ანბანი, როგორც სამყარო...

წერა, როგორც სიცილი, ადამიანის პრიორიტეტია და წერილ არს - ადამიანობაც პრიორიტეტიაო.
ამბობენ, სამყაროს ბრუნვა რომ შეიმეცნო, ჰორიზონტია საჭირო, ანუ ზღვა და მწვერვალი ერთდროულად...
საქართველოში ზღვა ორი იყო, დამწერლობა სამი და მწვერვალი კიდევ უფრო მეტი.
ერთი ერისთვის სამი დამწერლობა საკვირველია. უფრო მეტიც - მსოფლიოში უნიკალური, რადგან არათუ სამის, ერთი ანბანის შექმნაც კი, თუნდაც ძალიან კულტურული ქვეყნისათვის ფუფუნება იყო. მომხდარა ისეც, დამწერლობა შექმნილა, მაგრამ ერი ვერ შენარჩუნებულა, ან ენა გამქრალა, მაგალითად: ძველი ბერძნული.
საქართველოს შემთხვევა აქაც იშვიათია. ჩვენ ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ და ვწერთ რიგით მესამე, ეგრეთ წოდებული მხედრული ანბანით.
თუმცა, ერთ-ერთი მოსაზრებით, მხედრული მესამე კი არა, სულ თავდაპირველი დამწერლობაა და ასომთავრულსა და ნუსხურზე ადრეა შექმნილი. ეს ისე, მორიგი ვერსიისათვის.
სამი სხვადასხვა სახის დამწერლობა საქართველოში, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით იყო შექმნილი, საუკუნეების განმავლობაში ერთდროულად გამოიყენებოდა: ნუსხური, ძირითადად, საეკლესიო ლიტერატურისათვის, მხედრული კი - საეროსთვის. აქვე იყო ყველაზე ძველიც, ასომთავრული:
"ჯერ კიდევ მარი ბროსემ და შემდგომ ივანე ჯავახიშვილმა სრულიად ეჭვმიუტანლად ცხადყვეს, რომ ქართული დამწერლობის ეგრეთ წოდებული "ნუსხა-ხუცური" და "მხედრული" სახეობანი ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენენ, ქართული ასომთავრულისგან წარმომდგარ ქრონოლოგიურად მომდევნო გრაფიკულ ეტაპებს ასახავენ" (თამაზ გამყრელიძე, მკვლევარი).
საერთოდ, ქართული ხელნაწერები 10 000-მდე შემორჩა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. დათარიღებულთა შორის ყველაზე ადრინდელი (864 წ.) სინას მთაზე ინახება და სწორედ მასშია იოანე ზოსიმეს ცნობილი "ქებაი":
"დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად".
ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა და გადამწერებიც უფრო ხშირად ბერები იყვნენ. შეიძლება ამიტომაც, ხელნაწერთა უმეტესობა რელიგიური ხასიათისაა, თუმცა, წერდნენ მედიცინის, ასტრონომიის შესახებ. მოგვიანებით ქმნიდნენ ქიმიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებს.
წერდნენ, ოღონდ რაზე და რით?
"სულ თავდაპირველად საწერ მასალად ცხვრის ან ხბოს ტყავი გამოიყენებოდა. ის ძვირი ღირდა, ცალი დაახლოებით 200 დრაჰკანი. ხშირად ერთი წიგნის დასაწერად მთელი ფარაც არ კმაროდა. ამან გამოიწვია ქარაგმებით სიტყვების შემოკლება და ერთი და იმავე საწერი მასალის ორჯერ გამოყენება. ზოგიერთ ხელნაწერზე შუა საუკუნეების ტექსტის ქვეშ აშკარად ჩანს უფრო ადრინდელი ნაწერიც.
გარდა ამისა, ბოლომდე აუხსნელი დარჩა მელნის ფორმულაც. ოქროს მელანი რაღაც ხსნარში გარეული ოქროს ფხვნილი იყო, მაგრამ რა ხსნარში, ეს ჯერ კიდევ არ ვიცით" (მიხეილ ქავთარია, მკვლევარი).

