კობა მირესაშვილი
მაგთიკომის სანიტარული კონტროლის სამსახურის უფროსი

მობილური კავშირგაბმულობა უსაფრთხოა!
ელექტრომაგნიტური
ნაკადის ინტენსივობის
ზღვრულად დასაშვები
დონე საქართველოში
40-ჯერ დაბალია
ევროკავშირის ქვეყნებთან
შედარებით

მობილურ ტელეფონს ხმარობს ყველა და ყველგან - მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჩინიანი თუ უჩინო, მთასა და ბარში. მრავალჯერ ის გაჭირვების ტალკვესადაც მოვლენია ადამიანებს და მაშველის ხმობის, ამბის შეტყობინების ერთადერთი საშუალება ყოფილა. თითქოს არც უნდა გაჩენილიყო კითხვა: გვჭირდება კი მობილური კავშირგაბმულობა თავისი მზარდი ქსელით?

ამგვარი კითხვა არსებობს და ჩვენ შევეცდებით ამომწურავი პასუხი გავცეთ მას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ამგვარი აუცილებლობა წარმოშვა, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ ახალი ობიექტების მშენებლობისა და ანტენების დამონტაჟების დროს, მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ. პარადოქსია, მაგრამ ფიჭური კავშირგაბმულობის მოწინააღმდეგეებად ხშირად გვევლინებიან ჩვენი ქსელის მუდმივი აბონენტები, რომელთა წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფიჭური ქსელის გამართულ და ხარისხიან მუშაობაზე.
შედარებისთვის შვეიცარიის მაგალითი გამოგვადგება, რადგან ამ ქვეყნისა და საქართველოს რელიეფური მსგავსება განაპირობებს ფიჭური კავშირგაბმულობის განვითარება-გაფართოების სპეციფიკის იდენტურობას. შვეიცარია მთელ ევროპაში ეტალონად ითვლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ შვეიცარიის ტყეები ხშირად სუფთავდება ბუნებრივი ნარჩენებისაგან, რომელსაც წვავენ და ნაცარი უკანვე შეაქვთ ნიადაგის გასანოყიერებლად. აი, ასეთ ქვეყანაში მობილური კავშირგაბმულობის ელექტრომაგნიტური რხევის დასაშვები ზღვრული დონე 40-ჯერ მაღალია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებზე. თუმცა, იქ აზრად არავის მოსდის, გააპროტესტოს მობილური კავშირგაბმულობის გაფართოება-გაუმჯობესება. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ შვეიცარიის მოქალაქეები კარგად ერკვევიან, თუ რა სახისა და ინტესივობის გამოსხივება უქმნის მათ ჯანმრთელობას საფრთხეს. ჩვენში კი, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საკითხებში მოსახლეობა ნაკლებადაა გათვითცნობიერებული.

ამგვარი გაუთვითცნობიერების ძირითად მიზეზად ჩვენ მიერ მიჩნეულ იქნა კვალიფიციური, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის სიმცირე ფიჭური რადიოკავშირის არსის, ქსელის გამართვის თავისებურებების, ექსპლუატაციის უსაფრთხოების, მოქმედი სანიტარული ნორმებისა და რეალურად არსებული ოფიციალური თუ ალტერნატიული მაკონტროლებლების მუშაობის შესახებ.
წინამდებარე წერილი არის მცდელობა, აღმოვფხვრათ ინფორმაც- იული უკმარისობა, მივაწოდოთ მოსახლეობას ობიექტური სურათი.
უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში რადიაციული გამოსხივება და ელექტრომაგნიტური რხევა:
1. რადიაციულ ანუ მაიონიზირებელ გამოსხივებას მიეკუთვნება ულტრაიისფერი სხივები, რენტგენის სხივები, გამა გამოსხივება. ისინი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში (რენტგენოდიაგნოსტიკა, რენტგენოთერაპია), წარმოებაში (სტერილიზაცია ულტრაიისფერი და გამა სხივებით და სხვ.);
2. ელექტრომაგნიტური ველი(ემვ) დამახასიათებელია ადამიანის საარსებო გარემოსათვის. არსებობს ემვ-ს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. ბუნებრივ წყაროთა რიცხვს მიეკუთვნება: დედამიწის ელექტრული და მაგნიტური ველი, ციურ სხეულთა რადიოტალღები, ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენები (ელვა, ცვლილებები იონოსფეროში). ადამიანიც კი სუსტი ელექტრომაგნიტური ველის წყაროს წარმოადგენს (ბიოელექტროიმპულსების ხარჯზე, რაც ბიოველის შემადგენელი ნაწილია).
ემვ-ს ხელოვნური წყაროები ორ ჯგუფად იყოფა:
- ხელსაწყოები, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის: რადიო და ტელემაუწყებლობის სადგურები, რადიოკავშირის სხვადასხვა ტიპის სისტემები, ულტრასონოგრაფიული, ფიზიო და ლაზეროთერაპიული აპარატები, საწარმოთა ტექნოლოგიური დანადგარები.
- ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ელექტროენერგიას და პარაზიტულ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნიან: ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები, ტრანსფორმატორები, ელექტროქურები, ტელევიზორები, მაცივრები და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ელექტრომაგნიტური ველის წყაროებიდან განვიხილოთ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო - ფიჭური კავშირგაბ- მულობის სისტემა.
ფიჭური რადიოკავშირის მუშაობაში გამოიყენება ტერიტორიის ზონებად დაყოფის პრინციპი, ე.წ. ფიჭები, რომელთა ცენტრში განთავსებულია რადიოსადგურები. მათ საბაზო რადიოსადგურები ეწოდება და ისინი უზრუნველყოფენ მობილური რადიოტელეფონების კავშირს ცენტრალურ კომუტატორთან. ფიჭა შეიძლება იყოს სამი სახის: მაკროფიჭა, მიკროფიჭა და პიკოფიჭა - ფიჭის რადიუსის სიდიდისა და ანტენის სიმძლავრის მიხედვით.
მაკროფიჭის რადიუსი 0,5 - 10 კმ-ია. ანტენები განთავსდება 15-100 მეტრ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან. გამოიყენება რადიოანტენებ- ის განთავსების სამი ძირითადი ვარიანტი: ა) სახლის სახურავის პერიმეტრზე; ბ) სახლის სახურავზე არსებულ ზედნაშენზე ან დამატებით დადგმულ ანძაზე; გ) ცალკე დამონტაჟებულ ანძაზე.
მიკროფიჭა - ფიჭის მეორე სახეობა - გამოიყენება მთავარი ქსელის შევსებისა და გაუმჯობესებისათვის, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი დატვირთვაა: აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და სავაჭრო ცენტრები.მიკროფიჭის რადიუსი რამდენიმე ასეულ მეტრს არ აღემატება. მიკროფიჭური რადიოანტენების განთავსება ხდება შენობათა ფასადებზე, გარე განათების ბოძებზე, სარეკლამო აბრებზე, მიწის ზედაპირიდან 4-5მ სიმაღლეზე, ხოლო რადიოანტენე- ბის სიმძლავრე ერთიდან ორ ვატამდეა.
პიკოფიჭის საბაზო სადგურის რადიოანტენას ნაკლები სიმძლავრე აქვს, ვიდრე მიკროფიჭულს (ერთ ვატამდე) და, როგორც წესი, შენობაშია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ყველა საბაზო რადიოსადგურისადმი წაყენებულია ერთადერთი მოთხოვნა - არსებულ სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობა, ანუ ელექტრომაგნიტური ველის ზღვრულად დასაშვები დონის დაცვა.

