აქ ყოფნა მომენატრება...

დრო მიდის, საუკუნეები იცვლება, ეპოქები სხვადასხვაობენ, მაგრამ სიმღერა, მელოდია მარადიულად ახლდება და მომხიბვლელს ხდის გრძნობას, განცდას, ემოციას...
ერთი პატარა გოგონას სიმღერით გადმოშლილი სამყარო ისეთი შთამბეჭდავი და სახიერი აღმოჩნდა, რომ ყველამ ერთხმად მიიღო და აღიარა აქაც, ჩვენს სამშობლოში, ევროპაშიც და ოკეანის გაღმაც, ამერიკაში.
მარიკა თხელიძე 2001 წლის ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატის გრან-პრის მფლობელია. იგი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და უკვე გადაწყვეტილი აქვს, სიმღერის გზით იაროს. სათქმელად იოლიც არის და ლამაზიც - სიმღერას გაჰყვაო - მაგრამ ძალზედ რთული და შრომატევადი სავალია დიდ გამარჯვებამდე.
მარიკასთან საუბარი არ გაგიძნელდებათ. ყველა კითხვაზე პასუხს მშვიდად და დაბეჯითებით მოგიგებთ.
მისი ოთახი, ალბათ, ბევრი თანატოლი გოგონას ოთახს ჰგავს: ათასნაირი თოჯინით, მუსიკალური ცენტრით, მრავალი ჩანაწერით... მაგრამ აქ როიალიც ბრძანდება, რომელიც, ვფიქრობთ, მარიკას ყველა წარმატების ხელშემწყობი და დამხმარე, ლამის სულიერი არსებაა. ამიტომაც იხდენს ამაყად შავ ზედაპირზე ჩამწკრივებულ ჯილდოებს, რომელთაც წინ სწორედ ხსენებული გრან-პრი და მისი ორი წინამორბედი პრიზი უდგას.
მარიკასთან პირველი შეხვედრისას შეიძლება შეცბეთ კიდეც, რადგან დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, რომ ამ ნაზ, სათუთ, თხელ სხეულში სახლობს ჯადოსნური სიძლიერის ხმა და, ამასთან, ფერიასავით სიფრიფანა გოგონა ახერხებს, ეს ხმა თავის ნებას იმგვარი ტექნიკური საშემსრულებლო ოსტატობით დაუქვემდებაროს, სხვა რომ ვერასგზით გაიმეორებს.
პლატონის სიტყვები გაგახსენდებათ - ხმა ალია სულისაო.
რაც თავი ახსოვს, მღერის; სერიოზულად კი ცხრა წლის ასაკიდან ვმუშაობო - პროფესიონალის სერიოზულობა იგრძნობა მის პასუხში.
ბეჯითი, მიზანდასახული და შეუპოვარი ბუნების ჩანს მარიკა, თუმცა, ერთი შეხედვით, ამას ვერ იტყვით. მეოცნებე, რომანტიულ, თავის თავში ჩაღრმავებულ ადამიანად წარმოგვიდგა. ამას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენი საუბრის დროს შეუძლოდ იყო, გაციებულს წამლებს აყლაპებდნენ და ამიტომაც ჰქონდა ფერმკრთალი სახე და სევდიანი მზერა.
ჩვენ მაინც ენერგიულად გვესაუბრებოდა, ყურადღებით გვისმენდა.
სკოლის საგნების სწავლასაც ასწრებს. სიმღერისა და მუსიკის გაკვეთილებს შორის ამ პრობლემასაც აგვარებს. სხვა რა გზა აქვს!
მთავარი მაინც სიმღერაა. კლასიკური მუსიკალური განათლების მიღება აუცილებლად მიაჩნიათ გოგონასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. მარიკას მამიდას, ქალბატონ ნანას, შოუ ბიზნესის მოდურ ტერმინებს თუ მოვიშველიებთ, მენეჯერი თუ იმპრესარიო, ან ორივე ერთად, ზუსტად ესადაგება. მან ყველაფერი იცის, უძღვება და აგვარებს საქმიან ურთიერთობებს. სწორედ ქალბატონი ნანა ახლდა მარიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორივე გაოცებული საუბრობს იმ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, აურაცხელ მონაწილესა და მათ თანმხლებ მრავალრიცხოვან დელეგაციებზე.

