ფუფალობიდან პოდიუმამდე

- ააა, თქვენც გიყვართ ლამაზად ჩაცმა-დახურვა? - ძალიან სასიამოვნოა, ისე, ნეტა ვის არ უყვარს?

ფალიაშვილზე, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლთან ვზივარ და ჩემ უბის წიგნაკს ვათვალიერებ, უფრო სწორად კითხვებს ვშლი და ვადგენ. კიდევ რა ვკითხო? უკვე აღარ ვიცი.
ჩვენ აქ დავთქვით შეხვედრა. მე ჯინსი, ბოტასები და მაისური მაცვია. ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო, საზეიმოდ გამოწყობილი გამოვცხადებულიყავი...
მგონი იფიქრეთ, რომ პაემანზე მივედი? არა, ჩემო კარგებო, დიზაინერებთან მაქვს შეხვედრა, ჩემი თანატოლები უნდა იყვნენ, თბილისელი გოგოები... ნეტა რა ეცმევათ?
მერე მობილური რეკავს... სად ხარ, უკვე მოხვედი? აა, დაგინახე... და ხელს მიქნევს. აქეთ-იქით ვიყურები, გზის იქით ვხედავ და ერთმანეთს ვხვდებით.
ეს ირინკაა უჩუმბეგაშვილი, ენერგიული, უშუალო. მე მას პირველად ვხედავ. თუმცა, მომეჩვენა, რომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ.
შევდივარ სადარბაზოში, მერე სახლში... გაიცანი ეს თათო კაპანაძეა, ჩემი მეგობარი და კოლეგა, ჩვენ ერთად ვმუშაობთ... თათო უფრო მშვიდია, მგონი ცოტა მორიდებულიც. უცებ ვხვდები, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ...

- "დიქტოფონზე" უნდა ჩავიწეროთ?
- ჰო, ასეა მიღებული...
ისინი სამხატვრო აკადემიაში სწავლობენ, მოდელირების ფაკულტეტზე, ხუთი კურსი დახურეს, ახლა დიპლომზე მუშაობას იწყებენ.
როგორ მოხვდნენ ისინი სამხატვრო აკადემიაში და საერთოდ მოდის სამყაროში:
ირინკა: ხატვა თითქმის არც ვიცოდი, მაგრამ ლამაზად ჩაცმა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. საათობით შემეძლო სარკესთან დგომა, დედაჩემის ტანსაცმელში ქექვა. ეს ჩემთვის ყველაზე საუკეთესო გასართობი იყო.
თათო: ოცდაოთხი საათი ბებიაჩემის მტვრიან სარდაფში ვიჯექი. ძველმანებს ვათვალიერებდი, რაღაცას ვიპოვიდი, გადავაკეთებდი-გადმოვაკეთებდი და ტანზე მოვირგებდი. ფუფალას მეძახდნენ, შემეძლო, ძველი ტანსაცმლიდან ახალი რაღაც შემექმნა, დაბლანდული ან "ბულავკით" დამაგრებული კაბით წავსულიყავი წვეულებაზე.

მერე გაირკვა, რომ ორივეს ხატვის ნიჭი ჰქონია და ასე აღმოჩნდნენ ისინი სამხატვრო აკადემიაში...
მას მერე ხატავენ, ქმნიან ესკიზებს, შლიან, ხევენ, კიდევ ხატავენ და თავიანთ პროფესიას უფრო და უფრო სრულყოფენ...

პირველი სერიოზული სათქმელი:
ირინკა: ამ რამდენიმე თვის წინათ გავიგეთ, რომ თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში, დიზაინერთა კონკურსი "რუსული სილუეტი" ტარდებოდა. ჟიურის ხელმძღვანელი ცნობილი რუსი დიზაინერი სლავა ზაიცევი იყო. გადავწყვიტეთ, აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა; არადა, კონკურსამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. მე და თათო მივხვდით, რომ ერთ კვირაში ცალ-ცალკე ხუთ-ხუთ მოდელს ვერაფრით შევქმნიდით, გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით და ერთობლივად შექმნილი ხუთი მოდელი წარგვედგინა. კოსტიუმებისათვის საჭირო მასალა დიზაინერმა მაკა ასათიანმა მოგვცა. მართლაც, სასწაული მოვახდინეთ, დღე და ღამე გავასწორეთ, თითქმის არ გვეძინა. ვფიქრობდით, იდეებს ვაყალიბებდით, ძალიან ბევრი ესკიზი დავხიეთ, ბოლოს შევქმენით რაღაც და ჩვენს შემოქმედებით ნაყოფს ?სინთეზი? დავარქვით.
თათო: ეს ჩვენი დებიუტი იყო, პირველი გამოსვლა. მინდა ვთქვა, რომ პირველი ცდისთვის, მართლაც კარგი შეფასება მივიღეთ. იქ განსაკუთრებით აღნიშნეს ჩვენი მოდელები, ეს გამარჯვების ტოლფასი იყო. არც გვიფიქრია, რომ კოსტიუმები რაიმე ყურადღებას დაიმსახურებდა და არც არაფრის პრეტენზია გვქონია, უბრალოდ, გვიხაროდა, კონკურსში რომ ვიღებდით მონაწილეობას.

