ეს პატარა მსოფლიო

(ქართული კომპანია საერთაშორისო მომწოდებლის თვალით)

ყველაფერი ასე დაიწყო: 1997 წელს, ქართველ და ამერიკელ გაბედულ მეწარმეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მობილური კომუნიკაციების გლობალური სისტემის (GSM) საქართველოში ამოქმედების ახალი პროექტის განსახილველად, კომპანია Motorola-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველო, კავკასიის რეგიონში, შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიმავალი ენერგორესურსების მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია. ეს ფაქტორი მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს ამ ქვეყანაში საქმიანობის ინტერესს უღვივებს. საქართველოში წარმომადგენლობები აქვთ: Chevron, British Petrolium, Philip Morris და სხვა ცნობილ ფირმებს.
ადამიანებს ხშირად უწევთ საქმიანი თუ სხვა სახის მოგზაურობა ქვეყნის ამა თუ იმ კუთხეში. სწორედ ამიტომ, 1997 წლიდან, მას შემდეგ, რაც მაგთიკომმა ოპერირება დაიწყო, მთავარ მიზნად ფიჭური ქსელით ქვეყნის სრული დაფარვა დაისახა.

მარცხნიდან მარჯვნივ:
ზურაბ გოჯიაშვილი, ლევან ბუჩუკური, გია ჯოხთაბერიძე - მაგთიკომი
კევინ ლუზმორი - მოტოროლას ვიცე-პრეზიდენტი და სისტემათა საინტეგრაციო სერვისის პრეზიდენტი
ალექსანდრე უპორინი მოტოროლას საერთაშორისო რეგიონული მენეჯერი დსთ-სა და კავკასიაში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა (5 მილიონი მაცხოვრებელი), მაგთიკომმა თავიდანვე მიიზიდა თავის ქსელში აბონენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა. ეს ქართულ-ამერიკულმა ერთობლივმა საწარმომ სისტემის საწყის დანერგვასა და ტერიტორიის დაფარვაში მნიშვნელოვანი თანხის დაბანდებით შეძლო.
მაგთიკომის ქსელისთვის საბაზო სადგურების სისტემური მოწყობილობის ერთადერთმა მომწოდებელმა, Motorola-მ, კომპანიასთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა დაამყარა, რაც დღემდე გრძელდება. საქართველოს პროექტი, მაგთიკომისა და Motorola-სთვის, დიდი ბიზნესის გარდა, ოპერატორსა და მომწოდებელს შორის მეგობრობისა და ნდობის კარგი მაგალითიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია მკაცრ საკონტრაქტო დისციპლინას იცავს, ამგვარი ურთიერთობა ყოველთვის იყო და რჩება ყველა პროექტის საიმედო საწყისად.
დღეისათვის მაგთიკომი საქართველოს ფიჭური ბაზრის ლიდერია (ქსელში 200 000 აბონენტია ჩართული). თუმცა, ბაზრის მოთხოვნილება, ისევე როგორც კონკურენცია, დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომ, მაგთიკომს დაგეგმილი აქვს, განაგრძოს საკუთარი ქსელის უახლესი ტექნოლოგიებითა და ფუნქციებით სრულად აღჭურვა. მათ, უკვე არსებული ხმოვანი ფოსტის (აუდიომაცნეს) გარდა, დანერგეს წინასწარი გადახდის სისტემა, მოკლე შეტყობინებათა სერვისი (SMS) და მობილური ინტერნეტი (WAP). მაგთიკომმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი აღმოსავლეთ ევროპის იმ რამდენიმე ოპერატორს შორის, რომლებიც თავიანთ აბონენტებს GSM სისტემით გათვალისწინებული მომსახურებისა და ფუნქციების ფართო სპექტრს სთავაზობენ.
გასულ წელს კი მაგთიკომის მენეჯმენტმა საქართველოში მონაცემთა მაღალი სიჩქარით გაცვლის მომსახურების (GPRS) შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო. Motorola-სთან ერთად, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და 2001 წლის მეორე კვარტალში GPRS-ის დანერგვა დაიწყო. ეს პროექტიც მაგთიკომისა და Motorola-ს ინჟინრების გუნდური მუშაობის კარგი მაგალითია:
- 2001 წლის 26 მაისს მაგთიკომმა საკუთარ ქსელში პირველი GPRS (რადიოსერვისის ზოგადი პაკეტი) ზარის წარმატებით განხორციელების შესახებ განაცხადა.
- 2002 წლის 30 იანვარს Motorola-ს უნიკალურმა GPRS ტექნოლოგიამ კომერციული მომსახურება დაიწყო საქართველოს ბანკის რეგიონული ოფისისათვის.
ეს დიდი მიღწევა მაგთიკომს ეხმარება, იყოს ლიდერი ოპერატორი ბაზარზე და მის პატივმოყვარე (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით) მიზანსაც შეესაბამება - დარჩეს საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილეს ოპერატორად. ამ ძალისხმევას ის ფაქტი ადასტურებს, რომ მაგთიკომის თანამშრომლების დაუზოგავი შრომის წყალობით, უახლესი და უდიდესი ტექნოლოგიური სიახლეები საქართველოს მოსახლეობისთვის უმალ ხელმისაწვდომია.
საქართველოში გატარებულმა ბოლო წლებმა მაგთიკომის ბიზნესში დასაქმებულ Motorola-ს თანამშრომლებს დიდი გამოცდილება შესძინა. ჩვენ მოვამზადეთ ადგილობრივ მენეჯერთა და ინჟინერთა მცირე, მაგრამ ძალზე ნიჭიერი ჯგუფი, რომლის წევრებიც, ამ პროექტში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში მონაწილეობენ. მაგალითად, ჩვენი პირველი ქართველი თანამშრომელი ეგვიპტეში, ლევან ვაჩნაძე, გამორჩეული მუშაობისთვის პროგრამის საუკეთესო მენეჯერად დასახელდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
საქართველოში მომუშავე Motorola-ს თანამშრომელთათვის, საინტერესო საქმიანობის გარდა, უდიდესი სიამოვნებაა, შევისწავლოთ ამ ქვეყნის უძველესი და უმდიდრესი კულტურა, გავიზიაროთ ქართველი ხალხის მეგობრობა (და, რა თქმა უნდა, დავაგემოვნოთ განთქმული ხინკალი), მით უმეტეს, როცა აქ ისეთი მასპინძელი და პარტნიორი გვყავს, როგორიც მაგთიკომია.

ალექსანდრე უპორინი
საერთაშორისო რეგიონული მენეჯერი
დსთ-სა და კავკასიაში,
მოტოროლა