და და და

მათ ასაკს შორის სხვაობა ოთხი წელია. ბავშვობისას ისინი რადიკალურად განსხვავებული ხასიათისანი იყვნენ და ინტერესებიც ასეთივე განსხვავებული ჰქონდათ. დრომ ეს განსხვავება თანდათან წაშალა.

თამრიკო: ჩვენი გაცნობა მაშინ მოხდა, როცა გაირკვა, რომ ერთნაირი ინტერესები გვაქვს.
ბასა: ეს მოხდა მაშინ, როცა თამრიკო 20 წლის გახდა, მე კი თექვსმეტის. თამრიკო ძალიან ჭკვიანი და განათლებული იყო. მუდამ წყნარი და აუღელვებელი სახლში იჯდა და კითხულობდა. მე თვალი და გული სულ გარეთ გამირბოდა. გაუთავებლად მეჩხუბებოდნენ სახლში შემოდი და წიგნი წაიკითხეო, თამრიკოს კი პირიქით წიგნებს უმალავდნენ, რომ გარეთ გასულიყო.
თამრიკო: ბასა ცელქი იყო, ანცი, მაგრამ მიზანმიმართული და ხანდახან ჯიუტიც. რასაც ჩაიფიქრებდა, აუცილებლად აასრულებდა, კომპრომისზე იშვიათად მიდიოდა, ყოველთვის მართალი რასაც ფიქრობდა იმას ამბობდა. პირველად მე-6 კლასში იყო მარტო რომ წავიდა ქვიშხეთში, მწერალთა სახლში დასასვენებლად. ოჯახში მის დამოუკიდებლობას ენდნენ.
მე სიგარეტს დიდხანს ჩუმად ვეწეოდი, დედ-მამას ვუმალავდი. ბასამ დაიწყო თუ არა მოწევა განაცხადა: ახლა, მე სიგარეტის მოწევა დავიწყე და ძალიან გთხოვთ სადარბაზოებში ნუ მარბენინებთო. ასეთი პირდაპირი და რევოლუციონერი იყო და არის ჩემი და. ერთადერთი, რაც შეიძლება დამესწრო ბასასთვის, ეს იყო რომელიღაც წიგნის აღმოჩენა.
ბასა: რომელიღაც არა (იცინის), თითქმის ყველა.
თამრიკო: ... და შემდეგ ვურჩევდი წაეკითხა. ამ საკითხშიც ორიგინალური იყო ბასა. მე კითხვა ბიძია თომას ქოხით დავიწყე და შესაბამისად გავაგრძელე... ბასას, შეიძლება ითქვას, ჩვენს დროს მიღებული კლასიკური გზა მკითხველისა არ გაუვლია. მან პირდაპირ დოსტოევსკის იდიოტით დაიწყო და ეს მწერალი დღემდე მისი ყველაზე საყვარელი შემოქმედია.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბასამ სწავლის გაგრძელება კინოსარეჟისოროზე გადაწყვიტა. მე ამ დროს სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და II კურსიდან მივხვდი, რომ ჩემი საქმე კინო იყო.

თამრიკოს და ბასას გადაწყვეტილებები ერთმანეთს დროშიც დაემთხვა და აღმოჩნდა, რომ მათ ერთი და იგივე ინტერესები ამოძრავებთ. და დებს, რომელთა გაცნობაც საკმაოდ მოზრდილ ასაკში მოხდა, ერთმანეთის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირთ.

ბასა: უმეტეს შემთხვევაში ხომ ბავშვს ყველაზე მეტად მშობლები უყვარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დედაზეც ვგიჟდებით და მამაზეც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთმანეთი გვიყვარს. ერთადერთი ადამიანი, ვინც თამრიკო შეცვალა ჩემი დისშვილია და, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ის თამრიკოსავე შვილია.

კინოშნიკური ურთიერთობები...

