მხატვრის სახელოსნოში

თამაზ ხუციშვილი

პიონერთა სასახლეში, ხატვის წრეზე, შემთხვევით მოვხვდი. ჩემი პირველი პედაგოგი უბრწყინვალესი პიროვნება და ძველი თაობის კარგი მხატვარი (პორტრეტისტი), გრიგოლ მესხი იყო. ხატვის ანა-ბანა მან შემასწავლა, პირველი ნათლობაც მასთან მივიღე.
პატარაობისას კი ჯერ მეხანძრეობა მინდოდა, მერე - მთამსვლელობა. მეგონა, ეს პროფესია ოჯახის რჩენის საშუალებას მომცემდა...

იმ დროს ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, მამა გარდაცვლილი იყო, მაგრამ დედაჩემმა ყველაფერი იღონა და კერძო მასწავლებელს მაინც მიმაბარა. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. ალექსანდრ ბაჟბეუქ- მელიქოვი გახდა ჩემთვის ერთადერთი და დიდი მაესტრო, რომლის გაკვეთილებს, შემდეგ, აკადემიაში სწავლის პერიოდშიც ვიღებდი.
ერთხელ, თუ არ ვცდები 1957 წელს, ვინმე ძმებმა ალიხანოვებმა, რომლებიც გამომგონებლები იყვნენ, ბაჟბეუქ-მელიქოვისგან, საკმაოდ ძვირად, იყიდეს ნამუშევრები. ბატონმა ალექსანდრემ დედას ნებართვა სთხოვა და ამ თანხით მოსკოვს წამიყვანა, სადაც დრეზდენის სურათების გალერეის გამოფენა მიმდინარეობდა. იმ დრომდე, ამ გალერეის უნიკალური კოლექციის საბჭოთა კავშირში არსებობას, ხელისუფლება ჯიუტად უარყოფდა. აცხადებდა, რომ ომის დროს განადგურდაო. გამოფენა პუშკინის მუზეუმში მიმდინარეობდა და ზღვა ხალხი აწყდებოდა. ისინი რამდენიმე დღე იდგნენ რიგში. ბაჟბეუქის - მხატვართა კავშირის წიგნაკის წყალობით, ჩვენ რიგში დგომა არ გვიწევდა და ყოველდღე დავდიოდით ექსპოზიციის სანახავად...
ერთ დღესაც ბატონი ალექსანდრე მეკითხება, რომელი ნამუშევარი მოგეწონა ყველაზე მეტადო? მე შოკოლადნიცასთან შევჩერდი. - ახ ტი ფალშივი ჩელოვეკ! - აღმოხდა ჩემი გემოვნებისაგან გაოგნებულ მაესტროს - ხვალვე ჩაგსვამ მატარებელში და გაგიშვებ თბილისშიო - და თავში მშვენიერი ქოთიც მომხვდა. ამ შემთხვევას შედეგი ჰქონდა. მეორე დღეს, როდესაც ტიციანის ტილოები ვნახე და აღტაცება ხმამაღლა გამოვხატე, ნასიამოვნებმა მასწავლებელმა დამაჯილდოვა და საღამოს, სასტუმროში, ტკბილეულით გამიმასპინძლდა.
მანამდე კი დედას, სერგო ქობულაძემ, აპოლონ ქუთათელაძემ და უჩა ჯაფარიძემ ურჩიეს, ჯერ სუსტია და, იქნებ, ქსოვილების მხატვრული დამუშავების ფაკულტეტზე სცადოს მოწყობა, შემდეგ გადავიყვანთ ფერწერაზეო. მართლაც მოვეწყვე ამ ფაკულტეტზე და ვსწავლობდი ბატიკას, გობელენს, თექას, ხალიჩას, რომელთაც ბრწყინვალე პედაგოგი, პროფესიონალი დავით ციციშვილი მასწავლიდა...
რამდენიმე წლის წინ ჩინეთში მიმიწვიეს, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებისთვის ერთწლიან სემინარზე, დაზგური ფერწერის კვალიფიკაციის კურსების ხელმძღვანელად. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ. საბჭოთა კავშირის დროს, თითქმის, ყველა მოკავშირე რესპუბლიკა შემოვლილი მქონდა, საზღვარგარეთ კი ნამყოფი არ ვიყავი. რაღა დაგიმალოთ და ძალიან გამიჭირდა, მომენატრა აქაურობა.

