დავიწყებული თბილისის თეატრი...

დღეს ჩვენი მიზანი ქართული თეატრის კვლევა არ გახლავთ. არც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების აღწერა...
დღეს გვინდა, ამ ისტორიის ერთი ფურცელი გავიხსენოთ, ერთი, ყველასაგან მივიწყებული, თბილისური თეატრის ამბავი გიამბოთ, რომლის სახელიც, თურმე, დრო იყო, ქუხდა და რომელიც, არა მხოლოდ მაშინდელი დროის შესაბამისად, დღეისათვისაც საქვეყნოდ შესაშური იქნებოდა.
,,თბილისის თეატრი" 1851 წელს გაიხსნა და საქართველოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. მანამდე კი...
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებია... ,,მანეჟის თეატრი" აშკარად ვერ აკმაყოფილებს თბილისელი თეატრალების გაზრდილ მოთხოვნებს. დღის წესრიგში თეატრის ახალი შენობის აშენება დგება. გადაწყდა, ეს შენობა თბილისის ახალ ნაწილში, ერევნის მოედანზე ყოფილიყო. აქედან უკვე გარეთუბანი იწყებოდა ("ერევნის მოედანი" ახლანდელ თავისუფლების მოედანს 1828 წელს ეწოდა პასკევიჩის მიერ ერევნის აღების პატივსაცემად).
რადგან თეატრის ასაშენებლად საჭირო თანხა არ გააჩნდა, მთავრობამ გადაწყვიტა, თეატრი სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე აეშენებინა. მედუქნეებმა უარი განაცხადეს, ძველი თბილისიდან ზევით ამოსვლა ჩვენი საქმე არ არის, აქ შეჩვეული მუშტრები გვყავს და გავკოტრდებითო. ვორონცოვი იძულებული გამხდარა, დიდვაჭრებისათვის მიემართა. მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი, გაბრიელ თამაშევი აღმოჩნდა, რომელმაც ისურვა ვაჭრობისა და ხელოვნების შეერთება და თავს იდო ერევნის მოედანზე სამსართულიანი დიდი შენობის აგება.
გაბრიელ თამაშევს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, უსასყიდლოდ მიეცა 855 საჟენი მიწა "საუკუნო და შთამომავლობითს მფლობელობაში უბაჟოდ". მას ამ ნაკვეთზე საკუთარი ხარჯით უნდა აეშენებინა შენობა თეატრისა და ქარვასლისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ თამაშევის მფლობელობაში რჩებოდა ქარვასლა თავისი სათავსოებით, თეატრის შენობა კი ქალაქის გამგებლობაში გადადიოდა. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით: "ის ადგილი, სადაც თამაშევმა ქარვასლა ააგო, ძველად ეკუთვნოდა ესტატე ციციშვილს, რომელმაც ორ დოშად და ორი კაცის საკაბედ გაყიდა" (გაზ. "საქართველო", ¹81, 1915).
თეატრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხ წელიწადს გასტანა.
შენობის პროექტი არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა, რომელიც ვორონცოვმა ოდესიდან მოიწვია, სამუშაოს ხელმძღვანელობა დაავალა და თბილისის არქიტექტორად დანიშნა. სკუდიერი დიდი პატივით სარგებლობდა მეფისნაცვლის კარზე. მისი პროექტით აშენდა ვორონცოვის ხიდი, კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი და სხვა. იგი, სრულიად ახალგაზრდა, დაიღუპა 1851 წლის 5 ივლისს, როდესაც მისივე პროექტით მშენებარე სამხედრო ტაძრის კამარა ჩამოინგრა (ვ. ბერიძე "თბილისის ხუროთმოძღვრება").
1851 წლის გაზაფხულზე თეატრის შენება დასრულდა.
თეატრისა და ქარვასლის შენობა დიდ სწორკუთხედს წარმოადგენდა. იგი ოთხი სართულისაგან შედგებოდა. ჩრდილოეთით შენობა მოედნის დონეზე დაბლა იყო და შენობის გარშემო დატოვებული საგანგებო თხრილის წყალობით ნათდებოდა. ტროტუარი მე-3 სართულს უერთდებოდა თხრილზე გადაყვანილი აგურის თაღებიანი 15 ბოგირითა და ორი მისადგომით ,,კარეტებისთვის". ქვემო სართულები საწყობებსა და მაღაზიებს ეჭირა. შენობის წინ მოეწყო დიდი აუზი მშვენიერი შადრევნით. ქარვასლის შუაგული ეჭირა საკუთრივ დარბაზსა და სცენას. დარბაზი 700 მაყურებელს იტევდა: 180 ადგილი პარტერში, 22 ლოჟა პირველ იარუსზე, 25 - მეორეზე, 250 ადგილი - ქანდარაზე.