ბასა: ჩვენი არსებობის, ყოფის, ჩვენივე საქმის მთავარი პრინციპი არის ინდივიდუალობა, საკუთარი ხედვა, საკუთარი აზრი. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ სიყვარულის, ურთიერთობის სწავლება შეუძლებელია. ეს თავისთავად არსებობს თითოეულ ჩვენგანში, თუმც ოჯახსა და გარემოსაც შეაქვს გარკვეული წვლილი. პირადად ჩემზე დიდი გავლენა იქონია ოჯახურმა გარემომაც და ინსტიტუტმაც, სადაც ღირსეული ადამიანები იდგნენ ჩვენს გვერდით.
სახლში მეც და თამრიკოსაც ყველაფერში სრული თავისუფლება გვეძლეოდა. მამა ყოველთვის პატივს სცემდა ჩვენს აზრს, თუნდაც არამისაღებს და მცდარს, რამაც შედეგად ის გამოიღო, რომ შემდგომში უკვე ჩვენ ვცემდით პატივს სხვის აზრსა და შრომას. ის, რომ რაღაც შეიქმნა, გაკეთდა თავისთავად უკვე პატივისცემის ღირსია. გაწეული შრომა ხომ ყოველთვის დასაფასებელია.
თამრიკო: მამა არასოდეს იტყოდა სხვის ლექსზე, მუსიკასა თუ ნახატზე ცუდია, არ მომწონსო. ყველაფერს შეიძლება მოუძებნო კარგი მხარე და სწორედ ამ კარგის დანახვის უნარი უნდა გქონდეთო გვეუბნებოდა იგი. მასთან ხშირად მოდიოდნენ უცნობი ადამიანები და უკითხავდნენ ლექსებს. ზოგი მათგანი სრულიად აბსურდული გვეჩვენებოდა, მაგრამ მორისი იქაც იპოვიდა თუნდაც ერთ პწკარს და იტყოდა: აი, ნახეთ, რა კარგია, აქ გაეხსნაო! და ეს იყო კარგის დანახვის ბედნიერება.
ბასა: დიდი ბედნიერება იყო ისიც, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი ლანა ღოღობერიძისა და ომარ გვასალიას ჯგუფში. საოპერატორო ხელოვნებას გვიკითხავდა ლევან პაატაშვილი და შურა მღებრიშვილი; დრამატურგიას ერლომ ახვლედიანი; მონტაჟს ოთარ იოსელიანი, ირაკლი კვირიკაძე, მერაბ თავაძე; ხმას გარი კუნცევი; კინოს ისტორიას ოლღა თაბუკაშვილი, ნათია ამირეჯიბი, გოგი დოლიძე. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში ადამიანობას გვასწავლიდნენ, გვასწავლიდნენ ჯგუფის თითოეული წევრის სიყვარულს. გვინერგავდნენ, რომ ოპერატორზე, მსახიობზე, გამნათებელზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვიყავით, მათი პატრონობა არა მარტო გადაღებაზე, არამედ ცხოვრებაშიც ჩვენ გვევალებოდა და ჩვენც, დღემდე, ვცდილობთ ეს კინოშნიკური ურთიერთობები შევინარჩუნოთ.
ახლა მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მეც მყავს სტუდენტები და ვცდილობ, მათაც იგივე ვასწავლო. სულ ვეუბნები, რომ რვა კაციდან რვავე შეიძლება კარგი რეჟისორი არ გამოვიდეს, მაგრამ რვავე აუცილებლად კარგი ადამიანი უნდა იყოს.

დები მუშაობისას...

