...და ვიცოცხლოთ

ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი 70 წლისაა.
უცნაური და ხანდახან კიდეც დაუჯერებელი ამბებით სავსე 70 წელი.
ჯანსუღ ჩარკვიანი - მწერალთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც სკოლაში მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის
წაკითხვას უკრძალავდნენ; იმ თაობისა, რომელიც თავისი სათქმელით მოვიდა და თავისი სახელი დაიმკვიდრა ქართულ მწერლობაში.
ჯანსუღ ჩარკვიანი - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. კაცი, რომელსაც წილად ხვდა საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვანი
მოვლენების მომსწრე და მონაწილე ყოფილიყო. სხვადასხვა წლებში ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა
საქართველოს" დირექტორი, ქართული "პენ-ცენტრის" პრეზიდენტი და უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი სავსე პოეტური კრებულების
ავტორი...
სამოციანელთა თაობა. ომსა და მშვიდობაში გაზრდილი თაობა. საინტერესო ადამიანები, ვაჟკაცობისა და რაინდობის სულ სხვაგვარი
მაგალითები, ერთგულებისა და სიყვარულის სულ სხვაგვარი ამბები.

"მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი...
მევალისათვის მიმატანინე ვალი...
მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა...
მერე წამოვალ, წამოვალ საცა გინდა..."

ჩემი თაობა სამოციანელთა თაობაა. ამბიციურობაში არ ჩამომართვათ, ილია ჭავჭავაძეც სამოციანელთა თაობის წარმომადგენელი იყო.
მას შემდეგ ასი წელი გავიდა და ჩვენი თაობა მოვიდა. ეს "პირველ სხიველთა" და "ცისკრელთა" თაობაა. თაობებს შორის დაპირისპირება
ყოველთვის იყო, მაგრამ არა პიროვნული. ილიას თაობაც ებრძოდა გრიგოლ ორბელიანის თაობას, მაგრამ ილიამ რომ გრიგოლ ორბელიანი
დაიტირა, ამას ნამდვილი შვილიც ვერ შეძლებდა. როგორ შემიძლია, აუგი ვთქვა ჩემ წინა თაობაზე, რომელმაც გზა გამიკვალა, რომლის
შემოქმედებაზეც გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. დღეს ყველაფერი შეიცვალა, სამწუხაროდ, ახალ თაობას ეს ომი სხვაგვარად
ესმის და სხვაგვარი აგრესიით იბრძვის.
მე ვერ ვიტყვი, რა მოიტანა ჩემმა თაობამ უკეთესი, ვიდრე გალაკტიონ ტაბიძემ, გიორგი ლეონიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, კონსტანტინე
გამსახურდიამ და სხვებმა, მაგრამ არა მგონია, რომ მათზე ნაკლები სახელი დატოვოს ჭაბუა ამირეჯიბმა, ოთარ ჭილაძემ, გურამ
დოჩანაშვილმა, მურმან ლებანიძემ, მუხრან მაჭავარიანმა, ანა კალანდაძემ, ლია სტურუამ... ან ვის დაავიწყდება გურამ რჩეულიშვილი, ნოდარ
დუმბაძე, რეზო ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, შოთა ნიშნიანიძე, ვლადიმერ სიხარულიძე და რა ვიცი, კიდევ რამდენი... ჩემ დროს
"ცისკარს" 70 000 ჰქონდა ტირაჟი, ახლა 300-400 ცალი თუ იბეჭდება. ამ დრომ წიგნი წაგვართვა. მწერალს ფული არა აქვს. უხერხულია
ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ცხრა წელიწადია, ჩემი წიგნი არ გამოსულა, თუ არ ჩავთვლით, სამი წლის წინათ "მერანმა" 200 ცალი რომ
დაბეჭდა. ასი მე მომცა ჰონორარის ნაცვლად და დანარჩენი ასი მაღაზიაში დევს. დღეს არც მკითხველს აქვს ფული... შეიცვალა
დამოკიდებულება ეროვნული ღირებულებების მიმართ. უცხოელი მოდის და შენი "ჩაკრულო" მიაქვს, რათა კოსმოსში გაუშვას - როგორც
პირველი, საუკეთესო, ღვთიური მადლი. შენ კი... მაგრამ, ალბათ, დროებითია ეს ყველაფერი.
