საქართველო აუცილებლად მიაღწევს საწადელ მიზანს

გვესაუბრება
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში
გელა ჩარკვიანი

ბატონო გელა, ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიული ლიდერის ოჯახში აღიზარდეთ, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, თქვენი მოღვაწეობით, საზოგადოებას დასავლური ცხოვრების წესის, ფასეულობების დამამკვიდრებლად და პოპულარიზატორად მიაჩნდით. რამ განაპირობა ეს - ოჯახმა, პროფესიამ თუ მსოფლმხედველობამ?

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს დიდად განაპირობა ოჯახმა. ჩემი მშობლები ზრუნავდნენ შვილების განათლებაზე. კერძოდ, ჩვენ მიერ დასავლური ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების შესწავლაზე, ინგლისური ენის დაუფლებაზე. ეს კი უკვე საფუძველი და რეცეპტია იმისა, რომ დასავლური ღირებულებები გაითავისო.
მოგვიანებით ჩემზე დიდი გავლენა ამერიკამ, მიჩიგანის უნივერსიტეტმა მოახდინა. ამ, ყველაზე ავანგარდულ ქვეყანაში, ყველაზე ავანგარდულ დროს - 70-იანი წლების დასაწყისში - ვსწავლობდი. ახალგაზრდული რევოლუცია, დისკუსიები რადიკალებთან, ფემინისტებთან, ნეო-მარქსისტ-მარკუზიანელებთან ისეთი სკოლა იყო, რამაც ჩემი შეხედულებები თავდაყირა დააყენა და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ბევრ საკითხში დამარწმუნა და ჩამომაყალიბა.

90-იანი წლების დასაწყისიდან ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, მერაბ მამარდაშვილს რომ დავესესხოთ - "ისტორიაში შესვლისა", ათ წელზე მეტი გავიდა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

საქართველომ ბოლო ათ წელიწადში ვეებერთელა გზა გაიარა. პირადად მე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას. გზა - საიდუმლო პოლიციაზე აგებული ტოტალიტარული დიქტატურიდან პოლიტიკურად ზეაქტიურ, თავისუფალ საზოგადოებამდე, მბრძანებლური ეკონომიკიდან - თავისუფალ მეწარმეობამდე.

არცთუ ისე დიდი დროა, რაც დავიწყეთ საუბარი "მორალურ ტერორზე", ზნეობასა და ურთიერთდანდობის დეფიციტზე...

უმოწყალო, მომაკვდინებელი ცილისწამება, სამწუხაროდ, იმავე თავისუფლების ერთ-ერთი შედეგია, რომელიც მე ასე დადებითად მოვიხსენიე. საქმე ისაა, რომ დემოკრატია წონასწორობაზე აგებული დინამიური სისტემაა და სრულყოფილად მაშინ მოქმედებს, როცა მისი ყველა კომპონენტი გამართულად ფუნქციონირებს. ჩვენთან დღეს ასე არ არის. სანამ ცილისმწამებლები, სასამართლო წესით, სერიოზულად არ დაისჯებიან, როგორც ეს ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ხდება (მხედველობაში მაქვს დიდი ფულადი ჯარიმები), ის, რასაც დღეს "მორალურ ტერორს" უწოდებენ, გაგრძელდება. მიამიტობაა იფიქრო, რომ ვიღაცა რამეს შეიგნებს და ზნეობრივად ამაღლდება, თუმცა, განათლება თავისას მაინც გაიტანს და მომავალი თაობები, თუნდაც ჟურნალისტებისა, მჯერა, უფრო ეთიკურები იქნებიან.

11 სექტემბერი, დღე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ტრაგედიად ჩაიწერა, ამავე დროს, ფასეულობათა გადაფასების, "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების დასაწყისად იქცა...

ამ დღემ უფრო გამოკვეთა თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი. არ ვიტყოდი, რომ მოხდა ფასეულობათა გადაფასება. უბრალოდ, მოხდა იმის გააზრება, რომ კაცობრიობის ყველაზე მაღალ იდეალებს, კერძოდ, თავისუფლებას ჰყავს დაუძინებელი მტერი. გაირკვა ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციები, სხვადასხვა რელიგიები (ვთქვათ ქრისტიანობა და ისლამი), კი არ ეომებიან ერთმანეთს, როგორც ეს ბევრს წარმოედგინა, არამედ მხოლოდ ორი განსხვავებული მენტალური მდგომარეობის, თავისუფალი და ფანატიკურად შეზღუდული წესის (რომლის მატარებელი ადამიანები ერთ სახელმწიფოშიც კი შეიძლება ცხოვრობდნენ) დაპირისპირება ხდება. პირველის უსაზღვრო წარმატება იწვევს მეორის გაშმაგებულ შურს. ერთ-ერთი პაკისტანური გაზეთის რედაქტორმა თავის ღია წერილში ასეთი სიტყვები მისწერა ოსამა ბინ ლადენს: "ნამდვილი ჯიჰადი, ის კი არ არის, სხვის მიერ გაკეთებული თვითმფრინავები გაიტაცო, არამედ ის, რომ თვითონ შექმნა უკეთესი საფრენი აპარატები". ვფიქრობ, ამ სიტყვებით ყველაფერი ითქვა.
მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ გაკეთდა, იყო ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერორიზმის მკვებავ ნიადაგს - აგრესიულ სეპარატიზმს, ბრმა ნაციონალიზმსა და რელიგიურ ფანატიზმს.
ცხადი გახდა ისიც, რომ, ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის წყალობით, ჩვენი პლანეტა ძალზედ "დაპატარავდა" და აუცილებელია, მდიდარ და ღარიბ ერებს შორის უფსკრული შემცირდეს, რადგან მდიდარისა და ღარიბის ერთ სამეზობლოში თანაცხოვრება პრობლემებს აუცილებლად შექმნის.

საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, ახალი პოლიტიკური აზროვნების წყალობით, საქართველოს მოიაზრებს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირებელ, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარების ერთ-ერთ გარანტს. ალბათ, ამის დასტურია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება?

როგორც ვთქვი, საქართველომ დიდი გზა გამოიარა. უცნობი, კონფლიქტებით მოცული, კრიმინალების თარეშით ქანცგაცლილი პატარა ქვეყნიდან - რეგიონის საკვანძო, მრავალი თვალსაზრისით, სამაგალითო დემოკრატიულ სახელმწიფომდე. ეს თავისით არ მომხდარა. ეს არის შედეგი საქართველოს ხელმძღვანელობის, და უწინარეს ყოვლისა, მისი პრეზიდენტის მიზანმიმართული, ზუსტად გააზრებული პოლიტიკისა. წლების მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ დახმარებას უწევდა ჩვენს ხალხს, რადგან ხედავდა, რა მონდომებით აშენებდა იგი დემოკრატიულ საზოგადოებას. თანდათან იზრდებოდა ქვეყნებს შორის ნდობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრაქტიკულად, შეგვიქმნა სასაზღვრო ჯარი - დამოუკიდებლობის აუცილებელი ატრიბუტი. დღეისათვის სტრატეგიული ურთიერთობების დონემდე ავედით. ამიტომ გახდა შესაძლებელი ამერიკული დახმარება ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიცაა თანამედროვე ჯარის მშენებლობა.

ჯერ კიდევ 1998 წელს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებდა: "ახალი აბრეშუმის გზა" არაა რიტორიკა... მე მჯერა "აბრეშუმის გზის" დიდი მნიშვნელობისა ჩვენი რეგიონისთვის. მწამს, რომ ეს იდეა გაიმარჯვებს?... დღეს დასავლეთი დარწმუნდა, რომ ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის აუზის ენერგომატარებლები, საქართველოს გარეშე, ევროპამდე ვერ მიაღწევს?

"აბრეშუმის გზის" იდეის ცხოვრებაში გატარება, მნიშვნელოვანწილად, პრეზიდენტ შევარდნაძის ერთპიროვნული დამსახურებაა. მე ვესწრებოდი მის პირველ შეხვედრებს შესაბამისი ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან და კარგად მახსოვს, არცთუ უსაფუძვლო სკეპსისი მათ თვალებში. ალბათ, დაახლოებით, ასეთი გამომეტყველება ჰქონდა ლუი XIV-ს, როცა სულხან-საბა ორბელიანი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე ესაუბრებოდა. ოღონდ, მაშინ საუბარი აბრეშუმს შეეხებოდა და არა ნახშირწყალბადებს. დღეს "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობა არავისში იწვევს ეჭვს. ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში ჩაბმულია მრავალი სახელმწიფო, თვით ევროკავშირიც, რომლის მიერ ინიცირებული პროექტის სახელი - TRACECA, "აბრეშუმის გზის" სინონიმად იქცა.

ბატონო გელა, როგორ გესახებათ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივა?

ეს შეკითხვა კვლავ გვაბრუნებს განვლილი გზის თემასთან. საქართველო მთავარ პრიორიტეტად ყოველთვის ევროკავშირის წევრობას სახავდა. ამ მიზნის მისაღწევად, განვლილი წლების მანძილზე, ყველაფერი კეთდებოდა. ქვეყანაში, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭო, ხდება კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ხელმოწერილია ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება და ა.შ. თავად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაც ისე წარიმართა, რომ, დღეს ეჭვი არ მეპარება, საქართველო აუცილებლად მიაღწევს საწადელ მიზანს. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ განვაგრძობთ იმ კურსით სვლას, რომელმაც ამ ნიშნულამდე მოგვიყვანა, ევროკავშირის წევრობა განაღდებული გვაქვს.

და ბოლოს, დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთით ცხოვრობს. ვის გულშემატკივრობთ და თუ გაბედავთ პროგნოზის გაკეთებას?

ძველი დრო რომ იყოს, ადვილად გიპასუხებდით - ბრაზილია! ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთი, რომელიც მე ცხოვრებაში მინახავს, 60-70-იანი წლების ბრაზილიური ფეხბურთი იყო. იგი ერთდროულად შეიცავდა სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - უმაღლეს რაციონალიზმს, ანუ ეკონომიურობას, ჩანაფიქრის უზადო შესრულებასა და მაღალ პლასტიკას. ამგვარი რამ არავის გაუმეორებია. მომწონდა კრუიფის, შემდეგ, ვან ბასტენისა და გულიტის ჰოლანდია. ახლა ყველა კარგად თამაშობს, სწრაფად, ტექნიკურად, თავდადებით, მაგრამ ერთნაირად. ამიტომაც, ფავორიტს ვერ დავასახელებ.