მოტოროლა აკომპლი
საქმიანი ადამიანის მეგზური

ბოლო წლებში მობილური აპარატების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ისე გაანებივრა GSM სისტემის აბონენტები, რომ მათი გაკვირვება უკვე საკმაოდ რთული გახდა. მიუხედავად ამისა, Motorola-ს ტელეფონის ახალი მოდელის - Motorola Accompli 008 - გამოჩენამ
ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მიიპყრო.

ბოლო პერიოდში მოტოროლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მობილური ტელეფონების ბიზნესში პოზიციების გასამყარებლად. სექტორში საკმაოდ რთული სიტუაციის მაჩვენებელია ის კარდინალური ცვლილებები, რომელიც ამ საქმიანობით დაკავებულ კომპანიებში მიმდინარეობს; მაგალითისთვის შეიძლება ერიქსონის და სონის შარშანდელი გაერთიანების ფაქტიც მოვიყვანოთ, რომლებმაც 2001 წლის 1 ოქტომბრიდან ერთიანი ძალებით დაიწყეს მობილური აპარატების წარმოება. ამ გაერთიანების შესახებ კომპანიებმა ჯერ კიდევ 2001 წლის გაზაფხულზე გამოაცხადეს, ხოლო ერთობლივი მუშაობა რეალურად შემოდგომიდან დაიწყო. მიუხედავად გაერთიანებისა, კომპანიები ინარჩუნებენ უფლებას, თავიანთი სავაჭრო ნიშნებით დამოუკიდებლადაც გამოუშვან აპარატები, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები საერთო სამარკო ნიშნის პროდუქციის ფართო რეკლამირებაზე. ახლად ჩამოყალიბებული კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებად ისეთი ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური ტელეფონის წარმოებაა, როგორიცაა GPRS, WCDMA, cdma 2000, Bluetooth.

2001 წელს არსებული ტენდენცია შეიცვალა - ტელეფონების მინიატურიზაციის პროცესი საბოლოოდ შეჩერდა და მწარმოებლები მობილური აპარატების ახალი ფუნქციებით აღჭურვაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე მისი ზომების შემდგომ შემცირებაზე.
სწორედ ამ ახალი ტენდენციის ერთგვარი დასაწყისია Motorola-ს ახალი მოდელი, რომელიც კომპანიამ 2001 წლის მარტში წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აპარატი იმთავითვე ბაზრის შედარებით ვიწრო სექტორისთვის იყო გათვლილი (მწარმოებლებმა ეს აპარატი უფრო საქმიანი ადამიანებისთვის დაამუშავეს), გამოხმაურებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მან სპეციალისტების დიდი ინტერესი
გამოიწვია.
Motorola Accompli 008 ჩვენთვის უკვე ჩვეული ფუნქციების გარდა, უამრავი სიახლით არის აღჭურვილი, რომელიც მომხმარებელს მობილურ ტელეფონს სულ სხვა კუთხით უჩვენებს. ტელეფონი საქმიანი ადამიანისთვის თითქმის ყველა საჭირო დატვირთვის მატარებელია.

ელექტრონული ორგანაიზერი

იგი საშუალებას იძლევა გაკეთდეს ჩანაწერები ყოველდღიური შეხვედრების დასაგეგმად. ინფორმაციის დათვალიერება შესაძლებელია როგორც დღეების, ისე მთელი თვის მასშტაბით. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ხმოვანი სიგნალების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია ორგანაიზერში შეტანილი შეხვედრების შესახებ, როგორც ზუსტად ფიქსირებულ დროს, ასევე შეხვედრამდე 5, 10, 15 წუთით ან სულაც ერთი დღით ადრე.

