მე მანგეირა ვარ!

მოგზაურობის მოყვარულთათვის არსებობს წელიწადის დრო, როცა ყველა გზა რიო-დე-ჟანეიროში მიდის. სამბას კარნავალი - მშვენიერებისა და ცეცხლოვანი ტემპერამენტის დღესასწაული, ოთხდღიანი ფეიერვერკი არაჩვეულებრივი ფერადოვნებისა, აი, ის ანდამატი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს უთვალავ ტურისტს. ამ დღეებში რიო ემსგავსება მშფოთვარე და მბორგავ უზარმაზარ კასრს, რომელშიც სამხრეთული მზით ძალამიცემული ღვინოსავით შუშხუნებს სამბა...
ვისაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს რიოს კარნავალზე, ალბათ ჰგონია, რომ სამბას ფესტივალი ქაოსისა და აღვირახსნილობის ატმოსფეროში მიმდინარეობს. ასეთებს უთუოდ გაუცრუვდებათ იმედები, რადგან ეროტიკული შოუს ნაცვლად "ხელთ შერჩებათ" საუკუნის განმავლობაში შემუშავებულ მკაცრ წესებსა და ზუსტად განსაზღვრულ რეჟისურას დამორჩილებული სანახაობა.

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და უდიდესი შოუა. სამბის დღესასწაულის ჩატარების თარიღი
ცვალებადია - იწყება შაბათს და სამშაბათს მთავრდება, კათოლიკური დიდმარხვის დაწყებამდე 40 დღით ადრე.
ბრაზილიაში საკარნავალო მეჯლისები XIX საუკუნის ბოლოს იტალიიდან შეუტანიათ. ამ სახალხო დღესასწაულის ოქროს ხანად კი
მიჩნეულია XX საუკუნის ოცდაათიანი წლები, პერიოდი, როდესაც შთამბეჭდავი სანახაობები კოპაკაბანას სასახლესა და მუნიციპალურ თეატრში იმართებოდა.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან სამბას აღლუმი სამბადრომზე ტარდება, ქალაქის ცენტრში, სპეციალურად ამ ღესასწაულისთვის
აშენებულ და მოწყობილ ტერიტორიაზე.
ზეიმს ბრაზილიის ყველა შტატი და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით გადასცემს.
სამბას აღლუმზე დასწრება ფასიანია. ბილეთი დაახლოებით $1000 ღირს. ალბათ ამიტომ, სამბას სკოლათა აღლუმის პარალელურად, რიო-დე-ჟანეიროში უფასო სანახაობებიც იმართება. ეს ქუჩის კარნავალებია, რომლებიც გასართობ ღონისძიებათა მრავალფეროვნებით კარნავალის ძირითად ნაწილს არ ჩამოუვარდება.
შემსრულებელთათვის სამბასაღლუმზე მოხვედრა საკმაოდ რთული და საპატიოა.

