პროფესიონალი

ბავშვობაში, პოპ-მუსიკით გატაცების ადრეულ ეტაპზე, ჩემთვის მუსიკალური ჟანრების მიამიტური კლასიფიკაცია მოვახდინე: თუ მუსიკოსები მხოლოდ გიტარებსა და დასარტყმელ საკრავებს იყენებდნენ - ეს როკს ნიშნავდა; თუ სასულე საკრავები და ფორტეპიანო დაემატებოდა, ჯაზი უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ ყველაფერ ამის გარდა ვიოლინო, ჩელო, არფა და ა.შ. იქნებოდა - ეს აუცილებლად კლასიკა იყო. ვინ იცის, როდემდე დავჩებოდი ამ ილუზიებში, თბილისში ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Jethro Tull-ის ჩანაწერებს რომ არ შემოეღწია, სადაც წამყვან როლს იენ ანდერსონის ფლეიტა ასრულებდა.
ეს მცირე ექსკურსი ბავშვობაში იმისთვის დამჭირდა, რომ ყველაზე პოპულარული ქართველი ფლეიტისტის სახელი პირველად სწორედ როკთან მიმართებაში გავიგე. როცა Soft Eject-მა სტილის შეცვლა და ჟღერადობის გამდიდრება გადაწყვიტა, ბიჭებმა ბატონ ჯანსუღ კახიძეს სთხოვეს, მათთვის ვინმე ფლეიტისტი ერჩია. ბატონმა ჯანსუღმაც დიდი ფიქრის გარეშე ისინი, მისივე თქმით, ძალიან ნიჭიერ და თავისებურ ახალგაზრდასთან - დათო ოძელაშვილთან დააკავშირა.
ეს ამბავი ხუთი წლის წინათ მოხდა. მას შემდეგ სულ უფრო ხშირად და სრულიად განსხვავებულ წრეებში ისმის მისი სახელი. დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ საუბრისას სიტყვა ფლეიტისტის ხსენებაზე, ბუნებრივად დათო ოძელაშვილი გახსენდება.
27 წლის დათო ფლეიტის ჯადოქარია. ის თავს არ იზღუდავს ტრადიციებითა და სტილისტური ჩარჩოებით; ის მრავალფეროვანია: მუშაობდა კლასიკურ მუსიკაში, როკში, ჯაზში; მისი უკანასკნელი გატაცება ფიუჟენია, ეთნიკური მუსიკა. ყველაზე საკვირველია, რომ ის ყველგან საოცრებას ახდენს. მისი ინსტრუმენტი ხან ტოროლასავით უსტვენს, ხან მასთან ერთად სუნთქავს, ხან კი ხრინწიანად ახველებს. მისთვის შეუძლებელი არაფერია.
ფლეიტისათვის მაინცდამაინც ბევრი ნაწარმოები არ არის შექმნილი: ბაროკოს ეპოქის რამდენიმე კომპოზიცია და კიდევ უფრო ნაკლები თანამედროვე პერიოდში. ასე რომ, დათო თვითონ ქმნის მუსიკას.
ფლეიტაზე შესრულება არ არის ადვილი. რაც უფრო მარტივია საკრავი, რაც უფრო ნაკლებად დახვეწილია ტექნიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მასზე მუშაობა, მით უფრო მეტია დამოკიდებული შემსრულებლის ოსტატობაზე. ამ ინსტრუმენტზე შესრულებისას მნიშვნელოვანია ტუჩებისა და სუნთქვის მართვის ტექნიკის სრულყოფილი ფლობა. დათომ პირის მოძრაობისა და ჩაბერვის საკუთარი ტექნიკა გამოიმუშავა. ისწავლა ცხვირით სუნთქვა ისე, რომ დაკვრისას ბგერა არ წყდება. გარდა ამისა, იოგას ვარჯიშების მეშვეობით შეიმუშავა სუნთქვის ტექნიკა პირდაპირ დიაფრაგმიდან.
დათომ ფლეიტა პირველად ფილტვების გამო აიღო ხელში. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბრონქიალური პრობლემების მოგვარებაში დათოს ფლეიტა დაეხმარებოდა. მართლაც ასე მოხდა. ისევ ფილტვების მიზეზით 6 წლის ასაკიდან ეზიარა ჩოგბურთს; აქაც მაღალ შედეგებს მიაღწია. ერთი პერიოდი ერთდროულად იყო დაკავებული ფლეიტითა და ჩოგბურთით: დილის 7 საათზე ჩოგბურთი, მერე ფლეიტა, მერე სკოლა, საღამოს ისევ ჩოგბურთი. ჩოგბურთით გატაცება მამამისის დამსახურებაა, მუსიკა დედის მხრიდან ერგო. ბაბუამისი დუდუკზე უკრავდა. მაგრამ მალე დადგა დრო, როცა დათოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ?გარდაქმნის? ხანა იყო და სერიოზულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შანსი ნაკლებად ჰქონდა. მოკლედ, ფლეიტის სასარგებლოდ ჩოგანი გვერდზე გადადო. შეიძლება, ამ გადაწყვეტილებით საქართველომ კარგი ჩოგბურთელი დაკარგა, მაგრამ ფაქტია - დათო რომ სპორტს გაჰყოლოდა, ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა მუსიკაში.