"ჯერ ეფრემ ჩარკვიანის და მერე ავდიდ ჩარკვიანის ოჯახში - ერთი მხრივ, ინტელიგენტური და, მეორე მხრივ, პატრიარქალური ოჯახის
ამ უცნაურ ნაზავში, სადაც ჯანსუღის მთელი თაობა ტრიალებდა ახალგაზრდობაში, პოეტს ნამდვილად შეეძლო ესწავლა, რომ სიკეთე -
ყველაზე დიდი სიმდიდრეა; რომ მწყურვალს უსათუოდ უნდა მიუტანო წყალი, მევალეს - ვალი, და სადღაც დამარხულ ძმებზეც უნდა
იფიქრო... ვინც კარგად იცნობს ჯანსუღს, მან იცის, რა ბევრი მწყურვალისთვის მიუტანია წყალი..." (ტარიელ ჭანტურია).
მამაჩემი რაინდი კაცი იყო, ახოვანი, კარგი თამადა და ძალიან მკაცრი. პროფესიით აგრონომს, თავის დროზე დიდი თანამდებობებიც
ეჭირა. ერთ დროს ბორჩალოში მუშაობდა და იქ შემაყვარა ცხენზე ჯდომა. ხუთი წლის ვიქნებოდი და მეტყოდა, წადი, ცხენი მომიყვანეო;
თავლა მოშორებით იყო, წავიდოდი, შემიკაზმავდნენ მწყემსები, შემსვამდნენ და გამომიშვებდნენ. პატარა ვიყავი, მეშინოდა, ძალიან მეშინოდა.
დრო გავიდა და შიში გაქრა.
დედა გელოვანის ქალი გახლდათ, შესანიშნავი მომღერალი. ჩოხას ჩააცმევდნენ, ფაფახს დაახურავდნენ და გუნდში პირველ ხმას
ამღერებდნენ. ახლობლებმა ურჩიეს და კონსერვატორიაში ჩააბარა, მაგრამ მამა წინააღმდეგი იყო. ეს ის დროა, როცა კონსერვატორია და
თეატრალური ინსტიტუტი "თამამ" სასწავლებლებად ითვლებოდა. მოვიდოდა მამაჩემი სახლში და ყვებოდა ტყუილებს, აქა და აქ ყაჩაღები
შეცვენილა, სახლში მხოლოდ ბავშვები დახვედრიათ და ამოუხოცავთო... დედაჩემმა იფიქრა, მართლა არაფერი მოხდეს, თორემ მე
დამბრალდებაო, და კონსერვატორიას თავი გაანება. ვფიქრობ, რომ ჩემს შვილებში დედაჩემის გენი გამოჩნდა, სიმღერის ნიჭი ორივეს
დედაჩემისგან აქვს. ვცხოვრობდით ასე, გვიჭირდა თუ გვილხინდა, ჩვენს ოჯახში სულ სიმღერა ისმოდა და, რაც ყველაზე მეტად მახსოვს, ეს
იყო არაჩვეულებრივი, თბილი ურთიერთობები ადამიანებს შორის - მეზობლები, ოჯახის წევრები და უბრალო ნაცნობები და უცნობებიც კი
ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ქართველ მათხოვარს ქუჩაში ვინ ნახავდა...
"ჯანსუღ ჩარკვიანი! ამ სახელსა და გვარში რაღაც წკრიალებდა - ბავშვურიც და ვაჟკაცურიც..." (ნაზი კილასონია).
