წარსულის ღალატი მომავლის დაკარგვაა

ისინი ექვსნი არიან. მათთან მოსახვედრად სარდაფის ბნელი და ცივი დერეფანი უნდა გაიარო და, კიბეზე ასვლის შემდეგ, კარი შეაღო...

ეს ტოლკიენის რომელიმე ფენტეზის სიუჟეტს ჰგავს - არიან მცველები და იცავენ საგანძურს, რომლის შესახებ ადამიანებმა დაივიწყეს. სინამდვილეში კი დაივიწყეს ის, რომ საგანძური მათი სულიერებაა...
ისინი კი ეფერებიან, ესაუბრებიან და ამხნევებენ ყუთებში ჩაწყობილ, გატეხილ, განადგურებისთვის განწირულ ფასეულობებს, ვინაიდან, იმ უცნაურთა რიცხვს ეკუთვნიან, რომლებმაც ღალატი არ იციან და უმთავრესს გრძნობენ - ღალატი წარსულის, შესაბამისად კი მომავლის დაკარგვაა.
ეს ამბავი ასე დაიწყო: 1937 წელს, თბილისში, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით, სათამაშოების მუზეუმი დაარსდა. თავად ქალბატონი თიკო, ჯერ საბავშვო ბაღის პედაგოგი, 1934 წლიდან მუზეუმის დაარსებამდე კი, განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული ბავშვთა სათამაშოების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
მუზეუმის გახსნის შემდეგ, თინათინ თუმანიშვილმა განდობილები შემოიკრიბა და დაიწყო იმ უცნაური და უსაზღვროდ კეთილი სამყაროს შექმნა, რომელიც თოჯინების მუზეუმად ჩამოყალიბდა.