ძალიან სწრაფად აითვისა ფლეიტა, ასევე სწრაფად - ნოტები. დიდმა წარმატებამაც არ დაახანა. 11 წლისამ საქართველოს ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა. 13 წლის იყო, როცა პედაგოგმა მისი ნიჭის გამოსამზეურებლად კონსერვატორიაში გაუხერხა კონცერტი. შემდეგ 15 წლის ბიჭისთვის გამონაკლისი დაუშვეს და 18-დან 35 წლამდე შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცეს გერმანიაში. 1989 წელს კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და 17 წლისამ საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ მას ვენის აკადემიაში იღებენ. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, იქ მხოლოდ ორიოდე თვე შეძლო დარჩენა. თუმცა, საზღვარგარეთულ განათლებას მოგვიანებით მაინც ვერ ასცდა: კრაკოვის მოცარტის აკადემიასთან ერთად მასტერკლასებით, კონცერტებით, კონკურსებითა და ფესტივალებით ევროპა შემოიარა. კამერულ სექსტეტებთან, კვინტეტებსა და კვარტეტებთან ერთად, დაწყებული ბეთჰოვენით, ის ყველაფერს ასრულებდა.
ამას მოჰყვა სამი წელი ჯანსუღ კახიძის სიმფონიურ ორკესტრში. დათოს ორკესტრიდან წასვლა პროფესიული შეუთავსებლობის ან პირადი უთანხმოების გამო არ მომხდარა. დათოს თქმით, ის გრძნობდა, რომ კახიძე მაინცდამაინც არ ამართლებდა მის გატაცებას სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობით. იმ პერიოდში დათო ფლამენკოთი იყო დაინტერესებული, ამიტომ ლათინური ორიენტაციის ჯგუფს შეუერთდა. ისინი ერთი ხანობა პეროვსკაიაზე უკრავდნენ ბარ Earth, Wind & Fire-ში. ვინმეს შეიძლება პროფესიონალი მუსიკოსისთვის არაპრესტიჟულად მოეჩვენოს ბარის ნახევრადშემთვრალი პუბლიკის წინაშე გამოსვლა. თუმცა ამის შესახებ დათოს საკუთარი აზრი გააჩნია: "როგორ გითხრათ, იქ ხშირად ჩემ მოსასმენად დადიოდნენ".
შემდეგ ჯაზის პერიოდი დადგა. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის აწ გარდაცვლილ ჯაზ-პიანისტ კოლია ქაშაკაშვილს, რომელმაც ჯაზისადმი ინტერესი გაუღვივა. მის გარდა, დათო თავის მასწავლებლად მიიჩნევს 76 წლის ფრანგ ორელ ნიკოლას და დიდ ჯეიმს გოლვეის, რომლის შემოქმედებამ ათასობით ახალგაზრდა აიძულა, ხელში აეღო ფლეიტა. დათო "დათოს ჯაზ-კლუბში" იწყებს გამოსვლას.
ის ამჟამად ფიუჟენზეა გადართული. ეს მიმდინარეობა იმით არის საინტერესო, რომ არ იზღუდება ტრადიციული ჩარჩოებით და ყველა იმ სტილის ნაზავს წარმოადგენს, რომელთა ერთმანეთთან შერწყმაც მოუნდება შემსრულებელს. კულტურული ფიუჟენის საუკეთესო მაგალითად დათო ირლანდიელ მომღერალ ლაიზა ჟერარდს ასახელებს, რომელიც ავსტრალიის თურქულ რეგიონში ცხოვრობს.
თებერვალში დათომ კონსერვატორიაში გამართა კონცერტი, ქართული რიტმების ფონზე ფოლკლორული ინტერპრეტაციები წარმოადგინა. ეროვნული მოტივები გაამდიდრა აფრიკული, კელტური და ინდური თემებით. "მე გამუდმებით ვუსმენ ამ მუსიკას სახლში, მაგრამ არ მინდა, რომ მისი ასლები გავაკეთო", - ამბობს დათო. უკრავს აფრიკულ და კელტურ ეროვნულ სასულე ინსტრუმენტებზე და, რა თქმა უნდა, ქართულ სალამურზე. ის თავის ევროპულ საკრავზე აზიურ მუსიკას ასრულებს. მართლაც რომ შთამბეჭდავია იმის მოსმენა, თუ როგორ შეიძლება ჟღერდეს ფლეიტა აზიელის ხელში.
