GSM სამყარო კანის კინოფესტივალის დარბაზში
მსოფლიო GSM კონგრესი,
2002 წლის 19 - 22 თებერვალი,
კანი, საფრანგეთი

მსოფლიო GSM კონგრესი მობილური ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყოველწლიურად, თებერვლის მეორე ნახევარში, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში იკრიბებიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მჭიდროდაა დაკავშირებული GSM ბიზნესთან. ბოლო წლებში კონგრესის მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ დარბაზი, რომელიც უფრო კანის კინოფესტივალითაა ცნობილი, ფორუმზე დასწრების მსურველთა მხოლოდ ნაწილს იტევს, რის გამოც მიმდებარე შენობები მთლიანად კონგრესის მსვლელობას ეთმობა. ამ პერიოდში, კანსა და მის ახლომდებარე ქალაქებში, ყველა, დიდი თუ მცირე სასტუმრო დაკავებულია.
მობილური კავშირგაბმულობის დარგში მიმდინარე ცვლილებებს და განვითარების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, კონგრესისადმი ასეთი დიდი ინტერესი გასაგებია. წლევანდელი კონგრესიც გამორჩეული იყო თავისი მასშტაბით - გამოფენაზე, რომლის ფართობი
25 000 კვ/მ-ს აღწევდა, 530 კომპანიის სტენდი იყო განთავსებული.
ევროპის 50 ქვეყანაში 123 GSM ოპერატორი მუშაობს. 2000 წლის დასაწყისიდან, იმავე წლის ბოლომდე, აბონენტების რაოდენობა 169 მილიონიდან 281 მილიონამდე გაიზარდა. 2001 წლის მაისში კი ამ რიცხვმა 311 მილიონს მიაღწია. 2002 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში მობილური ქსელების 840 მილიონი აბონენტიდან, GSM სისტემით სარგებლობს 620 მილიონი ადამიანი. მხოლოდ ჩინეთში, ა.წ. თებერვლის მაჩვენებლებით, 90 მილიონი (რაც ამ ქვეყნის მობილური კომპანიების აბონენტთა რაოდენობის დაახლოებით 75%-ია) GSM აბონენტია. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ მობილური სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში.*
კონგრესი დაიწყო სამდღიანი სემინარით, რომელიც დარგში მიმდინარე მოვლენების ანალიზს, პერსპექტივებს მიეძღვნა და ტექნიკური პერსონალისთვისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის იყო განკუთვნილი. ცალკე ჩატარდა მენეჯმენტის სპეციალისტთა სემინარები.
კონგრესის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა, GSM ასოციაციის წლის ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემის ცერემონიალი, ტრადიციულად, კონგრესის დახურვის წინა დღეს გაიმართა. წლევანდელ კონგრესზე პრიზები, ნომინაციების მიხედვით, შემდეგნაირად განაწილდა:

საუკეთესო ტექნოლოგიური ინოვაცია

საუკეთესო მობილური ტელეფონი
NTT DoCoMo(იაპონია), FOMA 3G ტელეფონისთვის;

საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ქსელური გადაწყვეტა
Wireless Online (აშშ), ClearBeam GSM/GPRS ანტენისთვის.

საუკეთესო მომსახურება და მომსახურების პაკეტი

საუკეთესო სამომხმარებლო მომსახურება
Code Online (ფინეთი), თამაშისთვის "ვის უნდა მილიონი?";

საუკეთესო სამომხმარებლო პაკეტის დამუშავება
Network 365(ირლანდია), პროდუქტისთვის mzone.

საუკეთესო მარკეტინგული გადაწყვეტა

საუკეთესო სატელევიზიო რეკლამა
Sonera Corporaton (ფინეთი), რეკლამისათვის IN;

საუკეთესო მარკეტინგული კამპანია
Orange (საფრანგეთი), ბრენდის რეკლამისთვის.

საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილი

დაქვეითებული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამის დამუშავება
MTN Network (შრი ლანკა), პროექტისთვის "ცვლილება;

მოქალაქეობრივი წვლილი
Ericsson (შვედეთი)
სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულთა სწრაფი
და ეფექტური დახმარებისთვის.

GSM ასოციაციის თავმჯდომარის სპეციალური ჯილდო
განსაკუთრებული წარმატებისთვის GSM ასოციაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად ასახელებს და სპეციალური პრიზით აჯილდოებს პიროვნებას ან ორგანიზაციას.

წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პრიზი იაპონურ კომპანია NTT DoCoMo-ს (ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო მობილური ტელეფონი), გადაეცა. შეიძლება ითქვას - DoCoMo, დღევანდელ მობილურ კომპანიებს შორის, მესამე თაობის ტექნოლოგიების დანერგვის პიონერია.
NTT DoCoMo-ს მიერ, ჯერ კიდევ, 1999 წლიდან გაშვებული i-mode მომსახურება, მოკლე ხანში, იმდენად პოპულარული გახდა, რომ უკვე 2001 წლის დაკემბერში i-mode-თი 30 მილიონი აბონენტი სარგებლობდა. ამ მომსახურების დანერგვის შემდეგ, მონაცემთა გადაცემიდან მიღებულმა შემოსავალმა კომპანიის მთლიანი შემოსავლების 20% შეადგინა. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ისეთი წარმატებული კომპანიაც კი, როგორიცაა Vodafone Group, შემოსავლების ასეთ განაწილებას მხოლოდ 2004-2005 წლისთვის ვარაუდობს.
ჯერ კიდევ 2001 წლის კანის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, 2001 წლის მაისიდან მესამე თაობის სისტემებზე გადასვლის შესახებ, ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად შეხვდა. სკეპტიციზმი გამოცხადებულმა თარიღმა გამოიწვია. NTT DoCoMo-ს ექვსი თვე "დააგვიანდა" და იმავე წლის ნოემბერში, პირველად მსოფლიოში, კომერციულ მომსახურებაში 3G (მესამე თაობის) მომსახურება გაუშვა. WCDMA-ზე დაფუძნებული ახალი თაობის ტექნოლოგია საერთაშორისო სტანდარტ IMT-2000-თან სრულ შესაბამისობაშია. ახალი სისტემა FOMA(Freedom OF Mobile Multimedia Access), რომელიც NTT DoCoMo-ს გამოკვლევების ცენტრისა და Yokosula Research Park-ის მიერ ერთობლივად დამუშავდა, პირველი ახალი თაობის სისტემა გახდა, რომელიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, ვიდეო გადაცემას, მუსიკის გადაცემას და სხვა მრავალ მომსახურებას აერთიანებს.
მართალია, ეს მომსახურება ჯერ-ჯერობით მხოლოდ იაპონიაში მოქმედებს, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც არც ისე შორეული ჩანს.
3G ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლოა მობილურ ინდუსტრიაში.
კანის კონგრესის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გამოფენაა, სადაც მობილურ ტექნოლოგიებში განხორციელებული ყველა სიახლეა დემონსტრირებული. ამ სფეროში მომუშავე კომპანიები განცხადებას, ახალი მიღწევების შესახებ, სწორედ აქ აკეთებენ და უამრავ დაინტერესებულ ადამიანს ეძლევა საშუალება, იხილოს და გაეცნოს ამ სიახლეებს.

* * *

წელს, დამთვალიერებელთა ყურადღების ცენტრში მობილური ტელეფონების მწარმოებელი, ფინური კომპანია, Nokia მოექცა. 2001 წელს მსოფლიოში გაყიდული აპარატების 33% სწორედ მასზე მოდის. გამოფენაზე Nokia-მ რამდენიმე ახალი მოდელი წარმოადგინა. განსაკუთრებით საინტერესო უჩვეულო დიზაინის Nokia 7650 აღმოჩნდა. ამ მოდელის მიმართ ინტერესი აპარატში ჩამონტაჟებულმა კამერამ გამოიწვია, რომლის საშუალებით შესაძლებელია სურათის გადაღება, მისი ფაილად შენახვა ან სულაც MMS-ით სხვა მობილურ აპარატზე გადაგზავნა. MMS (Multimedia Messaging Service - მულტიმედია შეტყობინებების მომსახურება) დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც მოკლე შეტყობინებათა მომსახურება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ MMS-ით შესაძლებელია ხმის, გრაფიკული გამოსახულების და ტექსტის გადაცემა. Nokia 7650 მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აპარატის სატელეფონო წიგნაკში, სახელთან ერთად, ფოტოსურათიც შეიტანოს. ამ სახეობის Nikia, წარმომადგენელთა განცხადებით, ა.წ. აპრილ-მაისისთვის უნდა გამოჩნდეს ევროპის ბაზარზე.

