CIFA - კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი.
CIFA - საქართველოში რეკლამის პირველი ფესტივალი.
2001 წლის 26-30 სექტემბერი - CIFA-ს ხუთი დღე თბილისში.
მაგთი GSM - CIFA-ს ორგანიზატორი და გენერალური სპონსორი.
ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო პირველი ქართული რეკლამა, ვინ იყო პირველი დამკვეთი ან პირველი შემსრულებელი...
ამბობენ, რომ წარწერა უძველეს კოლხურ ჭურჭელზე - "კოლხმა გამაკეთა", თავისებური ხარისხის ნიშანი და რეკლამაც იყოო...
იყო დრო, სარაჯიშვილები და ლაღიძეები საკუთარი ალკოჰოლური თუ გამაგრილებელი სასმელებისთვის საუცხოო ეტიკეტებს ამზადებდნენ;
ქართული თეატრის საინტერესოდ გაფორმებული აფიშები ახალ-ახალი წარმოდგენების შესახებ იუწყებოდა; ჯაბადარის ქართული
გამომცემლობა მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობდა მსურველთ... და ის დროც ყოფილა, თბილისში ზოგიერთი დუქნის აბრასა თუ
კედელს ფიროსმანის ნახატები რომ ამშვენებდა... ეს იყო დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ.
იქიდან ჩვენამდე მთელი ერთი საუკუნეა... და ალბათ არის რეკლამაც, თუ როგორი, ამას ქართული რეკლამის მომავალი ისტორიკოსები
გაარკვევენ...
სამაგიეროდ კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჩვენებური რეკლამა სულ ცოტა ხნის წინათ. მაშინ, როცა უცხოეთში რეკლამის
სერიოზული ისტორია იწერებოდა, როცა რეკლამა მხოლოდ "რაიმეს შესახებ ინფორმაცია" კი აღარ იყო, არამედ სანახაობა ან სულაც
ხელოვნება.
შარშან, თბილისში, EPICA-ს (ევროპული რეკლამის ფესტივალი) დღეებზე ჩვენ საშუალება გვქონდა, უცხოური რეკლამის საუკეთესო
ნიმუშები გვენახა; ის რეკლამა, რომელმაც, ფაქტობრივად, ბევრი ცნობილი კომპანიის ბედი და ეკონომიკური წარმატება განსაზღვრა...
"ეპიკას" თბილისური დღეები, რომლის გენერალური სპონსორიც მაგთი GSM გახლდათ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო დღეები,
როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ ის, ვინც რეკლამას აკეთებს და ის, ვისაც რეკლამა სჭირდება. დაინტერესება მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა,
ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ მსგავსი ფესტივალის ჩატარება საქართველოშიც შეიძლებოდა. ასე გაჩნდა CIFA - კავკასიის
საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი...
ფესტივალის ორგანიზატორი და გენერალური სპონსორი " მაგთი GSM; ორგანიზატორები - საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობა,
კომპანია "ქართული ტელეფილმი", შპს "ულტრა"; ფესტივალის პოლიგრაფიული მომსახურება - სტამბა "ომეგა-თეგი"; ორგანიზატორები
სომხეთსა და აზერბაიჯანში - რეკლამისტთა ასოციაცია ARA და რეკლამისტთა კავშირი ARI; სრულიად უკრაინის რეკლამის კოალიცია და ბელორუსიაში - ქალბატონი დინა მინა... კავკასიის ქვეყნებისათვის CIFA არა მხოლოდ რეკლამის ფესტივალი იყო, არამედ - ძველი
მეგობრების შეხვედრა, ძველი ურთიერთობების გახსენება, ახალი თანამშრომლობის დასაწყისი და ხუთდღიანი ლამაზი დღესასწაული.
