გია ჯოხთაბერიძე: "მაგთიკომი", "მაგთი" GSM ხუთი წლის ოპერატორია...

1997 წლის 22 სექტემბერს "მაგთიკომმა", საქართველოში რიგით მესამე ოპერატორმა, მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე, ოპერირება დაიწყო და იმავე წლის ბოლოს, სულ რაღაც 100 დღეში, ჩვენს ქვეყანაში მობილური კავშირგაბმულობის ლიდერი გახდა, რაც სწორი მენეჯმენტისა და "ნეოსტუდიის" ზუსტად გათვლილი სარეკლამო კამპანიის შედეგი იყო.

"მაგთიკომი" დღესაც უდაო ლიდერია! 2002 წლის 10 ივლისს, როდესაც ამ წერილს ვამზადებ, "მაგთიკომს" 211 ათასზე მეტი აქტიური აბონენტი ჰყავს და თავისი ქსელით საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 95%-ზე მეტს ფარავს. ათ დღეში "მაგთის" სიგნალით კოდორის ხეობაც დაიფარება, რისთვისაც უკვე ნახევარი წელიწადია ვმუშაობთ...

კავშირგაბმულობა, ომიანობისა თუ მშვიდობის დროს, განვითარებისა და წინსვლის საწინდარია და ამის გამო, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, კომუნიკაციების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. საქართველოში არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ იმუშავებს, თუ ამა თუ იმ რეგიონს გარე სამყაროსთან კავშირი არ ექნა.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების "მაგთის" დაფარვის ზონაში მოქცევა, ბიზნესის თვალსაზრისით, ისეთი გამართლებული არაა, როგორც, ვთქვათ, თბილისის რომელიმე უბნის. საერთოდ, მხოლოდ ფინანსური წარმატება ჩემი და ჩემი კოლეგების მამოძრავებელი არ არის. მამოძრავებელია საქმე და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მოგება კი ბოლომდე მიყვანილი საქმის შედეგია, რომელიც საშუალებას გაძლევს ისევ სხვა, ახალ საქმეს მოჰკიდო ხელი... ამიტომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში "მაგთი" GSM კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ცოტა დარჩა და საქართველო მთლიანად დაიფარება "მაგთის" სიგნალით.

კიდევ ერთი და მთავარი " "მაგთიკომი" ქართული ფირმაა! ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ამ სიტყვის ფართო გაგებით.
"მაგთიკომის" არსებობის შვიდი წლის და ოპერირების ხუთი წლის მანძილზე, ჩვენ მიერ, თითქმის, 62 მილიონი ლარია შეტანილი საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ საქართველოში აბსოლუტური გამჭვირვალეობის პრინციპი და, მასმედიის საშუალებებით, ყოველთვიურად ვამცნობთ მოსახლეობას ამ შენატანების შესახებ.
და კიდევ, ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ზნეობაა. ყოველივე ის, რაც დღეს საქართველოში არ მოგვწონს, უპირველესად, ზნეობის დეფიციტის გამოა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ქვეყანა, საბჭოთა კავშირი, რომელიც ჩვენი სამშობლო არ იყო. ახლა კი ჩვენი ქვეყანა ჩვენივე სამშობლო " საქართველოა! ეს ღრმად უნდა გავიცნობიეროთ.
ზნეობის დეფიციტის შევსება კი მხოლოდ კულტურას შეუძლია. ამიტომ "მაგთიკომის" ქველმოქმედების ძირითადი და მთავარი "სამიზნე", სხვასთან ერთად, კულტურა და კულტურის მოღვაწენი არიან.
დღეს "მაგთიკომის" თითოეული საკვანძო რგოლი უმაღლესი კლასის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მეამაყება, რომ ჩვენ შევძელით თანამედროვე ტიპის კავშირგაბმულობის ფირმის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ანალოგიურ კომპანიას შეგვიძლია შევადაროთ. პასუხს ვაგებ ჩემი სიტყვებისთვის " ჩვენ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს არაფრით ჩამოვუვარდებით: არც თანამედროვე ტექნოლოგიებით, არც მომსახურების სრული სპექტრით (GSMოპერატორის სერვისები მაქვს მხედველობაში) და არც მენეჯმენტით!

ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ "მაგთიკომის" თანამშრომლებს ოპერატორობის ხუთი წლისთავს. დიდი მადლობა მათ პატიოსნების, მუყაითობისა და პროფესიონალიზმისათვის.

დიდი მადლობა "მაგთი" GSM აბონენტებს თანადგომისთვის, რომლის გარეშეც ჩვენი მიღწევები მიუწვდომელი იქნებოდა.