ქაოსის მართვა

კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი კომპანია Blizzard-ი, რომელიც, ფაქტობრივად, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ვის არ გაუგონია სახელგანთქმული War Craft, War Craft 2, Diablo, Star Craft და Diablo 2.
ყოველი მათგანი თავისი დროის აბსოლუტური ჰიტი გახლდათ და, მიუხედავად დროის ფაქტორისა, დღემდე რჩებიან ერთ-ერთ
ყველაზე პოპულარულ გასართობ კომპიუტერულ თამაშებად.
ამჯერად კომპანია Blizzard-ის ახალ პროდუქციას გაგაცნობთ. ეს გახლავთ ლეგენდარული War Craft-ის სერიის მესამე ვერსია -
Reign of Chaos. ამ თამაშის გამოსვლა, მართალია, უკვე ორჯერ გადაიდო, მაგრამ შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ 25 ივნისი ბოლო ვადაა.

თამაშის მოკლე მიმოხილვა სიახლეებით დავიწყოთ: პირველ რიგში, რაც თვალში გვხვდება, მოწინააღმდეგე რასების მრავალფეროვნებაა. ამჯერად ორის ნაცვლად War Craft 3-ში ოთხი რასა იქნება. მართალია, თავიდან ექვსზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არც ოთხია ცოტა. ესენი არიან:
ალიანსი, სადაც ადამიანები და გნომები მხარდამხარ იბრძვიან მტრისგან თავდასაცავად. ეს რასა არც ისე ძლიერია უხეში ძალის თვალსაზრისით, მაგრამ თავი გააქვს ტექნიკური სრულყოფითა და მაგიური შელოცვების მრავალფეროვნებით.
ურდო - ჩვენთვის კარგად ცნობილი ორკები და გობლინები არიან. მათი ძალა განუსაზღვრელია, შეტევა - გამანადგურებელი, ტაქტიკა - ამოუცნობი, ხოლო მაგია - ყოვლისშთანმთქმელი.
ბნელი ელფები - War Craft-ის სამყაროში ახალი რასაა, რომლის ძირითადი ძალა პარტიზანულ ომშია. ელფები ბუნების შვილები არიან და სტიქიებს მართავენ. მათი მოკავშირეა ღამე და ტყე. მათთან - უზადო მშვილდოსნებთან კონფლიქტი ყველას ძვირი უჯდება. რესურსებს უზარმაზარი ხის მეშვეობით მოიპოვებენ, რომელიც ფესვებით ითვისებს ძვირფას ლითონებს და ამგვარად ამარაგებს ამ რასას.
მკვდრეთით აღმდგარნი - ეს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული რასაა. იმ მწირი ინფორმაციის მეშვეობით, რომლის მოძიებაც "ინტერნეტის" ლაბირინთებში შევძელით, შემდეგი სურათი შეიძლება დავხატოთ: იმქვეყნიური სამყაროდან ბრუნდებიან მიცვალებულები. მათ ეძლევათ ამქვეყნიური არსებობის შანსი, რომლის გამოყენებისთვის თავგანწირვით იბრძვიან. მათი მეომრები მოსიარულე ჩონჩხები, ვამპირები, ნაირ-ნაირი ზომბები, ბნელი შამანები, ნეკრომანტები და საშინელებათა ლორდები არიან. ბრძოლაში დაღუპული მოწინააღმდეგეც მათ რიგებში გადადის.
რაც შეეხება გმირებს: ყოველ რასას ეყოლება სამი უნიკალური გმირი, ყველასაგან განსხვავებული შესაძლებლობებითა და მაგიით დაჯილდოებულნი. თითოეულ მათგანს ორ-ორი საბაზისო მონაცემი ექნება, რომელიც გამოცდილების დაგროვების შემდეგ განვითარდება და გაძლიერდება. მოთამაშე, ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას, არჩევანის წინაშე დგება: შეისწავლოს ახალი შელოცვა, თუ ძველი გააძლიეროს. გმირის შესაძლებლობების ხე ხუთ საფეხურს მოიცავს, რომელთაგან პირველი ოთხის გაძლიერება სამჯერ შეიძლება, მეხუთე კი ის ზღვრული დონეა, რომელსაც გაძლიერება აღარ სჭირდება. გარდა ამისა, ყოველ გმირს საკუთარი ინვენტარის განყოფილება აქვს. იგი იქ სხვადასხვა არტეფაქტს აგროვებს, რომელიც, თავის მხრივ, გმირის მონაცემებს ცვლის - ზოგი ფიზიკურ გამძლეობასა და სისწრაფეს მატებს, ზოგი - მაგიურ ენერგიას და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლებელია გმირებს შორის გამოცდილების გადანაწილებაც. მოთამაშე თავად ირჩევს, რა ურჩევნია, ჰყავდეს რამდენიმე საშუალო ძალის გმირი, თუ - ერთი და უძლეველი.