ჟიურის წევრები მსოფლიოს თორმეტი ქვეყნიდან იყვნენ მოწვეულნი. ფესტივალში სულ ოცდაშვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, აქედან
ოცდაოთხი - ფესტივალის კონკურსში. ფესტივალის ჟიური და საპატიო სტუმრები სარეკლამო სამყაროს სერიოზული ავტორიტეტები იყვნენ:
ნორმან ვეილი - IAA-ს (რეკლამისტების საერთაშორისო ასოციაცია) ყოფილი პრეზიდენტი და სარეკლამო სააგენტოების მფლობელი; ფრანკო მორეტი - Leo Brunet-ის სამხატვრო ხელმძღვანელი; ჯეიმს ლენჰემი - LEAF-ის (ლისაბონის საერთაშორისო ეროტიკული რეკლამის
ფესტივალი) პრეზიდენტი, ჟურნალ Prizma-ს დამფუძნებელი და გამომცემელი; ალა ლეიკინა - ჟურნალ "რეკლამას" მთავარი რედაქტორი;
ზაზა შენგელია - საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორი; ისმაილ ტაგიზადე - აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, პროდიუსერი, "ტისკინოს" დამფუძნებელი და პრეზიდენტი; გაჯამი ატაკიშიევი - პროფესორი, აზერბაიჯანის რეკლამისტების
კავშირის პრეზიდენტი, IAA - საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოების ასოციაციის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის პრეზიდენტი; ლია
ავეტისიანი - სარეკლამო სააქციონერო კომპანია ARA , სომხეთის რესპუბლიკის რეკლამისტების ასოციაციის თავმჯდომარე; მარეკ რეინასი - ესტონეთის სარეკლამო სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი, Zavod/BBDO-ს პრეზიდენტი; მაქსიმ ლაზებნიკი - უკრაინის რეკლამისტების ასოციაციის თავმჯდომარე, კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის დირექტორი; მაქსიმ პლუსნინი - EPICA წარდს-ის წარმომადგენელი დსთ-ში და სხვები...
გიორგი ებრალიძე (საორგანიზაციო კომიტეტი): "თავიდან ძალიან გვეშინოდა, საჭირო იყო დიდი ფული, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენმა
გენერალურმა სპონსორმა და ორგანიზატორმა მაგთი GSM-მა ჩადო. საჭირო იყო კარგი საორგანიზაციო ჯგუფი, ჯგუფიც შეიქმნა. აუცილებელი იყო რეკლამირება, რაშიც საქართველოს ტელევიზია ამოგვიდგა მხარში. ყველაზე შრომატევადი და ძვირადღირებული საქმე უცხოეთთან დაკავშირება იყო. გამოვიყენეთ ყველა საშუალება - ინტერნეტი, ჩვეულებრივი ფოსტა. ჩვენი არსებობის შესახებ რომ გაეგოთ, თითქმის მთელ მსოფლიოს დავუკავშირდით. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჟიურის შერჩევა. ვეცადეთ, რომ CIFA-ს ჟიურისთვის რეკლამის სამყაროში აღიარებული პერსონები შეგვერჩია. ფესტივალის დღეები მსოფლიოში მიმდინარე რთულ პერიოდს დაემთხვა. ჟიურის წევრებისა და სტუმრების მხრივ ძალიან დიდი რამ იყო, რომ საქართველოში ჩამოსვლა მაინც მოახერხეს...
საქართველოში რეკლამის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. საქმიანმა ადამიანმა იცის, რომ ამ სფეროში ფულის ჩადება
აუცილებელია. რეკლამა სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთგვარი სარკეა - სახელმწიფოში როგორი რეკლამაცაა, ისეთია
ეკონომიკაც. ამიტომ CIFA მხოლოდ კონკურსი და ლამაზი სანახაობა არ ყოფილა. ამ ფონზე მაგთი GSM-ისა და ყველა იმ ორგანიზაციის თუ კერძო პირის თანადგომა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია..."
ფესტივალის პირველი დღე სასტუმრო "სიმპათიაში" პრესკონფერენციით დაიწყო. გაირკვა, რომ ფესტივალის ჟიური ორი მიმართულებით
იმუშავებდა. ჟიურის ნაწილი ბეჭდვით პროდუქციას შეაფასებდა, ნაწილი - ვიდეორეკლამას. ბოლოს კი ერთად დასხდებოდნენ და საბოლოო
გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. იმავე დღეს პროგრამის მიხედვით ფესტივალმა კინოთეატრ "რუსთაველში" გადაინაცვლა. საღამოს კი კლუბ
"16 რაუნდში" სასიამოვნო საღამო მოეწყო, სადაც სტუმრებსა და მასპინძლებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. იმავე
საღამოს გაირკვა, რომ CIFA-ს გენერალურმა სპონსორმა, მაგთი GSM-მა საქართველოში სარეკლამო საქმიანობის წასახალისებლად 10
000-ლარიანი სპეციალური პრიზი დააწესა, რომელიც საუკეთესო ქართული სარეკლამო რგოლის შემოქმედებით ჯგუფს გადაეცემოდა...
