მადლი ღვთისგანაც შეიწირების

არავინ იცის, ვინ წარმოთქვა პირველად - "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო". ეს ანდაზა, უთუოდ, იმდენივე ხნისაა, რამდენისაც ადამიანი, რადგან უფალმა, თავის ხატად შექმნილს, დაბადებისთანავე ერთ-ერთ უმთავრეს მცნებად დაუსახა - გიყვარდეს მოყვასი შენიო. უნდა ვიფიქროთ, რომ თანამედროვე ცივილიზაციისთვის ესოდენ დამახასიათე- ბელი მოვლენაც, როგორიცაა ქველმოქმედება, სწორედ იმ უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.
ანტიკური ეპოქის ისტორიაში მრავლადაა ცნობები იმის შესახებ, თუ რაოდენ გულუხვად ეხმარებიან შეძლებული ადამიანები ხელოვანებსა და ფილოსოფოსებს, ვინაიდან მათი უმრავლესობა ოდენ სულიერი საზრდოსთვის იღწვის და მატერიალურად ღატაკნი არიან. ანტიკურ ეპოქაშივე ბარდება წარსულს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც სოფოკლეს თავისი ტრაგედიებისთვის მუხის რტოების გვირგვინით ამკობდნენ და ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, საკვებიცა და სამოსელიც.
ალექსანდრე მაკედონელი, ვინც ყველაზე შორეული და მძიმე ლაშქრობების დროსაც კი გვერდიდან არ იშორებდა პოეტებს, იმპერიის წარჩინებულ გვამთა აუცილებელ მოვალეობად მიიჩნევდა ქველმოქმედებას; თუმცა, ერთ-ერთ ლეგენდას თუ დავუჯერებთ, თავად იმპერატორი მგოსნებს წყალობას განურჩევლად არ ურიგებდა და საკმაოდ მომთხოვნიც იყო. ერთ პოეტთან მას ასეთი "ხელშეკრულებაც" გაუფორმებია: თურმე, ყოველ კარგ სტრიქონში ოქროს ჩუქნიდა, ცუდისთვის კი სილას აწნავდა. ლეგენდა იმასაც გვამცნობს, რომ, ამ შეთანხმების შედეგად, მელექსეს, ქისის ნაცვლად, სახე გაუსივდა, მაგრამ მთავარი, ალბათ, ეს არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ჯერ კიდევ დიდი ალექსანდრეს ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი ხელოვნების მფარველობას წარჩინებული და მდიდარი ადამიანების მიერ, რაც უკვე რომის იმპერიის ეპოქაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რომში აღარავის უკვირდა, რომ ვერგილიუსის ქონება მილიონ სესტერცს აჭარბებდა და ეს ფული ქველმოქმედების შედეგად ჰქონდა მიღებული პოეტს; ხოლო "პოეტიკის მეცნიერების" ავტორმა, ჰორაციუსმა არა მარტო საკუთარი, არამედ თავისი მფარველი რომაელი წარჩინებულის, მეცენატის სახელიც უკვდავყო და იგი პოეზიისა და ხელოვნების მფარველობის სიმბოლოდ აქცია.

ქველმოქმედების საკაცობრიო ისტორიაში უამრავი საინტერესო, ზოგჯერ კი კურიოზული ფაქტი გვხვდება. მაგრამ ყველაზე ორიგინალური მოწყალება, ალბათ, ინგლისის მეფემ იაკობ I-მა გაიღო.
XVI საუკუნის მიწურულს ინგლისში გამოჩნდა ჩამოკონკილი მოგზაური, სახელად ჯონ სთოუ. მან ფეხით შემოიარა მთელი ინგლისი და არავინ იცოდა, რომ ეს კაცი მასალებს აგროვებდა ცხოვრების მთავარი მიზნისთვის - დაეწერა ინგლისის ისტორია. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შრომის შედეგად, მან შექმნა ცალკე ინგლისის, ცალკე კი ლონდონისა ვესტმინსტერის ისტორია. ამ საოცარი ადამიანის ღვაწლის დასაფასებლად, მეფე იაკობ I-მა იმ დროისათვის გაუგონარი მოწყალება მოიღო და ჯონ სთოუს სახელზე ასეთი შინაარსის დიპლომი გასცა: "ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენი უსაყვარლესი ქვეშევრდომი ჯონ სთოუ 45 წლის განმავლობაში აგროვებდა მასალებს ინგლისის ისტორიისთვის, 8 წელიწადი კი მუშაობდა ლონდონისა და ვესტმინსტერის ქრონიკებზე, ამ დიდი შრომის სანაცვლოდ, დიდსულოვნად ვრთავთ მას ნებას, ერთი წლის განმავლობაში, პირადი სარგებლობისთვის, მოწყალება ითხოვოს ჩვენი ქვეშევრდომებისაგან".
საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროს ინგლისში მათხოვრობისთვის სიკვდილით დასჯა იყო შემოღებული. მეფემ საკუთარი ბრძანება მხოლოდ იმიტომ დაარღვია, რომ, ერთი მხრივ, ისტორიკოსს მოეთქვა სული, მეორე მხრივ კი, თანამემამულეებისთვის მიეცა საშუალება, თავისი მადლიერება გამოეხატათ ამ ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ. ჯონ სთოუმ ორ კვირაში შვიდიოდ შილინგის მოგროვება შეძლო და მათხოვრობას თავი დაანება. მადლიერმა ინგლისელმა ხალხმა კი, მოგვიანებით, შემოწირულობათა ხარჯზე, ძეგლი დაუდგა მას და დღესაც ამ ძეგლს ყოველ კვირა უცვლიან ბატის ფრთის კალამს, ისტორიკოსის ღვაწლის მარადიულობის აღსანიშნავად.
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ქველმოქმედება კულტურული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. დღეს სტატისტიკა უძლურია, აღნუსხოს საქველმოქმედო ფონდების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე. ეს ფონდები მოღვაწეობენ სოციალურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურის სფეროებში. მათ კარგა ხანია გადალახეს სახელმწიფო საზღვრები და დღეს აღარავის უკვირს, რომ ამერიკელი მაგნატის - როკფელერის ფონდი ზრუნავს იაპონელი თუ კორეელი ახალგაზრდის განათლებაზე, ანდა "მაიკროსოფტის" იმპერიის შემქმნელის - ბილ გეიტსის ფონდი მილიონობით დოლარს ხარჯავს ერთი აფრიკული სკოლის განვითარების პროგრამაზე.
ქველმოქმედებას დიდი ისტორია აქვს საქართველოშიც. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ზუბალაშვილების, სარაჯიშვილის და სხვათა მიერ გაწეული ამაგი ქართულ მწერლობაზე, ხელოვნებაზე. სწორედ ამ ქველმოქმედ ადამიანთა დამსახურებაა, რომ გასული საუკუნის დასაწყისში, თბილისში თუ ქუთაისში, ბათუმსა თუ თელავში, მძლავრად იგრძნობოდა ევროპული კულტურის მაჯისცემა, რადგან, მათი შემწეობით, არაერთი ათეული ახალგაზრდა იღებდა განათლებას ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, სწორედ ეს ახალგაზრდები ქმნიდნენ ამინდს ხელოვნებაში, საზოგადოებრივ აზროვნებაში და, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამის გამოც გადაურჩა მაშინ საქართველო პროვინციალიზმისა და კარჩაკეტილობის ჭაობში ჩაძირვას.
თუკი გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ეპოქა არაერთი ნიშნით ჰგავს ზემოხსენებულ პერიოდს, ხოლო სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემები ისეთივე სიმწვავით დგას ქვეყნის წინაშე, ალბათ, სამართლიანი იქნება, ჩვენს დროშიც მოვიკითხოთ სარაჯიშვილები და ზუბალაშვილები.
მკითხველს შეუძლია ამთავითვე მშვიდად იყოს, რადგან ნამდვილად არ შეიძლება ითქვას, რომ ქველმოქმედება დღევანდელ საქართველოში უცხო ხილია. თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ბოლო ათწლეულში ჩვენშიც საკმაო რაოდენობით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდები და საზოგადოებები, რომლებიც, მართალია მწირი რესურსებით, მაგრამ მაინც ახერხებენ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობას. ამ მხრივ, არც მეტ-ნაკლებად წარმატებულ ფირმებსა და კომპანიებზე ითქმის ძვირი - არაოფიციალური მონაცემების თუნდაც ნაწილის შეჯერებითაც კი ცხადია, რომ ისინი, ჩვენი მასშტაბების კვალობაზე, სოლიდურ თანხებს ხარჯავენ საქველმოქმედო საქმიანობაზე.
მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ ამგვარი ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში არაოფიციალური და არასრულია, ანუ არსებობს ტენდენცია ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხების დამალვისა. ამ ტენდენციის წარმომშობ მიზეზებზე მსჯელობა რთულია და შორსაც წაგვიყვანდა, თუმცა, ერთი რამ მაინც უნდა ითქვას: ქვეყანაში, სადაც შემოსავლების სერიოზული ნაწილი იმალება (და ეს არავისთვის საიდუმლო აღარაა), ვერც საქველმოქმედოდ დახარჯული სახსრების სრულ ანგარიშს მივიღებთ. ჩვენში მოქმედი კანონმდებლობით, ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა მოგების ადექვატურად იბეგრება. საქმიან ორგანიზაციას, რომელმაც გარკვეული თანხა დახარჯა ქველმოქმედებისთვის, შესაბამისად უნდა ჰქონდეს ბიუჯეტში გადახდილი. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, ასე არაა. ამიტომაც, საფიქრებელია, რომ მავანნი, ერთი მხრივ, კეთილს სჩადიან, მეორე მხრივ კი, მას, ვისაც ეხმარებიან, დაბეჯითებით სთხოვენ, არსად გაამხილონ სიკეთისმქმნელთა ვინაობა, რათა არ გახმაურდეს მათი შესაძლებლობები და ამით შეინარჩუნონ სასურველი ბალანსი სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისა.
ასეა თუ ისე, საქართველოში ქველმოქმედების დამალვის ტენდენცია ფაქტია, მაგრამ ეს მხოლოდ ტენდენციაა.
ღვთის მადლით, არსებობენ კომპანიები, რომლებიც პირნათელნი არიან როგორც სახელმწიფოს, ისე თანამოქალაქეთა წინაშე და დასამალ-დასაფარიც არაფერი აქვთ.
კომპანია "მაგთი GSM" პირველია, ვინც საჯაროდ აქვეყნებს გაწეული საქველმოქმედო საქმიანობის სრულ ნუსხასა და ანგარიშს. ქართული მწერლობის, ხელოვნების, სპორტის განვითარებისთვის, თანამოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლებისთვის გასულ 2001 წელს "მაგთიკომმა" 1 727 145 ლარი გაიღო, ბიუჯეტში კი 20 მილიონამდე შეიტანა. აი, სწორედ ესაა ის შემთხვევა, როცა მადლს ხინჯი არ ახლავს და ღვთისგანაც შეიწირების.
"მაგთიკომის" დაფინანსებით შარშან შესანიშნავი საჩუქარი მიიღი ქართველმა მკითხველმა - გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეული; დაფინანსდა გაზეთი "განახლებული ივერია"; თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მოეწყო გამოფენა და გამოიცა მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის კატალოგი; "ნეოსტუდიასთან" და "ქართულ ტელეფილმთან" ერთად შეიქმნა დოკუმენტური ფილმი "ჩვენ პირველი ევროპელები ვართ"; "მაგთიკომმა" ორგანიზატორობა და გენერალური სპონსორობა გაუწია კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალს (CIFA); დააფინანსა საქართველოს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებისა და საქართველოს 2001 წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიები, საქართველოში 2001 წლის უიმბლდონის ტურნირისა და 2002 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლიაციის უფლება პირდაპირ ეთერში; დაფინანსდა სოხუმისა და მარჯანიშვილის თეატრების სპექტაკლები.
გარდა ამისა, სოლიდური თანხები გამოიყო მკურნალობისთვის, ახალგაზრდების განათლების დასაფინანსებლად, აფხაზეთიდან ლტოლვილი უდედმამო ბავშვების დასახმარებლად და სხვ.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ კეთილი და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეებისა, რაც კომპანიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით განხორციელდა. "მაგთიკომი", როგორც ითქვა, პირველია, ვინც საჯაროს ხდის ქველმოქმედებისთვის გაწეულ ხარჯებს. ეს ერთი და სხვა ათასი!..