მოქმედი გმირნი და შემსრულებელი
"არც მგლის მოდგმის ვარ, რომ საჭმლის შოვნისთვის ვიცხოვრო მხოლოდ და არც კურო ხარი, რომ ბალახი და ძროხები მჭირდებოდეს მარტო. ერის შვილი ვარ მე. ფიქრი მჭირია და საზრუნავი. არ შემიძლია მკლავებდაკრეფილი ვიდგე და მშვიდად ვუყურო ჩემს ქვეყანას!.."

"დათა თუთაშხია"

1954 წელს მარჯანიშვილის თეატრში ჰიქმენთის "ლეგენდა სიყვარულზე" დაიდგა. ოთარ მეღვინეთუხუცესი ეპიზოდურ როლს თამაშობდა: ხელში აყვანილი ქალით კულისებიდან გამოდიოდა და რეპლიკით - "წყალი, წყალი" - სცენას კვეთდა. ერთ დღეს სპექტაკლის წამყვანმა ირაკლი გრატიაშვილმა ახალგაზრდა მსახიობი გვერდზე გაიხმო და უთხრა: "იცი, რა დღეა ეს დღე შენთვის? შენს სანახავად ვერიკო ანჯაფარიძე მოვიდა და კულისებიდან გიცქერდა!.. "
ქალბატონმა ვერიკომ ერთი ნახვით განჭვრიტა დამწყები მსახიობის მომავალი. მოგვიანებით კერძო საუბარში ესეც უთქვამს: გული მწყდება, ეს ყმაწვილი ჩემზე ასე გვიან რომ დაიბადაო!..

წელს, იანვარში, ბატონ ოთარს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა!

