საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია

GEORGIAN INTERNATIONAL OIL CORPORATION

აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფანი

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სისტემის” პროექტების საჯარო განხილვის პროცესი

ამჟამად, საჯაროდ მიმდინარეობს “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სისტემის” პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით ინვესტორების მიერ წარმოდგენილი გარემოსდაცვითი, სოციალური და ტექნიკური დოკუმენტების განხილვები.

საჯარო განხილვებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა აკადემიის სპეციალური კომისიის წევრები, ქართველი მეცნიერები და ექსპერტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

მილსადენების მშენებლობის პროცესი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს მხარე დაამტკიცებს “გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასებას”, რომელშიც ინვესტორებმა სრულად უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საზოგადოების შენიშვნები ზემოაღნიშნული საჯარო განხილვებისას.

მილსადენების მშენებლობის, ისევე როგორც ექსპლუატაციის, ეტაპებზე შეიქმნება საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც დეტალურად გააკონტროლებენ პროექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რაც ასევე ხელს შეუწყობს მილსადენების პროექტების განვითარების ყველა ასპექტის გამჭვირვალობას.

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სისტემის” პროექტების ინვესტორებთან ერთად მუშავდება და განხორციელდება მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის სპეციალური პროგრამები.

მილსადენების პროექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მაქსიმალურად მოხდება საქართველოს მოსახლეობის დასაქმება. ამ პროცესის ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის, იმ რეგიონებში სადაც გადის მილსადენების მარშრუტი, შეიქმნება რეგიონალური დასაქმების ცენტრები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას დამატებით მიეწოდება უახლოეს მომავალში.

საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ: მილსადენების პროექტების განვითარების ყველა საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს შენიშვნებითა და მოსაზრებებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით შემდეგ ნომრებზე: 998979, 920246, 920251.

 


380005, თბილისი, სანაპიროს ქ. 4
4, Sanapiro str, 380005, Tbilisi, Georgia

Tel.:(995 32) 998979, Tel./ Fax: (995 32) 920245, E-mail:gioc@caucasus.net