მერე იყო თბილისის ტრადიციული ჯაზ-ფესტივალი, სადაც დამამახსოვრდა განსაკუთრებული ენერგიით შესრულებული სოლო ?მეტეხში? გამართულ ჯემსეიშენზე. 29 მარტს ის მაკა ასათიანის მოდების ჩვენებაზე გამოვიდა "ჯოიში", სადაც სრულიად ახალი მსმენელის წინაშე წარდგა. საინტერესოა, რომ მისი გამოსვლა უბრალოდ მუსიკალური თანხლება კი არ იყო, არამედ მოდელებთან ერთად შოუს ორგანულ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
წლევანდელი სეზონი საკმაოდ გადატვირთული გამოუვიდა. თბილისში ვიზიტის დროს სამმა კორსიკელმა მომღერალმა ქალმა დათოსთან ერთად კომპანია ნივერსალ-ის ეთნო-განყოფილებისთვის ჩანაწერი გააკეთა. ამ ურთიერთობის შედეგად ის ოქტომბერში კორსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.
კორსიკული ტურნე ერთობ ნაყოფიერი გამოდგა: გარდა იმისა, რომ დათომ აღტაცებაში მოიყვანა ადგილობრივი მსმენელი, საინტერესო კონტაქტებიც დაამყარა. პირველ რიგში, გაიცნო ფლამენკოს სტილის ცნობილი გიტარისტი რამონ სანჩესი; მათ ქალაქ ბასტიის სტუდია "გეკოში" ერთობლივი კომპოზიცია ჩაწერეს, რომელიც შესაძლოა, დათოს მომავალ ალბომში შევიდეს. ყოველ შემთხვევაში, მისი მოსმენა ძალიან მალე შეგეძლებათ თბილისურ FM რადიოებზე. გარდა ამისა, მომავალი წლის ივნისში ის სანჩესთან ერთად გამოვა საფრანგეთში გიტარისტების მსოფლიო ფესტივალზე, ჯერჯერობით კი აქ იქნება, იმუშავებს, ძირითადად კლუბ "ჯოიში".
დათო საკუთარი ალბომის გამოშვებას აპირებდა საქართველოში. მასალა უკვე მზად ჰქონდა და შესაფერის სათაურს ეძებდა - ისეთს, რომელიც საზოგადოებას ჯიბიდან ხელის ამოღებას აიძულებდა.
ის ყოველთვის საკმაოდ დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა, რომ რომელიმე მსხვილი ხმისჩამწერი კომპანია ყურადღებას მიაპყრობდა მის ძალისხმევას.
მართლაც ასე მოხდა. კორსიკაში ყოფნისას ფრანგები დაინტერესდნენ მისი ჩანაწერებით და დაახლოებით ერთ თვეში საფრანგეთში გამოვა დათოს პირველი ალბომი, რომელსაც უკვე აქვს სახელი - "ოძელა". სამწუხაროდ, ყველა საავტორო უფლება ალბომზე ფრანგებს ეკუთვნით, მათ კი საქართველოში მისი გავრცელება არა აქვთ გათვალისწინებული. ასე რომ, ისევ დათო თუ ჩამოიტანს საკუთარი დისკის ორიოდე ეგზემპლარს საქართველოში, რომელიც ალბათ ძირითადად მეგობრების წრეში იტრიალებს. ანდა მუსიკალურ მაღაზიაში შემთხვევით მოხვედრილი რომელიმე გზააბნეული ქართველი ტურისტის იმედად უნდა ვიყოთ, რომლის მენტალიტეტში ნაცნობი ფუძის დანახვაზე ეროვნული სიამაყის გრძნობა დაჯაბნის ფინანსურ მოტივებს.
მანამდე კი დათოს ჩანაწერების მოსმენა შეგიძლიათ ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შემსრულებლის ალბომზე: როკ-მუსიკოსის, გიგა მიქაბერიძის კასეტაზე "გავტეხოთ ღამე" ის განსაკუთრებული შთაგონებით ასრულებს იმპროვიზაციას ერთ-ერთ კომპოზიციაში, ხოლო ცნობილი ჯაზ-პიანისტის, ოთარ მაღრაძის კომპაქტ-დისკს - "თათრის მეიდანს" მისი ფლეიტა ჯაზურ მხიარულებას ანიჭებს.
ჯერჯერობით ეს იკმარეთ, მაგრამ იმედია, შორს არ არის ის დრო, როცა დათო ოძელაშვილის ჩანაწერების შეძენას თქვენ თვითონ შეძლებთ დასავლეთის მეგასტორების ე.წ. World Music-ის განყოფილებების თაროებზე.

ბიძინა მაყაშვილი