1918 წელს აწყურელი ვახტანგ მეღვინეთუხუცესი და ხორხელელი ელენე მეღვინეთუხუცესი შეუღლდნენ.
ორივე სოფელი კახეთშია, მაგრამ ხორხელელი მეღვინეთუხუცესების შტო, თურმე, ქართლიდან მოდის.
ოთხი ვაჟის დაღუპვის შემდეგ, ელენეს მამას, ქალების ანაბარად დარჩენილს, რაღა სხვა გვარი გავამრავლოო და 14 წლის გოგო აწყურელი ვახტანგ მეღვინეთუხუ- ცესისთვის მიუთხოვებია.
აწყურელი მეღვინეთუხუცესები შეძლებული, უამრავი ცხვარ-ძროხისა და ადგილ-მამულის პატრონები ყოფილან. ერთხელ, გაჭირვებაში ჩავარდნილი ნათესავის დასახმარებლად, ბატონი ოთარის პაპას ათასი სული მსხვილფეხა საქონელი გაუყიდია.
მაგრამ, დრონი მეფობენო, უთქვამთ...
ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ახლო ნათესაობის გამო (ქაქუცას მეღვინეთუხუცესის ქალი ჰყავდა ცოლად, შაქროს კი - ვახტანგის ძმას - ჩოლოყაშვილის და), ძმები, ვახტანგ და შაქრო მეღვინეთუხუცესები, დევნასა და შევიწროვებას გაქცევიან, დედაბუდიანად აყრილან და კახეთიდან იმერეთში გახიზნულან.
ოცდაათიანი წლების დასაწყისში ვახტანგის ოჯახი თბილისში დასახლებულა...
ბატონი ოთარი, 1932 წლის 16 იანვარს, თბილისში, მაშინდელ კავშირის (დღევანდელ თაყაიშვილის) ქუჩაზე დაიბადა. ხუთსულიანი ოჯახი ერთ პატარა, 9კვ/მ ოთახში სახლობდა და ამიტომაც ჩვილის საწოლად ჰამაკი აურჩევიათ. შემდეგ, როცა ცოტა წამოიზარდა და ჰამაკში ვეღარ ეტეოდა, იატაკზე გადაინაცვლა.
პურ-მარილიან ოჯახში გვიანი სტუმრის მოსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო და მამაც, თურმე, სიყვარულით ეტყოდა, აბა, ჩაიწი, შვილო, ჩაიწიო. პატარა ოთარიც ჩასწევდა ლოგინს და, მხართეძოზე წამოწოლილი, სიამოვნებით უსმენდა სტუმარ-მასპინძლის სიმღერას, ხუმრობას, სადღეგრძელოებს...
მონოლოგი: "უცნაურია, ბალღობის გასაჭირი ახლა სასიამოვნოდ მახსენდება. დღეს აღარ აღვიქვამ გაჭირვებად და მძიმე დღეებად წარსულს".
დედა დიასახლისი გახლდათ. ადრე დაწვრილშვილებულ ქალბატონს განათლება ვერ მიუღია, მაგრამ შრომისმოყვარეობითა და მუყაითობით ყველას აოცებდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში, მიუხედავად მძიმე სენისა (იგი ასთმით იყო დაავადებული), როგორც კი ოდნავ მოიკეთებდა და ენერგიას მოიკრეფდა, ვერავინ ნახავდა მოსვენებულს, ფეხჩაკრეფილს, უსაქმოდ გაჩერებულს.
მონოლოგი: "ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, ისინი იყვნენ ჩემი მაგალითები, მაგალითის ძალა კი ძალიან დიდი რამე ყოფილა. მამაჩემი იტყოდა ხოლმე: ყველაფერი მქონდა, შვილო, და არ მიკვირდა. აი, ახლა არაფერი მაქვს და არც ეს მიკვირსო. ამ ჭკუით გამზარდა.
ჩემი მდგომარეობის კაცს შეიძლება, მეტი ჰქონოდა, მაგრამ არ არის ჩემთვის ეს დიდი დარდი. ერთი თექვსმეტი წლის მანქანა მყავს და ჯამაგირზე ვცხოვრობ. აი, ეგ არი, მაგრამ რა ვიცი, წუხილი არა მაქვს ამის გამო"...
ფიროსმანი (ხალისიანად): ღარიბი ვარ, აბა, რა! რატომ არ უნდა ვიყო ღარიბი? მე ჩემს სიღარიბეს მდიდარი კაცივით ვხარჯავ! ამ სიღარიბის მეტი რა გამაჩნია! იმდენი მაქვს, როგორც იტყვიან, თავზე საყრელი!..

ომი დედის შეკივლებით დაიწყო.
მონოლოგი: "ეზოში ვთამაშობდი, დედაჩემის ხმა რომ გავიგე, ეს, შიშთან ერთად, ცუდი წინათგრძნობის კივილი იყო".
ბატონი ოთარის ძმა, მასზე ცამეტი წლით უფროსი, ფინეთის ომგამოვლილი, რუსეთში, საზღვრისპირა რაიონში ცხოვრობდა და მართლაც, დედის გუმანმა იგრძნო, რომ სიყრმის ვაჟს ვეღარ ნახავდა.
ჩონთა (ღიმილით): რასა ჰკრთებით? მე რა მიჭირს?.. დროშა მოიტანეთ აქ, ვემთხვიო, მაგის სახელს ვენაცვალე. მიყვარდი და შენთანაც ვკვდები, ახლა სხვებმა შეგიყვარონ, სხვანი გემსახურონ!

