ბიბლიური პატიოსანი თვლები
და მათი მისტიკურ-სამკურნალო თვისებები

ბიბლიური გადმოცემით, უფლის ბრძანების თანახმად, ისრაელის რჯულმდებელს - მოსეს თავისი ძმის - პირველმღვდელმთავარ აარონის შესამოსელზე ოთხ რიგად უნდა განელაგებინა 12 პატიოსანი თვალი. თითოეულ ქვაზე ამოტვიფრული უნდა ყოფილიყო ისრაელის 12 შტოს შესაბამისი სახელი შემდეგი თანმიმდევრობით: სარდიონზე - რუბენის სახელი, ტოპაზზე - სიმეონისა, ზურმუხტზე - ლევისა, იაკინთზე - იუდასი, საფირონზე - დანისა, იასპზე - ნეფთალემის, ლიგვირიონზე - გაადისა, აქატზე - ასერის, ამეთვისტოზე - იზაქარისა, ძოწეულზე - ზაბილონის, ბივრილზე - იოსების, ონიქსზე - ბენიამინისა. აარონის მიერ ღვთისმსახურების აღსრულებისას, ამ პატიოსანი თვლების მეშვეობით, სიმბოლურად წარდგებოდა იაკობის 12 შტო უფლის წინაშე, რითაც მყარდებოდა მისტიკური კავშირი უზენაესსა და მის რჩეულ ერს შორის.
ამ საკითხს საგანგებოდ ეხება IV საუკუნის ბიზანტიელი ავტორი წმ. ეპიფანე კვიპრელი თავის თხზულებაში თვალთაი, რომელშიც შესწავლილია ზემოჩამოთვლილი ბიბლიური პატიოსანი ქვები არა მარტო ლიტურგიკული და მისტიკური ასპექტებით, არამედ მინერალოგიურ - სამკურნალო თვალთახედვითაც. როგორც ჩანს, ადრეულ შუა საუკუნეებში, უკვე შემუშავებული იყო გარკვეული მეცნიერული დაკვირვება ძვირფას თვალთა ბიოენერგეტიკული ველის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებით, რაც თანამედროვე ბიომედიცინაში მნიშვნელოვნად გააქტუალურებულია, რადგან დადგენილია, რომ ძვირფას თვლებს აქვთ თავიანთი სამკურნალო ენერგეტიკა: ისინი ირეკლავენ უარყოფით მუხტს, ან შეიწოვენ მას, რითაც თავიანთ მფლობელს იცავენ ბოროტი ძალისა თუ რომელიმე სნეულებისაგან. ეს კი მათი ფერის ცვლილებაში აისახება.
იმასაც შევნიშნავთ, რომ წმ. ეპიფანე კვიპრელის თვალთაი ყველაზე სრულყოფილი ვერსიით ქართულ ენაზეა შემონახული და შეტანილია ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს ხელნაწერში - შატბერდის კრებულში(X ს.) და კიდევ: ძველ აღთქმისეულ პატიოსან ქვებს შეესიტყვება ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთი მოწაფეთაგანი და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი.