ჩვენ ბავშვობაში რასაც ჩუმად ვკითხულობდით - ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე. მერე და მერე უკვე
ყველაფრის წაკითხვა შეიძლებოდა. უცხოური ლიტერატურაც შემოდიოდა. ერთი მასწავლებელი გვყავდა, ქალბატონი ნინო სუხიაშვილი;
ვაჟა-ფშაველას "ხანჯალს" რომ გვიხსნიდა, მეუბნებოდა - ჯანსუღ, ხელები ისე დაიჭირე, თითქოს ხანჯალი ჩაგიბღუჯავსო. ამან ის შედეგი
გამოიღო, რომ 12 წლის ვიყავი და ჩემს მეგობრებთან ერთად ომში გავიპარე. ვიღაც კრეტინ კაპიტანს შევუთანხმდით, როგორც "პოლკის
შვილები", ისე წავსულიყავით. ერთმა გაგვთქვა, რომელიც აღარ წამოვიდა. მშობლები დაგვედევნენ და მცხეთაში დაგვეწივნენ. უკანა გზაზე
თან მცხეთურ ღვეზლებს გვაჭმევდნენ და თან გვასილაქებდნენ, ეს არასოდეს დამავიწყდება. მთავარი ისაა, რომ 12 წლის ბიჭებს ამის ძალა
და ვაჟკაცობა გვეყო. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ბავშვები ომში გაიქცნენ; მაგრამ ბავშვს "ხანჯალი" უნდა ასწავლო, "განთიადი" უნდა
ასწავლო, "ქვათა ღაღადი" წააკითხო და მერე ეცოდინება, როგორ უნდა იცხოვროს. თაობას სახლში მშობელი უნდა ზრდიდეს და სკოლაში -
მასწავლებელი.
მახსენდება, როგორ გვიხაროდა პიონერთა რიგებში შესვლა. გაგვიკეთებდნენ წითელ ყელსახვევს და მერე ძალიან ამაყები დავდიოდით.
ერთი მეგობარი მყავს, არაჩვეულებრივი კაცი - ალეკო ცქიტიშვილი, ერთ კლასში ვსწავლობდით. 37-ში დედაც დაუხვრიტეს და მამაც. ის და
მისი და, ძალიან პატარები, სულ უპატრონოდ დარჩნენ, მაშინ ასეთი საშინელებები ხდებოდა. ჰოდა, შევდივართ პიონერთა რიგებში.
მასწავლებელი კითხულობს სიას, ვისაც ამოიკითხავს, ის ერთ ნაბიჯს წინ დგამს. ყველა ამოიკითხეს და ეს დარჩა ცალკე, აევსო თვალები
ცრემლით. მე შევხედე და დავიძახე, თუ მაგას არ მიიღებთ, არც მე შემოვალ-მეთქი. მასწავლებლებმა იფიქრეს, ეს ჩარკვიანია, რამე
უბედურებას არ წავეკიდოთო და მიიღეს. ახლაც, რომ მხვდება, სულ მახსენებს, იცი, როგორ მინდოდა, ჯანსუღო; იცი, როგორ მინდოდაო"...
რა იყო" არც არაფერი, პატარები ვიყავით და სადაც ყველა იქნებოდა, ჩვენც იქ გვინდოდა.
"მე განსაკუთრებით მიყვარს ზოგჯერ ჯანსუღ ჩარკვიანის თვალებში გაღვიძებული ის ონავარი ბიჭი, რომელიც ოდესღაც კანჭებზე
შემოტმასნილ ჩექმებში გალიფე მწვანე შარვალს იტანიებდა, ამ შარვალზე იმავე ფერის ჯიბეებიან ხალათს გადმოუშვებდა, ხალათზე
ვერცხლის ბალთიანი ტყავის წვრილი ქამარი ჰქონდა შემოჭერილი... აუდიტორიაში ხელებს რომ გაშლიდა ხოლმე და საცეკვაოდ ხან ერთ
ქალიშვილს იწვევდა და ხან მეორეს. მისი ნიჭი ჩანს მის პოეტურ სტრიქონშიც, მის ქცევაშიც და მის სიტყვა-პასუხშიც. მას ყველაფერი
უხდება: ლექსიც, სიმღერაც, სადღეგრძელოც..." (გივი გეგეჭკორი).
უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ერთ ჯგუფში ვსწავლობდით: გივი გეგეჭკორი, ზაურ ბოლქვაძე, თამაზ ბიბილური,
ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე და მე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. დავდიოდით მთელი ჩვენი
ცხოვრება ერთად და დროს კაცურად ვატარებდით.
ირაკლი აბაშიძე მამაჩემის მეგობარი იყო, მან დამიბეჭდა პირველი წიგნი. ამის შემდეგ დავმეგობრდით; ჩემზე ოცი წლით უფროსი იყო,
მაგრამ ლამის სულ ერთად ვიყავით, უჩემოდ არც დასავლეთში მიდიოდა და არც აღმოსავლეთში. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ნოდარ
დუმბაძესთან, რომელსაც ყოველთვის მისაბაძ და არაჩვეულებრივ ადამიანად ვთვლიდი. როგორი ვაჟკაცი, როგორი იუმორისა და ნათელი
გონების კაცი იყო. ასევე ვმეგობრობდი გიორგი ლეონიძესთან. ჩემი პირველი ლექსები რომ წაიკითხა, ხელით მინაწერი გაუკეთა - "კარგია,
ჯანსუღ". იყვნენ, ბევრნი იყვნენ, კაცური კაცები და დიდი ადამიანები...
"ბიჭო! ორჯერ რომ ვკვდებოდი და ორივეჯერ იმ ქვეყნიდან დაბრუნებულმა ჩემი საწოლის ფეხებში, თვალცრემლიანი და
ნიკაპაკანკალებული რომ დაგინახე, ან ჩემი ავადმყოფობა საიდან გაიგე ასე უცებ, ან ასე უცებ როგორ ჩამომისწარი" ამით, ძმა რომ ხარ
ჩემი, იმის თქმა კი არ მინდა, არა, იმას ვფიქრობ, რა სიყვარულით გიპასუხო ამ უზომო სიყვარულზე..." (ნოდარ დუმბაძე).
ახლა რომ მეკითხებიან, სამოცდაათი წლის გახდი და რას ფიქრობო, თუ მეფიქროს, რომ კიდევ დიდხანს უნდა ვიცოცხლო, უნამუსო
ვიყო. ვინმე რომ მაწყენინებს, ვეუბნები ხოლმე, შენ იკითხე, თორემ მე იცი, რა ხალხი მელოდება ზევით-მეთქი" ჩემი თაობიდან ისეთი
ხალხია წასული, მთელი ჩემი მეგობრები... ერთხელ ნოდარ დუმბაძეს ვუძღვენი ეს სადღეგრძელო, ახლა, სამწუხაროდ, სხვაზეც მიწევს თქმა:
ჩვენთან იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, წავიდა ჩვენგან და სიკვდილს გვიადვილებს-თქო. წუთისოფელი იქ წასასვლელად მზადებაა, ვინც
კარგად მოემზადება, იმათთან იქნება, ზეციურ საქართველოში; ვინც არა და - ჯოჯოხეთი იქ კი არა, თუ მარტო ხარ და მეგობარი არ გყავს,
მიწაზეც შეიძლება იყოს.
მოვალე ვიყავი, რომ ხალხის გვერდით ვმდგარიყავი ყოველთვის. 9 მარტი იყო თუ 9 აპრილი. ცხრა აპრილის წინა დღეს ერთ-ერთ
შეხვედრაზე არ დავუჭირე მხარი მოშიმშილეებისა და მომიტინგეების დარბევასა და იქიდან გაყრას. და არც ისეთ დოკუმენტებზე მომიწერია
ხელი, რაც შეურაცხყოფას მომაყენებდა. ამით მე ჩემს თავს ვცემ პატივს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს... ერთხელ მაქვს ხელი
მოწერილი ირმა ჩხეიძესთან და მეყოფა. არ მინდა ეს ხელის მოწერა. ისე ვერ ვიბრძოლებ თუ რა, არ მიბრძოლია ჯერ თუ რა" პრესაა,
ლექსია, კალამი მაქვს და დავწერ, ვწერ კიდეც. ზოგს ეშინია, ზოგს არა და არის ასე...
ადრე რომ არ მქონდეს ნათქვამი, ახლა არ ვიტყოდი - არ შეიძლება ბატონ ედუარდ შევარდნაძეს არ ვცემდე პატივს. კომუნისტურ
წლებში ცენზურისთვის სპეციალური სამმართველოები არსებობდა. ერთხელ მუხრან მაჭავარიანის წიგნი ორი დღე დაკავებული იყო, არ
ბეჭდავდნენ. დაურეკა, წიგნი გაუშვით სტამბაშიო. მე რომ შევარდნაძის იმედი არ მქონოდა და გვერდზე არ მდგომოდა, "ცისკრის"
რედაქტორი რომ ვიყავი, "დათა თუთაშხიას" ვერ დავბეჭდავდი, თუ გავუშვებდი - დამიჭერდნენ. ერთხელ გურამ ფანჯიკიძის რომანი უნდა
დამებეჭდა. მივედი ბატონ ედუარდთან, მაშინ მინისტრი იყო, ვეუბნები - ასეა საქმე, აგერ რომანი, წაიკითხე; ისეთია, უნდა დავბეჭდო,
მაგრამ დამიჭერენ და, კაცურად, ოჯახს მიმიხედე-მეთქი. დატოვეო, მითხრა. სამი დღის მერე მირეკავს და მეუბნება, - წავიკითხე, მომეწონა,
გაუშვიო. თან სიცილით ამატებს, რაც შეეხება ოჯახს, ჩემზე იყოს, მივხედავო... ბიბლიური სიბრძნეა - კაცი, რომელიც უმადურია და
ერთგულების ფასი არ იცის, დასაკლავ პირუტყვს ჰგავსო... მე პირუტყვს ვერ დავემსგავსები.
ერთხელ ვთქვი, ჩემზე მაგარი კახელი, ჩემზე მაგარი იმერელი, სვანი, გურული, თუში, ხევსური, ჩამოვყევი, არავინ არის-თქო. ერთმა
ახალგაზრდამ მკითხა - კი, მაგრამ ვინა ხართ ასეთიო" ვუპასუხე: ქართველი-მეთქი, შვილო, ქართველი! სანამ ჩვენ ქართველები არ
გავხდებით, არაფერი გვეშველება. სანამ ასე ცალ-ცალკე ვართ, ჩვენი ერთმანეთზე წაკიდება იოლია...
"დედეშ, დედეშ, მირანგულა..." ვინ იცის, რამდენჯერ უმღერია ჩემ გვერდით სუფრაზე თუ უსუფროდ ეს სიმღერა ჯანსუღ ჩარკვიანს...
როცა იგი ამ სიმღერას თავდავიწყებით მღერის, იმ თავდავიწყებით, რომელსაც ქვეყანაზე ყველაფერი ემორჩილება და რომელსაც გარსია
ლორკა დუენდეს უწოდებს, მე მეუფლება განუზომელი სიხარული იმის გამო, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე მოვედით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ეს
ქვეყანაა... ჯანსუღ ჩარკვიანისთანა თავგანწირული სიმღერა ბევრმა არ იცის. მის სიმღერაში გამჟღავნებულია მისი პოეტური სული და
სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი..." (გივი გეგეჭკორი).