სკოლაში თანაკლასელი ჰყავდა, გურამ ჭიჭინაძე, რომელიც თამამი ბავშვი იყო, კარგად მღეროდა, უკრავდა, იუმორის გრძნობა ჰქონდა.
მონოლოგი: "მე კი ძალიან მორცხვი ვიყავი, მორიდებული და მომწონდა მასთან ურთიერთობა, ალბათ, ერთმანეთს ვავსებდით. მას ავეტორღიალე და ერთად მივედით პიონერთა სასახლის მხატვრული კითხვის კაბინეტში, ნოდარ ჩხეიძესთან და ვახტანგ სულაქველიძესთან".
ასე გადადგა ოთარ მეღვინეთუხუცესმა პირველი ნაბიჯი თეატრალური სამყაროსკენ, თუმცა, არც ოჯახური ტრადიცია და არც გარემო, რომელშიც იგი იზრდებოდა, არ მიანიშნებდნენ, რომ ამ ყმაწვილისგან დიდი მსახიობი დადგებოდა. ვახტანგ სულაქველიძეს მთელი ჯგუფიდან მხოლოდ თენგიზ არჩვაძისა და ბატონი ოთარისთვის ურჩევია, თქვენი ხელობა მსახიობობააო.
თანაკლასელებთან დღესაც მეგობრობს. ბავშვობის სიყვარული შეინახეს და უფრთხილდებიან. რაც შეეხება შემდეგ შეძენილ მეგობრებს...
მონოლოგი: "უცნაური პროფესიაა მსახიობობა, სხვები, რომ ამთავრებენ სამუშაოს, ჩვენ მაშინ ვიწყებთ და, ალბათ ამიტომ, ჩემი მეგობრები, ძირითადად, თეატრალურ სამყაროში მოღვაწე ხალხია - თენგიზი, ნოდარი, ირაკლი, ჩემი დიდი ტკივილი რეზო ხობუა....
ფიროსმანი: "დაირღვეს, მაგის რჯულიც არ იყოს! დე, მე ვიყო უკან, ჩემი მეგობარი კი წინ იყოს და მიყურებდეს ჰორიზონტზე მდგარ პატარა მხატვარს, რომელიც დიდ არამზადას გავუსწორდი!.. აი, შენ მაგალითად შორსა ხარ ჩემგან, ძალიან შორს, ჰორიზონტზე და იმის იქითაც, და მაინც დიდი და ლამაზი ხარ, როგორც სურათზე დახატული მეგობარი კაცი"...
ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ ბატონი ოთარი, როდესაც თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველკურსელი გურანდა გაბუნია გაიცნო. ცოტა ხანში იგი მისი მეუღლე და თითქმის უცვლელი თეატრალური პარტნიორი გახდა.

18 წლის ჭაბუკი თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა. პროფესიულ ანა-ბანას მირა რატნერმა, აკაკი დვალიშვილმა, დიმიტრი ალექსიძემ, აკაკი ხორავამ, აკაკი ვასაძემ, მალიკო მრევლიშვილმა და ბაბულია ნიკოლაიშვილმა აზიარეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პედაგოგი არასდროს ყოფილა, ბატონი ოთარი მისი სამსახიობო სკოლის ხუროთმოძღვრად ქალბატონ ლილი იოსელიანს მიიჩნევს.
მონოლოგი: "ხელობა მასწავლა, ნაწარმოების სიღრმეში წვდომის უნარი მომცა. სხვათაშორის, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, როცა ლილის მოვწყდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ დამოუკიდებლად შემიძლია როლზე მუშაობა".
ლილი იოსელიანი ახალგაზრდა მსახიობს 1954 წელს მარჯანიშვილის თეატრში დახვდა...
1956 წელს არჩილ ჩხარტიშვილმა ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი" დადგა. ჩონთას როლზე პიერ კობახიძე იყო დამტკიცებული, მეღვინეთუხუცესი კი მისი დუბლიორი ყოფილა. ბატონ პიერს პრემიერამდე ორი კვირით ადრე თბილისის დატოვება მოუხდა და, უკან დაბრუნებულს, დიდსულოვნად უთქვამს, გენერალური რეპეტიცია შენ გაიარეო და პრემიერაც ახალგაზრდა მსახიობს უთამაშია. ეს იყო პირველი დიდი წარმატება. სცენაზე ჩონთა-მეღვინეთუხუცესის ყოველ გამოსვლას მაყურებელი ტაშით ეგებებოდა, რაზეც ერთ ცნობილ მსახიობს დაუმოძღვრავს: "ბოლო ტაშს ყველა იღებს, ეს ტაში გერჩიოს!"
ახალგაზრდა მსახიობებს მარჯანიშვილის თეატრში დახვდათ თაობა, რომელიც ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში გამორჩეული, უნიკალური თაობაა. ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, შალვა ღამბაშიძე, პიერ კობახიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი და სხვები ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას უზიარებდნენ მათ. მაგრამ...
მონოლოგი: "შვილებივით გვეპყრობოდნენ, გვეფერებოდნენ და გვზრდიდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენ შორის რაიმე უთანხმოება ჩამოვარდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა თაობას თავისი სათქმელი აქვს, თავისი გზა. ჩვენ, გიგა ლორთქიფანიძე და ლილი იოსელიანი გვინდოდა რეჟისორებად. ისინი კი, ისეთი ბუმბერაზები იყვნენ, მარჯანიშვილსაც აუჯანყდნენ"...