სარდიონი

იაკობის პირველი ძის - რუბენის - შესატყვისი პატიოსანი თვალი სარდიონი, წმ. ეპიფანეს ცნობით, ბაბილონსა და შუამდინარეთში მოიპოვება. მისი ფერია მეწამული და სახელდება მიღებული აქვს სისხლისფერი სარდიონ-თევზისაგან. ამ თვალს ბუნებრივი ბრწყინვალება ამშვენებს და სიმსივნის, მუწუკებისა და მახვილით მიყენებული ჭრილობების სამკურნალოდ იყენებენ - გაგლისავენ წყალში და უსვამენ წყლულს. წმ. ეპიფანე სარდიონის ოჯახის ქვებს მიაკუთვნებს სარდიონ-ფრცხილსა (სარდონიქსს) და სარდაკადს, რომელთაგან ავტორი პირველს მწვანე ფერისად, ხოლო მეორეს - თეთრად მიიჩნევს. სარდონიქსით განიკურნება მუცლის ტკივილი, სარდაკადი კი ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრის.
აღმოსავლეთში სარდიონს სისხლის გაქვავებულ წვეთებს უწოდებენ. ტრადიციულად ითვლება, რომ სარდიონი ადამიანებს ანიჭებს ცოლქმრულ სიყვარულს, ჯანმრთელობასა და გამბედაობას, ეხმარება მათ, კამათისას შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩერებს, როდესაც ისინი იწყებენ თავიანთი სასიცოცხლო ძალების დაუფიქრებელ ხარჯვას. სარდიონი ადამიანს იცავს მტერთა მზაკვრობისა და მიწისძვრისას დაღუპვისაგან. გარდა სისხლდენის შეჩერებისა, ის კურნავს თავის ტკივილსა და სულიერ ჭრილობებს. სარდიონის მისტიკური თვისებებიდან გამოყოფენ ადამიანში დიადისაკენ მისწრაფების დაბადებას. სარდიონს კეთილშობილი პიროვნება გმირობებისა და გამარჯვებისაკენ მიჰყავს, ხოლო უბრალო ადამიანებისთვის მოაქვს ბედნიერება და სიყვარული, აღადგენს დახარჯულ ძალებს. ეს ქვა პატრონს იცავს ბოროტი ჯადოსაგან და მდაბალ სულთაგან, მაგრამ ზოგჯერ საპირისპირო თვისებებიც აქვს: აძლიერებს თავისი მფლობელის მტრულ სისასტიკეს, უფრო მეტიც - მასში შერწყმით თავად გარდაიქმნება ბოროტ დემონად.
ქრისტეს 12 მოწაფეთაგან სარდიონი იოანე ღვთისმეტყველს შეესაბამება, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) მოციქულია. აქედან გამომდინარე, ქალწულის ეტლის პატიოსანი თვალი სარდიონია.
სხვადასხვა ბიოსამედიცინო დაკვირვებით, სარდიონი სხვა მრავალ სნეულებასაც კურნავს, კერძოდ: ნერვულ სისტემას, ონკოლოგიურ დაავადებებს, კოშმარულ სიზმრებს, იმპოტენციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტს, ამაგრებს კბილებს (ვერცხლთან ერთად პირის ღრუში ჩადებით), აადვილებს მშობიარობას, კურნავს ჯირკვლებს, თავის ტკივილს, რევმატიზმს, ჩიყვს, უნაყოფობას, ქალურ დაავადებებს, დიაბეტს, ბრონქიტს, ალერგიას, წყლულებს, პოდაგრას, ჰიპერტონიასა და სხვ.

ტოპაზი

იაკობის მეორე ძის - სიმეონის - შესატყვისი ძვირფასი თვალი ტოპაზი, ეპიფანე კვიპრელის თანახმად, მსგავსად სარდიონისა, მეწამული ფერისაა, მაგრამ როდესაც მას გაგლისავენ, იგი თავისი ფერის შესაბამისად მეწამულ ფერს კი არ გამოსცემს, არამედ - რძისფერს. ტოპაზის ნაგლესით მრავალი ჭურჭელი ივსება და მკურნალობისას მას იმდენჯერ იყენებენ, რამდენჯერაც საჭიროა. საინტერესოა, რომ ტოპაზს გლესვის შედეგად არც წონაში აკლდება რამე და არც ფორმით იცვლება. ასეთია ეპიფანე კვიპრელის დაკვირვება ამ პატიოსან ქვაზე.
სხვა განმარტებით, ძველად, როდესაც მინერალების თვისებებზე ცოტა რამ თუ იცოდნენ, ყველა გამჭვირვალე ყვითელ ქვას ტოპაზს უწოდებდნენ. პლინიუს უფროსი კი ტოპაზს მწვანე შეფერილობის პატიოსან თვალად მოიხსენიებს.
ტოპაზი არ ითვლება იშვიათ ქვად. მისი შეფერილობის ვარიაციებია: ვარდისფერი, ყვითელი, უფერო, ცისფერი, ალუბლისფერი, ანომალურია ცისფერ-თეთრი ტოპაზი. სქელყვითელი ფერის ტოპაზებს სამეფო ტოპაზები შეერქვა, უფრო მკრთალ სახეობებს კი - აღმოსავლური ტოპაზები. ძველად ითვლებოდა, რომ ეს პატიოსანი ქვა ათავისუფლებს ადამიანს სახიფათო, აულაგმავი ვნებებისაგან, ანელებს ასთმურ შეტევას.
თანამედროვე ბიოსამედიცინო დაკვირვებით, ტოპაზის სამკურნალო ენერგეტიკული ველი ადამიანს იცავს ავი თვალისაგან, შველის სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს (ქვის ნადები წყალი თაფლთან ერთად), აწესრიგებს გულისცემას, რგებს ფსიქიკურ დაავადებებს, ინსულტს, ენაბლუობას, რევმატიზმს, ანემიას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტს, უძილობასა და სხვ.
ქრისტეს 12 მოციქულიდან ტოპაზი შეესაბამება ანდრია პირველწოდებულს, რომელიც მშვილდოსნის (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი) მოციქულია. ქართული სამოციქულო ისტორიის მიხედვით, წმ. ანდრია პირველწოდებულმა დასავლეთ საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.