რაც შეეხება კინოთეატრ "რუსთაველს", აქ ხუთი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა არ შემცირებულა. შესასვლელიდანვე, სადაც CIFA-ს
უზარმაზარი რეკლამა იყო გაკრული, საქმიანი, სასიამოვნო და საინტერესო სამყარო იწყებოდა. ორივე სართულის ფოიე ბეჭდური რეკლამის
გამოფენას დაეთმო - პლაკატები და კალენდრები, ეტიკეტები და შეფუთვა, გაზეთებისა და ჟურნალების პირველი გვერდები... დარბაზში კი
ერთმანეთის მონაცვლეობით ხან სტუმარი ფესტივალების (Epica Awards , Cresta- Awards, Golden Drum Festival in Slovenia, LEAF, Kiev International Festival of Advertisement...) სარეკლამო რგოლების ჩვენება მიდიოდა, ხან საკონკურსო მასალის დათვალიერება,
ხან კი მოწვეული სტუმრები ლექცია-სემინარებს ატარებდნენ სარეკლამო ბიზნესსა და ზოგადად რეკლამის მნიშვნელობაზე; დამკვეთის,
შემსრულებლისა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, რეკლამის ისტორიასა და მომავალზე. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, დარბაზი სავსე
იყო, მოდიოდნენ სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები, საქმიანი ადამიანები, შემოქმედებითი ჯგუფები, ჟურნალისტები, სტუდენტები
და ისინი, ვინც კარგი რეკლამის ფასი იცის, ან სამომავლოდ კარგი რეკლამის გაკეთებას აპირებს...
ჯეიმს ლენჰემი: "ქართული აუდიტორიის აზრი რეკლამის გავლენაზე სრულიად ემთხვევა ევროპული აუდიტორიის აზრს..."
მაქსიმ ლაზებნიკი: "როდესაც ხუთასი ახალგაზრდა ქუჩაში ხეტიალის ნაცვლად დარბაზში ზის და უყურებს რეკლამას, ეს ფესტივალის
დიდი მიღწევაა..."
ალა ლეიკინა: "მაყურებლის ასეთი რაოდენობა და მუდამ სავსე დარბაზი არც ერთ ფესტივალზე არ მინახავს. გასაოცარია
საზოგადოების ასეთი დაინტერესება რეკლამით..."
ერთ-ერთ ლექციაზე ჯეიმს ლენჰემმა თქვა: "მსოფლიოში პლუშის დათვების ეპოქა დასრულდა, პლუშის დათვების ეპოქა დასრულდა
რეკლამაშიც; მაგრამ არასოდეს არ უნდა ვაჩვენოთ სამყარო იმაზე მეტად აგრესიული, ვიდრე ეს სინამდვილეშია... სამყაროში არსებობს
იუმორი, რომელიც სათქმელის საუკეთესო ფორმაა. ყველას მოგვწონს ემოციური რეკლამა და ჩვენ, პროფესიონალები, უნდა ვცდილობდეთ,
რომ ეს ემოცია დადებითი იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუკეთესო რეკლამა უბრალო და ყველასთვის გასაგებია, რომ როგორც კარგი
ფილმი ან კარგი წიგნი - სრულყოფილების სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს..."
ჟიურის წევრებისა და მოწვეული სტუმრების უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი იყო ქართული რეკლამა. თავიდან იმასაც
კი აპირებდნენ, რომ კავკასიური რეკლამა ცალკე შეეფასებინათ, ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნების რეკლამა - ცალკე. საბოლოოდ ყველა ერთად შეფასდა და ბოლო დღეს, როცა გამარჯვებულებს აცხადებდნენ, ჟიურის წევრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქართული რეკლამის
დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინაო...
ნორმან ვეილი: "...ქართველებს რეკლამაში საერთაშორისო დონისათვის მიგიღწევიათ და პროფესიული თვალსაზრისითაც გაზრდილხართ.