გიგა ლორთქიფანიძემ, (ლილი იოსელიანი ამ დროს უკვე გორის თეატრში მუშაობდა) მსახიობების დიდ ჯგუფთან ერთად, მარჯანიშვილის სცენა დატოვა და რუსთავში დააარსა ახალი თეატრი.
აი, რას წერს იმდროინდელ პრესაში ცნობილი თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე: "1967 წლის 30 ნოემბერს მთელმა თბილისმა მიაშურა რუსთავს. ხალხის ტევა არ იყო დარბაზში, ხელოვნების ყველა დარგის, მეცნიერების, კულტურის უთვალსაჩინოეს მოღვაწეებს მოეყარათ აქ თავი... "
მონოლოგი: "ახალგაზრდული თეატრის უპირატესობა, აკადემიურ თეატრთან შედარებით, ისაა, რომ შეჯიბრი და შური არ იცის. რუსთავში, სცენაზე რომ გავდიოდი, ჩემი მეგობრები, კულისებს მომწყდარნი, მამხნევებდნენ - მიდი, შენ გენაცვალე, მიდიო! ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული ეგოიზმს თრგუნავს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ თვისებას ბოლომდე ინარჩუნებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იშვიათია"...
1976 წლიდან მსახიობი კვლავ მშობლიურ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა...

* * *

ოთარ მეღვინეთუხუცესი კინოეკრანებზე პირველად 1958 წელს გამოჩნდა. ჯამბულათი ითამაშა სიკო დოლიძის "ფატიმაში". ამას მოჰყვა გიგა ბეთანელი ფილმში "კეთილი ადამიანები", ბონდო - "თავადის ქალი მაია", ჯოყოლა - "ვედრება", გაიოზი - "ტარიელ გოლუა", ვახტანგი - "მზე შემოდგომისა", ელიოზი - "ნატვრის ხე" და სხვა მრავალი, მაგრამ თავად მსახიობისთვის საეტაპო, განსაკუთრებული მნიშვნელობა მეფე გიორგის - "დიდოსტატის მარჯვენა", დათა თუთაშხიასა - "დათა თუთაშხია" და რაბინოვიჩის - "განვედ ჩემგან", სახეებს ჰქონდათ. ამ უკანასკნელ ფილმში (რომლის რეჟისორი რუსი დიმიტრი ასტრახანია) ბატონი ოთარის ნამუშევარი, 1991 წელს, ტოკიოს IV საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, პრიზით აღინიშნა.

