სახელად "სესილია..."

ის იყო სესილია...
და მორჩა.
ვინ გეგულებათ საქართველოში, ვინც ამ სახელით ვერ მიხვდება, ვისზეა საუბარი.
ჰო, რა თქმა უნდა, მოწიწებისა და უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად, ჩვენ ყოველ ჯერზე, დავამატებთ სიტყვას - "ქალბატონი", მაგრამ იგი მუდამ იქნება ერთადერთი და განუმეორებელი... ადამიანი, რომელსაც ხალხმა თავისი ნებით მიანიჭა იშვიათი უფლება და პატივი - მხოლოდ სახელით მოიხსენიონ...

"- გთხოვთ, ქალბატონო სესილია!
- არაფრით არ ჩავჯდები, შორს მივდივარ, ტაქსი მირჩევნია!
- ძალიან რომ გთხოვოთ?!
- კარგი ნუ მოიკლავ თავს!
- სად გნებავთ?
- ახლობელი გარდამეცვალა. იმ უბედურს, მეგონა, სახლიდან
გამოასვენებდნენ, თურმე სადღაც კლუბში წაუღიათ. გასვენების სპექტაკლად გადაქცევა რა მოსაწონია! იტყვი და, სესილია ახირებული ქალიაო!
- რას იზამთ, ძნელია თბილისელობა!..
- ძნელი კი არა ჩვენს ტყავში აღარ ვეტევით! რა ხდება, ამიხსენი? -
წარბები ასწია და დაჟინებით შემაცქერდა. - დამუნჯდი, თუ რა დაგემართა, გამეცი ხმა!"

რეზო კლდიაშვილის ჩანაწერებიდან

სესილია... ქალბატონი სესილია...
ამბობენ, რომ ამას ხშირად იმეორებდა. მერე კი მან ეს დაწერა:
"ვიცხოვრე, ვიშრომე, დასრულდა ჩემი ცხოვრების გზა. გთხოვთ, ნუ გამასვენებთ თეატრიდან. ამით შემცირდება ხშირი სიკვდილი თეატრში. არ არის საჭირო საპატიო ყარაული, სიტყვები. ნუ დაღლით ხალხს. დიდუბის პანთეონი არ მიყვარს. გთხოვთ, გამომიძებნოთ ორი ადგილი საბურთალოში.
ორი ადგილი, რადგან ჩემთან ერთად დაიმარხება ის, ვინც ჩემს შემდეგ პირველი წავა ჩემი ოჯახიდან და მარტო არ ვიქნები. მუხლმოდრეკილი გევედრებით მშვიდად და წყნარად მიმაბარეთ მიწას"...

ანდერძი, ბევრ რამეს ამბობს... ისევე, როგორც საქმეები და მთელი ცხოვრება... რა თქმა უნდა, ამას ყველა ვერ დაწერდა.
არსებობს თურმე ასეთი გაგება - მეფეთა თავმდაბლობა.
ანუ თავმდაბლობა მათი, ვისაც განგება ანიჭებს უფლებას, სულაც არ იყოს თავმდაბალი...

მშვიდად და წყნარად მიმაბარეთო მიწას...
ვერ შეგისრულეთ დანაბარები, ქალბატონო სესილია... უნდა გვაპატიოთ. ის დღე თბილისში და ქვეყანაში იყო ძალიან არამშვიდი და ძალიან არაწყნარი. და მაშინ, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინეთ უცნაური ჭეშმარიტება - სევდითა და ტკივილით ერთიანობის საოცარი სითბო, სიყვარულში ერთად ყოფნის უდიდესი ძალა.
პომპეზური გამოსვენება, პრესტიჟული მიწის ნაჭერი. ალბათ მართლა სასაცილოა... ის, რაც ნამდვილად ძვირფასია ამქვეყნად - თქვენ უკვე გქონდათ.

არავინ იცის, ეს როგორ მიიღწევა... - სიყვარულს ვგულისხმობ. არავინ იცის, როგორ ხდება ხელოვანი, არა უბრალოდ სახელოვანი, არამედ ჭეშმარიტად სახალხო...
მეგობრები იხსენებენ, რომ ქალბატონ სესილიას, თურმე მუდამ თან სდევდა კითხვა: - რა გავაკეთე, რით დავიმსახურე ეს სიყვარული და რა გავაკეთო, რომ არ დავკარგო?
იქნებ, სწორედ ეს არის კითხვაც და პასუხიც.
ცნობილია, რომ სესილია თაყაიშვილის პირველი როლი ქრისტინე იყო - შალვა დადიანის პიესაში "ნინოშვილის გურია".
"- არა, გენაცვალე, - მითხრა ქალბატონმა სესილიამ, - პირველი ქართული როლი შალვა დადიანის პიესაში ("კაკალ გულში?)" ვითამაშე 1928 - 29 წლების სეზონში. კოტე მარჯანიშვილმა მოგვიანებით მომანდო მოსამსახურე გოგოს, თიკოს როლი კომედიაში... მე თიკო გავაგურულე და ამით უკვე ჩემებური ელფერი და ხასიათი მივეცი ეპიზოდურ როლს. - ეპიზოდების თამაშს არასოდეს ვერიდებოდი - მახსოვს, უშანგი ჩხეიძესთან (ვიჟინიძე) გაბაასებას ისეთი ცოცხალი რეაქცია და სიცილი მოჰყვა, ლამის ხალხი ლოჟებიდან ვარდებოდა."