...ფესტივალი ნამდვილად შედგა. ...ჟიურის ასეთ წევრებს, დამიჯერეთ, მსოფლიოს საუკეთესო ტრადიციების მქონე არც ერთი რეკლამის
ფესტივალი არ დაიწუნებდა. ორგანიზატორებმა მიაღწიეს სარეკლამო ფესტივალის საერთაშორისო დონეს..."
ფრანკო მორეტი: "...ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეესაბამებოდა მსოფლიო სტანდარტებს. ...ვლაპარაკობთ სხვადასხვა
ენაზე, სხვადასხვა ტრადიციისა და კულტურის ხალხი ვართ, ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყურადღება შემოქმედებით ასპექტზე
გავამახვილეთ. პოლიტიკური ნიშნით არც ერთი რეკლამა არ შეგვიფასებია. ...ეს იყო ფანტასტიკური ხუთი დღე..."
რაც შეეხება ფესტივალის კონკურსს:
სატელევიზიო და ბეჭდვითი რეკლამის კონკურსში ცხრა-ცხრა კატეგორია იყო წარმოდგენილი, თითოეულში სამი ადგილი და გრან-პრი, ეტიკეტი და შეფუთვა: სამი კატეგორია - სამი ადგილი და გრან-პრი, ჟურნალისა და გაზეთის თავფურცლების ეროვნული კონკურსი: ერთი
კატეგორია - სამი ადგილი და გრან-პრი. ასევე იყო ჟიურისა და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და
ფესტივალის გრან-პრი...
საბოლოოდ კონკურსის შედეგები ასე გამოიყურებოდა:
სულ სამოცდათხუთმეტი ფინალისტი, ოცდაოთხი პირველი ადგილი, ოცდახუთი მეორე ადგილი, ოცდაექვსი მესამე ადგილი.
კონკურსის ხუთი გრან-პრი და ფესტივალის გრან-პრი.
მაგთი GSM-ის წამახალისებელი პრემია 10000 ლარი გიორგი გაჩეჩილაძეს (კომერციული რეკლამა "ტანდემი") და გიორგი გურგულიას
(სოციალური რეკლამა "გულგრილობა") გადაეცათ.
ფესტივალის გრან-პრი "ნეოსტუდიის" ნამუშევარმა - "ქვევრებმა" მიიღო.
რუსუდან გლურჯიძე (საორგანიზაციო კომიტეტი): "ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი შედგა. ეს პირველი ფესტივალი იყო და
ბუნებრივია, რეკლამის მთელ მოცულობას ვერ გავწვდით, არ გვქონდა ტრანსპორტზე რეკლამა, გარე რეკლამა... ბევრი სიძნელე იყო, მაგრამ
ყველაფერი გამოგვივიდა. არა მგონია, რომ ვინმემ შეძლოს იმის გაკეთება, რაც მაგთი GSM-მა ამ ფესტივალისთვის შეძლო, ყველა ეტაპზე
ჩვენ გვერდით იდგა... სამომავლოდ გეგმები გვაქვს, ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი მაინც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ისევ მაგთი
შ -ისა და იმ პარტნიორთა იმედი გვაქვს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველანაირად მხარში გვედგა და ვისაც ამ ფესტივალის
წარმატების სჯეროდა..."
მარეკ რეინასი: "მე ვიცნობ ორი ტიპის საფესტივალო ორგანიზაციას: გერმანულსა და ქართულს. პირველი, როდესაც ყველაფერი საათივით არის აწყობილი და წუთი წუთზე ხდება; და მეორე, როცა დაუგეგმავი რაღაცებიც ხდება და გერმანულს სჯობია. ეს იყო CIFA..."
"ფანტასტიკური ხუთი დღე" დასრულდა. და როგორც ყველა ფესტივალზე, აქაც იყო უამრავი დიდი საქმე და უამრავი წვრილმანი, ბევრი
კურიოზი და ჭორი, ცნობილი ადამიანები და ახალი სახელები... და კიდევ - დიდი იმედი, რომ CIFA - კავკასიის საერთაშორისო რეკლამის
ფესტივალი - XXI საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად იქცევა...

ელისო იმერლიშვილი