ლევან ბუჩუკური

დაბადების თარიღი: 1971 წელი

განათლება: სტუ ელექტრონიკის ფაკულტეტი;
ერთობლივი საწარმოების მართვის ინსტიტუტი;
საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი.

მუშაობის გამოცდილება:
1995-1997 კომპანია "მეგაკომი" -
გაყიდვების წარმომადგენელი;
გაყიდვების კოორდინატორი;
1997 - კომპანია მაგთიკომი - გაყიდვების კოორდინატორი; მარკეტინგის და რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსი; აბონენტთა მომსახურების და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი; მარკეტინგის, აბონენტთა მომსახურებისა და პერსპექტიული დაგეგმარების დირექტორი;
2001 წლის მაისიდან კომპანია მაგთიკომის გენერალური დირექტორი.

ბატონო ლევან, ცხოვრების რაღაც ეტაპზე თქვენი ბიოგრაფია მაგთიკომის ბიოგრაფიას დაემთხვა. ამ კომპანიაში 1997 წლიდან მუშაობთ. რა გზა განვლო მაგთიკომმა არსებობის ოთხი წლის მანძილზე და რა გზა გაიარეთ თქვენ ამ კომპანიაში?

ჩემთვის ეს ნამდვილად სასიამოვნო დამთხვევაა. კომპანიაში მაშინ მოვედი, როდესაც კომერციული მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. მაგთიკომი მაშინ ჩამოყალიბების ეტაპზე იყო და ძირეულად განსხვავდებოდა იმ კომპანიისგან, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
მუშაობა 1997 წლიდან, გაყიდვების კოორდინატორად დავიწყე. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებთან ერთად, შევქმენით საქართველოს მასშტაბით უდიდესი გაყიდვების ქსელის საფუძველი (მაგთიკომს დღეს რეალიზაციის და აბონენტთა მომსახურების 42 ოფისი აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში). შემდეგ, გაყიდვებთან ერთად მარკეტინგის განყოფილებასაც ვხელმძღვანელობდი; ხოლო 1998 წლის ბოლოდან აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტში ვმუშაობდი, სადაც უკეთ შევისწავლე ის საკითხები, რომლებიც დიდ კომპანიასა და აბონენტს შორის ურთიერთობაში არსებობს.
განსაკუთრებით მაინც იმ პერიოდს გამოვყოფდი, როდესაც მაგთიკომის პერსპექტიული დაგეგმარების, მარკეტინგის და აბონენტთა მომსახურების დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე. ამ პერიოდში უამრავი ახალი პროექტი მომზადდა კომპანიაში, ბევრ სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. მაგთიკომის მიერ დასახული სტრატეგია ახალი, უფრო ზუსტად, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, ერთი კომპანიის პრესტიჟის და წარმატების ჩარჩოებს გასცდა და მთელი ქვეყნის მონაპოვარი გახდა.
რა თქმა უნდა, საამაყოა, იმუშაო იმ ტექნოლოგიების ათვისებაზე, რომლებიც მაგთიკომმა ევროპელი ოპერატორების პარალელურად დანერგა. მოხარული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მაგთიკომის აბონენტები უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე სიახლის მონაწილენი გახდებიან.
მიმაჩნია, რომ მიღწეული ჩემი მეგობრების და კოლეგების უდიდესი დამსახურებაა. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მაგთიკომის გამარჯვებების საწინდარი, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, იმ მაღალკვალიფიციურ კადრებშიც არის საძიებელი, რომელთა უმრავლესობა ჩვენთან გაიზარდა და თავისი საქმის საერთაშორისო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდა.
მოხარული ვარ, რომ მაგთიკომის კომერციული მუშაობის ოთხი წლის თავს ამ უძლიერესი კომპანიის აბონენტებსა და კოლექტივთან ერთად ვხვდები.

თქვენ ახლა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის დირექტორი ბრძანდებით. როგორ გესახებათ თქვენი როლი ამ კომპანიაში, როგორია თქვენი გეგმები და იმედები?

ასეთი კომპანიის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა იმ თანამშრომელთა წინაშე, რომელნიც დღეს მაგთიკომში მუშაობენ, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩამაბარეს ასეთი მნიშვნელოვანი საქმის წარმართვა. და რაც მთავარია - პასუხისმგებლობა იმ უამრავი აბონენტის წინაშე, რომლებიც მაგთიკომის მომსახურებით სარგებლობენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი ისევ კომპანიის შემდგომ განვითარებას უკავშირდება. მობილური კავშირგაბმულობა დღეს ახალი ტექნოლოგიების მიჯნაზე დგას და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ შეიცვლება ამ მხრივ. ეს ურთულესი პროცესია, რომელიც გარკვეულწილად თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას შეცვლის. ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული პოლიტიკა, ახალი სისტემების დანერგვის მხრივ, იმედს იძლევა, რომ მაგთიკომისთვის ასეთი გადასვლის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაივლის. დღეისათვის ბევრი რამაა გაკეთებული, ჩვენ პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით ახალი თაობის სისტემებამდე შუალედური, ე.წ. 2.5 თაობის დამკვიდრებისათვის, ამიტომ წარმატების იმედი იმ რეალურ პერსპექტივებს ეფუძნება, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
მინდა დავარწმუნო მაგთიკომის აბონენტები, რომ კომპანია მომავალშიც უახლესი სისტემების დანერგვის ავანგარდში იქნება.

რას ნიშნავს ისეთი კომპანია, როგორიც მაგთიკომია საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკისთვის?

ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის, ერთი მხრივ, საკმაოდ რთულია. რამდენადაც მაგთიკომის წარმატებებზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ მეორე მხრივ, ადვილია - ამ კომპანიამ მუშაობის მთელი ხნის მანძილზე დაამტკიცა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ძლიერ ორგანიზაციებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მოგიყვანთ ციფრებს, რომლებიც საშუალებას არ მომცემს, სუბიექტური ვიყო იმ კომპანიის მიმართ, სადაც ბოლო ოთხი წელი გავატარე.
2001 წლის დასაწყისიდან (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ეკონომიკაში შეტანილია 12 მილიონამდე ლარი, გასული წლის განმავლობაში კი სახელმწიფო ეკონომიკაში მაგთიკომმა 14 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ იყოს ამ ციფრების მნიშვნელობა, ერთ ფაქტს მოვიყვან: მაგთიკომის შარშანდელმა შენატანებმა საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან დაგეგმილი შემოსავლის 5.23% შეადგინა. ეს კერძო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. დღეისათვის უკვე ცხადია, რომ შარშანდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ. გულახდილად ვიტყვი, ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებით, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება, რომლებიც მაგთიკომზე მეტ თანხებს შეიტანენ ბიუჯეტში, ამით ხომ ყოველი ჩვენგანი მოიგებს და სახელმწიფოში შექმნილი სოციალური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებასთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, ეხება კომპანიის ახლებური მუშაობის პრინციპს. მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, მაგთიკომმა თავისი მუშაობა საქართველოში პირველმა გახადა საზოგადოებისთვის ღია. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი მხოლოდ ძლიერ კომპანიას შეეძლო გადაედგა, მაგრამ ამავე დროს კომპანიის ფინანსური საქმიანობის ასეთი გამჭვირვალობის პრინციპი მხოლოდ იმ ორგანიზაციისთვის შეიძლებოდა, ყოფილიყო მისაღები, რომელიც პირნათელია თავისი ქვეყნის წინაშე. მაგთიკომი ყოველთვიურად - დროულად, სრულად იხდის ყველა გადასახადს და გადახდილი თანხის ოდენობას და სტრუქტურას პრესაში აქვეყნებს.
აქვე მინდა შევეხო არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ხშირად "კადრს მიღმა" რჩება და დღეისათვის მიღებულია, როგორც არსებული რეალობა. ჩემი აზრით, მაგთიკომმა განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა საქართველოში ძლიერი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაფანტული საქმიანი ადამიანებისთვის კომუნიკაციის პრობლემა მოხსნა. ამიერიდან საქართველოში კავშირგაბმულობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი აღარასოდეს იქნება.
მაგთიკომმა დაამტკიცა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება თითოეულ ადამიანს, კომპანიას შეუძლია. დაამტკიცა იმ უდიდესი წვლილის გათვალისწინებით, რომელიც ერთმა კერძო კომპანიამ შეიტანა საქვეყნო საქმეში.

რას ნიშნავს ასეთი კომპანია აბონენტებისათვის?

შეიძლება ვინმემ მიკერძოებაში დამდოს ბრალი, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, თუ როგორი იქნებოდა საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ბაზარი მაგთიკომის გარეშე. ჩემი აზრით, მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ახალი ტიპის კომპანიის ჩამოყალიბებაში. სწორედ მაგთიკომმა შეძლო პირველად, უზრუნველეყო ქვეყნის ბევრი რეგიონი არა მხოლოდ მობილური, არამედ საერთოდ კავშირგაბმულობის სისტემით. კომპანიის მომსახურების ზონა დღესაც უდიდესია საქართველოში. მაგთიკომი პიონერი იყო ქვეყანაში მრავალი ახალი ტექნოლოგიის დანერგვისა, რომლებმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა კავშირგაბმულობაზე და მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნიდან ბევრი ჩვენგანის მუდმივ თანამგზავრად აქცია.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამოა დღეს მაგთიკომი ბაზრის ლიდერი, სწორედ მის ხარისხს და სახელს ენდობა 150.000-ზე მეტი მომხმარებელი. კომპანია მომავალშიც იზრუნებს, რათა აბონენტები დარწმუნებული იყვნენ თავიანთი არჩევნის სისწორეში.

რამდენიმე სიტყვით კომპანიის კონტაქტებისა და პარტნიორების შესახებ

სიამაყით მინდა ვახსენო კომპანიის უცხოელი თუ ადგილობრივი პარტნიორები. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი საქვეყნოდ ცნობილ კომპანია მოტოროლას, რომელიც მაგთიკომთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სწორედ მოტოროლას უკავშირდება ახალი პროექტების უდიდესი ნაწილი, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. მოტოროლა ალბათ ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იქნება ახალი თაობის ტექნოლოგიებზე გადასვლის დროსაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგთიკომი იმედს გამოთქვამს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება.
მოტოროლასთან ერთად, მაგთიკომის ტექნიკურ აღჭურვაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კომპანია სიმენსს, რომლის საკომუტაციო სადგურსაც ვიყენებთ. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ პარტნიორ კომპანიებსაც, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან საერთო წარმატების მისაღწევად.

რას უსურვებთ თქვენს კომპანიას?

დღეისათვის მაგთიკომი წარმატებული კომპანიაა. მან უკვე არაერთი გამარჯვება მიითვალა თავისი არსებობის მანძილზე. კვლავ ლიდერობა და დასახული მიზნების შესრულება მინდა ვუსურვო კომპანიას მომავალშიც. მჯერა, რომ ეს აუცილებლად დადებითად აისახება მობილური კავშირგაბმულობის განვითარებაზე, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე.