მობილური თამაშები დღეს და ხვალ

უახლოეს წარსულში მობილური აპარატი მხოლოდ კავშირის დამყარების საშუალებას გვაძლევდა.
ინტერნეტმა არც მობილურ კავშირგაბმულობას აუარა გვერდი და ახალი თაობის - WAP (Wireless Application Protocol) და GPRS (General Paket Radio Service) ფუნქციებით აღჭურვილი აპარატების შექმნას დაუდო საფუძველი. რაც, ორიოდე წლის წინ, მობილური კავშირგაბმულობის მომავლად ითვლებოდა, თუმცა, ახლა ფართოდაა გავრცელებული და მფლობელს გართობის ახალ საშუალებას აძლევს. დღეს ძნელად გააკვირვებ ვინმეს მობილურ აპარატზე ტეტრისითა თუ სნეიკით. მალე შესაძლებელია, ხმის და მონაცემთა გადაცემის ფუნქციათა პოპულარობას სათამაშო ფუნქციებმაც გაუწიონ კონკურენცია.
კომპიუტერული თამაშების კომპანია nGame-მა, WAP ფუნქციის მქონე აპარატებისთვის, შექმნა და მომხმარებელს შესთავაზა შემდეგი თამაშები: Merchant Prices - ვაჭრობის სტრატეგია, Chop Suey Kung Fu - აღმოსავლური ორთაბრძოლების სიმულატორი (nGame-ის განცხადებით, სამი თვის მანძილზე 300 000-ზე მეტი ვირტუალური ორთაბრძოლა შედგა), Carrier Force - სამხედრო-საზღვაო სტრატეგია და Alien Fich Exchange - სტრატეგიული თამაში. ეს თამაშები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ მისამართზე: http://www.ngame.com.
ინტერნეტ თამაშების ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა ვირტუალური სამორინე. სპეციალურ, გასართობ ინტერნეტ გვერდთან დაკავშირება მობილური ტელეფონის (რა თქმა უნდა, თუ აპარატს აქვს WAP ან GPRS ფუნქციები) საშუალებითაა შესაძლებელი. მოთამაშეს (აბონენტს) შეუძლია, საკრედიტო ბარათის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, დადოს რეალური ფსონი და სამორინეს ეთამაშოს Black Jack, რულეტკა ან სხვა აზარტული თამაშები. მოგება - წაგების ალბათობაც იგივეა, რაც რეალურ სამორინეში.
ტოტალიზატორით დაინტერესებული აბონენტების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ მობილური აპარატიდან ინტერნეტის ქსელში ჩართვა საშუალებას მისცემს მათ, დადონ ფსონები მსოფლიოს უდიდეს ტოტალიზატორებში. ამისათვის კი საჭიროა WAP ან GPRS პროტოკოლის მქონე მობილური აპარატი და საკრედიტო ბარათი.
საინტერესო ინტერნეტ თამაში QUIZ, რომელიც Nokia-მ დანერგა, განთავსებულია mobile.club.nokia.com საიტზე. ის ძალიან ჰგავს პოპულარულ თამაშს ვის უნდა 20 ათასი, იმ განსხვავებით, რომ მოთამაშეს ხუთი არასწორი პასუხის გაცემის უფლება აქვს. თამაში საკუთარი ერუდიციის შეფასებისა და ცოდნის გაღრმავების კარგი საშუალებაა.
თამაშების მწარმოებლებს, ფიჭურ ოპერატორებთან ურთიერთობისას, შეუძლიათ, გამოიყენონ მომხმარებელთა მოთხოვნების დამუშავების ალტერნატიული გზები. ნაადრევია SMS (Short Message Service)-ის დავიწყება, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, წარმოადგენს სტრუქტურირებული ინფორმაციის გადაცემის კონცეფციის მძლავრ რეალიზაციას.
SMS-ის გამოყენება, როგორც მოთამაშის და თამაშის სერვერის ურთიერთქმედების ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი, წარმოადგენს ლოგიკურ და წინდახედულ გადაწყვეტილებას. SMS-ის მეშვეობით შეიძლება არა მხოლოდ ლოგიკური თამაშების, არამედ, ეგრეთ წოდებული Action Game-ის თამაშიც.
მობილური თამაშების მწარმოებელმა შვედურმა კომპანიამ, It's Alive, უარი განაცხადა სნეიკისა და ტეტრისის მსგავსი თამაშების შექმნაზე და Actioon Game-ის კარგი ნიმუში შექმნა, რომელსაც BotFighters ეწოდა. ეს თამაში ძალიან წააგავს ვირტუალურ PaintBall-ს, რომელიც ეფუძნება, SMS-ის საშუალებით, ინფორმაციის გადაცემის პრინციპს. თამაშის არსი შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეები (რობოტები) მოძრაობენ ქალაქის ქუჩებში და ტელეფონებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ცხრილავენ ერთმანეთს. მიზნის აღმოჩენა შეიძლება კოორდინატებით, რაც მობილური აპარატის ეკრანზე ან თამაშის საიტზე აისახება. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგის ფიზიკური აღმოჩენა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გასროლა. მას დიდი პოპულარობა ელის. კომპანია კიდევ სამი მსგავსი თამაშის შექმნას აპირებს.
დღეს საკმაოდ პოპულარულია ლოგიკური თამაშები SMS-ის საშუალებით. მოთამაშეები სხვადასხვა ქალაქებიდან, მოკლე შეტყობინებების საშუალებით, თამაშობენ Black Jack, Poker და სხვ.
მობილურ თამაშებს დიდი მომავალი აქვს და სავსებით შესაძლებელია, მალე ჩვენი ცხოვრების ისეთივე შემადგენელი ნაწილი გახდეს, როგორიც ტელევიზია, კინო და სხვა გასართობი საშუალებებია.