მობილური ტელეფონი + ფაქსის აპარატი

მობილური ტელეფონით ხმის გადაცემის გარდა, მომხმარებელი ტექსტური ინფორმაციის გადაცემასაც შეეჩვია მოკლე შეტყობინების
საშუალებით. ამ ფუნქციებთან ერთად მოტოროლას ახალმა ტელეფონმა იმ აბონენტების მოთხოვნაც დააკმაყოფილა, ვისაც ლათინური შრიფტით აკრეფილი ტექსტის გარდა, შეტყობინების სხვა სახით, ან სულაც, ნახატის და ნახაზის გადაცემა სურთ: ტელეფონის საკმაოდ ფართო ეკრანზე (53X40 მმ) სპეციალური ფანქრის (სტილუსის) საშუალებით, რომელიც ტელეფონის კორპუსშია ჩამაგრებული, შესაძლებელია ნებისმიერი ნახაზის, ნახატის გაკეთება ან ხელნაწერი ტექსტის დაწერა. იმის გარდა, რომ ეს გრაფიკული გამოსახულება ტელეფონის მახსოვრობაში შეიძლება შეინახოს ფაილის სახით, აპარატი საშუალებას იძლევა, იგი გადაცემული იქნეს ფაქსის ნებისმიერ აპარატზე, ყოველგვარი დამატებითი სირთულეების გარეშე.
ეს პროგრამა Inc Pad, Microsoft Paintbrush-ის გამარტივებულ ვარიანტს მოგვაგონებს, რომელიც, შეიძლება, ისეთი ფუნქციებით არ არის
აღჭურვილი, როგორითაც მისი ანალოგი კომპიუტერული პროგრამა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მობილური ტელეფონის ეკრანზე კეთდება.

შენიშვნების წიგნაკი

მენიუს ეს პუნქტი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა გააკეთოს ჩანაწერები შენიშვნების სახით. მიზანშეწონილია ავხსნათ, თუ როგორ ხდება ტელეფონის ეკრანიდან ტექსტის შეტანა. ამისთვის არსებობს ორი სხვადასხვა მეთოდი და მომხმარებელს შეუძლია, ერთ-ერთი აირჩიოს.
პირველ ვარიანტში ტექსტის შეტანის რეჟიმში ეკრანზე გამოჩნდება სტანდარტული კლავიატურა (QWERY სისტემით) და სტილუსის გამოყენებით შესაძლებელია ტექსტის აკრეფა ჩვეულებრივი კომპიუტერული კლავიატურის მსგავსად.
სიახლის თვალსაზრისით უფრო საინტერესოა ინფორმაციის შეტანის მეორე მეთოდი: ეკრანზე დახაზულ ორ კვადრატში სტილუსის საშუალებით შესაძლებელია ლათინური ასოების ჩაწერა, რომელსაც სპეციალური სისტემა (Wisdom Pen Handwriting Recognition System) სტანდარტულ შრიფტში გადაიტანს. ეკრანზე გამოსახული ორი კვადრატი კი, რომლშიც თანმიმდევრულად შეიძლება ლათინური ასოების ჩაწერა, საშუალებას იძლევა მიუახლოვდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში ხელით წერის სისწრაფეს.
იგივე მეთოდები გამოიყენება ტექსტის შეტანისას ტელეფონის სხვა მენიუებში: ტელეფონის წიგნი, SMS.
რადგან სატელეფონო წიგნს შევეხეთ, იმასაც ვიტყვით, რომ სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით, Motorola Accompli 008-ს არა აქვს განსაზღვრული მეხსიერებაში შენახული ტელეფონების ნომრების მაქსიმალური რაოდენობა. საქმე ისაა, რომ აპარატისმეხსიერების
5Mb-დან 2Mb თავისუფალია და დინამიკურად ნაწილდება შენახულ ინფორმაციაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა, ტელეფონს უამრავი ნაცნობი თუ სრულიად ახალი შესაძლებლობა აქვს:

ხმოვანი ჩანაწერები სამი წუთის საერთო ხანგრძლივობით;
მნიშვნელოვანი საქმეების აღრიცხვის პროგრამა;
მაღვიძარა, ორ სხვადასხვა დროს ჩართვის საშუალებით;
კალკულატორი, სტანდარტული და სამეცნიერო, რომელიც შეიძლება შედარებით რთული მათემატიკური ფუნქციების გამოთვლაშიც გამოიყენოთ;
ახალი თაობის თითქმის ყველა ტელეფონისთვის დამახასიათებელი თამაშები, რომლებიც გაცილებით მოხერხებულია ტელეფონის დიდი ეკრანის და სტილუსის გამოყენებით;
დიდი ეკრანის მქონე WAP ბროუზერი, რომელიც, სტანდარტული ტელეფონის ეკრანზე მიღებულ სამ-ოთხ სტრიქონთან მუშაობისაგან განსხვავებით, ინტერნეტში მუშაობას მოგვაგონებს.
თუ ამას GPRS ფუნქციის შესაძლებლობას დავამატებთ, Accompli მართლაც მნიშვნელოვანი იარაღი აღმოჩნდება
ინტერნეტში სამუშაოდ;
სხვადასხვა საზომი ერთეულების გადაყვანის ფუნქცია.
ჰექტარის კვადრატულ ფუტებში გადაყვანა, მოტოროლას ამ მოდელის დახმარებით, რამდენიმე წამშია შესაძლებელი;
მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების დროის მაჩვენებელი;
სხვადასხვა ვალუტის გაცვლის კურსის მენიუ, სადაც ერთხელ შეტანილი გაცვლის კურსი ავტომატურად შეინახება ტელეფონში
შესაბამის თარიღთან ერთად.

