სვირინგებისთვის
აკა მორჩილაძე

ერთ არცთუ პატარა, მაგრამ საუცხოო ქალაქში დროებითი სვირინგების მთელი შეკვრა ვიყიდე, იეროგლიფებით დაწყებული, ქალთევზებით დასრულებული. მერე იმ საუცხოო ქალაქიდან უბრალო, მუშათა ქალაქში მოვხვდი და მეორე შეკვრაც შევიძინე, ისარგაყრილი გულებითა და მეხდაცემული ვარსკვლავებით.
აქედან დამაბარეს და იმიტომ, თორემ სვირინგის საკითხში დიდი ტრადიციონალისტი ვარ - მხოლოდ ღუზას ვცნობ.
ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ იმდღეს ძველ ბლოკნოტში ვიქექებოდი და იქიდან ერთი დროებითი ქალთევზა გადმოვარდა.გადმოვარდა და რაღას გაჩერდები? პარიზში, ერთ აუტანელ ქუჩაზე მესვირინგეთა სახელოსნოში შევბოდიალდი, მაგრამ ნახატები ძალიან უგემოვნო, ლუმპენპროლეტარული იყო.
რა არის შენთვის უცხო ქალაქი?
ალბათ ის, რაც თავისი გულკეთილი ნემსებით გჩხვლეტს. საერთოდ, მოგზაურობა ამ კეთილ ნაჩხვლეტთა შეგროვებაა, და თუ ბევრს მოგზაურობ, სადღაც შიგნით, უხილავ ადგილას, ერთი დიდი, ფერადი სვირინგი გიჩნდება. რაც მეტს მოგზაურობ, სვირინგი მით უფრო იზრდება და არ ფერმკთალდება.
ნამდვილ სვირინგებს ათასი ხერხით ებრძვიან ხოლმე: ამოიწვავენ, დანით დაისერავენ, კანს იგლეჯენ. ასე იმიტომ ხდება, რომ სვირინგიან ძიაკაცებს ახალგაზრდობისდროინდელი გატაცებანი აღიზიანებთ.
სამოგზაურო ნაჩხვლეტებს კი ვერაფრით ამოშლი და ამოწვავ.
ამგვარ სვირინგთა ჯადოსნობა იმაშია, რომ მათ მხოლოდ შენ ხედავ და რაც დრო გადის, მათი პირვანდელი იერის ამოცნობა უფრო და უფრო ჭირს, რადგან ნაირგვარი ტყუილ-მართალი მიემატება და ეს ტყუილ-მართალი სულ ზღაპრული კაბებით სავსე საკიდს გამოაგორებს ხოლმე გარდერობიდან.
ამას წინათ, მარკო პოლოს წიგნი ვიყიდე, ძველი სადღაც გამქრალიყო და ახალიც მონდომებით ჩავათვალიერე. ნუ გაიკვირვებთ მის მონათხრობს საქართველოს შესახებ. მისი სვირინგიც იცვლებოდა. და, აი, ხომ გვარწმუნებს ეს მოუღლელი მოგზაური, ქართველი მეფეები ბეჭზე არწივგამოხატულნი იბადებოდნენო. კვლავ სვირინგი და კვლავ ჯადოსნური თვისებისა, რაღაცატომ ამოზრდილი სხეულის შიგნიდან და ერთ განსაზღვრულ ადგილას, ვთქვათ, ბეჭზე დამკვიდრებული. ჩანს, სვირინგს ბევრი იმგვარი ჯადო-თვისება ჰქონია, რომ ამის გამო ბევრი უნდა იფიქრო.
მარკო პოლოსი კი თუნდაც იმიტომ მჯერა, რომ თავად მინახავს ჯადოსნური სვირინგები, რომლებიც ადამიანს აცოცხლებდა, ოცნებას უცოცხლებდა და ღონეს მატებდა. ეს არ იყო არცერთი იმ ორ სვირინგთანი ოდესღაც რომ მინახავს ორი ტაქსის მძღოლის მკლავებზე. ერთს ეწერა, "ახალგაზრდობავ, ვეღარ დამიბრუნდები", მეორეს კი - "არ ენდო ქალს". ეს ტაქსის მძღოლები ჭარმაგი, ჯანიანი ძიაკაცები იყვნენ და ამ წარწერებშიც იყო რაღაც უცნაური, კომიკური და სევდიანიც, რახან ბავშვობის შემდეგ არ დამავიწყდა.
მაგრამ მე სხვას მოგახსენებთ, სვირინგებისას, რომელიც, მარკო პოლოსი არ ვიცი და, პროსპერ მერიმესა და რობერტ ლუისს სტივენსონს კი აღაფრთოვანებდა.
ეს გვარიანი ხნის წინათ იყო, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ დედამიწა მრგვალია. ზაფხულში ერთ იმერულ სოფელში რომ ვისვენებდით მე და დედა, ქუთაისიდან ერთი ნათესავი გვეწვია, თავისი ძველი ?ვოლგით?, და ქუთაისში წაგვიყვანა ორი დღით. არ ვიცრუებ და, რომელ უბანში ვიყავით, არ მახსოვს. ეს არის, რომ ეზო იყო უძველესი და დაბურული, სახლი კი განუმეორებლად გრილი და ბევრი ბნელი, ზაფხულში ასე მოხდენილი ოთახით სავსე. ამ სახლის აივანზე იჯდა მოხუცი, ხმელი და მელოტი კაცი, ბრაზიანი იერისა, წვრილი ცისფერი თვალებითა და კეხიანი ცხვირით, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა. მას კოლია ბიძია ერქვა და ამ ჩვენი ნათესავის მამა, ანუ თავადაც ჩვენი ნათესვი იყო. საკვირველი ის იყო, რომ კოლია ბიძია იმერულად სულ არ შემოგვგებებია, ზანტად წამოდგა, დედას ხელი ჩამოართვა, მე კი, ვითომდა მოფერებით, თავში ისეთი წამომარტყა, რომ მეწყინა კიდეც და ცოტათი შევიძულე. კოლია ბიძიას არც უსადილია ჩვენთან ერთად და ბაასიც არ გაუბამს, ეს იყო, უფილტრო სიგარეტი მოსრისა თითებში და ასანთზე გამაგზავნა. მეორე საღამოს სოფელში დავბრუნდით, მანამდე კი, ცხადია, დილა იყო.