პეკინი უცნაური ქალაქია, რაღაცით თბილისსაც მაგონებს. მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, თბილისური იტალიური ეზოები, ონკანითა და თუთის ხეებით.
როგორც ჩანს, მასპინძლებმა ნოსტალგია შემამჩნიეს და ერთ ოჯახში მიმიწვიეს. გადმოვედი მანქანიდან, გაიღო ჭიშკარი და შემომეგება ულამაზესი მამაკაცი, რომელიც ქართულად მომესალმა: გამარჯობათ, ჩემო ბატონო!, შინ შესულებს ქართული სუფრა გველოდა - ღომით, ბაჟეთი და ლობიოთი. ჩინელებს მრავალფეროვანი და მდიდარი სამზარეულო აქვთ, მაგრამ ნიგვზიან საჭმელებს არ ამზადებენ, ამიტომ გამიკვირდა. დავიბენი და ვიფიქრე, ალბათ, ეს ყველაფერი ჩემს საპატივცემულოდ მოაწყვეს მეთქი. სანამ მაგიდას მივუსხდებოდით, მასპინძელმა საოჯახო ალბომის დათვალიერება შემოგვთავაზა. ალბომი გადავშალე და თვალებს არ დავუჯერე, ჩემი პირველი კლასის სურათი დავინახე. აი, ეს მე ვარ, ეს გურამ ჩხეტია, გია ბორჩხაძე და დანარჩენები, ბოლოს სანდრო თუშმალიშვილზე შევჩერდი და მივხვდი ყველაფერს... სანდროს ნათესავები ჰყავდა ჩინეთში და მეც ერთ-ერთი მათგანის ოჯახში აღმოვჩენილვარ. ამ ალბომში ვნახე ბატონი დავით ციციშვილის ფოტოსურათებიც.
...მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მხატვართა კლუბში სტუდენტურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. სწორედ ამ გამოფენაზე შემოგვთავაზა შოთა სამხარაძეს, ირაკლი ყიფშიძესა და მე, პროფესორმა ფარნაოზ ლაპიაშვილმა, ფერწერის ფაკულტეტის თეატრის დეკორატიული მხატვრობის სახელოსნოში გადასვლა, რომელიც 1966 წელს დავამთავრე კიდეც. თეატრთან, სცენასთან ურთიერთობა, ჩემთვის უტკბილეს მოგონებად დარჩა. საქართველოში, თითქმის, ყველა სახელმწიფო თეატრში მიმუშავია, მაგრამ მოგვიანებით, ამ საქმიანობაზე რატომღაც გული ამიცრუვდა.
ჩემ გარშემო ძალიან საინტერესო ადამიანები ტრიალებდნენ. მათთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ მიხაროდა, ბევრ რამესაც მასწავლიდა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და მრავლისმომცველი ბატონ მიხეილ ჭიაურელთან გატარებული რამდენიმე წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძია მიშა თავად თეატრისა და კინოს რეჟისორი გახლდათ, სწორედ მან ჩამაგონა, რომ სცენოგრაფიისთვის თავი დამენებებინა და ნამდვილი ფერწერისთვის მომეკიდა ხელი. მახსოვს, ერთხელ, დავალება მომცა - დამეხატა საზარელი გარეგნობის, ხეიბარი გენერლის პორტრეტი. ერთი კვირა ვიმუშავე და ნამუშევარი, რომელიც ცუდი არ იყო და თავად მომწონდა, სიამაყით წარვუდგინე. მან კი აიღო ფანქარი და ნახატი გადახაზა. რას შვრები ძია მიშა?! - გაოცებულმა შევყვირე. ჭიაურელი მომიტრიალდა და დამმოძღვრა: - იცი რას გეტყვი შვილო, ამ ტექნიკურად კარგად შესრულებულ ნამუშევარში ესთეტიკა ვერ დავინახე. გახსოვდეს, მკვლელსაც რომ ხატავდე, იგი კაცში ზიზღს არ უნდა იწვევდესო.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ხშირად ვმონაწილეობდი ამა თუ იმ თემატურ და თავისუფალ გამოფენებში. ეს არაფერს არ გავალებდა და თანაც ანაზღაურებაც კარგი იყო. მახსოვს, ლენინის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე ტილო ძველი თბილისი გამოვფინე. თემა თითქოს გამოფენის შინაარსს არ პასუხობდა, მაგრამ ეს ნამუშევარი იმდენად მოეწონათ, რომ ტრეტიაკოვის მუზეუმის თანამედროვე განყოფილებამ შეიძინა.
კომუნისტური ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ჩემს ოჯახზე დატრიალებული უბედურებებისა, ლოიალურად ვიყავი განწყობილი. მხატვრობა იმდენად რთული და შრომატევადი პროფესიაა, რომ თავისუფალ დროს არასდროს მიტოვებდა, მით უმეტეს პოლიტიკაზე ფიქრისთვის. რაც შეეხება პარტიული ლიდერების პორტრეტებს, ბევრი მაქვს შესრულებული. გოია ხატავდა დედოფალს, რომელსაც ვერ იტანდა და მე რომ მეხატა ლენინი, ბრეჟნევი თუ სხვა, დიდი ჰონორარის სანაცვლოდ, რა გასაკვირია?
პორტრეტებს სტუდენტობის პერიოდიდან ვაკეთებდი, მაგრამ ვთვლი, რომ მე პორტრეტისტი არ ვარ. ჩემს შემოქმედებას სხვადასხვა ეტაპებად ვერ დავყოფ. მქონია პერიოდები, როდესაც ნამუშევრებში ხან მუქი კოლორიტი ჭარბობდა, ხან ღია. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეებს სულ იმას ვუჩიჩინებ, ესა თუ ის ფერი არ აითვალისწუნონ, ხშირად თავად მემართება იგივე. ფერს თავად ვამზადებ, ანუ ტიუბიკის ფერი ჩემთვის მიუღებელია, მე იგი უნდა შევაზავო და ჩემებურად მოვარჯულო.
მუშაობა რომც არ მინდოდეს, როდესაც მოლბერტთან ვდგები, საკუთარ თავს განვაწყობ და ყველაფერი მავიწყდება. მე პროფესიონალი მხატვარი ვარ, რომელსაც 13 წლიდან, 49 წელია, ფუნჯი მიჭირავს და საღებავების სუნს ვყნოსავ. რამდენი გადაგდებული ნამუშევარი ამოუღია დედას ნაგვის ყუთიდან და შეუნახავს. გასულა დრო, შემიხედავს და მომწონებია...

მე და ჩემი შვილიშვილი, პატარა თაკო, ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ თუ საიდან მოდის მდინარე, რატომ ეცვლება ფერი ფოთოლს, მაგრამ ყველაზე პოპულარული თემა, დღემდე, ბაქტერიები, ბაცილები და ჭუჭყია. ჩემი არგუმენტაცია ხელების დაბანის აუცილებლობისა, მასში ცოტა ეჭვს იწვევს - ბაცილა და ბაქტერია, ჯერჯერობით ვერც სათვალით და ვერც ლუპით დავინახეთ.
მაგრამ ჯერჯერობით...