გაგრძელება იქნება...

ერთ დილასაც გადავშალე გაზეთი და თეატრალური აფიშის სვეტში სრულიად შემთხვევით წავიკითხე: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - "თითით საჩვენებელი", პიესის ავტორი ბასა ჯანიკაშვილი, რეჟისორი დათო საყვარელიძე, დასაწყისი 20 საათზე და ასე შემდეგ... პირველი, რაც გავიფიქრე, იყო - "ოცნება აიხდინა"...
თურმე დღეს ისევ შეიძლება სანუკვარი ოცნებების ახდენა...
"და, როგორც ყველა, ბასაც ოცნებობს. ის არ ოცნებობს მიუწვდომელზე, ის ოცნებობს, რომ მისი პიესებიც დაიდგას, სულ ერთია სად, რომელ თეატრში, თუნდაც ტროლეიბუსის გაჩერებაზე, ოღონდ დაიდგას..." (ჟურნალი "სტუდია", 1999, ¹6.)
ეს სიტყვები ბასა ჯანიკაშვილმა სამი წლის წინათ მითხრა, როცა მასთან ინტერვიუ ჩავიწერე. როცა ბასამ ეს იოცნება, ზაფხულის ცხელი შუადღე იდგა; როცა ბასამ ოცნება აიხდინა - შემოდგომის სუსხიანი საღამო...
ამ ოცნების განხორციელებაში კი ბასას რეჟისორი დათო საყვარელიძე (იგივე სუყო) და მაგთი GSM დაეხმარნენ...

სუყოს "სამეფო უბნის" თეატრში ვესაუბრები, მიმდინარეობს რეპეტიცია.
ახალ სპექტაკლს დგამენ, უაზროდ ცივა. მსახიობების მიკვირს, მოძრაობას როგორ ახერხებენ. სუყო პირველ რიგში ზის, რეპლიკებს ისვრის, როცა მუსიკა უნდა გაისმას, თვითონვე მღერის... საკმაოდ ენერგიული ჩანს იმის მიუხედავად, რომ როგორც გითხარით, საშინლად ცივა.
- ნახევარ საათში გავაგრძელებთ, არ დაიშალოთ...
მგონი, მეშველა...
სასაუბროდ ვსხდებით, თან ბოდიშს მიხდის, რომ მართლა გამყინა.

როგორ იდგმებოდა
დათო საყვარელიძე - სპექტაკლი "თითით საჩვენებელი" ბასას ორი პიესის მიხედვით შეიქმნა. ეს პიესები ერთი წლის წინათ წავიკითხე, მომეწონა და გადავწყვიტე, სპექტაკლი დამედგა. ვფიქრობ, პიესა მეტად აქტუალურ პრობლემებს ასახავს, მასში წარმოჩენილია თანამედროვე საზოგადოების "სხვადასხვა" მხარე. იმედია, არ გვიწყენენ. მგონი, კარგი კომედია გამოგვივიდა, სპექტაკლს უამრავი ხალხი ესწრება, იცინიან, ერთობიან. მე და ბასას არ გვქონია პრეტენზია, რომ რაღაც უჩვეულოს, განუმეორებელს ან შედევრს ვქმნიდით; ეს არის პატარა ჩანახატი, რომელიც მაყურებელს გაართობს.
"თითით საჩვენებელი" სულ რაღაც 40 დღეში დაიდგა და ეს დადგმა მაგთი GSM-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
პირადად ბატონმა გია ჯოხთაბერიძემ გამოთქვა სურვილი, რომ ქართულ დრამატურგიას, თეატრს დახმარებოდა. ვფიქრობ, ამით ქართული, ეროვნული საქმე გაკეთდა.

რა გამოვიდა...
დათო საყვარელიძე - მგონი, ჩანაფიქრის 80 პროცენტი წარმატებით შევასრულე. სპექტაკლი საკმაოდ მცირებიუჯეტიანია. ჩვენ არ გვიყიდია ტექნიკის უახლესი საშუალებები, სპექტაკლი არ გაგვიფორმებია ძვირფასი დეკორაციებით. ეს იყო საცდელი ვარიანტი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია, თეატრმა კერძო სტრუქტურებთან ითანამშრომლოს.

