ქართული ორნამენტი

საქართველოში, ალბათ, ისევე როგორც სხვაგან...
ჭირი იქა, ლხინი აქა... იყო და მაინც არა იყო რა, ნაცარქექია იჯდა, ბუხარში ნაცარს ჯოხით ქექავდაო...
შემდეგ ვიღაცამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცეცხლის პირას, ნაცარში უცნაური ფიგურების გამოყვანა, თავისებურად, მაგიურ რიტუალს ჰგავდა და ამ დეტალით ხალხმა, ერთი შეხედვით უდარდელ გმირს, ის გრძნეული თვისებები მიაწერა, რომელიც შემდეგ მას დევების დამარცხებაში ეხმარებოდა.
სხვათა შორის, ქართული ორნამენტის ძირითადი დანიშნულება სწორედ ბნელი ძალებისგან დაცვა იყო და ამიტომაც მას კვეთდნენ ყველგან, სადაც კი მსგავს საშიშროებას ელოდნენ. ხევსურეთში ყველაზე მეტ "დამცავ" ორნამენტს ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელზე ქარგავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი უფრო სუსტები იყვნენ.
თუმცა, დამცავი ორნამენტები, კერძოდ კი ჯვრის გამოსახულებები, არც მამაკაცის ტალავარს აკლდა; პირიქით, სწორედ მათმა სიმრავლემ აფიქრებინა ზოგიერთ მკვლევარს, რომ ხევსურები ჯვაროსნული ომის მონაწილე მხედრები იყვნენ, რომლებმაც პალესტინიდან გზად საქართველოში გამოიარეს და დარჩნენ.
მკვლევარებს არ გაუთვალისწინებიათ ერთი გარემოება. ჯვრის გამოსახულება თავისი არსით წარმართულია და ხევსურები ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე იყენებდნენ მას როგორც ორნამენტს, რომელიც მათ ჯვაროსნულში არა, მაგრამ ქართულ ომებში კი ხშირად იცავდა.
ომების მოგება საქართველოში იმ პერიოდის დადგომას ნიშნავდა, როცა ჭირი იქაა და ლხინი აქა. ასეთ დროს ქართველები ტაძრებსა და ციხესიმაგრეებს აშენებდნენ ხოლმე და ორნამენტიც ქვაზე უნდა ყოფილიყო ამოკვეთილი.
ადრეულ ხანაში, სანამ ქვა ჩუქურთმას შეეჩვეოდა, კვეთილი შემკულობა უფრო სადა და იშვიათი იყო. ორნამენტს თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მას შენობის შიგნით, სვეტისთავებსა და კაპიტელებზე გამოსახავდნენ.
ასე აშენდა ბოლნისის სიონი, ჯვარი, ოლთისი, წრომი... შემდეგ კი დადგა არაბთა ბატონობის ხანა.
ისტორიკოსთა თქმით, იმ პერიოდში ჩუქურთმა ქრება ქართული ტაძრებიდან. არცაა გასაკვირი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ, სილაღე, ოპტიმიზმი და ყოველმხრივ დადებითი მუხტი იყო საჭირო, რომ ქვას ვაზის, მზის, ყვავილის ფორმა მიეღო.
თითქმის სამასი წელი იწრიალა ამ ენერგიამ და მხოლოდ მეათე საუკუნის ტაძრებზე გამოჟონა.
იწყება ფართო ორნამენტული ზოლით მოჩარჩოება. გამოსახულება იცვლება ყოველ ფასადზე და ფასადის ნაწილებზეც კი, ჩუქურთმა უფრო რთული, მოქნილი და ფაქიზად პლასტიკური ხდება.
მოგვიანებით შესრულების ახალი ხერხი მკვიდრდება, ჩუქურთმის ზედაპირი კედლის სიბრტყიდან ამოზრდილი კი აღარ არის, არამედ მის დონეს არ სცილდება. და კიდევ ერთი: ჩუქურთმას თავისი ფერი აქვს.
ფიტარეთში ტაძრის კედლები თუ მოიისფრო-ვარდისფერია, ჩუქურთმები - მკვეთრი მწვანე და მიხაკისფერი. სამთავროში კი პირიქით, ჩუქურთმა სპილოს ძვლისფერი, მოყვითალოა, თავად ტაძარი - მწვანე.
ხშირად რამდენიმე ოსტატი ერთად მუშაობდა ტაძარზე. ნიკორწმინდას, მაგალითად, სამი ქვისმთლელი კვეთდა. ვირტუოზულად შესრულებულ ჩუქურთმებთან ერთად, ნიკორწმინდის კედლებზე რეალური და მითოსური ცხოველებია ამოკვეთილი თავისივე წარწერებით: "ფასქუჯი", "სირაქლემი", "ქათამვეშაპი"...
საქართველოში ტაძრებსა თუ საფლავის ქვებზე ცხოველებს ხშირად გამოსახავდნენ. გვხვდება ლომის, ფრთოსანი ლომის, ცხვრის და ჯიხვის კვეთილობა...
მოჩუქურთმებული იყო ტაძრის კანკელი, სახლში - დედაბოძი.
დედაბოძზე, თვალშისაცემ ადგილას, ბორჯღალს კვეთდნენ. იგი "მზის ჭრელი' იყო და მასზე მუშაობისას ოსტატი უსათუოდ შესთხოვდა ღმერთს "მზით ყოფას". ქართლში შემორჩა კიდეც გამოთქმა - "რა იყო, რა მოგივიდა, კაცს ეგონება ბუღაურებსა ყრიდეო?!" ბუღაურების ამოყრა დეკორის გამოყვანას ერქვა და ეს საქმიანობა საპატიოდ ითვლებოდა.
დედაბოძზე ხშირად გამოსახავდნენ შინაურების ხელის ანაბეჭდებსაც. გაშლილი მტევანი სიმტკიცის ნიშანი იყო, ხოლო ხელის ვერტიკალური გამოსახულება - განთიადის მზისა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სვასტიკური ჯგუფის ორნამენტებსაც.
ორნამენტი, ძირითადად, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ხოლო ეს სიმბოლოები ფესვმაგარი და ძლიერი ხალხის ყოფიდან, რწმენიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებდა სათავეს.
ჩიჩილაკზე, თხილის ტოტისგან მოწნულ წრეში, ჯვრის გამოსახულებას სვამდნენ, რომლის ოთხივე ბოლო გაშლილი იყო და მასზე ორ ვაშლსა და ორ ბროწეულს ამაგრებდნენ. მთლიანობაში ეს სიმბოლო, განსაკუთრებით კი ბურთები, ცაზე მზის ოთხ მდგომარეობას გამოხატავდა.
ქვის ან არყის ტოტებისგან მოწნული წრე სვანეთში ავი თვალისგან დასაცავად გამოიყენებოდა.
ხევსურებს სწამდათ, "კუდიან წუხრას" დღეს, ანუ აღდგომის წინა ხუთშაბათს, ეშმაკების საუბრის მოსასმენად, კაცი ტყეში უნდა დამჯდარიყო და ირგვლივ სწორედ ასეთი წრე შემოეხაზა. საქმე ის იყო, რომ ეშმაკებს წრის გადალახვა არ შეეძლოთ, მსმენელი უსაფრთხოდ რჩებოდა და სოფელმაც იცოდა, ბნელი ძალები წლის განმავლობაში ვისთვის რა ბოროტებას ამზადებდნენ.
თუ ოსტატები ორნამენტებს დიდ ტაძრებზე კვეთდნენ და ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ, უბრალო ხალხი მათ ხალიჩებზე, ტანსაცმელზე, ხმლის ტარებსა და ცაცხვის აკვნებზე გამოსახავდა და ამით სახლში შეჰქონდა ასე შორეული მზე, ყველაფერი, რაც მზის შუქზე ჩანს და ისიც, რაც ღამითაა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ქართული ასო "ბ" თავისი მოხაზულობით დიდი დათვის თანავარსკვლავედს იმეორებს.
ორნამენტის ზოგად სახელად ზეპირსიტყვიერებაში "ჭრელა", "დაჭრელებული" არის გავრცელებული. "აჭრელებდნენ" და ამით წლებს და ძალას მატებდნენ ისედაც ჭრელსა და მარადიულ ბუნებას. ბუნებას, რომელსაც ზოგი რითმავდა და ზოგი ქსოვდა, როგორც ვთქვათ, ვაჟა-ფშაველა და მისი ქალიშვილი გულქანი:
"მამისთვინაა? მომიქსოვია მაშ, ჭრელი წინდები, ჩაიცვა და სუ იმეებს მიქებდა. ნიჭი უნდა, ნიჭიო, ყველაფერსაო. რაზე მაჰქსოვე, რას უყურეო? რაც მამეწონა, იმას უყურეო, ნიჭი უნდა ნიჭიო..."
და მოჰყვებოდა თაობიდან თაობას უცნაური ნიჭი და ძალა.
მოჰყვებოდა ძაფით, დანითა თუ საჭრეთლით ამოთქმული დიდი სათქმელი, იმედი და რწმენა.
იხვეწებოდა ოსტატობა და მკვიდრდებოდა ტრადიცია... უფაქიზესი თხრობის ტრადიცია, რომელსაც ქართული ორნამენტი დაერქვა.

