მხატვრის სახელოსნოში

მერაბ აბრამიშვილი

მერაბ აბრამიშვილი იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ მისთვის ოსტატობის ნამდვილ სკოლად იქცა ცნობილი ქართველი მხატვრის, ალექსანდრე ბანძელაძის კერძო სტუდია. მერაბი დღესაც მადლიერებით იხსენებს იქ გატარებულ წლებს, რადგან ბატონი ალექსანდრე, არა მხოლოდ დიდებული პედაგოგი, არამედ მრავალი ღირსებით დაჯილდოებული პიროვნება იყო.

ჭაბუკობის ასაკში მხატვრის პიროვნების, აზროვნების ფორმირებაზე, უდიდესი გავლენა იქონია ატენის სიონის ფრესკების შესასწავლად მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობამ. ექსპედიციას მერაბის მამა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ბატონი გურამ აბრამიშვილი ხელმძღვანელობდა.

მერაბ აბრამიშვილი ჯერ სულ ყმაწვილი იყო, როდესაც ატენის სიონის ფრესკების ასლების ხატვა დაიწყო და ამ სამუშაოს გატაცებით ასრულებდა წლების მანძილზე.

როგორც პროფესიონალი მხატვარი, 80-იან წლებში ჩამოყალიბდა (1981 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება). პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი - "სამასი არაგველი" - 1987 წელს შექმნა.

დაზგურ მხატვრობაში, შუასაუკუნეების ფრესკისთვის დამახასიათებელი ხატოვანების მისაღწევად, იგი იყენებს იმავე ეპოქაში გავრცელებულ ლევკასის ტექნიკას.

ლევკასის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი სრულდება ხეზე, რომელიც თავდაპირველად ცარცისა და ხის წებოს გრუნტით იფარება. შემდეგ მხატვარი ტემპერას საღებავებით ასრულებს საწყის ჩანახატს, რომელსაც ნაწილობრივ ჩამორეცხავს და შემდეგ ისევ თავიდან ასრულებს ძირითად ნახატს. საბოლოოდ სურათის ზედაპირი კვერცხის გულით იფარება. ამ საკმაოდ რთული და შრომატევადი ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ფრესკის ასოციაციას ქმნის.

კედლის მხატვრობის ზედმიწევნით შესწავლამ განაპირობა ის, რომ მხატვრის შემოქმედება, მნიშვნელოვანწილად, რელიგიურ თემატიკას უკავშირდება. "საიუდუმლო სერობა", "ხარება", "დატირება", "ჯვარცმა", "გაბრიელი", "დილის ანგელოზები", "ამაღლება", "აპოკალიფსისი" - ეს ის თემებია, რომელსაც მუდმივად უბრუნდება მხატვარი.

ქართული ფრესკის სიყვარულთან ერთად, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებაში ჩანს აღმოსავლური დეკორატიული ხელოვნების მოტივებით გატაცება.

"ჩემი შემოქმედების რაღაც ეტაპზე შემეცვალა მხატვრული აზროვნება, ფერთა სიმრავლე მომთხოვა და დავიწყე აღმოსავლური (სპარსული) მინიატურის შესწავლა" - ამბობს მხატვარი.

იგი ამ მოტივების ინტერპრეტაციით ქმნის ნამუშევრებს: "შაჰ-აბასი", "აბრეშუმის გზა", "ხარაკირი", "ჰარამხანა"...

სწორედ ამ ორი საოცრად განსხვავებული მხატვრული მიმართულების (ქართული ფრესკა და აღმოსავლური მინიატურა) ორგანულმა შერწყმამ მოგვცა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების სრულიად ორიგინალური, ინდივიდუალური სახე.

"ბავშვობაში ლომების მომთვინიერებელი მინდოდა გამოვსულიყავი და ძაღლების მეშინოდა", - იხსენებს მხატვარი. სიყმაწვილეში იგი გატაცებული იყო ჯიმ კორბეტის, ჯონ ტენერის და სხვათა დოკუმენტური ნაწარმოებებით ნადირობაზე. ამის გამოძახილია ანიმალისტური თემატიკის სიუხვე მის შემოქმედებაში. "კუმაონის კაციჭამია", "რუდრაპრაიაგის ავაზა", "კონდორი", "ჟირაფი", "ლომი", "ირმები" - ლიტერატურული შთაბეჭდილებების სახვითი სახეებია.

ატენში, სოფლის ბოლოს, განცალკევებით დგას ერთ დროს ექსპედიციის ბინად აშენებული სახლი, V საუკუნის ქვევრებითა და ეზოში "ატენურის" ტალავერით.

"ატენი ჩემთვის პირველსაწყისთან მიბრუნებაა, აქ არაჩვეულებრივად ენერგიული ვხდები და ლამის დღე და ღამე ვხატავ", - თუმცა ახლა, ჭაბუკობის წლებისგან განსხვავებით, მხატვარი ფერდობზე შეწითლებულ ასკილის ბუჩქს, აივნის მოაჯირზე შემომჯდარ ბეღურას, ბუჩქებში გაუჩინარებულ მელაკუდას, დილის ნამზე გამოსულ ლოკოკინას აცოცხლებს...