საუბრისას გაირკვა, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეთა ასაკი განუსაზღვრელი იყო. ამიტომ, მათი რაოდენობის დადგენა ჭირდა. ბევრზე ბევრნი ყოფილან. კონკურსზე ეტაპობრივად გაიცხრილნენ მომღერლები და მამიდის შიში და ეჭვი - სად წამოვიყვანე ბავშვი, ვაითუ გავწბილდეთ და სამუდამო დამღად დააჩნდეს მარიკას გულს დამარცხებაო - მალევე გაქრა, გაქარწყლდა. ლამის უჩინარი, კაფანდარა გოგონას რწმენა და ჯიუტი დაჩემება, გავიმარჯვებო, ჟიურის გადაწყვეტილებამ დაადასტურა.
მარიკას, ხშირად, თურმე იქვე სთხოვდნენ გაემეორებინა ის, რაც სცენაზე შეასრულა - ქართული ხალხური ვარიაციები. ისიც დაუზარებლად მღეროდა. ბაძავდნენ, ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ, არაფერი გამოსდიოდათ.
არამცთუ ბავშვს, მოზრდილ ადამიანსაც კი შიში შეიპყრობს იმის წარმოდგენით, რომ ძალზე მკაცრი, კომპეტენტური ჟიურისა და მრავალათასიანი მსმენელის წინაშე უნდა წარსდგე და იმღერო, აჩვენო თავი, გამოამჟღავნო ყველა შესაძლებლობა.
მართლაც შესაშურია მარიკას შინაგანი სიმტკიცე და დიდი არტისტიზმი, რომლის მეშვეობითაც მას ძალზე უადვილდება ნებისმიერ მსმენელთან კავშირის დამყარება. გინდ ბევრი იყოს, გინდ ცოტა. სად იქნება, არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
დარბაზის დაპყრობაზე რომ ვსაუბრობდით, რა ვიცი, ასე თავისთავად გამოდისო, გვითხრა და, ალბათ, მართლაც არ იცის, აუხსნელია. შრომობს და შრომობს... ბევრს მუშაობს. ხვეწს და სრულყოფს თავის რეპერტუარს. დაღლას და ენერგიის ხარჯვას არად დაგიდევთ.
საჭირო და აუცილებელ საქმეთაგან არ უყვარს ჭამა. მხოლოდ ისეთი რამ შეიძლება მოენატროს, რასაც უნდა მოერიდოს - ნიგვზიანი საჭმელები და ნაყინი. ხანდახან, მაინც წასძლევს სული, მაგრამ ხმას - თავის განძს - სათუთად უფრთხილდება.
დედასთან და მამიდასთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობს. უთუოდ ძალზე ახარებს მისი წარმატებები პედაგოგს - რუსუდან ბახტაძეს და ფაქიზად და გემოვნებით ურჩევს ახალ სიმღერებს.
უფროსებიც თავს არ ზოგავენ და, საკმაოდ რთულ პრობლემებს შეჭიდებულნი, ჯადოქრობენ, რათა მატერიალურმა დაბრკოლებებმა გზა არ მოუჭრას და არ დააყოვნოს მარიკას წინსვლა.
ნორჩი მომღერალი, მას შემდეგ, რაც ბარბარა სთრეიზანდის არსებობა გაიგო და მისი სიმღერები მოისმინა, აღფრთოვანებულია და თავადაც მღერის საყვარელი მომღერლის სიმღერებს.
ვინ იცის, როგორ წარიმართება მარიკას შემოქმედებითი გზა?! დასაწყისი უთუოდ მრავლისმეტყველია. იმედია, შემდგომშიც, წარმატებები, ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის სანაცვლოდ, მისი სათაყვანებელი ბარბარას მსგავსად, არ მოსცილდება.
რეალურად კი მარიკამ უკვე მრავალი მიწვევა მიიღო. საჭირო თანხების მოძიების გარდა, ახლა მთავარი გონივრული გადაწყვეტილება და სწორი არჩევანია.
ჩვენს კითხვაზე - ნუთუ არ გინდა თავისუფალი დრო გქონდეს და რაც მოგესურვება, ის აკეთოო - პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რაც მარიკამ გაცნობისას, საუბრის დაწყებისთანავე გვითხრა - სიმღერით ვცოცხლობ, სიმღერით ვიზრდებიო.
როგორც ჩანს, მან თავი სწორედ ასე უნდა, გააცნოს ქვეყანას. თვითონაც ხომ სამყაროს შეცნობა სიმღერით სურს.
უცხო ქვეყნები თავისკენ იზიდავენ პატარა მომღერალს, მაგრამ - უცხოეთში დიდხანს მაინც ვერ გავძლებ, აქ ყოფნა მომენატრებაო... ესეც ბავშვური გულწრფელობით გვითხრა.
მარიკას იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ ყოველთვის საქართველოს სახელით იმღერებს და ჩვენც, თქვენთან ერთად, მის ახალ-ახალ გამარჯვებებს სიხარულით დაველოდებით.