მნიშვნელოვან სიახლედ ექსპერტები Java-ს არსებობას ასახელებენ. Java აპლეტების მოძიება თავად მოტოროლას ინტერნეტგვერდზე ვერ შევძელით. მოტოროლას ამ მოდელისთვის დაწერილი გარკვეული პროგრამების გადმოტვირთვა შეიძლება www.midletcentral.com-იდან. დღეისათვის აქ განთავსებული პროგრამების უმრავლესობას თამაშები, ალტერნატიული WAP ბროუზერები, ScreenSaver-ები წარმოადგენენ. Java-ს არსებობასთან ერთი უხერხულობა არის დაკავშირებული: ახალი აპლეტების ჩამოტვირთვის შემდეგ, ზომის გათვალისწინებით, ტელეფონის მეხსიერების დიდი ნაწილი ივსება, რამაც, მეხსიერების დინამიკური განაწილების გამო, შესაძლებელია შეამციროს ის ბლოკი, სადაც SMS, ელექტრონული ფოსტა ან ტელეფონის წიგნი ინახება.
ბევრი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება დარეკილი, გამოტოვებული და მიღებული ზარების 20-20 ჩანაწერით. სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით, თითოეულ ასეთ ზართან ინახება ჩანაწერი ზარის ხანგრძლივობის, ზარის მიღების ან განხორციელების დროის, თარიღის შესახებ.
სხვა მობილური ტელეფონებისგან განსხვავებით, გაუმჯობესებულია აკუმულატორის დამუხტვის დონის მაჩვენებელი, ეკრანზე აკუმულატორის ნიშანზე თითის დაჭერით, შესაძლებელია უფრო ნათლად დავინახოთ აკუმულატორის მდგომარეობა.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი ახალი ფუნქციისა, პირველივე შეხედვით შეიმჩნევა ის განსხვავება, რომელიც მოტოროლას ამ მოდელს აშკარად გამოარჩევს სხვა აპარატებისგან: მთლიანი ეკრანი ჩვეულებრივი კლავიატურის გარეშე, ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის სულაც არ არის ტელეფონი. ეკრანის ზედა ნაწილზე შეხებით კი ის ჩვეულებრივი კლავიატურა გამოჩნდება, რომელიც მობილური ტელეფონისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი დახატული კლავიატურა ციფრების აკრეფისთვის შედარებით რთული გამოსაყენებელია (შეიძლება მიუჩვევლობის გამოც), რაც საწყის ეტაპზე გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამ სირთულის მოხსნა თავიდან სტილუსის გამოყენებით შეიძლება.
ახალი მოდელი Motorola Accompli 008 ღირსეულად წარდგა პერსონალური ორგანაიზერების და მობილური ტელეფონების ბაზარზე. ეს ნიშა, Nokia Communicator-ის გამოშვების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ Nokia-ს ეკავა და ის აწესებდა სტანდარტებს ამ მიმართულებით. მოტოროლას ახალმა ტელეფონებმა ღირსეული კონკურენცია გაუწია თავის წინამორბედებს, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოტოროლას ტელეფონი, სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, GPRS-ით არის აღჭურვილი, შეიძლება ითქვას, რომ იგი ბაზარზე გამოსვლისთანავე წარმატებულ მოდელად უნდა ჩაითვალოს.

Motorola Accompli 008-ს ერთგული მომხმარებელი

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის
გენერალური დირექტორი