თეატრი მხატვრულად გააფორმა გრიგოლ გაგარინმა (გრიგოლ გაგარინი - ფერმწერი, არქიტექტორი, მკვლევარი. 1841-1864 წლები სამხედრო სამსახურში გაატარა. მონაწილეობდა კავკასიის ომებში. 1848-1854 წწ. ცხოვრობდა თბილისში. მისი ესკიზებით მოიხატა სიონის ეკლესია, ქარვასლის საოპერო თეატრი და ფარდა. მხატვრულად გააფორმა გიორგი ერისთავის პიესები: "გაყრა", "დავა". გამოსცა ორი ალბომი: "თვალწარმტაცი კავკასია", "კავკასიური კოსტუმები").
ეს გაფორმება მიაგავდა "აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს. მკვდარი კალამი უძლურია გამოხატოს ახალი დარბაზის სიკეკლუცე და სიმშვენიერე", - აღნიშნავდა თეატრის დირექტორი, მწერალი ვ. სოლოგუბი. გრაფი სოლოგუბი 1851 წელს იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ბრძანებით მეფისნაცვლის განკარგულებაში მოავლინეს. ამ უკანასკნელმა იგი ახალი თეატრის დირექტორად დანიშნა.
აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის ცნობით, ქარვასლის თეატრი პირველი საგანგებო სათეატრო ნაგებობა იყო საქართველოში - "ფეოდალური საქართველოს არქიტექტურას არ შეუქმნია თეატრის შენობა".
როგორც თვითმხილველთა შეფასებიდან ირკვევა, ქარვასლის თეატრი ტოლს არ უდებდა ევროპის ცნობილ თეატრებს. ამის დასტურად, ალბათ, ალექსანდრე დიუმას (მამა) სიტყვებიც იკმარებდა: "ეს დარბაზი ფერიათა სასახლეს ჰგავს სიმდიდრითა და გემოვნებით... მე უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელია იმ სათეატრო დარბაზთა შორის, რომელიც მე მინახავს".
პარიზის ცნობილ ჟურნალ "ილუსტრასიონ"-ში 1851 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა ედმონდ დე ბარიერის სტატია ორი ფოტოსურათით, რომლებზეც თეატრის გახსნა იყო აღბეჭდილი. ავტორი წერს: ,,ეს თეატრი უდაოდ და უეჭველად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ, ყველაზე უფრო წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რაც კი შეუძლია წარმოიდგინოს ადამიანმა. იგი ღირსია აღტაცებისა და მიბაძვისა დასავლეთში".
კიდევ ერთი შთაბეჭდილებიდან: "შენ იცი, რომ მე მინახავს ყველა სცენა ევროპის მთავარი ქალაქების თეატრებში... მაგრამ არსად არ მინახავს ისეთი საამური, ცინცხალი, არქიტექტურულად კოხტა და მოხდენილი თეატრი, რაზედაც ადგილობრივ კოლორიტს ეპოვოს თავისი გამოხატულება უფრო მკაფიოდ, კეთილშობილურად და ბრწყინვალედ, ვიდრე თბილისის თეატრზე ჰპოვა. ეს შესანიშნავი, მხატვრული პირმშოა. ეს არის მავრიტანული გემოვნების შედარება აზიაში ჯერ არნახული თეატრის შენობისადმი, აღმოსავლური არქიტექტურის მთელი წარმტაცობისა და მისი ნაირფერი სამკაულების მთელი სიმდიდრის გადმოცემით. როგორი ბედნიერი შეთავსებაა - თეატრი შიგნითაა, გარშემო კი - ოთხსართულიანი ქარვასლა. აქვეა სასტუმროც, მჩქეფარე შადრევანი, რომელიც ქვედა სართულში სცემს და ვეებერთელა თასს ცივი წყლით ავსებს. როდესაც აქ საოპერო საქმეს საძირკველს უყრიდნენ, ბოროტი ხმები გაისმოდა, ეჭვობდნენ, ოპერას 10-15 მაყურებელზე მეტი არ დაესწრებოდა (ახლა ბილეთებს წინასწარ იტაცებენ)..." (გაზეთი "კავკაზი", 1852, ¹12).
