პირველი GPRS ზარი საქართველოში

2001 წლის 26 ივლისს კომპანია მაგთიკომმა საკუთარ ქსელში წარმატებით განახორციელა პირველი GPRS (რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი) ზარი მოტოროლასა და სისკოს გადაწყვეტილებათა გამოყენებით. ზარი განხორციელდა მოტოროლას "ტაიმპორტ 260" ტიპის მობილური აპარატით.

ამ დღეს შერატონ მეტეხი პალასში ფართო საზოგადოება შეიკრიბა. ისინი, ვისაც სიახლე და პროგრესი, ახალი ტექნოლოგიები და მომავლის პერსპექტივები აინტერესებს.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ:
კევინ ლუსმორი - გლობალური სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილების სექტორის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (მოტოროლა)
მაიკ ლიჰი - ევროპა-აზიის გენერალური მენეჯერი (მოტოროლა)
ალექს გეხტმანი - რეგიონული სისტემების ინტეგრირების მენეჯერი (მოტოროლა)
ალექს უპორინი - ევროპა-აზიის ანგარიშის მენეჯერი (მოტოროლა)
სტივ ნოვაკი - აღმოცენებადი ბაზრების ტექნიკური მომსახურების დირექტორი (მოტოროლა)
ლევან ვაჩნაძე - პროექტის ხელმძღვანელი

მოტოროლას ისტორია მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან იწყება და ელექტრონიკის ინდუსტრიაში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებას ასახავს. ყველაფერი კი 1928 წელს დაიწყო, როდესაც ძმებმა გალვინებმა პატარა ქარხანა შეიძინეს და რადიოს კვების მოწყობილობების გამოშვება დაიწყეს. სახელი მოტოროლა კი მას შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე, რაც პატარა ქარხანამ მანქანის რადიოს გამოშვება დაიწყო. ოთხმოციან წლებში მოტოროლა იწყებს პეიჯერებისა და მობილური ტელეფონების წარმოებას. 1996 წლის 3 იანვარს მოტოროლამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ახალი ტიპის ტელეფონის გამოშვების თაობაზე, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე მსუბუქი და პატარა იყო. Motorola Star Tac 90 გრამს იწონიდა და ზომებით ახალ სტანდარტებს აყალიბებდა: "მოტოროლამ გააკეთა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა და ეს რეალობად აქცია". დღეს მოტოროლა თანამედროვე ბიზნესის გიგანტია, ათეულობით მილიარდიანი წლიური ბრუნვითა და ათასობით თანამშრომლით.

სისკო სისტემსთან ალიანსში მოტოროლა GPRS ქსელის უზრუნველყოფის წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. ბრიტანული კომპანია BT Cellnet პირველი კომპანია გახლდათ, რომლის ქსელშიც 1999 წელს, მოტოროლას დახმარებით, მსოფლიოში პირველი GPRS ზარი გაისმა. მაგთიკომმა კი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 165000-ზე მეტი აქტიური აბონენტი ჰყავს და ლიდერია დაფარვის ზონის მიხედვით, აბონენტთა მომსახურების ხარისხითა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, პირველმა კავკასიის რეგიონში განაცხადა GPRS ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ. GPRS ტექნოლოგიის გამოყენებით მაგთიკომის აბონენტებს საშუალება მიეცემათ, ე.წ. ON LINE რეჟიმში, 115 კბიტ/წმ სისწრაფით დაუკავშირდნენ ინტერნეტს და გაცვალონ ინფორმაცია. GPRS ქსელის მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი და რეალური გახდება ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: ელექტრონული ვაჭრობა, მობილური კომერცია და მობილური საბანკო სერვისები.

მოტოროლასა და მაგთიკომის ურთიერთობა 1996 წელს დაიწყო, როდესაც ამ უკანასკნელმა მოტოროლა პარტნიორად აირჩია. დღეისათვის მაგთიკომის ქსელი მთლიანად აღჭურვილია მოტოროლას საბაზო სადგურებით. 2000 წლიდან მოტოროლამ და მაგთიკომმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა WAPის დანერგვაზე, რომელიც უკვე კომერციულ მომსახურებაშია. GPRS პროექტის განხორციელებისათვის კი, როგორც აღვნიშნეთ, მოტოროლამ მაგთიკომი მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარა და გეგმავს, კვლავაც გააგრძელოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მაგთიკომის ქსელში დანერგვა.

"მაგთიკომი მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს შემდეგი თაობის ქსელურ ტექნოლოგიებზე მიგრაციისათვის. როგორც მოტოროლას მნიშვნელოვანი კლიენტი, ის ერთ-ერთი პირველი ოპერატორია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც განაცხადა სრულყოფილი GPRS ქსელის დანერგვის თაობაზე. მოტოროლას ეამაყება, რომ უზრუნველყოფს მაგთიკომს ინფრასტრუქტურით, პროგრამული უზრუნველყოფით, მომსახურებითა და სისტემური გადაწყვეტილებით, რათა ამ კომპანიამ დააკმაყოფილოს აბონენტთა მზარდი მოთხოვნები", - ბრძანა მაიკლ ლიჰიმ, მოტოროლას გლობალური სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებების სექტორის გენერალურმა მენეჯერმა ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

მოტოროლას "ტაიმპორტ 260" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მუდმივი კავშირი იქონიოს ინტერნეტთან და უფრო სწრაფად და იოლად მიიღოს ინფორმაცია. სამ სიხშირეზე მომუშავე აპარატით პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შეიძლება სარგებლობა. ამასთანავე, მოდელს აქვს ინტრანეტ/ინტერნეტში მუშაობის ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადავიდეს მონაცემთა გადაცემის რეჟიმიდან ზარის განხორციელების რეჟიმზე და მოახდინოს მონაცემთა სინქრონიზაცია ტელეფონს, კომპიუტერსა და სხვა აპარატურას შორის. "ტაიმპორტ 260" პირველი სამსიხშირიანი GPRS მოდელია ფიჭური კავშირგაბმულობის ინდუსტრიაში, რომელიც გაყიდვაში შემოვიდა.
GPRS-ის (რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი) პრეზენტაციამ შერატონ მეტეხი პალასში სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომი კვლავაც თანამედროვე ტექნოლოგიების ავანგარდში დარჩება.