* * *

Motorola დიდი ხნის მანძილზე GPRS ტელეფონების ერთადერთ მწარმოებლად რჩებოდა. კონგრესზე გაკეთებული განცხადებით, ის, მსოფლიო ბაზარზე, ა.წ. მესამე კვარტლისთვის, მესამე თაობის აპარატის, A820-ის გამოტანას აპირებს. ამ ნაბიჯით Motorola 3G ტელეფონების მწარმოებელ პირველ დასავლურ კომპანიად იქცევა და, ტრადიციულად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ, პირველობას არავის დაუთმობს.
კონგრესზე გაჟღერდა Motorola-ს განცხადება, რომ იგი, China Mobile-სთან ერთად, ჩინეთისთვის 3G-ს პოტენციალის შესწავლას აპირებს და ამ ქვეყანაში ახალი თაობის ქსელების საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად იმუშავებს. მოტოროლას ჩინეთის ბაზრის გლობალური სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებების სექტორის ხელმძღვანელის განცხადებით, "ჩინეთში მესამე თაობის ტექნოლოგიის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ტელეკომუნიკაციის განვითარებაზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

* * *

მობილურ ინდუსტრიაში ნელ-ნელა იკრებს ძალას კორპორაცია Microsoft, რომელიც აქტიურად ცდილობს, დაიკავოს ადგილი მობილური აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. სწორედ ამ მიზნით 2001 წელს, კომპანიის მიერ, გაკეთდა განცხადება GSM ასოციაციაში მისი გაერთიანების შესახებ (სხვათა შორის, GSM ასოციაციაში გაერთიანდნენ Cisco, Psion, უფრო ადრე კი IBM და Bull, რომლებიც, ტრადიციულად IT სექტორის კომპანიებად ითვლებოდნენ. GSM ასოციაციის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ტენდენცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ უმავთულო და მავთულიანი ტექნოლოგიების კონვერგენციის პროცესებში უკვე ჩაერთვნენ ამ სფეროებში მომუშავე უდიდესი კომპანიები). განვლილმა წელმა აჩვენა, რომ მობილურ ინდუსტრიაში Microsoft წარმატებები, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროსთან შედარებით, შთამბეჭდავი არ არის. ევროპული კომპანიები, განსაკუთრებით, მობილური ტელეფონების დიდი მწარმოებლები, ამ ეტაპზე Microsoft-თან თანამშრომლობას Symbian-თან მუშაობას არჩევენ. გამონაკლისს მხოლოდ SMASUNG წარმოადგენს, რომელიც დღეისათვის Microsoft-ის ოპერაციული სისტემით სარგებლობს.
მაიკროსოფტი იმედს არ კარგავს, რომ PDA ბაზარზე SmartPhone-ის შეტანით თავის გავლენას კიდევ უფრო გაზრდის. კომპანიის ალიანსი ამერიკულ Texas Instruments-თან ასეთი აპარატის წარმატების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

* * *

კონგრესზე კომპანია SAMSUNG-მა, Emblaze Systems-თან ერთად, წარმოადგინა ვიდეოტელეფონი GPRS ქსელებისთვის. ახალი ტერმინალი მომხმარებელს Emblaze Systems-ის ASIC ჩიპის გამოყენებით მუსიკალური კლიპების, ინტერნეტის და სხვა ანიმაციური სურათების დათვალიერების საშუალებას აძლევს. ქსელის ოპერატორის მიერ, GPRS ქსელებისთვის გამოყოფილი ზოლის მიხედვით, გამოსახულების ხარისხი იცვლება, რომელიც, თავის მხრივ, რეგულირდება ეკრანზე გამოსახულების ზომის ცვლილებით.

* * *

კანის მსოფლიო კონგრესზე ის უამრავი სიახლე იქნა წარმოდგენილი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასახვას ჰპოვებს მობილური ტექნოლოგიების განვითარებაზე. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, GSM კონგრესის სახელწოდება, მისმა ორგანიზატორებმა, ოდნავი სახეცვლილებით წარმოადგინეს და მას 3GSM კონგრესად მოიხსენიებენ.

ლევან ბუჩუკური
"მაგთიკომის" გენერალური დირექტორი