კარნავალში სამბას 14 საუკეთესო სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თითოეული სკოლა 3-დან 5 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. აღლუმი, როგორც წესი, მთელი ღამე, მზის ამოსვლამდე გრძელდება.
სამბას მარათონი, დღესასწაულთან ერთად, უკომპრომისო პაექრობაცაა, ვინაიდან ყოველწლიურად ორ სკოლას მოწინავეთა ჯგუფიდან საკვალიფიკაციოში გადანაცვლება უწევს. მათ ადგილს კი, დაბალი ჯგუფიდან ორი საუკეთესო იკავებს.
სამბას სკოლები არ გახლავთ სასწავლო დაწესებულებები. ისინი უფრო ასოციაციებია, რომელის წევრებსაც საცხოვრებელი ტერიტორია, საკარნავალო პროგრამის თემატიკა და კოსტუმების შინაარსი აერთიანებთ. წლის განმავლობაში ასოციაციის წევრები რეგულარულად იკრიბებიან სავარჯიშოდ და ცეკვის ელემენტების დასახვეწად.
5000 კოსტუმის (რომელთაგან არც ერთი არ უნდა იყოს წინა წლებში გამოყენებული) და მასიური მოძრავი დეკორატიული სცენების დამზადებისთვის მიცემული შეკვეთებით, ეს სკოლები უამრავ სამუშაო ადგილს ქმნიან ასოციაციის წევრთათვის.
ყოველწლიურად თითოეული სკოლა ახალ თემას, ახალ ქორეოგრაფიულ პროგრამას არჩევს და, მსგავსი ტიპის სამოსელის მიხედვით, ქვეჯგუფებად ნაწილდება. ქვეჯგუფები ერთმანეთისგან მოძრავი დეკორატიული სცენებით იყოფიან, რომლებზეც საპატიო სტუმრები სხედან.
კარნავალზე სამბას თითოეული სკოლის გამოსვლას, ანუ 3000-დან 5000-მდე შემსრულებლის ხელოვნებისა და 6-დან 8-მდე
მოძრავი დეკორატიული სცენის წარდგენას, მხოლოდ 60-80 წუთი ეთმობა.
სკოლის შემადგენლობაში აუცილებელია რამდენიმე ტიპის ქვეჯგუფის არსებობა:
Abre-alas მამაკაცებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც ამა თუ იმ სკოლას წინ მიუძღვის და საგულდაგულოდ დამუშავებული
ქორეოგრაფია აქვს;
Ala dar baianas თავბრუდამხვევი და კოლორიტული ქალების კრებულია, რომლებიც კოლონიური სტილის დიდ, მომრგვალებულ კაბებში არიან გამოწყობილნი;
Velha Guarda ტრადიციულად თეთრ კოსტუმებსა და პანამებში გამოწყობილი მამაკაცების ჯგუფია, რომელთაც ევალებათ
განასახიერონ Malandro - რიოს მაცხოვრებლის ტრადიციული ხასიათი. როგორც წესი, ასეთი ქვეჯგუფი აგვირგვინებს სკოლის
გამოსვლას.
თითოეულ სკოლას ჰყავს განსაკუთრებული წყვილი, რომელთაც Mestre-sala და Porta-bandeiras ჰქვიათ. ქალბატონი - Porta-bandeiras სიამაყით მოაფრიალებს სკოლის დროშას, მაყურებელი კი მას ფეხზე ადგომითა და ოვაციებით ეგებება. მის პარტნიორს, Mestre-sala-ს
კი ევალება ყველა დამსწრის ყურადღება თავის დედოფლისკენ მიაპყროს. ამ მიზნის მიღწევას
Mestre-sala და Porta-bandeiras ნატიფი, დახვეწილი მოძრაობებით ახერხებენ.
სკოლები ბავშვებისგან შემდგარ ქვეჯგუფებსაც აერთიანებენ. მათ საკუთარი Mestre-sala და Porta-bandeiras ჰყავთ, რომლებიც
პლასტიკითა და ტემპერამენტით არა თუ ჩამოუვარდებიან, არამედ ხშირად სჯობნიან კიდეც თავიანთ უფროს კოლეგებს.
სპეციალური ეფექტის მქონე, მოძრავი დეკორატიული სცენები მართლაც რომ საუცხოოა. მაგალითად: ფრინველები მოძრავი ფრთებით,
კვამლისმფრქვეველი ურჩხულები და სხვ. მათი ზომები განსაზღვრულია, ვინაიდან სამბადრომისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩები უფრო
მასიური სცენების გატარების საშუალებას არ იძლევა.
კარნავალის ჟიურის - LIESA-ს - ანუ სამბას სკოლათა ლიგის წევრების შეფასებებებს რამდენიმე ასპექტი განსაზღვრავს. "მსაჯულები"
ტრიბუნების სხვადასხვა სექტორებში სხედან, მაგრამ მათ გარდა თითოეული კარიოკა (ანუ რიო-დე-ჟანეიროს მაცხოვრებელი) თავს სამბის ყველაზე დიდ ექსპერტად მიიჩნევს და მონაწილეებს აფასებს, რათა შემდეგ საკუთარი თვალსაზრისი საბოლოო შედეგებს შეადაროს.
კარიოკები თავ-თავიანთ სკოლებს ისევე გულშემატკივრობენ, როგორც საყვარელ საფეხბურთო გუნდებს. პორტუგალიურ ენაზე ვერ
იტყვი, რომ "მანგეირა"-ს ან "ფლამენგო"-ს გულშემატკივარი ხარ. ითქმის ის, რაც მარტივად ასე ითარგმნება - მე "მანგეირა" ვარ, ან მე
"ფლამენგო" ვარ!
დღესასწაულის ბოლოს ხუთი საუკეთესო სკოლა გამარჯვებულთა აღლუმში იღებს მონაწილეობას.
კარნავალი სრულდება. აზარტისა და აღტკინებისაგან დაცლილი რიო დაქანცულ სხეულს ასვენებს, თითქოს ირინდება, მაგრამ ეს სიმშვიდე ხანმოკლე და დროებითია, რადგან უკვე მომდევნო დღიდან ქალაქი მომავალი კარნავალის მოლოდინით იწყებს ცხოვრებას.