ნანა ღვინეფაძის წერილიდან
"სესილია თაყაიშვილი"

ჩვენს თაობას არ ახსოვს მისი პირველი როლი, თითქმის არ ახსოვს იგი სცენაზე, სამაგიეროდ ზეპირად იცის ვასასის, ასინეთას და მარადიას ყოველი სიტყვა. კარგა ხანია, მხოლოდ მის სახეს ატარებს სიტყვა "ბებია".
სესილია თაყაიშვილი სცენიდან ადრე წავიდა.
გადაწყვიტა და წავიდა. ასეთი იყო...
მაშინ ვერავინ გაიგო და ახსნა ამის მიზეზი.

"მსახიობისთვის სცენიდან წასვლა უფრო რთულია, ვიდრე თეატრში მისვლა...
მე ვიგრძენი სცენის დატოვების შინაგანი მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ აქტიური შემოქმედებითი იმპულსები, აქ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას წავაწყდი: ერთის მხრივ ასაკის მძაფრი შეგრძნება, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივი ახალგაზრდობის მწვავე განცდა, რომელიც არ ასვენებს ადამიანს. პირადად მე, ასაკს გავუწიე ანგარიში," - თქვა ქალბატონმა სესილიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

სცენური სახეებიდან თვითონ ყველაზე მეტად დედოფალი ელისაბედი მოსწონდა, შილერის პიესაში - "მარიამ სტიუარტი". ამბობენ, განუმეორებელი იყოო. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სამაგიეროდ, დალოცვილი კინოს წყალობით, მისი მეორე უსაყვარლესი როლი ვიცით თითქმის ზეპირად - ოლღა ბებია "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში".
და არა მხოლოდ კინო და თეატრი, ჩვენი მშობლების თაობა სესილიას საესტრადო გამოსვლებითაც იყო განებივრებული. მთელი საქართველო ჰქოდა თურმე შემოვლილი. სცენის მეორე ლეგენდასთან, სანდრო ჟორჟოლიანთან ერთად.
"კონცერტის დაწყების წინ, კულისებში, იშვიათი სანახავები იყვნენ. სანდრო თვალებგაშტერებული იჯდა სკამზე. ტუჩებს აცმაცუნებდა. თან ფეხებს აბაკუნებდა, ფიქრობდა. იქნებ გუნებაში ტექსტს იმეორებდა" სესილია წრიალებდა. ერთი სკამიდან მეორეზე გადაჯდებოდა, გაივლიდა, გამოივლიდა...
- რას დავდივარ და ვიტანჯები, რას ვიშლი ნერვებს.
- არა, სესილო, შენ ნამდვილად მეტი გაქვს სასაცილო სიტყვები.
- რა გინდა, სანდრო, თუ გინდა, აიღე და შენ თქვი.
სერიოზულად ჩხუბობდნენ. იმათ ყურებას არაფერი სჯობდა. ამდენი წელი იყვნენ ესტრადაზე და ყოველი კონცერტის წინ ღელავდნენ.

მარინე თბილელის მოგონებიდან

უსაყვარლესი სესილია, უცნაური გასაღების მფლობელი. დახვეწილი, ყოველთვის სხვანაირი და ყოველთვის ერთნაირად კარგი. გულმხურვალე, ხუმარა და იმპროვიზატორი, ყველას ბებია და ნამდვილი ვასასი.
ერთადერთი, განუმეორებელი სესილია...
"ჩვენი სახლის კარი სულ ღია იყო, ვინ აღარ მოდიოდა ჩვენთან. ამავე კორპუსში ცხოვრობდნენ მიშა თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი და სხვები. მოკლედ, ეს იყო მსახიობების სახლი. კარგად მახსოვს, ბატონ ეროსის ჰყავდა ძაღლი სახელად ტანგო. დილაობით ეზოში ვარჯიშობდა ხოლმე თავის ტანგოსთან ერთად. არადა, ძაღლი იყო ყრუ და კოჭლი. როდესაც ტანგო მოუკვდა, ბებიამ და დოდო აბაშიძემ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნეს ბატონ ეროსის: "ქელეხი არ გამოგვაპაროთ. თქვენი კეთილისმსურველები." გაიგო ეროსიმ, ვინ გაუგზავნა დეპეშა და დიდხანს არ ელაპარაკებოდა ბებიას."

ნატა გოძიაშვილის მოგონებიდან

ხუმარა და მხიარული, ამავე დროს მკაცრი და მომთხოვნი, ნამდვილი მეტრი. მის სიტყვას და შეფასებას სულ სხვა ფასი ჰქონია. მსახიობები იგონებენ: რომელ თეატრშიც არ უნდა მისულიყო თურმე, სართულიდან-სართულზე, საგრიმიორო ოთახიდან-ოთახში გადადიოდა ამბავი, სესილია თაყაიშვილი უყურებს სპექტაკლსო...
არავის დააკლებდა თურმე კეთილ რჩევას და საქებარ სიტყვას.
სათქმელი ჰქონდა...
პირადად მისთვის როლისა და სახის მოფიქრება სუნთქვასავით იოლი იყო.
გიგა ლორთქიფანიძემ ასინეთას როლი რომ შესთავაზა, ჩაცმულობა, უცბად, სახლში შეურჩევია. შვილიშვილის, ნატას "დუბლიონკის" ჟილეტი ჩაუცვამს, რაღაც ძველი ქვედაბოლო მოუძებნია და გიგა ლორთქიფანიძე რომ მისულა, ასე გამოწყობილს "ჩესტი" აუღია. დაიხოცნენ თურმე სიცილით, - მზად იყო სახე.

სესილია თაყაიშვილი ვარსკვლავი იყო... ოღონდ მაშინ ვარსკვლავობა ცუდ რამედ ითვლებოდა და აბა, ქალბატონ სესილიას ამას ვინ აკადრებდა.
მაგრამ ახლა ხომ სხვა დროა...
აბა ცას ახედეთ...
აი, ეს არის ის ვარსკვლავი, - სახელად "სესილია"...

მარინა ვაშაყმაძე