წიგნის გადაწერას ხშირად თვეები სჭირდებოდა. ბერის სენაკში, ცხვრის ტყავზე გადატანილი მაისი ან თებერვალი. ოქროს საწმისიც ხომ ცხვრის ტყავია და მასზედაც იქნებ რაღაც ეწერა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ საწმისის მონატრებაა სანთლის შუქზე დაწერილი და გადაწერილი ეს 10 000 ხელნაწერიც. მათი რიცხვი, რა თქმა უნდა, განუზომლად მეტი იქნებოდა, რომ არა გაუთავებელი შემოტევები და კიდევ უფრო მეტი ცეცხლწაკიდებული ეკლესია-მონასტერი.
საერთოდ, თუ მომხდური ოდნავ მაინც კულტურული ქვეყნიდანაა, ის წიგნს არ უნდა შეეხოს, მაგრამ:
"განათლებული მტერი ცოტა გვყავდა, გაუნათლებელი კი რამდენიც გინდა" (მიხეილ ქავთარია).
და ამიტომაც ხელნაწერებს არა მარტო წვავდნენ, არამედ, თურმე, ადამიანებივით ატყვევებდნენ და შემდეგ მათში დიდძალ გამოსასყიდს ითხოვდნენ.
"მე ვახახიშვილმან გიორგი თათართაგან დავიხსენ წიგნი ესე "ზატიკნი" და დავდევით ჩვენისა სულისათვის და ჩვენთ შვილთა სადღეგრძელოდ" (მე-15 ს-ის ხელნაწერი).
ცხადია, მტერი გულგრილი იყო, გადამწერებისთვის კი ეს წიგნები იმდენად ახლობელი ხდებოდა, რომ ხშირად მარტო გადაწერით არ შემოიფარგლებოდნენ თურმე...
თავის დროზე ძალიან გაჭირდა "ვეფხისტყაოსნის" რუსთველისეული ვარიანტის დადგენა; ბევრ გადამწერს საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდა შეცვლილი მისი სტრიქონები.
ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ჯერაც კვლევა უნდა და დასრულდა ესე ამბავიო, ალბათ, ვერ ვიტყვით.
ქართულ ხელნაწერებსა და საკუთრივ ქართულ მწერლობაში ყოველი თაობა რაიმე ახალს აღმოაჩენს და ახლებურად წაიკითხავს. ახლებურად კითხულობენ უკვე ახლა.
"მე დღესაც მგონია და ყველა დიდი მეცნიერი შინაგანად გრძნობდა, რომ ქართული ანბანი არის კოდირებული შრიფტი, რომელიც რაღაც ინფორმაციის დასაფარავად შეიქმნა. ეს ინფორმაცია შეიძლება, ყოფილიყო სამხედროც, სახელმწიფოც, ინტელექტუალურიც და რელიგიურიც" (ემირ ბურჯანაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის შრიფტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი).
არსებობს ერთი ცნობაც ქართული ანბანის შესახებ: "არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილთა, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ. იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ" (ხელნაწერი წიგნიდან "მატიანე შემეცნებათა").
"ქართული ასომთავრული ანბანი სამყაროს შეცნობის დროინდელი აზროვნების შედეგია, ათასწლეულების წინათ არის შექმნილი და მასზე უამრავი ბრძენი მუშაობდა. იგი დაკავშირებულია კალენდართან, მათემატიკასთან და მასში არის უამრავი სიმბოლო და მინიშნება" (ემირ ბურჯანაძე).
თბილისის სამხატვრო აკადემიის შრიფტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა, ნოდარ ხვედელიძემ ქართულ ასომთავრულში აღმოაჩინა ზუსტად ექვსი ასონიშანი, რომელთაც თუ შევაბრუნებთ, სხვა 6 ასონიშანს მივიღებთ. ეს წყვილები მან ჰოროსკოპის რკალზე დაალაგა და სწორედ იმ გადაკვეთაზე, სადაც წარმოსახვითი დედამიწის ღერძი გადის, წარმოიქმნა სიტყვა ცაი. ხოლო თავად ღერძი კი პლანეტა იუპიტერისკენ აღმოჩნდა მიმართული.
"არანაირი სხვა განმარტება აქ არ შეიძლება იყოს. იმდენად ზუსტად ჯდება ყველაფერი, რომ მხოლოდ ასე თუ იქნება" (ემირ ბურჯანაძე).
