რეკლამის სამყარო - მუდმივი კავშირის სამყაროსთან ერთად

რეკლამა ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ვინმეს ან რაიმეს შესახებ ცნობების გავრცელებას - შექების, მისთვის სახელის მოხვეჭის, პოპულარიზაციის მიზნით.
რამდენიმე წლის წინათ, რეკლამა საქართველოში არც ისე პოპულარული გახლდათ. ბევრისთვის მისი მნიშვნელობა გაუგებარიც კი იყო. არადა, მოგეხსენებათ, უცხოეთში ნებისმიერი საქმიანობა ან პროდუქციის რეალიზაცია რეკლამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
ცხოვრება შეიცვალა, რეკლამა ჩვენშიც შემოვიდა, და საკმაოდ მყარადაც მოიკიდა ფეხი. თუმცა, რამდენად ხარისხიანი და საინტერესოა ჩვენებური სარეკლამო რგოლები, ეს სხვა საკითხია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ამ საქმის სათავეში პროფესიონალები დგანან, რომლებიც უმაღლეს დონეზე ფლობენ რეკლამის ხელოვნებას და შედევრებსაც ქმნიან. ჩვენში ეს სფერო უმეტესად შემთხვევითი ადამიანების ხელში აღმოჩნდა და შესაბამისად ხარისხიც ამან განაპირობა. თუმცა, პროფესიონალები, საქმის მცოდნე და ნიჭიერი ადამიანები ცოტა არა გვყავს. მთავარი კი მაინც ისაა, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს დამკვეთი, ვის ანდობს თავისი პროდუქციის რეკლამირებას.
შარშან, პირველად საქართველოში, ევროპული რეკლამის ფესტივალ "ეპიკას" დღეები ჩატარდა, რომელიც გენერალური სპონსორის მაგთი GSM-ის, საქტელერადიომაუწყებლობის, კომპანია "ქართული ტელეფილმისა" და შპს "ულტრას" ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო. პროექტი საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ამ დღეებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში სარეკლამო რგოლების საუკეთესო ნიმუშები ჩამოიტანეს. გარდა ამისა, მოეწყო სემინარები და "მასტერკლასები", რამაც დამსწრეთ კიდევ ერთხელ შეახსენა რეკლამის დანიშნულება მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.
ნაჩვენები იყო შედევრები "ეპიკას" კოლექციიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრამა, "ეპიკას" დირექტორმა, ენდრიუ როულინზმა წარმოადგინა. ფესტივალის დღეები ქართული სარეკლამო რგოლების პირველი ჩვენებით დასრულდა; გამოვლინდა გამარჯვებული კლიპები, რომლებიც შემდეგ კიევის I საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე გაიგზავნა და იქ რვა პრიზით დაჯილდოვდა. წელს კიევის II საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე ქართულმა რეკლამამ ხუთი პრიზი მოიპოვა.
ამრიგად, ქართული რეკლამა ევროპაში გავიდა. "ეპიკას" დღეებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, რამაც მის ორგანიზატორებს ბიძგი მისცა, კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი (CIFA) დაეარსებინათ, რომელიც ამა წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაიმართება. CIFA-ს ორგანიზატორობა და გენერალური სპონსორობა კვლავ მაგთი GSM-მა ითავა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა მაგთი GSM და პირადად მისი ხელმძღვანელი, ბატონი გია ჯოხთაბერიძე, ამ ფესტივალის ჩატარება წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ინიციატივა და ყურადღება, რომელიც გამოიჩინა ბატონმა გიამ ამ ფესტივალისადმი, უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. CIFA-ს საორგანიზაციო კომიტეტსა და მაგთი GSM-ის ხელმძღვანელობას შორის დამყარდა შემოქმედებითი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, რაც საწინდარია იმისა, რომ ეს ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგთი GSM-ის მიზანმიმართული დამოკიდებულება სარეკლამო საქმიანობის მიმართ. მაგთი GSM-ის სარეკლამო კამპანია ეროვნულ საწყისს ეფუძნება, რაც შესანიშნავად აისახა რეჟისორ გიორგი ებრალიძის მიერ გადაღებულ სარეკლამო რგოლში - "ქვევრები". ამ თემას რუსულმა პრესამაც დიდი ყურადღება დაუთმო. საგანგებოდ აღინიშნა, რომ "იგი ეროვნული სულისკვეთებით არის გამსჭვალული". "ქვევრები" და კიდევ რამდენიმე ქართული რეკლამა "ეპიკას" კოლექციაში შევიდა, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა.
გიორგი ებრალიძე - CIFA-ს დირექტორი და საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელი - მიწვეული იყო კიევის II საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის ჟიურიში. ამ ფესტივალის დღეებში ბატონმა გიორგიმ CIFA-ს პრეზენტაცია მოაწყო, რასაც რუსულმა პრესამ "ყველაზე ღირსშესანიშნავი" ღონისძიება უწოდა. ხოლო, ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში გამართულ "ეპიკას" დღეებზე გიორგი ებრალიძემ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: "ეროვნული მოტივები რეკლამაში", რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. აი ამონაწერი რუსული ინტერნეტ-ჟურნალიდან - Advettology - ნჭóêჭ î ðåêëჭìå (www.advertology.ru)"... ვფიქრობ, ფესტივალის ყველა მონაწილე და სტუმარი დამეთანხმება, რომ ქართული რეკლამა - ეს მოვლენაა. ახლავე აგიხსნით: ევროპის ამ არცთუ ისე მდიდარი ქვეყნის რეკლამის მწარმოებლები, ყველას გასაოცრად, არა მხოლოდ რეკლამის, არამედ საერთოდ, ხელოვნების ნამდვილი შედევრების შექმნას ახერხებენ..." (ევგენია ვესანტო).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, CIFA -ს საორგანიზაციო კომიტეტი იმედოვნებს, რომ ეს ფესტივალი ევროპის სარეკლამო სივრცეში საქართველოს ადგილის დასამკვიდრებლად გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
ფესტივალზე უამრავი სტუმარი ჩამოვა ევროპის, დსთ-ის, მათ შორის კავკასიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ფესტივალი იმ ძველი ურთიერთობების და მეგობრობის გახსენება და გაგრძელება იქნება, რაც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ოდითგანვე აკავშირებს.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, შარშან "ეპიკას" დღეებს პრესამ "რეკლამის დღესასწაული" უწოდა. წელს კი იმედოვნებენ, ეს დღესასწაული უფრო გრანდიოზული და ფართომასშტაბიანი იქნება.

ნინო კარგარეთელი