თამაშის სტრატეგიის ცვლა მოთამაშის მიერ პირველი გმირის არჩევასა და მაგიის ამა თუ იმ ხის განვითარებაზეა დამოკიდებული. ზოგს აგრესიული შეტევა მოსწონს, ზოგს - ფრთხილი დაზვერვა და პარტიზანული ომი, ზოგი კი ბაზაში (ციხესიმაგრეში) გამაგრებისა და თავდაცვითი ომის მომხრეა.
რესურსები: Blizzard-მა არ უღალატა ძველ ტრადიციას და თამაშში მხოლოდ ორი რესურსი დატოვა - ოქრო და ხე-ტყე, მაგრამ კარდინალურად შეცვალა მათი მოპოვების მეთოდები. პოპულაციის შენახვა დაიყო სამ ეტაპად. პირველია ე. წ. "No Upkeep", როდესაც რასის მოსახლეობა არ აჭარბებს 30 ერთეულს და ყოველ მუშას ერთ ჯერზე 10 ერთეული რესურსი მოაქვს; მეორე ეტაპია - "Low Upkeep", როდესაც მოსახლეობის რაოდენობა 30-დან 60-მდე მერყეობს. ამ შემთხვევაში მუშას რესურსების მხოლოდ 7 ერთეული შემოაქვს. ხოლო, როცა პოპულაცია 60-ს აჭარბებს, იწყება მესამე, დასკვნითი ეტაპი "High Upkeep". ამ შემთხვევაში მუშებისგან ერთ ჯერზე შემოტანილი შემოსავალი 4 ერთეულამდე მცირდება. რაც უფრო მეტ ძალას აგროვებს მოთამაშე, მით უფრო ძნელი ხდება რესურსების მოპოვება და, შესაბამისად, არმიის რიგების გაფართოებაც. ეს თამაშის შემქმნელებმა შემდეგნაირად ახსნეს: არ უნდა მოხდეს ძალების უზარმაზარი რაოდენობით დაგროვება, რათა გამარჯვებაში მთავარი როლი მოთამაშის სტრატეგიულმა აზროვნებამ შეასრულოს. იგივე მოსაზრებით, თამაშში მრავლად არის ე.წ. "უეკონომიკო" მისიები, როდესაც შეზღუდული რაოდენობის ძალებით მოგიწევთ დავალების შესრულება.
თამაშში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ამინდის ფაქტორი და დღე-ღამის ცვალებადობა, რადგან სიბნელე მხოლოდ ეკრანის ჩამუქებით არ გამოიხატება. War Craft 3-ში ბინდის ჩამოწოლისთანავე ყველაფერი იცვლება. ზოგიერთებისთვის მცირდება მხედველობის არე, ზოგისთვის კი პირიქით - იზრდება. საჭირო ხდება კოცონების გაჩაღება და შუქურების მშენებლობა, რათა თავიდან ავიცილოთ პარტიზანული ჯგუფების ზურგში შეღწევა, შევძლოთ ტერიტორიის რეგულარული პატრულირება და მაგიური შელოცვების გამოყენება. მოკლედ, სტრატეგიული თვალსაზრისით, წარმტაცი პერსპექტივა იშლება.
თამაში საკმაოდ ვრცელი და ღრმააზროვანია, ამიტომ ამ პატარა წერილში, ყველა ნიუანსის აღწერა რთულია. კომპიუტერული თამაშების ბაზარზე War Craft 3-ის გამოსვლამდე რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია: War Craft 3 უდავო ჰიტი იქნება, რომელიც არა ერთი და ორი წელი დარჩება სტრატეგიული თამაშების თაყვანისმცემელთა უსაყვარლეს გასართობად.