1851 წლის 10 აპრილს თეატრი საზეიმოდ გაიხსნა გრანდიოზული ბალ-მასკარადით. მოეწყო ლატარია წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ. "თეატრი გაიხსნა მასკარადით და არა დრამატული სპექტაკლით, რადგან აქამდე ჯერ კიდევ ვერ შევარჩიეთ ისეთი წარმოდგენები, რომლებიც შეესაბამება თეატრის სიმშვენიერესა და მის ზნეობრივ მიზანს", - წერდა გრაფი სოლოგუბი.
1851 წლის 9 ნოემბერს "პირველად აიწია ოპერის ფარდა". იტალიურმა დასმა წარმოადგინა დონიცეტის ოპერა "ლუჩია დი ლამერმური".
საოპერო სპექტაკლები სააბონემენტო სისტემით დაიწყო: ოპერისთვის ორი აბონემენტი გამოუშვეს - თითოეული 12 სპექტაკლზე. ერთი აბონემენტის სპექტაკლები პარასკეობით იმართებოდა, მეორესი - სამშაბათობით. ზედა რიგის ლოჟები 50 მანეთი ღირდა, ქვედა რიგისა - 40, პარტერის პირველი სამი რიგი - 15, ხოლო მე-4 რიგიდან დაწყებული - 10. ქანდარა 30 კაპიკი ღირდა. ფასები ისე იყო განაწილებული, რომ მდიდრებთან ერთად, ღარიბებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, სპექტაკლს დასწრებოდნენ. ქანდარა, თურმე, ყოველთვის გადაჭედილი იყო უბრალო ხალხით.
1851-1852 წლების სეზონში დაიდგა ბელინის ოპერა "ნორმა", რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პეტერბურგის თეატრებით განებივრებული მაღალჩინოსნები ქება-დიდებას არ იშურებდნენ და სატახტო ქალაქში მეგობრებს ატყობინებდნენ: "მე მომისმენია პეტერბურგში, პარიზში, მიუნხენში, დრეზდენში, ბერლინში, იტალიის თეატრებში, ოდესაში და ბოლოს თბილისში... მათი შესრულების დონე არაფრით არ აღემატება აქაურს..."
ბილეთს წინასწარ იტაცებდნენ. "ნორმას" ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია მაიკო ორბელიანზე, რომ გულიც კი წასვლია. თბილისელი ქალები ბელინის მზეს იფიცებდნენ.
ქარვასლის თეატრი ყოველთვის სავსე იყო მაყურებლით. ამ დროის თბილისი კავკასიის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენს დედაქალაქში უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა. ვის არ ნახავდით აქ - ალექსანდრე დიუმასა (მამა) თუ ლევ ტოლსტოის, ჰაჯი-მურატსა თუ ირანის პრინც ბექმენ მირზას. მაყურებელთა განცვიფრებასა და განსაკუთრებულ ყურადღებას ჰაჯი-მურატი იწვევდა.

ჰაჯი-მურატი და ოპერის თეატრი?!
მოკლე არალირიკული გადახვევა:
ჰაჯი-მურატი - ვაჟკაცობით განთქმული პიროვნება, დაღესტნისა და ჩეჩნეთის გამათავისუფლებელი ბრძოლების გმირი, ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველი, შამილის საყვარელი ნაიბი, რომელიც მასთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და მრავალ საბრძოლო წარმატებას მიაღწია... თანამოაზრეების გათიშვის მიზნით მათ შორის მტრობა ჩამოაგდეს. შამილმა ჰაჯი-მურატს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მას კავკასიის მთებში აღარ დაედგომებოდა, ამიტომ 1851 წელს იგი რუსების მხარეზე გადავიდა. მოწყენილი და ნაღვლიანი ჰაჯი-მურატი მეფისნაცვალს "გასართობად" ოპერაში დაჰყავდა ადიუტანტ ლორის-მელიქოვის თანხლებით. მისი სევდის მიზეზი ადვილი მისახვედრი იყო. იქ, დაღესტნის მთებში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა... აკი ვერც შეეგუა თავის ბედს "შემორიგებული" ჰაჯი-მურატი და მთებში გაიქცა. გაქცევის დროს შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. მის მოკვეთილ თავს ჯერ ჯარის ნაწილებში დაატარებდნენ, რათა ეჩვენებინათ, როგორ სჯიან "ურჩებს", ხოლო 1852 წლის 30 აპრილს თბილისში ჩამოიტანეს და მ. ვორონცოვის ბრძანებით "ჰოსპიტალში" მოათავსეს, როგორც სამუზეუმო ექსპონატი.

მოკლედ, ერევნის მოედანი თავისი საოპერო თეატრით ახალი ცხოვრების ცენტრად გადაიქცა. ყველა ოპერისაკენ მიიჩქაროდა. "ოპერით დასნეულდა" დიდი თუ პატარა, მისი გახსნის დღიდან ხალხის სასაუბრო თემა შეიცვალა. მისალმების შემდეგ ახლა ჯანმრთელობას კი არ მოიკითხავდნენ, არამედ იმას, ბილეთი თუ ჰქონდა ოპერაში.
"ცისკრის" "სალაყბო ფურცელში" მ. თუმანიშვილი (იგივე "მოლაყბე") იუმორით წერდა: "აქეთ-იქით ისმოდა მხოლოდ სახელები: როსინისა, ბელინისა, დონიცეტისა, ვერდისა, ვაგნერისა... აღარ ვიცოდი, რა მექნა და მეგონა, რომ ვიყავ არა გორგასალის ქალაქში, არამედ მილანში ან ვენეტიკაში. შემხვდა ერთი ყმაწვილი ქალი, რომელიც მიდიოდა და იძახდა: "თქვენის ბელინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამადგათ". ახლო ქუჩიდან ჩამორბოდა ერთი იმერელი მუშა და დასძახოდა: "ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ზევით, ფიგარო ქვევით" - ასე სულ გადარეულან, ყველას მოსდებია ოპერის რაღაც სნეულება. პატარა ბიჭების კივილმა "ლა დონა მობილეს" ხმაზე ხომ ილაჯი წაიღო".
ამ დროის თბილისი ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად გარეგნულადაც იცვლიდა იერსახეს.
"...აბა, შეხედეთ ტროტუარზე, როდესაც კარგი დარია, სულ ერთმანეთზე განათლებული მანდილოსნები გამოეფინებიან ხოლმე. რომ ნახოთ, იტყვით, ეს პარიჟის კეკლუცები აქ ვინ მოაგროვაო. შლაპითგან დაწყებული მაღალქუსლიან პოლსაპოჟკებამდის სულ პარიჟის წესზედ არიან აკენწლულნი, სიარული ხომ პარიჟული აქვთ და პარიჟული. ზოგნი ფრანცუზულს კილოზედაც ლაპარაკობენ და რადგან სამშობლო ენაზედ ლაპარაკი გაუნათლებლობის ნიშანია, ამისათვის, მერწმუნეთ, ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ" ("დროება", 1870, ¹12).
ოპერის სეზონის დამთავრების შემდეგ თბილისელებმა მოიწყინეს. იმდროინდელი პრესა აღნიშნავდა: "თეატრი დაიკეტა, დამთავრდა ზამთრის სეზონი, გაჰქრა ყველიერიც. ჩვენ მარტოოდენ მოგონება შემოგვრჩა ხელში რუსული, იტალიური და ქართული წარმოდგენების... ოპერა თბილისელებისათვის არ ყოფილა წარმავალი, შემთხვევითი ნეტარება, რაც განიცადეს და დაივიწყეს. არა, თბილისს სურს მუდმივი ოპერა და ალბათ ექნება კიდეც იგი!" ("კავკაზი", ¹363, 1852).
თბილისის თეატრში სეზონი თებერვლის დამლევს ან მარტის შუა რიცხვებში იხურებოდა, დიდი მარხვის წინ. მეფისნაცვლის დროინდელი თეატრის მესვეურნი "წამყვანი მსახიობების დათხოვნას ერიდებოდნენ". სიცხეში წარმოდგენები არ იმართებოდა. სეზონის გახსნამდე, სექტემბრამდე, უმოქმედოდ დარჩენილი დასის შენახვა 5 თვის მანძილზე 27 ათასი მანეთი ჯდებოდა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში თეატრს ეძლეოდა მთავრობის ყოველწლიური დოტაცია 31080 მანეთი, ხოლო ქალაქის თვითმმართველობისაგან 6000 მანეთი... იმის მიუხედავად, რომ თეატრი ყოველ სეზონში ზარალს განიცდიდა. ზარალის ასანაზღაურებლად თეატრის ხელმძღვანელობამ ზაფხულობით საღამო-კონცერტების გამართვა გადაწყვიტა. 1870 წელს ააშენეს საზაფხულო თეატრი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, "საინჟინრო უწყების" ბაღში.
მოგვიანებით, "თბილისის თეატრის" დაწვის შემდეგ, საზაფხულო თეატრი "საზამთროდ მოაწყვეს"...
დროებით თავშეფარებული თეატრი ამ შენობაში 22 წელი იმყოფებოდა "მუდმივი ოპერის" აშენებამდე. 1896 წელს გაიხსნა "თბილისის სახაზინო ოპერა", დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.
თბილისის საოცრება, ჩვენი დედაქალაქის მშვენება და სიამაყე, "თბილისის თეატრი" 1874 წლის 11 ოქტომბერს დაიწვა "მეტად საეჭვო ვითარებაში".

ხანძარი
1874 წლის 11 ოქტომბერს, ერევნის მოედანზე დიდი ჩოჩქოლი ატყდა. იმ დღეს თეატრში თბილისელების საყვარელი სპექტაკლი "ნორმა" უნდა ეჩვენებინათ. სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე თეატრს ხანძარი გაუჩნდა მეტად საეჭვო ვითარებაში. როგორც იმდროინდელი პრესა იუწყება: "არტისტები გამოსასვლელად ემზადებოდნენ, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი, პირველი ალი ამოვარდა ყაზაროვის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა. მთავრობის განკარგულებით, არასოდეს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ" ("ტიფლისკი ვესტნიკი", ¹100, 1874).
როგორც გამოძიებამ დაამტკიცა, "ქარვასლის ვაჭრებს მაინცა და მაინც არ ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა! თურმე, გაკოტრების მიზნით, ვინმე ყაზაროვს (იგივე ლაზარევს) თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია"...
"გამოძიებამ აღმოაჩინა, ცეცხლი თამაშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია; ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე" ("დროება", ¹450, 1874).
სასამართლომ ლაზარევს განაჩენი გამოუტანა და მიუსაჯა 9 წელი კატორღაში მუშაობა, შემდეგ კი სამუდამოდ ციმბირში გადასახლება.
მართალია, მეხანძრეები მაშინვე გამოჩნდნენ, მაგრამ შესაფერისი ხელსაწყოები არ აღმოაჩნდათ. ერევნის მოედნის აუზშიც, რომელიც ყოველთვის სავსე იყო, წვეთი წყალი არ აღმოჩნდა, "რადგან იგი თამაშევის ჯიბიდან მორაკრაკებდა". პოლიციამ მთელი თბილისის თულუხჩები მორეკა, რომლებიც 16 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ეზიდებოდნენ მტკვრიდან წყალს, მაგრამ ამოდ. რამდენიმე საათში ცეცხლმა შთანთქა "გაგარინისა და სკუდიერის წარმტაცი ქმნილება", თეატრი მთლიანად განადგურდა: ავეჯი, უძვირფასესი დეკორაციები და ტანსაცმელი, მდიდარი ბიბლიოთეკა. დაიღუპა არქივიც, რომელიც მრავალ საინტერესო ცნობას ინახავდა "თბილისის თეატრის" შესახებ.
ხალხი მწუხარებით შესცქეროდა, "როგორ ადიოდა ალი ვარსკვლავებამდე", როგორ იწვოდა მათი საყვარელი თეატრი, რომელიც 23 წლის განმავლობაში ატკბობდა თბილისელების სულსა და გულს... ცეცხლით განათებული თამაშევი კი თურმე "მეფისტოფელივით ხელგადაჭდობილი, შხამიანი ირონიით იღიმებოდა".
მთავრობას უნდოდა თეატრის აღდგენა. კომისიაც გამოიყო, მაგრამ თამაშევმა კატეგორიული უარი განაცხადა: ქარვასლაში თეატრს აღარ ავაგებთო! მაშინ ერევნის მოედანზე უფასოდ მიცემული ნაკვეთის საფასური მოსთხოვეს. სიამოვნებით გადაიხადა 150 000 მანეთი. სამაგიეროდ შენობის დაზღვევის თანხა გაცილებით მეტი აიღო, თეატრი თავიდან მოიცილა, ქალაქის ცენტრში დიდი ნაკვეთის მეპატრონე გახდა და თავისი ქარვასლა ისევ გააჩაღა (ქარვასლა არსებობდა XX ს-ის 30-იან წლებამდე, ის უკვე ლავრენტი ბერიას სახელობის მოედნის რეკონსტრუქციის დროს დაანგრიეს).
გავიდა ხანი, ერთმანეთს მიჰყვა თაობები და თბილისის სიამაყე, "თბილისის თეატრი"... ყველას დაავიწყდა.

მზია ქუცნიაშვილი
მარინა ვაშაყმაძე