ნათქვამია, ისტორიის ჩარხს ქალები აბრუნებენ, მეისტორიეთ მათი სახელები ავიწყდებათ და მხოლოდ კაცები ახსენდებათო. მე მომწონს
ქართული ტრადიცია, რომელიც ქალს პატივს სცემს. მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია. მე არ მინახავს, ვინმე სუფრიდან ამდგარიყო და
ეთქვა - დედა, რა საცივი იყოო. ქართული სუფრა - ქართული ღვინო, ქართული სიმღერა და კარგი თამადაა. სუფრაზე რომ ჯერ დიასახლისი
უნდა ადღეგრძელო და ბოლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ყველაწმინდა სალოცავს შემწეობა სთხოვო, ესეც ტრადიციაა. თუ
უკიდურეს შემთხვევაში ქალი უნდა მოიტაცო, აქაც არაფერია ცუდი, ხდება ხოლმე, ხან მშობელია წინააღმდეგი და ხან ბებია-ბაბუა. მე იმის
მომხრეც ვარ, როცა ინიშნებიან და ჯვრისწერითა და ქორწილით გვირგვინდება ყველაფერი. ამ ბოლო დროს შემოიღეს - ქორწილებში
ჩაებმებიან ნეფე-პატარძლიანად ახალგაზრდები ერთმანეთს და ცეკვავენ... ძალიან ლამაზია და მომწონს, მაგრამ სულ უცხო მუსიკაზე...
ვფიქრობ, არ შეიძლება, რამე ქართული შეირჩეს"
ბევრი სახალხო დღესასწაული იყო კომუნისტების დროს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ამისთვის ვინმე მაინცდამაინც თავს იკლავდა,
თუმცა არასოდეს გაგვიშვია ხელიდან "შატილობა", "ათენგენობა", "ვაჟაობა", "ილიაობა", "კვირიკობა"... არავინ არაფერს არ გვიშლიდა,
ავიყრებოდით, წავიდოდით, იქაურები სიხარულით გვხვდებოდნენ. იყო ერთმანეთის გაცნობა, დაძმაკაცება, უძველეს ტრადიციებთან ზიარება.
ასეთი დღეების შემდეგ სულ სხვანაირი ხდებოდი კაცი... მართლაც დიდი დღესასწაულები იყო. ამ რამდენიმე ხნის წინათ იყალთოში ვიყავი
"შოთაობაზე". გამიხარდა, რომ ეს ტრადიცია ისევ არსებობს...
"ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ასწრებს ის ამდენს - ამდენი ინტერესის, საზრუნავის, ამდენი მისამართის, ვალდებულების ამდენი
განცდისა და ზრუნვის ერთ გულში დატევას... ყველა მის მიერ გამოვლილი გზა რომ შევკრიბოთ, ალბათ დედამიწას შემოწვდებოდა. ის
ახლაც გზაშია, ვინაიდან თავისი ბუნებით, თავისი ტემპერამენტით, იმ პოეტთა რიგს ეკუთვნის, მუდამ რომ იჩქარიან, მუდამ დიდ გზას
ადგანან..." (გურამ ასათიანი).
განვლილი გზებიო - ბატონმა გურამმა...
დროისა და გარემოს მიხედვით და ფარგლებში... უფრო ხშირად კი დროისა და გარემოს მიუხედავად... იკვალებოდა ეს გზები.
ამ გზებს მიჰყავდა ადამიანები, ზოგი უფრო შორს, ზოგიც უფრო მოკლე გზას დააყენა.
აგერ 2002 წელიც მოვიდა. კაცი რომ დაფიქრდეს, შეეშინდება, ისე შორს წასულა ოცდამეერთე საუკუნე.
ახალ წელს სადღეგრძელოები უხდება. სადღეგრძელო კი, ჯანსუღ ჩარკვიანზე უკეთესი, ცოტამ თუ იცის.
მოდით, ვთქვათ: "ქვეყნად სიცოცხლე ღირდა"...
და ვიცოცხლოთ...