მოკლე შეტყობინებათა სისტემა SMS

რას წარმოადგენს მოკლე შეტყობინებათა სისტემა

მოკლე შეტყობინებათა სისტემა (Short Message Service) " SMS წარმოადგენს მობილური ტელეფონის საშუალებით ტექსტური ინფორმაციის გაგზავნისა და მიღების სერვისს. ასეთი მომსახურების ჩართვის შემთხვევაში აბონენტს მობილური ტელეფონის გამოყენება შეუძლია როგორც ხმოვანი, ასევე ტექსტური ინფორმაციის გადასაცემად.

აბონენტებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გადაცემა შეიძლება როგორც მობილური ტელეფონით, ისე ინტერნეტის საშუალებით.

2001 წლის დასრულებამდე მაგთიკომმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოასწრო:
SMS " მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემა მაგთიკომის მორიგი საჩუქარია კომპანიის მრავალრიცხოვანი აბონენტისათვის.

სიახლე ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებლისათვის იქნება განკუთვნილი, SMS-მა ხომ ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ევროპის "თინეიჯერებს" შორის, რომელთათვისაც ეს მომსახურება ურთიერთობის თავისებურ ფორმას წარმოადგენს. ბოლო ხანს SMS-ის ბაზაზე დაფუძნებულმა მომსახურებებმა კი მოკლე შეტყობინებების სისტემა ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელსაყრელ მომსახურებად აქცია.

SMS ჩვენში რამდენიმე წლის წინათ საკმაოდ პოპულარული მომსახურების " პეიჯერული კავშირის ანალოგს წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ შეტყობინებების გაგზავნა მობილური ტელეფონის მფლობელს საკუთარი ტელეფონით შეუძლია, მესამე პირის ჩაურევლად. ამასთანავე, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ბაზარზე არსებული თითქმის ყველა მოდელით არის შესაძლებელი. საკმარისია, აკრიფოთ გასაგზავნი შეტყობინება, ადრესატის ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდეთ სერვერს სპეციალურ ნომერზე, რომელიც თქვენს მოთხოვნას დაამუშავებს. მოკლე შეტყობინებების სისტემა ინფორმაციის გადაცემის საკმაოდ მოხერხებულ საშუალებადაც შეიძლება ჩაითვალოს: თუ ადრესატის ტელეფონის აპარატი გამორთულია, გაგზავნილი შეტყობინება მიიღება ტელეფონის ჩართვის შემდეგ.

მოკლე შეტყობინებების ისტორია 1991 წლიდან იწყება: სატელეკომუნიკაციო დარგში ევროპის სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) მიერ GSM-ის პირველი ფაზისთვის შეთავაზებულ იქნა აბონენტთა შორის ტექსტური შეტყობინებების გაცვლის იდეა. უკვე 1992 წლის დეკემბერში პერსონალური კომპიუტერიდან ბრიტანული კომპანია Vodafone-ის ქსელში პირველი მოკლე შეტყობინება გაიგზავნა. სისტემამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დღევანდელი სტატისტიკა იმის მაჩვენებელია, რომ უახლოეს წლებში მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება. GSM ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში გაგზავნილი მოკლე შეტყობინებების რაოდენობამ თითქმის ოთხჯერ იმატა. მოკლე შეტყობინებათა სისტემის მზარდ პოპულარობას, პირველ რიგში, მობილური ტელეფონების მომხმარებელთა შორის ახალგაზრდობის წილის ზრდა განაპირობებს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის უამრავი ახალი მომსახურება, რომელიც SMS-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში SMS-ით სარგებლობის გასაიოლებლად მიღებულია სიტყვების შემოკლებული აღნიშვნები. ეს სისტემა აბონენტს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს ტელეფონის კლავიატურაზე დიდი რაოდენობით სიმბოლოების აკრეფის აუცილებლობა და ამით გაამარტივოს SMS-ის გამოყენება. ბოლო ხანს შემოკლებათა სისტემა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცალკე ბროშურებიც კი იბეჭდება SMS-ის შემოკლებებით.

საქართველოში მოკლე შეტყობინებების დანერგვას ერთი უხერხულობა ახლავს, რაც მობილურ ტელეფონებში ქართული შრიფტის არარსებობას უკავშირდება (ზოგიერთ ტელეფონში არსებული ქართული მენიუ სრულებით არ ნიშნავს ქართული შრიფტის გამოყენებით მოკლე შეტყობინების გადაცემის შესაძლებლობას). მიუხედავად ამისა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს მომენტი SMS-ის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

ერთი რჩევა SMS-ის მოყვარულებს: თუ შემოკლებითი აღნიშვნების გამოყენების მიუხედავად, შეტყობინებების გაგზავნა თქვენთვის მოსაწყენი ხდება, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ე.წ. "ჩეთბორდით" (chat-board) - ტელეფონის აპარატის ზომის, პერსონალური კომპიუტერის კლავიატურის მსგავსი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც უერთდება მობილურ ტელეფონს და გაცილებით აადვილებს ტექსტის აკრეფას.
მოტოროლამ კი SMS-ის მოყვარულებს მობილური ტელეფონის ახალი მოდელი შესთავაზა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტელეფონის კლავიატურაზე ტექსტური შეტყობინებების აკრეფას. მართალია, იგი შედარებით მოუხერხებლად გამოიყურება მობილური ტელეფონის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტელეფონს მხოლოდ საუბრისთვის იყენებენ, მაგრამ მოკლე შეტყობინებებისა და ინტერნეტში მუშაობის მსურველებს Motorola v100 Personal Communicatior ნამდვილად დააინტერესებთ. საქმიან ადამიანებს კი ამ მოდელზე მეტად ალბათ Motorola Accompli" 008 მოეწონებათ, რომელიც SMS-ისა და WAP-ის გარდა პერსონალური ორგანაიზერითაც არის აღჭურვილი, ამასთანავე მაღალი სიჩქარით მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფს GPRS ქსელებში.

SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია არა მარტო ტელეფონის აპარატის, არამედ ინტერნეტის გამოყენებითაც, რაც ხშირ შემთხვევაში, ბევრად მოხერხებულია. ამ დროს ინტერნეტ-გვერდზე შედის გასაგზავნი ტექსტი და ადრესატის ტელეფონის ნომერი.