სწორედ ამ საკითხს აკონტროლებს და არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია, სადაც რადიო და ტელეობიექტთა მფლობელები, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, გადიან სტანდარტულ პროცედურას. იგი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან: ა) რადიოობიექტის პროექტის შექმნა; ბ) პროექტის სან-ჰიგიენური ექსპერტიზა; გ) ინსტრუმენტული აზომვა ექსპლუატაციაში გაშვების დროს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედი ნორმატივები დაახლოებულია დსთ-ს ქვეყნების ნორმატივებთან და გაცილებით უფრო მკაცრი და ფრთხილია, ვიდრე ევროკავშირისა თუ ჩრდილო ამერიკის ქვეყნების შესაბამისი დოკუმენტები. კერძოდ, ელექტრომაგნიტური ნაკადის ინტენსივობის ზღვრულად დასაშვები დონე საქართველოში არის 10 მკვტ/სმ2, მაშინ, როცა, ევროკავშირისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებში, აღნიშნული პარამეტრი 400-500მკვტ-ს შეადგენს ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე.
არსებობის ხუთი წლის განმავლობაში მაგთიკომი ცდილობს, რომ მისი ყველა ქმედება მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს საზოგადოებისათვის. ჩვენი კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ უწყებასთან, რომელიც საქმიან ინტერესს გამოიჩენს ფიჭური კავშირგაბმულობის პრობლემებისადმი. ამის დადასტურებაა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. მაგთიკომის დაკვეთით და უშუალო ინიციატივით, მობილური კავშირგაბმულობის ქსელის პროექტი წარედგინა სამინისტროს სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას, რომელმაც დაადასტურა მაგთიკომის ქსელის ეკოლოგიური უსაფრთხოება და ელექტრომაგნიტური ველის პარამეტრების სრული შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ნორმებთან.
აღსანიშნავია, რომ მაგთიკომის ფიჭური ქსელის მონაცემები ყოველწლიურად ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციას.
ანალოგიური დოკუმენტი ეგზავნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც ალტერნა- ტიულ მაკონტროლებელ უწყებას.
დასასრულ, გვინდა, გამოვთქვათ სურვილი და მზადყოფნა, გავაგრძელოთ ურთიერთობა ჟურნალის მკითხველთან, მაგთიკომის აბონენტებთან, დაინტერესებულ პირებთან, საზოგადოებასთან, რათა მეტი გარკვეულობა შევიტანოთ მობილური კავშირგაბმულობის ქსელის უსაფრთხოების საკითხებში.

ქმოგვწერეთ მისამართზე: 380086, თბილისი, ჯიქიას ქ.¹5, ან დატოვეთ წერილები ჩვენს ოფისებში, მაგთიკომის სანიტარული კონტროლის სამსახურის სახელზე.