"სათავეებთან"

წ ი ნ ა თ ქ მ ა

იბეჭდება პირველად
თითქმის ოცი წლის წინათ, გურამ ასათიანმა გამოაქვეყნა თავისი უკანასკნელი წიგნი --"სათავეებთან" (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად). მეოცე წელიწადია გურამ ასათიანი აღარ არის. ამ წიგნს კი დღესაც არ მოჰკლებია ქართველი მკითხველის ინტერესი. გურამ ასათიანი გამოკვეთილად აყალიბებს, რომ: "სულისა და მატერიის ურთიერთლტოლვა, მათი შეთანხმება და შერწყმა ფუნდამენტური თვისებაა ქართველი ხალხის ესთეტიკური ბუნებისა" , ხოლო "სულიერი და ნივთიერი ქართულ პარნასზე ერთმანეთს კი არ ანელებენ, კი არ ნთქავენ, ისინი "უკიდურესი" სახით მონაწილეობენ ამ კავშირში და სწორედ ამის გამო ქმნიან იშვიათ მთლიანობას". ძირითადად იგი ვაჟა-ფშაველას ეთანხმება და აღიარებს, რომ "ფშავურ პოეზიაში შეერთებულია უკიდურესი რეალიზმი უკიდურეს იდეალიზმთან". ავტორმა წიგნს წინათქმა წარუმძღვარა, რომლის გამოქვეყნება იმ ჟამს მიზანშეწონილად არ მიიჩნია. დღეს გვინდა, ეს წინათქმა მკითხველს გავაცნოთ...

მანანა ქიქოძე

ჩემო მეგობარო, თანამემამულევ!
მინდა, მიგიწვიო იმ დიდი თაღის ქვეშ, მინდა, შეგიძღვე შენთვის და ჩემთვისაც იმ თითქოს ნაცნობ სამოსახლოში, სადაც გაკვირვებით გველოდებიან.
უკვირთ: როგორ იოლად, გაუკვირვებლად გავივლით ხოლმე აქაურობას, თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს, თითქოს ეს ხეივანი თავისით წამოიზარდა - იყო, არის, იქნება - და შენც - მიდი, გაიარე, სეირნ-სეირნობით, დაუფიქრებლად, დაუყოვნებლად...
იცი, რად ღირდა, რა ფასად დაჯდა ამისი არსებობის შენარჩუნება?
იცი, რა მიწაა ეს მიწა?
იცი, შენ რომ ასე დადიხარ, აი, ასე რომ დაატარებ შენს ტანს, - ასე მიიხრ-მოიხრები, - არავის მსგავსად, უცნაურად, როგორღაც, შენებურად - რა ძნელი იყო, რომ სხვას არ დამსგავსებოდი! - იცი, ვისი მადლია ეს?
მოდი ჩავუფიქრდეთ:
იქნებ ჯობს, რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ ჩვენეული რონინი, ფეხი შევუწყოთ სხვათა ნაბიჯს, არ გამოვირჩეთ, არ განვცალკევდეთ - აბა, ჰე!
რასაკვირველია, არ მეთანხმები. ჩემი პასუხიც ასეთი გგონია.
მაგრამ მოდი, ჯერ ავწონ-დავწონოთ, მიმოვიხედოთ, რამდენადაც შეგვიძლია, ჩავუღრმავდეთ.
ღირდა თუ არა?
ღირდა თუ არა, რომ ჩვენ მაინცდამაინც ასეთნი ვყოფილიყავით, - ამდენი ეშრომა, ამდენი ეზრუნა, ამდენი ეფუსფუსა ამ მზეს, ამ ჰაერს, ამ არილს, ამ ცისარტყელებს, ამ ცის მანანას, ამ ნეშოს, ამ თქეშს, რომ ასეთი იერი, ასეთი გამომეტყველება მოეცა ჩვენთვის?
ღირს თუ არა, ბოძებულის შენარჩუნება?
და თუ ღირს, სახელდობრ რისი, რის გამო, რა მიზნით, რისი მეოხებით.
თუ არ ვცდები, დიდრო ამბობდა: მერცხლებს ჰგონიათ, ტრიუმფალური თაღი მათთვის ააგესო.
მართლა ჩვენ გვეკუთვნის ეს ლაჟვარდოვანი გუმბათი, ამდენი ხანია, თავს რომ გვევლება? მართლა ჩვენი უძირო სულის ანარეკლია, მისი იდუმალი სიღრმე, თუ აქ შემთხვევით შემოვიარეთ, დროებითი მდგმურები ვართ ამ ჭერქვეშ და ხვალ ისევ გუდა-ნაბადი უნდა ავიკრათ, უკვალოდ უნდა გადავშენდეთ, რომ ჩვენს ნადგომზე სხვამ ისადგუროს?
პასუხისათვის ნუ ავჩქარდებით: მოდი, ერთად დავუფიქრდეთ. მშვიდად, მიუკერძოებლად, რამდენადაც ამის უფლებას ჩვენი ბუნება და ჩვენივე საბედისწეროდ აჩქარებული დრო გვაძლევს.

გურამ ასათიანი