მაგთიკომის რადიოსარელეო კავშირის ქსელი

რამდენიმე წელი გავიდა, რაც მაგთი GSM-მა ფუნქციონირება დაიწყო და მისმა ქსელმა საქართველოს დასახლებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მოიცვა. დღეისათვის მაგთი GSM-ის აბონენტთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. თავდაპირველად კი, თბილისში შვიდი და რუსთავში ერთი საბაზო სადგური ამოქმედდა, რომელთაც ეტაპობრივად ემატებოდა ახალი ობიექტები. მაგთიკომი პირველი იყო კახეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, გუდაურში, ბაკურიანსა და ყაზბეგში.

ქვეყნის ტერიტორიის სრულფასოვანი დაფარვა, ფიჭური რადიოკავშირის ქსელით, არ არის მარტივი საქმე. მით უმეტეს, ისეთი რთული რელიეფის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენში ბევრია ცენტრალურ რაიონებს მოწყვეტილი, მთებში ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული დასახლებული პუნქტი. ამიტომ, ყოველი საბაზო რადიოსადგურის განთავსების ადგილის შერჩევა, რელიეფის სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს. გარდა ამისა, ამა თუ იმ ზონის დაფარვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სადგურამდე მისასვლელი გზების, ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების ორგანიზების მოხერხებულობაც. ის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ამ ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევა, ცალკეული ობიექტებისთვის შესაძლოა, მკვეთრად განსხვავებული იყოს და ორიგინალურ გადაწყვეტას მოითხოვდეს.
მაგრამ ყოველივე ზემოთქმული პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე, და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხია საბაზო სადგურზე გასვლის შესაძლებლობა. მთიან რეგიონებში საბაზო სადგურის ადგილმდებარეობის განსახილველი ალტერნატიული ვარიანტებიდან, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ, ეს ფაქტორია გადამწყვეტი.

საბაზო სადგურზე გასვლა, ანუ მისი დაკავშირება ქსელის საკომუტაციო ცენტრთან, GSM სისტემაში, ხორციელდება 2,048 მგბიტი/წმ გადაცემის სიჩქარის მქონე ციფრული ტრაქტების საშუალებით. ეს ევროპული სტანდარტია და მას აღნიშნავენ როგორც E1. საზოგადოდ, ასეთი ტრაქტების ორგანიზება შეიძლება როგორც არსებული, ისე სპეციალურად ამ მიზნისათვის აგებული გადაცემის სისტემების საფუძველზე. მაგრამ რეგიონებში მიმობნეულ საბაზო სადგურებზე გასვლის ერთადერთი გზა ამ მიზნისათვის სპეციალურად აგებული რადიოსარელეო ხაზების გამოყენებაა. მაგთიკომის მობილური კავშირის ქსელი მთლიანად აგებულია საკუთარი ციფრული რადიოსარელეო სისტემების საფუძველზე და მოიცავს რადიოსარელეო მაგისტრალებს, ორგანიზებულს თბილისიდან დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს, კახეთის, ქვემო ქართლისა და რიგი სხვა მიმართულებებით. დღეისათვის, შესაძლებელია, ამ მაგისტრალებიდან ცალკეული საბაზო სადგურებისაკენ რადიოსარელეო განშტოებების ორგანიზება. მაგრამ ცხადია, რომ ყველა განშტოების რეალიზაცია არ არის ერთნაირი სირთულის. ისევ და ისევ საქართველოს რთული რელიეფი და ცალკეულ რეგიონებში კლიმატის მრავალფეროვნება ქმნის რადიოტალღების გავრცელების მკვეთრად განსხვავებულ პირობებს. ამდენად, თითოეული რადიოსარელეო ხაზის ორგანიზება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მანძილი ქსელში არსებულ სადგურებს შორის მკვეთრად განსხვავებულია, გვხვდება როგორც ერთეული, ისე ათეული კილომეტრით დაშორებული სადგურები. კოჯორსა და გუდაურს შორის კი მანძილი 92 კილომეტრია. რაც უფრო მეტია მანძილი სადგურებს შორის, მით უფრო რთულია კავშირის საჭირო მდგრადობის უზრუნველყოფა, ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირობებში.
საზოგადოდ, ორი ობიექტის მდგრადი რადიოკავშირის ორგანიზებისათვის საჭიროა, მათ შორის იყოს პირდაპირი ხედვა, მაგრამ მაღალმთიან რეგიონებში ამის უზრუნველყოფა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება. გამოსავალს, რადიოსარელეო სადგურებს შორის, სათანადოდ შერჩეულ ადგილზე პასიური რეტრანსლიატორის განთავსება წარმოადგენს. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით გახდა შესაძლებელი მაგთი GSM-ის დაფარვის ზონის გავრცელება ახალქალაქში, სარფში, ყაზბეგში, ფასანაურში, მესტიასა და შოვში.

დღეისათვის მაგთიკომის ციფრული რადიოსარელეო კავშირის ქსელი საქართველოში ყველაზე უფრო ფართოა. იგი, თითქმის, ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. ამ ქსელში არსებული რადიოსარელეო ხაზების საერთო სიგრძემ 3000კმ-ს გადააჭარბა და E1-ების რაოდენობის მხრივ, დიდი რეზერვებით დაპროექტდა. ამიტომ, იგი აკმაყოფილებს არა მარტო მაგთი GSM-ის საბაზო სადგურების მოთხოვნებს (მისი განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით), არამედ დამატებით ქმნის ინფორმაციის მიმოცვლის საშუალებას სხვადასხვა დანიშნულების მონაცემთა გადაცემის სისტემებისთვისაც. ეს უკანასკნელი დიდად დააინტერესებს იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც მოითხოვს მათი მოქმედების არეალის გავრცელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მაგთიკომის ციფრული ტრაქტების გამოყენება შეიძლება: ქვეყნის რეგიონებში სატელევიზიო პროგრამების მიწოდებისათვის, ინტერნეტის, საბანკო და საბაჟო მომსახურების, რიგი სხვა სპეცდანიშნულების ტელემომსახურების ქსელებისა და სისტემების ორგანიზებისათვის.

გივი მურჯიკნელი
მაგთიკომის ტექნიკური მენეჯერი, პროფესორი