ბასა: მე ბუნებით ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. ერთგული ვარ იმ საქმისაც, რასაც ვაკეთებ. მაქვს ასეთი თვისება მირჩევნია საერთოდ არ ვაკეთო არაფერი, ვიდრე ვაკეთო იმის ნახევარი, რაც ჩავიფიქრე. აქედან გამომდინარე, როცა აღმოჩნდა, რომ ფილმების გადაღება, რიგ მიზეზთა გამო, დროებით გადაიდო საქართველოში, გავჩერდი და ველოდებოდი უკეთეს დროს... მერე მოხდა ის, რომ გარდაიცვალა მამა და უნდა მომზადებულიყო მისი ხსოვნის საღამო. ჩემთან მოვიდა ოლღა თაბუკაშვილი, ჩემი ყოფილი პედაგოგი, და მითხრა: შენ უნდა იტვირთო, ამ საღამოს შენს გარდა ვერავინ გააკეთებსო. ასეც მოხდა. მორისის ხსოვნის საღამო რუსთაველის თეატრში გაკეთდა და მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან რაღაც სხვანაირი სული, უდიდესი სიყვარული იყო ჩადებული. მერე იყო ქართული კინოაკადემიის პირველი ფესტივალი და კვლავ მომაკითხეს, შემდეგ თამრიკო ბართაიამ დიდების ზღაპარში მიმიწვია, მერე კონცერტები, კლიპები და ა.შ და ა.შ.
თამრიკო: ბასას პირველი ფილმის მხატვარი მე ვიყავი. ეს იყო მისი სადიპლომო ნამუშევარი. მოხდა ისე, რომ ფილმის გადასაღებად ბათუმში წავედით. ბასა საერთოდ ვერ იტანს ნასვამ ადამიანს და, მით უმეტეს, გადასაღებ მოედანზე. გადაღების დროს რამდენჯერმე ჩაქვრა შუქი. ბასამ გაარკვია, რომ გამნათებელმა დალია...
ბასა: ეს არ იყო პირველი დალევა, ერთხელ შეიძლება აპატიო ადამიანს.
თამრიკო: ... იმ ღამესვე გადაწყდა გამნათებლის ბედი.
ავუღოთ ბილეთი და გავუშვათ თბილისშიო, თქვა ბასამ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ასაკით პატარა იყო, მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა. გამნათებელი გაუშვეს. მეორე დღეს, საღამოს, გადაღებაზე, როცა ბასამ განათება მოითხოვა, გამნათებელი აღარ გვყავდა.
ბასა: გადასაღებ მოედანზე, საჭიროა თუ არა, თამრიკო აუცილებლად ჩემს გვერდით უნდა იყოს. იგი უდიდეს სტიმულს მაძლევს მუშაობისას. შეიძლება სულაც არ მჭირდებოდეს გარკვეულ მომენტში, მაგრამ ერთი საათითაც რომ გადის ვწუხვარ. პირველად აზრი დამონტაჟებულ მონაკვეთზე აუცილებლად თამრიკოსგან უნდა მოვისმინო. ვიცი, რომ ყველაფერს ზუსტად მეტყვის, ისიც ვიცი რა მოეწონება და რა არა, მაგრამ მაინც უნდა ვკითხო. საქმეში თამრიკოს არავინ და არაფერი მიცვლის.
თამრიკო: ბასასთან გადაღებაზე რომ მოხვდე უნდა იყო რაღაცით ორიგინალური, არაორდინალური.
ბასა: ყოველთვის ვცდილობ ავარჩიო ატიპური გმირი. დახვეწილ, კლასიკურ სილამაზეს ვამჯობინებ ხოლმე რაღაც ინდივიდუალობით გამორჩეულს, უცნაურს.
თამრიკო: ბასა ცდილობს, რომ ხელოვნური სილამაზე არ შექმნას. მას არ უყვარს მოგონილი, არ უყვარს ტყუილი არც ცხოვრებაში და არც ხელოვნებაში. უარყოფს მიმბაძველობას.
ბასა: როცა ბევრს მუშაობ, დგები საშიშროების წინაშე არ გაიმეორო საკუთარი თავი. სტუდენტებს ვასწავლი: სხვებს კიდევ შეიძლება მოჰპაროთ, ოღონდ საკუთარ თავს არასოდეს; არ შეიძლება ერთი და იგივე აკეთოთ. სისულელეა, ალბათ ისიც, როცა ვიღაცისნაირს აკეთებ. ქვეცნობიერად სხვისი ზეგავლენის ქვეშ უდიდესი მწერლები და მხატვრებიც ექცეოდნენ ხოლმე. ეს კიდევ სხვა რამეა. ხანდახან მეც მომსვლია რაღაცას ვაკეთებ და უცებ თამრიკოს შევუჩერებივარ: ეს ხომ ბერტოლუჩია, ვისკონტი! ხდება ხოლმე ქვეცნობიერად იმიტომ, რომ მათ შემოქმედებაზე გავიზარდე, ისინი მომწონდა და მომწონს, მაგრამ როგორც კი მიმანიშნებენ, იმწამსვე ვცდილობ გადავაკეთო.
კიდევ ერთი რამ რაც გვახასიათებს, ალბათ იმიტომ, რომ პოეტის შვილები ვართ, რომანტიკული ხასიათია. ყოველდღიურობას არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენთვის ხელოვნება, სილამაზე, პოეზია გარე ხელისშემწყობ პირობებს არ საჭიროებს, მუშაობისას წინა პლანზე ყოველთვის შინაგან სულიერებას ვაყენებთ.
თამრიკო: თემურ თათარაშვილის კლიპს დიდხანს ვიღებდით ქუჩებში, დანგრეულ კედლებთან. და გაჩნდა გრძნობა: ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს ბედნიერი ღია ცის ქვეშ, ქუჩაშიც კი. და ეს ბედნიერი ადამიანები მათხოვრებიც შეიძლება იყვნენ. იქაც შეიძლება იყოს ნამდვილი გრძნობები და სილამაზე, ასჯერ უფრო მეტი, ვიდრე დალაგებულ, აწყობილ ცხოვრებაში.

პროფესიონალები და გარესამყარო...

ბასა: დღევანდელი სინამდვილე, ყოფა, გარესამყარო არ მოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე. ყველაფერს არ ვუწვრილმანდებით და ვცდილობთ, პოეტურად ვუყუროთ ამა თუ იმ საკითხს. გარემო ხელისშემშლელ პირობებს არ ვაქცევთ ყურადღებას. მორისი ამბობდა: სიყვარულს არ აკავებს არაფერი, ტყუილია, თუ ადამიანს უნდა, მის სურვილს წინ ვერაფერი გადაუდგებაო. მეც ასე ვფიქრობ. პირობები არა მაქვს და ვერ გავაკეთებ, ეს, ალბათ, ზარმაცების და უნიჭოების მოგონილი მიზეზია. როცა ადამიანს რაღაცის გაკეთების დიდი სურვილი გაქვს, წინ ვერავინ და ვერაფერი გადაგეღობება.