* * *

მონოლოგი: "ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე, ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ჩემი აზრი მითქვამს. შეიძლება, ვცდებოდი კიდეც. საერთოდ არ მახასიათებს დიპლომატიის გამო რაიმეს არ თქმა. ეს პოლიტიკოსების საქმეა. დემაგოგია არ მჩვევია, და არც სხვისგან მომწონს ეს საქმე. თუ პოლიტიკოსი ხარ, მაშინ კიდევ შეიძლება დაფარო სათქმელი და ამით რაღაც სარგებელი მოუტანო საზოგადოებას. ჩვენ, რიგით მოქალაქეებს კი, არ გვეკადრება ამგვარი ქცევა. ამიტომ, რასაც ვფიქრობდი, ყოველთვის იმას ვამბობდი. მართალი გითხრათ, არც მინანია. შემდეგ შეიძლება, აზრი შეგეცვალოს და, თუ მიხვდი, რომ შეცდი, უნდა აღიარო შეცდომა, მეტი არაფერი. რამდენჯერმე მომიწია აზრის გამოთქმა ამა თუ იმ მოვლენაზე და მართალი ვიყავი თუ მტყუანი, ამას ალბათ დრო განსჯის".
დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ისე, როგორც მთელ ქართულ კულტურას, ამ უძველეს თეატრსაც უჭირს. მის თავკაცს ხშირად უხდება არაორდინარული, ზოგჯერ მტკივნეული და მძიმე გადაწყვეტლებების მიღება. მაგრამ ეს აუცილებელია თეატრის გადარჩენისთვის, იმ დიდი ისტორიის უწყვეტობისთვის.
მონოლოგი: "ხშირად მომყავს ეს მაგალითი: მუხრან ბატონთან მივიდა ვასო აბაშიძე და თეატრისთვის ფული სთხოვა. მუხრან ბატონმა - აბა ერთი შეხტი, შეიკუნტრუშეო - და შეხტა! ის კომიკოსი იყო და შეხტა...
მე ვერ შევხტი და რა ვქნა? დღეს მარჯანიშვილის თეატრი, უსახსრობის გამო, თითქმის უმოქმედოდაა. ბოლოს "ყვარყვარეს" დადგმისთვის მოგვცეს ოცი ათასი ლარი. ახლა, ახალი სპექტაკლისთვის, აგვისტოდან არიან შეპირებულები ოცდაოთხი ათასს, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია.
მიუხედავად უსახსრობისა თუ სხვა ყოფითი პრობლემებისა, მარჯანიშვილელები მაინც ახერხებენ მაყურებელთა გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამის დასტური უკანასკნელი წლების პრემიერები და პოლონეთსა და ლიტვაში, ბულგარეთსა და გერმანიაში, მოსკოვსა და პეტერბურგში, გლაზგოსა და ედინბურგში (ამ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა ქალბატონ ქეთი დოლიძის დიდი დამსახურებაა) გამართული გასტროლებია.

* * *

სულ ცოტა ხნის წინ, ოთარ მეღვინეთუხუცესს რუსეთის ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემია - "თოლია" მიენიჭა. მან ამ დიდ აღიარებას მოსკოვში გამართული საღამოთი უპასუხა.
"რა რჩება მარადისობაში გარდასულ ჭეშმარიტ მსახიობს ამ ქვეყნად? ის რამდენიმე კინოკადრი, რომელიც, ალბათ, თავადაც არ აკმაყოფილებდა ბოლომდე, რამდენიმე რეცენზია და მაყურებელთა ოვაცია" - ამ სიტყვებით დაიწყო ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოსკოვში გამართული "საღამო ორისათვის". ამ საღამომ სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსახიობის ბიოგრაფიაში, რადგან ეს იყო არა მხოლოდ ოვაციებითა და ყვავილებით (რაც ბატონ ოთარს და ქალბატონ გურანდას არასოდეს აკლდათ) მოკაზმული თეატრალური რანდევუ, არამედ - მონატრების სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ოთხი საათი. ამ საღამომ, რომელსაც მოსკოვის კულტურული ელიტა ესწრებოდა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება არ ემორჩილება ჟამთასვლის აღმართ-დაღმართს და ადამიანთა გულებისაკენ მას თავისი გზა აქვს, ძმობის, სიყვარულის, ნდობის მისატანად.