დღეს ირინკა და თათო მაკა ასათიანის სახელოსნოში მუშაობენ. ძირითადად - აქსესუარებზე.
თათო: პედაგოგები ყოველთვის გვაფრთხილებდნენ, რომ ცუდის გაკეთებას სჯობს, საერთოდ არ გააკეთოთ, რადგან ხალხს ის ცუდი ადვილად ამახსოვრდება და მერე ავტორიტეტის მოპოვება ძალიან გაგიჭირდებათო. და კიდევ ერთი, სერიოზული მოდელების შესაქმნელად აუცილებლად დიდი თანხაა საჭირო.
ისინი სადიპლომო ნაშრომისთვისაც ემზადებიან. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ჩვენების გამართვას არ აპირებენ (კიდევ სხვა მიზეზის გამოც).
ისევ ფული (ოჰ, ეს უფულობა).
თათო: თუ მართლა რაიმე ღირებულის შექმნა გინდა, თანხაც სოლიდური გჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფულის გარეშე ნული ხარ და ვერაფერს გააკეთებ, არა, თუ ნიჭი გაქვს, კარგის შექმნასაც შეძლებ, მაგრამ ჩვენს პროფესიაში უფულოდ ბევრი არაფერი გამოვა. კარგი კოსტიუმის გასაკეთებლად კარგი ქსოვილი გჭირდება, კარგი მკერავი, რომელსაც ფული უნდა გადაუხადო, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. როდესაც ყველაფერს გაამზადებ, აღმოჩნდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მხოლოდ ერთი ან ორი პროცენტი შეძლებს შენი ნაწარმის ყიდვას.

იქ, სადაც ამჟამად ჩვენ არ ვიმყოფებით,
ანუ უცხოეთი მთელი თავისი ბრწყინვალებით.
ირინკა: წასვლის სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს. ვფიქრობ, რომ იქ უფრო მეტი ცოდნის შეძენის საშუალება მექნება. თუმცა, ცხოვრების ბოლომდე იქ დარჩენას არ ვაპირებ.
თათო: ჩემი ბავშვობის ოცნება პარიზი იყო და დღემდე ასეა. მგონია, რომ იქ ვიღაც ნახავს ჩემს მოდელებს, გაგიჟდება, მოიხიბლება და მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ირინკა: ვფიქრობ, რომ პარიზამდე ნელ-ნელა უნდა მიხვიდე. სექტემბერში, მოსკოვში წასვლას ვაპირებ.

რა იყო მაშინ და რა არის ახლა,
ანუ როგორ შეიცვალა ქართველების დამოკიდებულება ქართული ნაწარმის მიმართ.
თათო: ათი წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში შეკერილი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი მაცვიაო, საშინლად დასცინებდნენ და "გოიმად" მონათლავდნენ. დღეს კი, თუ რომელიმე ქართველ დიზაინერთან შეკერილ ტანსაცმელს იყიდი, გემოვნებას ვეღარ დაგიწუნებენ.

მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ, ისევე როგორც თითქმის ყველა ახალგაზრდას. წინ მთელი ცხოვრებაა, დიდი დრო. ასე რომ, ათასჯერ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი განზრახვა, სტილი და თუნდაც ფერი (მოკლედ, ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული).
ირინკა: მოდა ძალიან ცვალებადია, ვფიქრობ, მოსაბეზრებელია რაღაც სტანდარტულ, ერთი სტილის ტანსაცმელზე მუშაობა. რაც შეეხება ფერს, გააჩნია რა ხასიათზე ვარ. დღეს შეიძლება, შავი მომწონდეს, ხვალ - წითელი. დღეს თუ ყველაფერს მშვიდ ფერებში აღვიქვამ, ხვალ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დავაყენო. დღეს შეიძლება, ჟანა დარკს შევუკერო კოსტიუმი, ხვალ ნაზ ფერიას.
თათო: ზუსტად არასოდეს ემთხვევა გონებაში წარმოსახული ესკიზი რეალურად შექმნილ მოდელს. როცა უკვე ფიზიკურად ხედავ შენს ჩანაფიქრს, ბევრი დეტალის შეცვლა გიწევს, ზოგს ამატებ, ზოგს აკლებ და ბოლოს შეიძლება, სულ სხვა რაღაც გამოგივიდეს.
გაჭირვება რას დაგვაკლებს?
ირინკა: თუ ნიჭი გაქვს, უშუქობა და გაზის უქონლობა საქმის კეთებაში ხელს ვერ შეგიშლის... თუმცა, ღირებული რომ შექმნა, "ცოტა" ფულიც გჭირდება.

საინტერესოა, როდის არიან ისინი საკუთარი თავით კმაყოფილნი, როდის გრძნობენ, რომ რაღაც კარგად გამოუვიდათ.
ირინკა: მგონი არასოდეს; წამიერად შეიძლება იგრძნო წარმატება, მაგრამ მერე ეს წარმატება ისევ სურვილად იქცევა, სურვილად, რომელიც კიდევ უფრო მეტს ითხოვს შენგან...

ირინკა და თათო ერთად მუშაობენ, ისინი არა მარტო მეგობრები, არამედ ერთი პროფესიის ადამიანები არიან.
თათო: ჩვენ ერთმანეთის რჩევას ვითვალისწინებთ. ჩვენ ერთმანეთს ცუდს არასოდეს ვურჩევთ...

და როგორც ყველა, ისინიც ოცნებობენ.
"გვინდა, რომ გვქონდეს საკუთარი მაღაზიები, ვაჩვენოთ მაღალი მოდა, შევქმნათ მართლაც ღირებული მოდელები და ხალხს არასოდეს დავამახსოვროთ ჩვენი ცუდი."

მე "დიქტოფონი" გამოვრთე, მერე ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრეთ, ახლა ისინი მეკითხებოდნენ ჩემს პროფესიაზე...
მოკლედ, ერთმანეთს ამბები გამოვკითხეთ. დაბოლოს, როგორც ყველა ჟურნალისტს სჩვევია, მათი ნაამბობი თქვენც გიამბეთ...

ნინო თარხნიშვილი