სურათიც დილით გადაიშალა: საწოლი ოთახიდან რომ გამოვედი, კოლია ბიძია აივანზე იჯდა, იმავე, შეჩვეულ ადგილას, ოღონდ კი ტანთ გახუნებული პერანგი კი აღარ ეცვა, არამედ არანაკლებ გახუნებული, უმკლავო მაისურა, ცისფერი, სტალინის დროინდელი. უხეში, დამსკდარი და წითელი ხელის მტევნები თეთრი, გალეული მკლავებით ეკიდა მხრებზე და მთავარი სწორედ ეს მკლავები იყო! ქართული და რუსული ასოები ვიცოდი, მაგრამ იქ რაღაც სხვა ასოებით ეწერა რაღაცეები. ეწერა ბევრი, ოკრობოკროდ და ლამაზად, მხრებიდან მაჯებამდე, ეხატა ბევრი, უცნაური ნიშნები და სიმბოლოები. მე დამამახსოვრდა მსუქანი ვარსკვლავი და ქალის პროფილი. ეტყობა ისე ავენთე, რომ თითიც კი მივადე ვარსკვლავს და ვკითხე ამ პირქუშ კაცს:
- ეს ვარსკვლავია?
- შტელლა, სტელლა ვიცტორია, - მომკალით და მახსოვს ეს სიტყვები, - ამას კიდე, ბაბუა, კლარა ერქვა... ერქვა კი არა, ახლაც ქვია, ალბათ...
მორჩა და გათავდა. ეს ჯადოსნური მკლავები მეტად აღარ მინახავს. ამ მოხუცის ისტორია კი ბარე ოცი წლისამ შევიტყვე ბებიაჩემისგან. კოლია ბიძია მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილიყო, ჩრდილოეთ იტალიაში ერთი გლეხკაცის ფერმაში მოხვედრილიყო უბრალო მუშად და სამ წელიწადს ეცხოვრა იქ. ცხადია, გლეხის გოგოც შეჰყვარებოდა, მაგრამ ომის შემდეგ ვერ მოეთმინა, ვერც საბჭოთა ლაგერში სავარაუდო მოხვედრას შეეშინებინა და ცოლ-შვილს დანატრული, აქეთ წამოსულიყო. ლაგერს ასცდენოდა, ხასიათი კი აღარაფრით გამოსწორებია. მისი ცოლი, კვიმატი იმერელი ქალი, წარამარა ეოხუნჯებოდა ხოლმე, ჰე, მიდი, დაგვამადლე შენი ბალკონზე ჯდომაო. კოლია ბიძიას კი ამაზე ერთი პასუხი ჰქონია, თქვენი გულისთვის სიცოცხლე დავთმე და წამოვედიო...
მაგრამ მე ხომ სადღაც შიგნით დაჩხვლეტილ ადგილებზე გიამბობდით. მგონი, ისიც მოგახსენეთ, რომ ამგვარმა სვირინგმა სხეულის ზედაპირზე ამოღწევა იცის. ეს ჯადოსნური სვირინგია და მარკო პოლოსიც მჯერა, იცით რატომ?
კოლია ბიძიას ცისფრად აჭრელებული მკლავები იტალიიდან არ ჩამოჰყოლია. ერთ მშვენიერ დღეს, მგონი 1956 წელს, ორი ნემსი ასანთის ღერს შეატყუპა, ძაფი შემოახვია და ლურჯი მელნით სავსე შუშაც მოიძია, იჯდა და მოთმენით გამოჰყავდა თავის, მაშინ ალბათ ღონიერ, მკლავებზე იტალიური ლექსები (ლექსები იყოო, ბებია მეუბნებოდა), ვარსკვლავი, საყვარელი ქალის პროფილი და თურმე მანქანაც, რომლითაც თივას ეზიდებოდა ფერმაზე და კიდევ,ს იტალიის დროშა.
მარჯვენა მკლავის მოსვირინგებისას განსაკუთრებით დატანჯულა, ტკივილი ტკივილად და ცაციათი ხატვა ძალიან გასჭირვებია.
საერთოდ, ტკივილის ამტანი კაცი იყო.
ასეთი ამბავია და ვერავინ დამაჯერებს, რომ სვირინგი მხოლოდ სვირინგია და მეტი არაფერი. რა ხდება იქ, შიგნით? ჯადოსნური სვირინგების არსებობას ხომ თქვენც ვეღარ უარყოფთ?
ყველაფერი კი იმიტომ, რომ ძველ ბლოკნოტს ვფურცლავდი და იქიდან ერთ მშვენიერ ქალაქში ნაყიდი დროებითი სვირინგი გადმოვარდა, ზედ ქალთევზა ეხატა.
რა დროს ქალთევზაა?