ამ სამყაროში არ არსებობდა მუქი ფერები. ის იმგვარი ადგილი იყო, სადაც ბოროტებას არ შეესვლებოდა; ადგილი, სადაც ცხადდებოდა ბავშვების ოცნებები. თოჯინები, ზუსტად ისე საუბრობდნენ, ცეკვავდნენ და კისკისებდნენ, ჩაის სვამდნენ და საპნის ბუშტებს უშვებდნენ, როგორც ანდერსენის, ჰოფმანისა და ჰაუფის ზღაპრებით მონაბერ სიზმრებში, სადაც მწყემსი გოგონა და მურით მოთხუპნული ბიჭუნა მუდამ გაურბიან ჩინელ იმპერატორს, ფაიფურის ჩაიდნიდან რომ იკრიჭება...
ნინო ბრაილაშვილი, ნინო ბელიაევა, ლუდმილა გილჩევსკაია, რაფიელ ბექთაბეგიშვილი - აი, არასრული სია ოსტატებისა, რომლებიც შემოქმედებით უმაღლეს დემიურგს ჰგავდნენ, სამყაროს შექმნის გარიჟრაჟზე, როდესაც ჯერ არ იყო დაშვებული საბედისწერო შეცდომა.
მუზეუმი ჯერ პირველი საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა, მოგვიანებით კი პიონერთა სასახლეში გადავიდა, რომლის მოსარკულ კედლებსა და სინათლის ათინათებით აპრიალებულ იატაკს მეფისნაცვლის ოჯახში გამართული მეჯლისების მუსიკა ახსოვდათ. წარსულის სურნელისა და ხიბლის დამტევ დარბაზებს საუცხოოდ უხდებოდა თოჯინები, დიდი ცოდნითა და გემოვნებით დაბრძანებულები საგანგებოდ შექმნილ თაროებსა და სათავსოებზე. აქ გალობდა XIX საუკუნის უნიკალური მექანიკური სათამაშო - გალიაში, ქანდარაზე ჩამომჯდარი ბულბული, თითქოს ცოცხალი, შემთხვევით შემოფრენილი; აქ უკრავდნენ ჩონგურებზე კდემამოსილებით აღსავსე ქართველი მანდილოსნები და შემდეგ მდაბლად თავს უხრიდნენ აღტაცებულ მაყურებელს; აქ ცეკვავდნენ უკრაინულ ხალხურ ცეკვებს ლოყებღაჟღაჟა, გოგოლის მოთხრობების მკვიდრი უკრაინკები; აქ ანცობდნენ გლეხის გოგო-ბიჭები და ცისარტყელის შვიდფერს იტევდნენ მარინეს გაშვებული საპნის ბუშტები...
კოლექცია, საავტორო ნამუშევრების გარდა, ხალხური სათამაშოებით, მოსახლეობისგან შესყიდული ექსპონა- ტებით, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი საჩუქრებით ივსებოდა. საჩუქრის ბოძება განსაკუთრებით ბატონ ევგენი ხარაძეს უყვარდა. იგი თოჯინებს ძველქარ-
თულად ტიკინებს უწოდებდა და, ყოველი საზღვარგარეთული მივლინების შემდეგ, - ტიკინები ჩამოგიტანეთო - ახარებდა მუზეუმის თანამშრომლებს.
ასე, ათასამდე საავტორო და ორი ათასამდე ხალხური სათამაშო დაგროვდა. შესაქმნელი ან შესაძენი ექსპონატი მკაცრ, უზადო გემოვნების სამხატვრო საბჭოს გამოცდას გადიოდა და, მხოლოდ ამის შემდეგ, იმკვიდრებდა ადგილს მუზეუმის კოლექციაში. მსგავსი, მაღალი კულტურისა და დახვეწილი გემოვნების კოლექცია მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია.
მუზეუმის დღევანდელი დირექტორი ბატონი ვასილ ბაგრატიონი 1967 წლიდან მოღვაწეობს ამ თანამდებობაზე. მას, ალბათ, ვერც კი წარმოედგინა, რომ პიონერთა სასახლიდან ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეაში გადასვლა სათამაშოების მუზეუმის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. არადა, ბავშვების ნამუშევრების გვერდით არსებობა ხომ, თითქოს, იდეალური უნდა ყოფილიყო ტიკინებისთვის...
1998 წელს გალერეის დიდი ნათელი დარბაზი თოჯინებს დაატოვებინეს. - დროებითო - ასე დაამშვიდეს მათი მცველები: ეთერ ბუჩუკური, ელისო კოტრიკაძე, თამარ ჯანიაშვილი, დალი ჭუბაბრია, ნონა ტეხაშვილი, ვასილ ბაგრატიონი და, ეს დროებით უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება.
ამ ხნის მანძილზე მუზეუმი გაიძარცვა - ავაზაკებმა XIX საუკუნის 25 უნიკალური ექსპონატი მოიპარეს!
ელემენტარული პირობების არარსებობის გამო, ყუთებში ჩალაგებული სათამაშოების მექანიზმები მოიშალა, ფაქიზი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა...
სათამაშოები ნელ-ნელა ნადგურდება. ნადგურდება, რადგან მათი არსებობა ყუთებში, სიბნელეში, სიცივეში და სივიწროვეში შეუძლებელია. და თუ ხუთი თავგანწირული მცველი თითქმის ჯურღმულში გამომწყვდევას, სხვადასხვა ინსტანციებში უშედეგოდ სიარულს, დამცირებასა და გალერეის, ფაქტობრივად, ცარიელი, ხალვათი დარბაზების ცქერით გამოწვეულ ტკივილს უძლებს, ტიკინები ვერ უძლებენ და იღუპებიან. მათ, ვისაც ამ საკითხის გადაჭრა ხელეწიფებათ, ალბათ, არ ესმით, რომ თოჯინები ჩვენი წარსულია და ჩვენი მომავლის - შვილების აწმყო. ეს ჩვენი დავიწყებული სამყაროა, ორჯერ დავიწყებული, როდესაც ჯერ გავიზარდეთ და მერე, მუზეუმს არსებობის უფლება წავართვით! ამით ხომ ჩვენს სულს წავართვით სისპეტაკის შენარჩუნების საშუალება, ვინაიდან, როგორც აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის - ყველაზე რთული მოზრდილობაში ბავშვად დარჩენაა.
სათამაშოების მუზეუმი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდის - ბავშვობის მუზეუმია და საქართველოს განათლების სამინისტროსთვის, რომლის პატრონაჟითაც არსებობდა ის ამდენი წელი, ახალი ადგილის შერჩევა თუ არა, ძველის დაბრუნება მაინც არ უნდა იყოს რთული და შეუძლებელი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხის უახლოეს დროში გადაჭრას რეზოლუცია თავად პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დაადო.
...თუმცა, 2000 წელს დადებული რეზოლუცია ქაღალდზე, თოჯინები ყუთებში, მუზეუმი კი კედლებდაბზარულ, ნესტიან ოთახში დარჩა...
დრო კი არ იცდის, ჯიუტი მცველებისგან განსხვავებით, რომლებიც იცდიან და იმედი აქვთ...