ქართული ჯარი

1917 წელს გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნებულ, გერონტი ქიქოძის ამ პატარა წერილში, ჩვენი ერისთვის მეტად საგულისხმო პოლიტიკურ ნაბიჯებზეა საუბარი. ავტორი ეხება საქართველოს თვითმმართველობის, ეროვნული სკოლების ნაციონალიზაციის, ქართული საეკლესიო "თვითმწყსობის" და, განსაკუთრებით, ქართული ჯარის შექმნის საკითხებს. გერონტი ქიქოძე მისთვის ჩვეული ხერხით იშველიებს უცხო ქვეყანათა მაგალითებს და დამაჯერებელი, ლაკონური მსჯელობით ასკვნის, რომ ჯარის შექმნა საშვილიშვილო, გადაუდებელი საქმეა. ავტორი ეროვნული ჯარის ჩამოყალიბების უპირატესობას იმაშიც ხედავს, რომ სამხედრო სამსახური ერთგვარი სკოლაა, სადაც ქართველი ჭაბუკი ნებისყოფას, სოლიდარობას და თავგანწირვას შეეჩვევა. დღეს, ეს წერილი ეხმიანება ჩვენს პოლიტიკურ ყოფასა თუ ვითარებას და, ამდენად, მისი დაბეჭდვა დროულად მივიჩნიეთ...

პეტროგრადიდან მიღებული ცნობების მიხედვით დროებითმა მთავრობამ ნება დართო, რომ შედგენილ იქმნას ქართული ეროვნული ჯარი იმ ნაწილებისაგან, რომლებიც დღეს სხვადასხვა ადგილას არის გაბნეული. ქართველ ხალხში ეს განკარგულება გულწრფელს სიხარულს გამოიწვევს. სკოლის ნაციონალიზაციისა და ეკლესიის თვითმწყსობის მოპოვების შემდეგ, ეს ერთი მტკიცე ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი სამშობლო ეროვნული თვითმართველობისაკენ სდგამს. თავისი რეალური მნიშვნელობით ეს მესამე ნაბიჯი კიდეც სჭარბობს პირველ ორს, განსაკუთრებით, დღევანდელ უჩვეულო პირობებში.
დიდმა ომმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა ის ძველი ჭეშმარიტება, რომ სუსტს ყოველთვის საფრთხე მოელის ძლიერისაგან, რომ ადამიანურ საზოგადოებაში თავის დასაცავად სხვა საშუალება არ არსებობს გარდა რეალური ძალისა. ამას დღეს თითქმის ყველა სცნობს. მხოლოდ ყველას გამბედაობა არ შესწევს ოთხმოცდაცამეტ გერმანელ მეცნიერებისა, ლიტერატორისა და ხელოვანის მსგავსად თანამედროვე კულტურისა და ეროვნული ჯარის მჭიდრო ურთიერთობა აღიაროს. "ჯარი რომ არ გვყოლოდა, ჩვენი ცივილიზაცია დიდი ხანია განადგურებული იქნებოდაო, - განაცხადეს გერმანელმა ინტელიგენტებმა, - კულტურის დასაცავად დაიბადა მილიტარიზმი ჩვენს სამშობლოში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ახალ-ახალი შემოსევის საფრთხე მოელის. ჩვენი ხალხი და ჩვენი ჯარი ერთი და იგივეა".
თუ ამას ამბობს დიდი გერმანია, რაღა უნდა სთქვას პატარა საქართველომ? ჩვენი სამშობლო ხომ შარა გზის პირათაა, ამ გზას მუდმივი მცველი სჭირია, რომ ყოველმა ვიგინდარამ არ გადალახოს. ბოლო დროს კი საქმე ისე იყო მოწყობილი, რომ როცა ქართველებისაგან შემდგარი რაზმები ვარშავისა და რიგის სიმაგრეებს იცავდნენ, ქვემო აჭარისა და ლივანის დაფნიან ველებს მაროდიორები სთელავდნენ, ხოლო კახეთისა და ხევსურეთის სოფლებს მთიელი ყაჩაღები აწიოკებდნენ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთს თავხედობას მხოლოდ ბოლო მოეღება, როცა ქართული კერის ახლო ქართველი შეიარაღებული ჯარისკაცი იდგომება.
მილიტარიზმის იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ჯარი ერთნაირი სკოლაა, სადაც ადამიანი ნებისყოფის სიმტკიცეს იძენს და სოლიდარობისა და თავგანწირვის გრძნობას ეჩვევა. რუსის ყაზარმა კი დღემდე უფრო ქართველი ჯარისკაცის დაავადებას უწყობდა ხელს, ვიდრე აღზრდას. სუსხიანი რუსეთის ფიზიკური და ზნეობრივი ატმოსფერა სრულიად შეუფერებელი იყო ქართველი ახალგაზრდობისათვის და ჩვენს ჯარისკაცს სამხედრო სამსახურიდან არაფერი მოჰქონდა გარდა გაცვეთილი ფარაჯისა, ჭლექისა და ათაშანგისა.
ქართული ეროვნული ჯარის შედგენას დიდი ზნეობრივი ღირებულებაც აქვს, უეჭველია. ქართველ მდაბიო ხალხს უკუღმართი წარმოდგენა აქვს ეროვნული თვითმართველობის შესახებ. მას თვითმართველობა ხშირად უკან დამხევი მოვლენა ჰგონია. ეს სხვათა შორის იმითაც აიხსნება, რომ საქართველოს ავტონომიის იდეა აქამდე აბსტრაქციის სფეროში არსებობდა და ხალხს არ შეეძლო მისი შეხება ან კონკრეტულად წარმოდგენა. ეროვნული სკოლისა და ეროვნული ჯარის შემწეობით ქართველი ხალხი ავტონომიური დაწესებულების სიყვარულს ისწავლის. ის თავის საკუთარი ორი თვალით დაინახავს, რომ ეროვნული თვითმართველობა არ არის არც მონობა, არც ბატონყმობა, არამედ სწორედ მათი უარყოფაა. და ამ გამოცდილების მიხედვით გააკეთებს დასკვნას, რომელიც მის გონებას ვერ გააკეთებინა ხანგრძლივმა იდეურმა პროპაგანდამ.

გერონტი ქიქოძე
გაზეთი "საქართველო", 1917 წ.