შემდეგ კი, საქსოვი ძაფივით დაწვრილდა ცხოვრება. სხვა დრო, სხვა წლები მოვიდა და სადღაც, გორგლის ბოლოს, როდესაც უკვე გაილია მეორე ათასწლეული, ქართული ორნამენტი, გაუცხოებული, მხოლოდ სამუზეუმო სახედ ქცეული, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ყოფას დაუბრუნდა.
შემდეგ, რომელიღაც ქალაქელმა გოგონამ თავზე მამაკაცის ხევსურული ქუდი დაიხურა, მერე კი მთელი თაობა გაჩნდა, ჩანთაზე, სამკაულსა და ქუდზე ჯვრებამოქარგული...
ქართული ორნამენტი მოდაში შემოვიდა ანუ გადარჩა. ეს გადარჩენა სულაც არ იყო საკვირველი, რადგან პირველად არ უწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა. ქართველების მთელი ცხოვრებაც ხომ გადარჩენისთვის ბრძოლა იყო და ერთი დიდი ამოცანა.
ამბობენ, რომ თითოეული ამოცანის ამოხსნისას, ადამიანის ტვინს ერთი ნაოჭი ემატებაო.
შესაძლოა, ძალზე თავისებური, მაგრამ ასე თუ ისე, ეს ნაოჭიც ხომ ორნამენტია.

თეა თოფურია

გარეკანის ფოტოზე -
ემირ ბურჯანაძის გრაფიკა