"თითით საჩვენებელი"
და მაყურებელი...
დათო საყვარელიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სპექტაკლი თავიდანვე გათვლილი იყო მაყურებელზე. შეიძლება, ეს ცუდადაც ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ იყო ინტელექტუალური სპექტაკლი. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპექტაკლის პერსონაჟთა განსახიერება მსახიობებისგან ძალიან დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს, თანამედროვე გმირის როლის შესრულება დამაჯერებლობისა და რეალურ ყოფასთან სიახლოვის გარეშე წარმოუდგენელია. მე ხორცი შევასხი იმ პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან; ეს შეიძლება იყოს შენი მეზობელი, მეგობარი, პოლიციელი, რომელსაც ყოველდღე ხედავ ქუჩაში...

სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ: ზურაბ ბერიკაშვილი, ეკა ჩხეიძე, ავთო მიქაძე, ზაალ ჩიქობავა და სხვები.

თეატრი, კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია და სუყო
დათო საყვარელიძე - ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ თანამედროვე ქართულ დრამატურგიას. დღევანდელი ქართული თეატრი მაშინ ჩაითვლება ცოცხლად, როცა მასში თანამედროვე დრამატურგები იარსებებენ. ჩვენთან, რატომღაც, გაცილებით კარგ ტონად ითვლება თეატრებში კლასიკის დადგმა. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაწონასწორდეს. ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუკი თანამედროვე ახალგაზრდა დრამატურგებს მოვიწვევთ თეატრში. მათ უნდა იმუშაონ, რომ გამოცდილება შეიძინონ, და კიდევ ერთი - ჩვენ, რეჟისორებს, ძალიან გვაკლია საკუთარი თეატრალური ენა, ეს აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, რეჟისორები ამ ენის ძიებაში ვართ.

თანამედროვე დრამატურგიას დიდი ყურადღება სჭირდება რეჟისორების, მსახიობებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების მხრივ. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ მაგთი GSM-მა ძალიან კარგი საქმე გააკეთა "თითით საჩვენებლის" დაფინანსებით, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ სპექტაკლიდან შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა მეორე სპექტაკლის - "სახლი საზღვარზე" დაფინანსებაც.

ეს, რაც შეეხება "თითით საჩვენებელს", რომელიც 2001 წლის ოქტომბერში დაიბადა... თავად სუყო კი დაიბადა 1970 წლის 21 მარტს. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. მას შემდეგ ერთი დღეც არ უცხოვრია თეატრის გარეშე. მისმა პირველივე წარმოდგენებმა ერთბაშად მიიპყრო ქართული საზოგადოებრიობის ყურადღება. გამოცდილებას უცხოეთშიც იღებდა - ბროდვეიზე ჯეიმს პინკოვსკის "მსხლის წვენი" დადგა, იმუშავა ინგლისის ეროვნული თეატრის სტუდიაში პიტერ ბრუკთან, სტაჟირება გაიარა ინგლისის ეროვნულ ოპერაში, ამჟამად კი ექვსი თვით მიიწვიეს სტაჟირებაზე იტალიაში, მილანის "მცირე თეატრში". ამის გარდა, მას ეკუთვნის ოცდაათამდე სპექტაკლისა და ფილმის მუსიკალური გაფორმება:

დათო საყვარელიძე - შეიძლება ითქვას, რომ ვკომპოზიტორობ, ერთი პერიოდი საკმაოდ ცნობილი ვიყავი როგორც თეატრალური კომპოზიტორი. ორი ოპერა დავდგი - მასკანის "სოფლის ღირსება" (დირიჟორი ჯანსუღ კახიძე) და "ევრიდიკე", დამდგმელი რეჟისორი ნიკა მემანიშვილი. ჩემს მომავალს, ალბათ, საოპერო ხელოვნებას დავუკავშირებ...

მანამდე კი დათო საყვარელიძე დრამატულ თეატრში მოღვაწეობს და ფიქრობს, რომ:
"თეატრი არის გზა, ეტაპი იმისათვის, რომ გავიგო, რას ნიშნავს ნამდვილი ცხოვრება, ჭეშმარიტება. ჩემთვის თეატრი არის სამყაროს ამოცნობის გზა. თეატრში ვხედავ ყველა იმ საშუალებას, რაც შესაძლებლობას მაძლევს, ადამიანის ფსიქოლოგია გავიგო".

გარეთ რომ გამოვედი, თბილოდა... მზეზე გასათბობად გამოსულ მსახიობებს კი სუყო კვლავ სამუშაოდ ეძახდა:
- დროზე შემოდით, ვაგრძელებთ...

ნინო თარხნიშვილი