სარეკლამო ბიზნესში

ბასა: საქართველოში არ არსებობს დარგი, რომელიც არ ვითარდება, მით უმეტეს ხელოვნებაში, მიუხედავად ფულის დეფიციტისა, და ეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ნიჭის დეფიციტს არ განიცდის. დღეს გაჩნდა კონკურენცია, აქედან გამომდინარე საინტერესო რეკლამებიც. ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, ოპერატორი, დიზაინერი, მაგრამ, სამწუხაროდ, დამკვეთნი მათგან მხოლოდ ერთეულებს თუ იყენებენ. ურჩევნიათ მიმართონ მას, ვინც მეტად პოპულარულია. ალბათ აქ გარკვეულ როლს თამაშობს შიშის ფაქტორი დამკვეთისა რა გამოვა, როგორი გამოვა, როგორ აღიქმება.
თამრიკო: ალტერნატიულ იდეას რეკლამაში ქართველი შემკვეთი ვერ ეგუება, გამორიცხულია, რომ დაგიკვეთოს. საერთოდ შემკვეთი არ უნდა ერეოდეს სცენარისტის, მხატვრის, რეჟისორის კომპეტენციებში. ძალიან ძნელია, როცა პროფესიონალი შემკვეთის პრესის ქვეშ მუშაობს. რეკლამა მით უფრო კარგი გამოდის, რაც მეტია ნდობა შემკვეთისა შემოქმედის მიმართ. არის კიდევ მეორე მომენტიც გიხდიან და იძულებული ხარ წახვიდე რაღაც კომპრომისებზე.
ბასა: მე კი ვფიქრობ, რომ არანაირი ფული არანაირ კომპრომისად არ ღირს. ორ დღეში ფული აღარ იქნება, შენ კი შეიძლება შერცხვენილი დარჩე. მე რეკლამის ჩემებური ფსიქოლოგია მაქვს. ეს არის აბსოლუტური ინტუიცია. ტყუილია როცა ამბობენ, რომ ადამიანს ყველაფერი დაღეჭილი, რაც შეიძლება მარტივი სახით უნდა მიაწოდო. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდი ადამიანიც კი ხვდება და ხედავს კარგს, საუკეთესოს, ამიტომ საჭიროა, მას მიეწოდოს არა მარტივი, დაღეჭილი, არამედ ზნესრული, ზეაწეული, რომც არ იცოდეს მისი არსი ბოლომდე. კარგით ტკბობა ყველაზე უნიჭო ადამიანსაც კი შეუძლია.
როგორც შევიტყვე კარგად მიიღო მაყურებელმა მაგთიკომის ახალი სარეკლამო კლიპი. მინდა აღვნიშნო, რომ კარგა ხანია მუშაობისას ასეთი დიდი სიამოვნება არ მიმიღია. ეს იყო კინოს გადაღებისგან მიღებული სიამოვნების ტოლფასი, თავისი დეკორაციებით, რომელიც თამრიკოს ეკუთვნის, ბუტაფორიების შექმნით, კოსტიუმებით. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ დიდ ფილმს ვიღებდი.
ძნელია, ძალიან ძნელია შექმნა რაღაც კარგი, განსაკუთრებული, მაგრამ უდიდესი ბედნიერებაა შემოქმედისთვის არა მარტო კარგი შედეგი მუშაობისა, არამედ თვით შრომის პროცესიც. ალბათ, ამიტომაც შრომობს ნამდვილი შემოქმედი თავდაუზოგავად, რის შედეგადაც სიხარული, ბედნიერება, ნიჭის დაფასება, პოპულარობა ერგება წილად.

ეს პოპულარობა, დაფასება და აღიარებაც, ალბათ, სასიამოვნო ტვირთია ხელოვანისთვის.
ერთ-ერთი კლიპის გადაღებისას იხსენებს თამრიკო სადაც ბევრი ბავშვი იყო თავმოყრილი, ვერ მოვახერხეთ მათი გაჩერება, ასე ვთქვათ, ყირას ჭიმავდნენ. უცებ ვიღაცამ ჩემზე მიუთითა ეს ბასას და არისო. ბავშვები წამში მოწესრიგდნენ, გამწკრივდნენ და სათითაოდ მთხოვდნენ ავტოგრაფს. მეც ვწერდი: თამრიკო ფოცხიშვილი ბასას და.

ალბათ ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.