იმუშაოს და ადვილად გამოსაყენებელ იქნეს აბონენტთათვის.
დღესდღეობით კომუნიკაციის სამი ძირითადი გადაწყვეტა იკვეთება მობილურ ბაზარზე: ხმოვანი კომუნიკაცია ანუ საუბარი, გართობა და ბიზნესი. ხმოვანი კომუნიკაცია ოპერატორთა შემოსავლების 90%-ს წარმოადგენს. ეს ეხება, მონაცემთა გადაცემის თვალსაზრისით, ისეთ აღიარებულ ლიდერებს, როგორებიცაა: ფინური Sonera და იაპონური NTT DoCoMo. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების აბონენტები თვეში მილიონობით ტექსტურ შეტყობინებასა თუ მოკლე მონაცემს აგზავნიან, საუბრით ინფორმაციის გადაცემა მაინც საგრძნობლად მეტია. ალბათ სადავო არ არის, რომ მობილური მომსახურების უმთავრესი ფასეულობა კვლავაც ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა და არა კომპიუტერებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, იაპონიასა და ამერიკაში უკვე შეინიშნება ცვლილებები მონაცემთა გადაცემის ზრდის სასარგებლოდ.

როგორც ეტყობა, ევროპაში ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ბუმია მოსალოდნელი. GSM ასოციაციის მონაცემებით, მარტო 2000 წლის აგვისტოში GSM აბონენტებმა მსოფლიო მასშტაბით (ძირითადად ევროპელებმა) 9 მილიარდი ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს. ეს ციფრი სამჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. იაპონიაში კი i-mode-ის აბონენტების თითქმის ნახევარი, თავის ტელეფონს ელექტრონული ფოსტის მისაღებადაც იყენებს. მოყვანილი ფაქტები ადასტურებს ვარაუდს, რომ მოთხოვნა, მობილური ტელეფონით მონაცემთა გადაცემასა და ინტერნეტში მუშაობაზე, რეალურად არსებობს და ის კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.

ბუნებრივია, მობილური კომუნიკაციის პირველი მომხმარებლები იყვნენ და დღესაც რჩებიან საქმიანი გარემოსა და ბიზნესის წარმომადგენლები. მათი ნაწილი მობილურ ტელეფონს, გარდა საუბრისა, იყენებს საბანკო ოპერაციებისთვის, ბირჟებიდან ახალი ამბების მისაღებად და ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად. ბრიტანულმა BT Cellnet-მა GPRS-ზე დაფუძნებული ახალი მომსახურება ე.წ. PocketNet (ჯიბის ქსელი) შესთავაზა თავის საქმიან მომხმარებელს. ეს მომსახურება აბონენტს შესაძლებლობას აძლევს, მობილურით დაუკავშირდეს თავისი კომპანიის შიდა კომპიუტერულ ქსელებს.

რაც შეეხება გართობას, ოპერატორები ცდილობენ, მაქსიმალური პერსონალიზაცია შესთავაზონ მომხმარებლებს: პოპულარობით სარგებლობს აპარატში ჩატვირთული სხვადასხვა ტიპის ზარები და სიმბოლოები. საინტერესოა, რომ ნორვეგიული Telenor-ის აბონენტებმა ამა წლის პირველ კვარტალში ერთ მილიონზე მეტი ტიპის ზარის ჩატვირთვა მოითხოვეს კომპანიისაგან. არანაკლებ პოპულარულია გრაფიკულად ილუსტრირებული screensaver-ების განთავსება მობილური ტელეფონის ეკრანზე.

მესამე თაობის ტექნოლოგიების დანერგვისას ოპერატორი კომპანიებისათვის მნიშვნელოვანი იქნება მცირე ზომის ტრანსაქციების, ანუ ფინანსური ოპერაციების წარმოება ტელეფონის მეშვეობით. ეს უკანასკნელი დღესდღეობით შედარებით ახალ ელემენტს წარმოადგენს მობილურ კავშირგაბმულობაში, თუმცა, ის უფრო მიმზიდველს ხდის მობილურ ტელეფონს და ხელს უწყობს მომხმარებლის ტრადიციული დამოკიდებულების შეცვლას მის მიმართ. მალე მობილური ტელეფონი მხოლოდ საუბრის გადაცემის საშუალება როდი იქნება. ოპერატორ კომპანიებს გამუდმებით მოუწევთ მომხმარებლის გათვითცნობიერება დანერგილ სიახლეებში იმისათვის, რომ ახალი მომსახურება პოპულარული გახდეს ყველასათვის და ელიტარული მომხმარებლიდან მასობრივ ბაზარზე გადაინაცვლოს.

ახალი თაობის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურებების წარმატებით დანერგვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიებს შორის თანამშრომლობას. ოპერატორ კომპანიებსა და ინფორმაციის გამავრცელებლებს კარგად ესმით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ორი მძლავრი ინდუსტრიის დაახლოებას. მსოფლიოს საინფორმაციო გიგანტი CNN თვლის, რომ მობილური ინტერნეტი საკუთარი მომსახურების გავრცელების დამატებითი გზაა. ამავდროულად, ოპერატორისთვის ის ახალი სერვისის შეთავაზების საშუალებას წარმოადგენს. CNN -მა უკვე რამდენიმე ევროპულ ოპერატორთან გააფორმა ხელშეკრულება ახალი ამბების რეგულარულ მიწოდებაზე.

ამ მცირე მიმოხილვის შემდეგ კი დავამატებთ, რომ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის განვითარების უმთავრესი მიზანია, მობილური კომუნიკაცია ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ადამიანისათვის - ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. GSM პირველი ნაბიჯია პერსონალური კომუნიკაციის სისტემისაკენ: მონაცემთა გადაცემა, ფაქსი, მოკლე შეტყობინებები, ხმის გადაცემა, მულტიმედია, მობილური ინტერნეტი და სხვა დამატებითი მომსახურებები პრაქტიკულად ახორციელებს პერსონალური კომუნიკაციების სისტემის მიზანს და იგი მომავალი თაობის მობილური კომუნიკაციის ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს. მომხმარებელს არ აინტერესებს ტექნოლოგიურად რთული მომსახურება, მას ესაჭიროება ის, რაც მარტივია, პრაქტიკული და გამართულად მუშაობს.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი