ჩვენ გვინდა მივცეთ ქალაქებს ფერი...

,,ჩვენ" - ესენი არიან ნინო ლიპარტელიანი და მაკა ტაბატაძე.
ერთი არქიტექტორია, მეორე კი თეატრისა და კინოს მხატვარი. უფრო სწორად, იყვნენ, თორემ ახლა, ამ განათლებაზე დაყრდნობით, მათ სულ სხვა საქმისათვის მიუყვიათ ხელი. ეს საქმე ძალიან თანამედროვეა და ძალიან მნიშვნელოვანი. ეს საქმე ის არის, რაც ჩვენთვის ჯერ მაინც უჩვეულო და ძნელია, მაგრამ რაც გვიშველის და გადაგვარჩენს. ეს არის ბიზნესი.
აი, ისეთი ბიზნესი, როცა ორი თბილისელი გოგო უცებ გადაწყვეტს, რომ მეგობრებში უაზროდ ჯდომას და წუწუნს ჯობია, საკუთარი ,,საქმე" დაიწყო. რა საქმე? რაიმე ლამაზი და სასიამოვნო. მაგალითად, მოდური ტანსაცმლის კერვა.

ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ეს ამბავი კი ერთი წლის წინათ დაიწყო...

- მე და მაკას ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე მოგვივიდა ეს იდეა. სახლებიდან მოვათრიეთ საკერავი მანქანები და კერვა დავიწყეთ.
პავლოვზე ბინა ვიქირავეთ, რომელიც ორ თვეში აივსო ნაჭრებით, ძაფებითა და ათასი რამით. უბრალოდ, გასავლელი ადგილი აღარ იყო. თავიდან მხოლოდ მეგობრებისათვის ვკერავდით.
- ძვირს ახდევინებდით?
- არა.
- აბა, საჩუქრად უკეთებდით?
- არა, რაღაც საფასურს ვადებდით, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ისინი უფრო გვიკეთებდნენ საჩუქარს. მერე მეგობრებმა მეგობრები მოიყვანეს და მივხვდით, რომ დროა გავფართოვდეთ. აქ გადმოვედით. ეს ადგილიც ჩვენმა მეგობარმა გვაპოვნინა. ვერც წარმოვიდგენდით, შუა რუსთაველზე თუ ვიშოვიდით თავშესაფარს (რუსთაველის 32). გვინდა, ბოლოს და ბოლოს, სალონის სახე მივცეთ. ახალი საკერავი მანქანებიც გვაჩუქა ერთმა კარგმა ადამიანმა. ძაფები, ნაჭრები, აქსესუარები და ყველაფერი - აქ გადმოვზიდეთ.
ჩვენი ძირითადი სპონსორებიც ჩვენი მეგობრები არიან. თავიდანვე ყველას ვუყვარდით და ყველაფერს გვპატიობდნენ. ამბობდნენ, დედა, რა ნიჭიერი გოგოები არიან, მაგრამ მკერავი არ უვარგათო. ჩვენ მიმართ ლმობიერები იყვნენ, რადგან შესრულების დონე სასაცილო იყო... მოდელს ნახაზზე კარგს ვაკეთებდით, მაგრამ შემდეგ, ტანზე მორგებისას, რაღაცეები იცვლებოდა.
მოკლედ, მკერავი არა გვყავდა, ვისხედით მე და მაკა და ვტიროდით - რა გვეშველება, რა უნდა ვქნათ-თქო. მოვიდა ჩვენი მეგობარი ქსიუშა, გვითხრა - კარგი, მე მგონი, გიშველითო და წაგვიყვანა ციური დეიდასთან სახლში. ახლა ციური დეიდა გვყავს და...
რომ გადმოვედით - ეს გაზაფხულზე იყო - სწორედ ახალ კოლექციას ვიწყებდით. ივნისიდან ჩვენი პროდიუსერი გვყავს - მარიკა ჟღენტი, რომელმაც გვითხრა - ხართ მანდ სადღაც ჩუმად ჩამსხდრები და არავინ იცის თქვენ შესახებო... გამოდით და გავაგებინოთ ხალხს თქვენი არსებობაო. მოკლედ, თვითონ ააგორა იდეაც და მერე თანხის მოპოვებაშიც თვითონ დაგვეხმარა. მარიკა "იმედი L"-ის მენეჯერია, ჩვენთან, ასე ვთქვათ, შეთავსებით მუშაობს და პირველი სპონსორობაც სწორედ მისმა ორგანიზაციამ, "იმედი L"-მა გაგვიწია.
გამოფენა კომერციული იქნება, ანუ ეს კოლექცია გასაყიდად კეთდება. მოდელები უფრო პრაქტიკული უნდა იყოს, იოლად მოსახმარი. ეს იქნება ტანსაცმელი, რომელიც არა მარტო პოდიუმზე, ცხოვრებაშიც უნდა ჩაიცვა. მოკლედ, შევეცადეთ, რომ ლამაზიც ყოფილიყო და გემრიელად მოსახმარიც. ჩვენებაზეც ჩვენი მეგობარი გოგოები წარმოადგენენ ნამუშევრებს - თოფ მოდელებს, ჯერ ალბათ ვერ მოვიწვევთ.

რეკლამა მართლა გვჭირდება, არც "ლაით ბოქსი" გვაქვს, არც არაფერი. თუმცა მუშაობით სულ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით.
როგორ გვაგნებენ? ერთმანეთი მოჰყავთ. ნამუშევარს მოაქვს სამუშაო. რაც უფრო კარგი გამოგვივა შეკვეთა და რაც უფრო კმაყოფილები ვართ, მით უფრო მეტი შეკვეთა მოდის.
ასეა თუ ისე, თავს ვინახავთ.
შოუს გაკეთება გვინდა, სიამოვნებით შევქმნიდით მხიარულ კოლექციას საახალწლო შოუსათვის. ახლაც ვაკეთებთ საახალწლო კოსტიუმებს, მაგრამ ეს მხოლოდ მსურველთა შეკვეთით ხდება.

ინფორმაციას საიდან ვიღებთ? რა ვიცი, ჟურნალები, FASHION TV... ისე, მთავარი მაინც ინტუიციაა და ტენდენციების გრძნობა. მომხდარა ისეც, რომ რაღაც გაგვიკეთებია და მერე ჟურნალში გვინახავს. ლონდონიდან რომ ჩამოვა ადამიანი ან პარიზიდან, უნდა მოაყოლო, რა ხდება, აბა რა უნდა ქნა...
თურმე, ყველა ქალაქს თავისი ფერი აქვს...
თბილისს? თბილისური ფერი შავია, - ეს ყველამ იცის. სხვა რომ არაფერი იყოს, ელემენტარულად შავი გაცვია იმიტომ, რომ არ დაგესვაროს. აი, ამ პალტოთი, მაგალითად (ღია მწვანე პალტოზე მიუთითებს), ყოველდღე ქალაქში, ალბათ, ნამდვილად
ვერ ივლი.

მაკა: დედა მიკერავდა და მაშინ, სხვათა შორის, გაცილებით უკეთესად მეცვა. მერე მეც ვცდილობდი, რომ ჩემთვის რაღაცეები შემეკერა. ნინოც კერავდა. ერთმანეთს ვუკერავდით. რაც თავი მახსოვს, ნაყიდი ტანსაცმელი არ მცმია. შეკერილი მერჩია, იმიტომ, რომ ორიგინალური იყო და გამორჩეული; ჩვენთანაც ალბათ ამისთვის მოდიან.

ნინო: მე თვითონ სერიოზულად არაფერი შემიკერავს. ჩემთვის კი ვკერავდი, უფრო სწორად ვერთობოდი, მაგრამ... ახლა სხვა დატვირთვა გვაქვს, ჩვენ ვხატავთ და ციური დეიდა კერავს.

- ქსოვილებსაც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. უბრალო ნაჭრებს ვყიდულობთ, მერე ვღებავთ, მოვხატავთ და სულ სხვაგვარ სახეს ვაძლევთ, აბსოლუტურად შეცვლილია ფაქტურა.
- ამას ყველაფერს ხომ ცოდნა უნდა, მაგალითად იმას, რომ შეღებილი მერე წვიმით არ ჩამოირეცხოს.
- ჰო, რა თქმა უნდა, ყველაფერი საფუძვლიანად უნდა ისწავლო...
- უმეტესად ქსოვილებსაც ჩვენ თვითონვე ვქსოვთ. ალბათ ამიტომ არის, რომ ჩვენი ნახელავი ასე ძვირფასია ჩვენთვის. მთლიანად შენი გაკეთებული რაცაა, უფრო ძალიან გიყვარს. მოქარგული ქსოვილებიც ჩვენი გაკეთებულია. ქარგვაც ციური დეიდამ გვასწავლა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ციური დეიდა შეგვხვდა. ყველაფერთან ერთად, კარგი პედაგოგია. სინამდვილეში ყველაფერს კეთების პროცესში სწავლობ, აი, მაკრატლის ხმა რომ გესმის, მაშინ.

,,ციური დეიდა" - ეს არის ციური ჩოხელი. მხატვარი, კონსტრუქტორი და არაჩვეულებრივი ადამიანი.

ციური ჩოხელი: გოგოები რომ მოვიდნენ ჩემთან, რაღაცნაირად მაშინვე განვეწყე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა. როცა მოდიან და დახმარებას მთხოვენ, სიამოვნებით ვაკეთებ ამას. ჩვენებისათვის მზადება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა და მე მიყვარს ახალგაზრდა მოდელიერებთან მუშაობა.
დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი ნინო ჩუბინიშვილთან, ძალიან ნიჭიერ ხელოვანთან და არაჩვეულებრივ ადამიანთან.
ახლა აქ დავმკვიდრდი და ძალიან კმაყოფილი ვარ შემოქმედებითადაც და ადამიანურადაც. შეთანხმებულად ვმუშაობთ, გოგოებს მოაქვთ ესკიზი და მერე მე ამის მიხედვით ნახაზს ვაგებ. მერე კი ვურჩევ ქსოვილს, ვარჩევთ თითოეულ ხაზს.

მაკა: მამაკაცებისათვის კერვა ბევრად უფრო რთულია. ისინი სულ სხვა რამეებს აქცევენ ყურადღებას. ერთხელ ერთი ახალგაზრდა კაცის კოსტიუმს ვაკეთებდით, მან კი მთელი სალონი მოიარა ასანთითა და ძაფით, ყველას ეკითხებოდა, ნამდვილად შალია ეს ქსოვილი თუ არაო. მამაკაცები ხარისხს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ქალებს უფრო ვიზუალური მხარე აინტერესებთ, უნდა შეხედონ და მოეწონოთ. არასოდეს კითხულობენ, აკრილია ეს თუ კაპრონიო.

- თქვენ თვითონ რას იცვამთ?
- რა ვიცი, ყველაფერი რაც აქ არის, მინდა, რომ ჩავიცვა, მაგრამ...
- მაგრამ მაინც, სულ სხვანაირად გაცვიათ.
- ჰო, ეს საინტერესოა, რაღაცა ხდება. მეც სულ ვფიქრობ ხოლმე, რატომ მოგვივიდა ეს. არ ვიცი, შეიძლება იღლები ამ ყველაფრისგან...
მე, მაგალითად, შენიშვნებს ვიღებ ჩემი ახლობლებისაგან, იმიტომ, რომ სულ რაღაცას ვიკოწიწებდი. სულ რაღაცას ვეძებდი...
- ახლა?
- ახლა, რასაც ვეძებდი, აქ კიდია.
თანაც, იმდენი საქმე გვაქვს - დილით გადაიცვამ რაღაცას, მორბიხარ აქ და მუშაობ; მაგრამ ერთი კია, როცა ჩვენ გვაცვია ჩვენივე შეკერილი, რაღაცნაირად, სტუმრებსაც ის უფრო მოსწონთ, ვიდრე საკიდზე დაკიდებული.

- როგორც გითხარით, რაღაც ხდება... ერთი ჩვენი კოლეგა მოსკოვში მიდიოდა იუდაშკინის მიწვევით. ოცი კოსტიუმი მიჰქონდა ჩვენებაზე, თვითონ მაინც ვერაფერი მოირგო და მეგობრებს დაურეკა, ტანსაცმელი არა მაქვს, რაღაცა მიშველეთო. ყველამ მიუტანა, ვისაც რა ჰქონდა გამორჩეული, ის კი ისევ ჯინსითა და რაღაც ,,საროჩკით" წავიდა. იუდაშკინი აეროპორტში ხვდებოდა მიწვეულ სტუმრებს, ბევრი მოდელიერი ჩადიოდა მთელი კავკასიიდან. ტრაპზე, რომ დაუნახავს თურმე ეს ჩვენი მეგობარი, უთქვამს - "გîò íჭñòîÿùჭÿ êóòþðüå ïðèåõჭëჭ". აი, ეს არის.

ჩვენ ვსაუბრობთ, მეგობარი გოგონები კი ჩვენთვის საჩვენებლად, ნინოსა და მაკას ახალი კოლექციიდან ირგებენ კაბებს. ჩვენც ვებმებით ამ სასიამოვნო საქმეში და ეშხში შესულები, იდეების ფრქვევასაც კი ვიწყებთ. გადამდებია შემოქმედება, ახლის შექმნისა და გაკეთების, გემოვნების მოსინჯვისა და გაუთავებელი ძიების მომხიბლავი და განუმეორებელი პროცესი.
ციური დეიდა თავის მაუდგადაკრულ მაგიდასთან დგას. შორიდან გვიყურებს, თარგს აგებს და კეთილად იღიმება.

მამუკა დევიძე