ზურმუხტი

ეს პატიოსანი თვალი, იგივე სმარაგდი, იაკობის მესამე ძის - ლევის შესაბამისი ქვაა. ბიბლიური გადმოცემით, ლევის შთამომავლებს მიენიჭათ მღვდლობის პატივი. ლევიანნი იყვნენ მოსე და აარონი, აგრეთვე, იოვანე ნათლისმცემელი.
ზურმუხტი, ძველქართულად ზმური, ფერით მწვანე ქვაა. მასში სარკის მსგავსად აირეკლება ყველა შინაგანი საიდუმლო და მომავლის უწყება. გარკვეული წარმოდგენით, გრაალის, იგივე საიდუმლო სერობის ანუ ზიარების თასი ანგელოზებს იმ ზურმუხტისაგან გამოუთლიათ, რომელიც ლუციფერს გადმოუვარდა შუბლიდან თავისი დაცემისას.
ზურმუხტი ზღვაოსნების თილისმად მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ სხვა მრავალ ღირსებასთან და ტალანტთან ერთად თავის მფლობელს იგი ანიჭებს წინასწარჭვრეტის უნარს. ზურმუხტი სიყვარულის მფარველიცაა და ფლობს სხვადასხვა სამკურნალო თვისებებს - კურნავს თვალის სნეულებებს, ეპილეფსიას, კეთრს, აქვს გველის შხამის საწინააღმდეგო თვისება. პლინიუს უფროსის მიხედვით, რაც არ უნდა დაღლილი იყოს ადამიანის თვალი, ზურმუხტის ჭვრეტა სახედველს ასვენებს. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ნერონი გლადიატორთა ბრძოლას ზურმუხტის ლინზით უყურებდა. ინდოელთა მისტიკური რწმენით, ზურმუხტი ახორციელებს კავშირს სულთა სამყაროსთან, ხოლო თავისი მწვანე წახნაგების საიდუმლო სიღრმეებში ადამიანს საშუალებას აძლევს ამოიკითხოს წარსული და მომავალი. ისლამური კოსმოლოგიით, მიწიერ სამყაროს, დედამიწას გარს ერტყმის კაფის ზურმუხტოვანი მთიანი ქედი. ამ მთებზე, არაამქვეყნიური ნათელით რომ ბრწყინავს, ცხოვრობენ ანგელოზები, ჯინები, იქ ბინადრობს მისტიკური ფრინველი სიმურგი - უზენაესის სიმბოლო. ზურმუხტოვანი მთები კი შვიდი ცის საყრდენია.
კიდევ ერთი გადმოცემით, ძველ გენუაში XII საუკუნიდან ინახებოდა წმინდა თასი, დამზადებული მთლიანი ზურმუხტისაგან, რომელიც სოლომონ მეფეს ეკუთვნოდა და ევროპაში ჯვაროსნებმა შემოიტანეს.
თორმეტი მოციქულიდან ზურმუხტის ანუ სმარაგდის შესატყვისი მაცხოვრის მოწაფე ბართლომეა. იგი ითვლება კირჩხიბის ეტლის (22 ივნისი - 22 ივლისი) მოციქულად. ქართული ეკლესიის ტრადიციით, წმ. ბართლომეც საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლადაა მიჩნეული.
ზურმუხტი თავის მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, რგებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, კურნავს ენაბლუობას, გულსისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკულ და შეტევით ტკივილებს, აუმჯობესებს კანის ფერს, შველის უშვილობას, ქალურ დაავადებებს, ინფექციურ სნეულებებს, სეფსისს, დიაბეტს, თირკმელების ავადმყოფობასა და სხვ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)