კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი ქართულად

გია შერვაშიძე

საქართველოში ისევე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, აქტიურად ხდება კომპიუტერის, კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენში ისევე მოიხმარენ ტექსტურ რედაქტორებს, მონაცემთა ბაზებს, ელექტრონულ ცხრილებს და ელექტრონულ ფოსტას, როგორც სხვაგან. მხოლოდ ერთი, ძირითადი და მნიშვნელოვანი განსხვავებით - უცხოელი მომხმარებელი კომპიუტერთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობს, ჩვენთან კი, უმეტესწილად, წამყვანია ინგლისური ან რუსული ენა.
როგორც წესი, ყველა ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო ენის განვითარებისა და საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში მისი სრულფასოვანი დანერგვის სამთავრობო პროგრამა. ევროგაერთიანება დიდ ყურადღებასა და სახსრებს უთმობს მისი წევრი ქვეყნების ენების სრულფასოვან ჩართვას საერთო საინფორმაციო სივრცეში (საკმარისია, დავასახელოთ ხუთწლიანი მეგაპროექტი, რომლის საერთო ღირებულება 3,6 მილიარდი ევროა).
საქართველოში სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენის სახელმწიფო პროგრამა და პრეზიდენტის დადგენილება - 865 საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების ხელშეწყობის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ.
დღესდღეობით კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის გაქართულება სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ატრიბუტს, საშურსა და გადაუდებელ საქმეს წარმოადგენს. წინამდებარე წერილში შევეცდებით, მიმოვიხილოთ ჩატარებული სამუშაო და ვისაუბროთ გაქართულების ზოგად კონცეფციაზე.

გაქართულების ზოგადი პრინციპები

საქართველოში ძირითადი მოხმარების საოპერაციო სისტემებში (Windows 98, ME, 2000, XP) ქართული ენის მხარდაჭერა ნაწილობრივ, ან საერთოდ არ არის რეალიზებული, რაც კომპიუტერული პროგრამების გაქართულების მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ნაკლებად გავრცელებულია, აგრეთვე, საოპერაციო სისტემები Unix/Linux და MAC. აქედან გამომდინარე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის სრულფასოვანი გაქართულებისათვის საკმაოდ რთული და სპეციფიური სამუშაოა ჩასატარებელი. გაქართულების ზოგადი კონცეფცია ასე გვესახება:

ასო-ნიშანთა განსაზღვრა (პუნქტუაციისა და სპეციალურ სიმბოლოთა ჩათვლით);
ერთბაიტიანი (8-ბიტიანი - 256 სიმბოლო) კოდური გვერდის განსაზღვრა DOS-სთვის (Disk Operational System);
ერთბაიტიანი კოდური გვერდის განსაზღვრა (Windows და Linux საოპერაციო სისტემებისათვის);
ერთბაიტიანი კოდური გვერდის განსაზღვრა (MAC OS-თვის);
კოდური გვერდების და ასო-ნიშანთა ნაკრების ოფიციალური საერთაშორისო რეგისტრაცია;
საჭიროების შემთხვევაში, Unicode საერთაშორისო სტანდარტში დამატებითი ასო-ნიშნების შეთავაზება;
ლოკალების (რიცხვების, თარიღებისა და სხვ. ფორმატების) სტანდარტიზება;
ძირითადი 8-ბიტიანი სისტემური შრიფტების შექმნა (წერტილოვანი - მენიუების, დიალოგებისა და ფაილის სახელებისათვის);
ძირითადი 8-ბიტიანი შრიფტების შექმნა (მრუდწირული - TrueType, PostScript);
ძირითადი უნიკოდ შრიფტების შექმნა (მრუდწირული - TrueType, PostScript);
კლავიატურის სტანდარტ(ებ)ის შემუშავება;
კლავიატურის მმართველი პროგრამების შექმნა;
DOS-ANSI-Unicode ურთიერთგარდამქმნელების შექმნა;
საოპერაციო სისტემების რეგისტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
საოპერაციო სისტემებში გადამისამართებების შეცვლა;
ტერმინოლოგიის შემუშავება (ზოგადი კომპიუტერული, ინტერნეტის და სხვ.);
ქართული ენის მხარდაჭერის პაკეტების შექმნა (ინტერნაციონალიზაცია);
პროგრამების ქართულად თარგმნა (ლოკალიზაცია);
დიალოგურ ენებზე ავტომატური გადამრთველის შექმნა (გლობალიზაცია);
შემოწმება (ტესტირება) პროგრამების ქმედითუნარიანობაზე და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისობაზე.

დასახელებული სპეციალური საკითხების განხილვა, წინამდებარე სტატიაში, მოცულობის გამო, შეუძლებელია. ამიტომ ვარჩიეთ, ნაწილ პრობლემათა გადაწყვეტის გზები, მოკლედ, ინტერნეტის პოპულარული მიმომხილველის (Browser) - ნეტსქეიპ 6-ის (Netscape 6) - სრული გაქართულების მაგალითზე განვიხილოთ. ეს პროექტი დააფინანსა ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ნეტსქეიპ 6-ის თარგმნა (ლოკალიზება) და მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე მიწოდება.

ინტერნეტ მიმომხილველი მოზილა და მისი გაქართულება

პროექტზე მუშაობის პერიოდში ნეტსქეიპ-ის ღია პროექტმა მოზილა-მ გიგანტური ნაბიჯი გადადგა წინ და, შესაძლებლობებითა და სწრაფქმედებით, ნეტსქეიპ 6.2-ის ბოლო ოფიციალურ ვერსიას გადაუსწრო. ამიტომ, გაქართულების პროექტი ამ ინტერნეტმიმომხილველზე გადაირთო. მოზილა-ს ბოლო მოქმედი ვერსია (0.9.9) ა.წ. 12 მარტს გამოვიდა. ოფიციალური 1.0 ვერსიის გამოსვლა მაის-
-ივნისში იგეგმება. ღია პროექტზე გადასვლამ არა მხოლოდ პროგრამის მექანიკური თარგმნის განხორციელება, არამედ, დამატებით, ქართული ენის სრულფასოვანი მხარდაჭერის მოდულისა (ინტერნაციონალიზაცია) და ქართული ენის პაკეტის (გლობალიზაცია - ნებისმიერ დროს სხვა დიალოგური ენიდან ქართულზე და, პირიქით, გადასვლა) შექმნის და პროგრამულ კოდში ჩადგმის საშუალება მოგვცა.

ანბანი

გაქართულების ერთი თავისებურება ქართული ანბანის უნიკალობაცაა.

შრიფტები

სისტემურ და სამუშაო შრიფტებად გამოყენებულია, 1999 წელს ღია საზოგადოება - საქართველო- სა და ევრაზიის ფონდების დაკვეთით, ჩვენ მიერ შექმნილი სისტემური მრუდწირული და ახალი - მოდიფიცირებული უნიკოდ შრიფტები (ავტორი შეყვანილია შრიფტების მწარმოებელთა - მაიქროსოფტის - ოფიციალურ სიაში).

სტანდარტი

პროგრამას უნიკოდის საერთაშორისო სტანდარტის სრული მხარდაჭერა აქვს, რაც, სამწუხაროდ, სრულად არ გააჩნია ყველა საოპერაციო სისტემას.
ჩვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი - IANA (Internetional Assigned Numbers Authority) და IETF (Internet Engineering Task Force Group) - სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციებში მოწონებულია და მხოლოდ პროცედურულ ნაბიჯებს ელოდება. ეს სტანდარტი უკვე მიღებულია ნეტსქეიპის მიერ. ასევე ვთანამშრომლობთ SUN Microsystem-თან, ამ სტანდარტის მათ საოპერაციო სისტემაში (Solaris) და პროგრამირების ენაში (Java) ჩასართავად. იმედია, ეს სტანდარტიც მალე მიიღებს საერთაშორისო სტატუსს.

ტერმინოლოგია

პროგრამის გაქართულებისათვის შეიქმნა ზოგად-კომპიუტერული და პროგრამული, ინტერნეტისა და საკომუნიკაციო, ელ-ფოსტის, ვებ-გვერდების რედაქტირებისა და სხვა სახის სპეციფიური ტერმინოლოგია. ასეთი მოცულობითა და მრავალფეროვნებით იგი პირველად არის შემუშავებული და, რა თქმა უნდა, დასახვეწი და შესათანხმებელია.

თარგმნა (ლოკალიზაცია)

ნეტსქეიპის გასაქართულებლად (გავითვალისწინოთ ტერმინოლოგიის მრავალფეროვნება და შესაბამისი ქართული ტერმინოლოგიის არარსებობა) სხვადასხვა სახისა და ზომის 352 ფაილი ითარგმნა, რომლებშიც სათარგმნი სტრიქონების რაოდენობა 5,268-ს უტოლდება, ხოლო სიტყვებისა - 19 552-ს.

ქართულის ჩადგმა (ინტერნაციონალიზაცია)

იმისთვის, რომ მიმომხილველს, ერთდროულად, უნიკოდისა და ქართული 8-ბიტიანი სტანდარტის სრული მხარდაჭერა ჰქონოდა, შეიქმნა 6 ახალი ფაილი (ძირითადად კოდირებების გარდამქმნელებისა და მათი მმართველების). 12 ფაილში შესაბამისი შესწორებები შევიდა. სამუშაო, საწყის ეტაპზე, მარტივი ჩანდა, თუმცა, საკმაოდ სპეციფიური აღმოჩნდა. ნეტსქეიპის საწყისი კოდები კომპლექსური და მრავალფეროვანია - იგი ურთიერთგადაჯაჭვულ და მრავალმხრივ დაკავშირებულ 32,127 ფაილს მოიცავს. ვერსია 0.9.7-იდან კომპანიამ უკვე შეიტანა ჩვენ მიერ მიწოდებული ქართული ენის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფი კოდები, რის შედეგადაც, მიმომხილველის ენებსა და კოდირებებში შესაძლებელი გახდა ქართული კოდირების არჩევა. რაც მომხმარებელს მუშაობას და სხვადასხვა ქართული ვებ-გვერდების დაუბრკოლებლად წაკითხვას გაუადვილებს.

დიალოგების ქართულ ენაზე გადართვა (გლობალიზაცია)

ქართულად ნათარგმნი ფაილებისაგან შეიქმნა დაარქივებული (შეკუმშული) ერთი ფაილი (დაახლოებით 600 კბ), რომლის გამოძახებითა და გახსნით აქტივდება ქართული ენის მოდული. ამ მოდულის ჩასადგმელად ნახევარ წუთზე ნაკლები დროა საჭირო. ქართულის მითითებისა და პროგრამის თავიდან გაშვების შემდეგ მენიუები და დიალოგები სრულად გაქართულებულია. შესაძლებელია, აგრეთვე, ნებისმიერ დროს სხვა, უკვე გააქტივებული ენების დიალოგებზე გადასვლა, რისთვისაც საჭიროა ამ ენის მითითება და პროგრამის ხელახლა გაშვება.

მოზილა-ს შესაძლებლობები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზილა კომპლექსური და მრავალფეროვანი პროგრამაა და ძლიერ კონკურენციას უწევს მაიქროსოფტის იძულებით გავრცელებულ Internet Exproler-ს. ბოლო მონაცემებით მისი რეიტინგი სულ უფრო ზევით მიიწევს. ეს პროგრამა სავსებით აკმაყოფილებს მომხმარებლის იმ მოთხოვნებს, რაც ინტერნეტში მუშაობისას არის საჭირო. მისი ძირითადი კომპონენტებია:

თავად მიმომხილველი (ნავიგატორი)

ამ კომპონენტის ძირითადი დანიშნულება მსოფლიო აბლაბუდაში ხეტიალია. მას დამატებული აქვს რამდენიმე, მეტად მოხერხებული შესაძლებლობა. მაგალითად: სხვადასხვა გვერდის ერთი ფანჯრის რამდენიმე დაფაზე გახსნა, მომხმარებლის პანელი, სხვადასხვა სახის, მოქნილი საძიებო სისტემები და სხვ.

ფოსტა, კონფერენციები და ახალი ამბები

ამ კომპონენტის საშუალებით შეგიძლიათ აწარმოოთ მიმოწერა, გაეცნოთ სხვადასხვა თემატიკას, ახალ ამბებს, მონაწილეობა მიიღოთ ინტერესების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფების კონფერენციებში და სხვ.

ვებ-გვერდების რედაქტორი

თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ საკუთარი ვებ-გვერდები და საიტები. გათვალისწინებულია უამრავი საშუალება ნახატებთან, ცხრილებთან, შრიფტებთან სამუშაოდ, ასევე, ანიმაციისა და დინამიური გვერდების შექმნის შესაძლებლობა.

უბის წიგნაკი

წიგნაკში შეგიძლიათ შეინახოთ არა მარტო ელ-ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები, არამედ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია. ბარათები შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი პარამეტრით, გაფილტროთ (გამოხშიროთ), დააჯგუფოთ, დაალაგოთ ანბანის მიხედვით და სხვ.

IRC (Internet Related Chat) საუბარი

აქ შეგიძლიათ რეალური დროის რეჟიმში ესაუბროთ თქვენს ნაცნობებსა და უცნობებს. იგი განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებში, თუმცა ამ კომპონენტს ასაკოვანი მომხმარებელიც ხშირად იყენებს. ნეტსქეიპისათვის ასეთი სალაყბო პროგრამა ჯერ ახალი ხილია და დახვეწის პროცესშია.

უსაფრთხოება და პრივატულობა

ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავი დაიცვას კომპიუტერში ჰაკერების შეღწევისაგან; შექმნას უკვე გამზადებული ფორმები კითხვარების ავტომატურად შესავსებად, შეცვალოს პაროლები და დაშიფროს პირადი ინფორმაცია.

პულტები

სხვადასხვა დანიშნულების პულტების საშუალებით შეგიძლიათ სხვა მიმომხილველიდან (მაგ. ინტერნეტ ექსპლორერიდან) მონაცემების მოზილა-ში გადმოტანა. გათვითცნობიერებული მომხმარებლებისა და პროგრამისტებისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჟავაშცრიპტ-ის პულტი, JavaScript-ის გამმართველი და დოკუმენტებისა და ვებ-მისამართების ინსპექტორი.