ასეთი სიმბოლოები ანბანში შემთხვევით არ ხვდება და ასეთ ანბანს მიდგომაც სხვანაირი უნდა და გაფრთხილებაც. საქართველოში დღემდე იწერება ასომთავრულითაც, ნუსხურითაც და, რა თქმა უნდა, მხედრულით. მაგრამ ერთია ნაწერი და სხვაა კიდევ ნაბეჭდი...
?ქართული შრიფტების ნაკლებობა აშკარაა. ჩვენ ძალიან ცოტა კარგი შრიფტი გვაქვს და ეს ყველაფერი ეტყობა წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს... მაგალითად, ცნობილი "თჰე თიმეს"-ი თავისი საკუთარი შრიფტით იბეჭდება და საქართველოშიც შეიძლება, ასე მოხდეს, თუ ეს დარგი განვითარდა. ჯერჯერობით კი შრიფტებთან დაკავშირებით ელემენტარული ლიტერატურაც არ არის. ძალიან ძნელია ქართული ასოების კომპიუტერთან "შეგუებაც" (სოფო კინწურაშვილი, გრაფიკული დიზაინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი).
"თანამედროვეობამ უამრავი სპეციფიკური განხრა შექმნა, რომელსაც რეკლამა, ინფორმაცია სჭირდება. ამ ყველაფერმა დამწერლობის სტილიზაცია გამოიწვია. ამიტომაც ვმუშაობთ ქართული შრიფტის პროპორციებზე, მის ესთეტიკურ ფორმებზე ისე, რომ იგი თაობებისთვის გახდეს მისაწვდომი" (ემირ ბურჯანაძე).
კარგი კალიგრაფია კარგი ხასიათის მაჩვენებელიაო. ყველას როდი შეეძლო ხელნაწერებზე მუშაობა, არამედ მხოლოდ მას, ვინც კალიგრაფი იყო და ქართულ ასოებს ზუსტად ისე მოხაზავდა და მოამრგვალებდა, როგორც ეს მისმა პირველმა შემქმნელებმა გააკეთეს.
"მთელი ქართული ანბანი მრგლოვანია, როგორც სამყარო" (ემირ ბურჯანაძე).
ქართული ხელნაწერები - საუკუნეთა სიბრძნე, სისავსე და ერის სულიერი გამოცდილება... ერთად შეგროვილი და შეკრული, როგორც სამყარო...
და იმ დროიდან მოყოლებული, კრძალვით გადმოდის ხელიდან ხელში უდიდესი განძი და საიდუმლო... ამ საიდუმლოს დროდადრო დღესაც, კომპიუტერისა და დიზაინის ფანტასტიკურ საუკუნეში, ფრთხილად და რუდუნებით უახლოვდებიან ამ საუკუნის შვილებიც. ისინი დღესაც, სხვათა შორის, ისევე, როგორც საუკუნეების წინათ, სანთლის შუქზე მიუსხდებიან უძველეს ხელნაწერებს და მათ მამა-პაპათაგან გადმოსული შთაგონებით გადაწერენ და გადაწერენ. ისევ ამკობენ დახვეწილი და ფაქიზი ორნამენტით, ტრადიციული და სულაც არატრადიციული ნახატებითა და მინიატიურებით. ამას აკეთებენ ეკლესია-მონასტრებსა თუ მაღალსართულიანი სახლების ჩვეულებრივ ბინებში, აკეთებენ ეკლესიის მსახურნი თუ საერო პირნი.
არსებობს, მაგალითად, ირაკლი ფარჯიანის ხელით გადაწერილი და გაფორმებული ორი სახარება...
დღესაც მუშაობს და თავის სულს აქსოვს სახარების ახალ ხელნაწერში რუსუდან ფეტვიაშვილი.

"აი ია" - ფრთხილად გამოჰყავს პატარა ქართველს პირველი ასოები და ასე მშვიდად და შეუმჩნევლად, ასე უბრალოდ და თავისთავად ეზიარება დიდ საიდუმლოს.
"აი ია"... და ასე შემდეგ... ის, რასაც ქართველობა ჰქვია.

თეა თოფურია