მაგთიკომი ოპერატორობის 5 წელი
22 სექტემბერი, 1997 წელი

სტიუარტ სუბოტნიკი, მარგო შერვინი,
ჯონ კლუგე, მანანა შევარდნაძე,
რიჩარდ შერვინი, გია ჯოხთაბერიძე

საქართველოში პირველი ტელეფონის გამოჩენიდან 140 წელზე მეტი გავიდა. დამკვიდრდა თუ არა კავშირგაბმულობის ეს სახე, იგი ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა. დროსთან ერთად იზრდებოდა მუდმივი კავშირის მოთხოვნილება და ჩვენშიც, ისევე როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, გამოჩნდა მობილური კავშირგაბმულობა. რვა წლის წინ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ იგი ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. საქმეში ჩახედული ადამიანების აზრი კი სულ სხვა იყო. უკვე 1997 წლის დასაწყისში ბაზარზე ორი მობილური ოპერატორი არსებობდა, სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი სახელი საქართველოს მობილურ კავშირგაბმულობაში " "მაგთიკომი". ეს 5 წლის წინ მოხდა.

"მაგთიკომის" შექმნის ისტორია მხოლოდ 5 წლით არ შემოიფარგლება, მისი ჩამოყალიბებისთვის მუშაობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო და საკმაოდ დიდი სირთულეებით წარიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკვე არსებობდა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ბევრი პოტენციური ინვესტორი პროექტს სკეპტიკურად უყურებდა. მიუხედავად ამისა, "მაგთიკომის" ქართველმა დამფუძნებლებმა, კომპანია მაგთი ჯგუფმა, თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ კომპანიას მიმართეს საქართველოში ახალი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ჩამოყალიბების კონკრეტული პროექტით. მათ შემოიარეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, რათა პარტნიორი ეპოვათ მრავალმილიონიანი პროექტის დაწყებისთვის. იმ პერიოდის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, არც იყო გასაკვირი ის სიფრთხილე, რომელსაც კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე კომპანიები იჩენდნენ. მაშინდელი არასტაბილური სიტუაციის გამო ხომ მართლაც იყო რისკი ინვესტიციების დაკარგვისა.
ლევან ბუჩუკური

მაგთიკომის გენერალური
დირექტორი

ეს ყველაფერი მხოლოდ განვლილი სირთულეებია და მათი დაძლევა ნამდვილად ღირდა "მაგთიკომის" შექმნისთვის. ის პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც უარი თქვეს "მაგთიკომის" პარტნიორობაზე, დღეს სინანულით აღნიშნავენ, რომ ეს მათი სერიოზული შეცდომა იყო.

"მაგთიკომის" წარმატების მნიშვნელობა ერთი კერძო კომპანიის ფარგლებს სცილდება და ნათელი მაგალითია უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიის წარმატებული საქმიანობისა. ეს წარმატება, შემდგომში, პოტენციური ინვესტორებისთვის პრეცენდენტია იმისა, რომ საქართველოში ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული ევროპული სტანდარტების კომპანიები ჩამოყალიბდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მაგთიკომი" მობილური კავშირგაბმულობის მესამე ოპერატორი იყო საქართველოს იმ ათზე მეტ კომპანიას შორის, რომელსაც GSM ლიცენზია ჰქონდა მიღებული. რამდენიმე ახალმა კომპანიამ მუშაობაც დაიწყო, მაგრამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელა. "მაგთიკომმა" არა მარტო თავისი ადგილი დაიმკვიდრა მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე, არამედ მუდმივად ლიდერის პოზიციაც მოიპოვა.
მომავლის თვალსაზრისით, რომ ეს დარგი აშკარად პერსპექტიულია, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ დღეისათვის მსოფლიოში უკვე 900 მილიონამდე მობილური ტელეფონის მომხმარებელია, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით მეშვიდედს შეადგენს. მომხმარებელთა რაოდენობის განუწყვეტელ ზრდას არც ის პუბლიკაციები და ინფორმაციები უშლის ხელს, რომელიც პერიოდულად ჩნდება პრესასა თუ ტელევიზიაში და, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაისმის მოსაზრებები მობილური ტელეფონის თუ საბაზო სადგურის მავნებლობის შესახებ.

ინვესტორების მუშაობა, "მაგთიკომთან" მიმართებაში, თავიდანვე ბიზნესის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. აქ ჩადებული თანხები ზოგიერთი ქართული კომპანიისთვის ჩადებული თანხებისგან იმით განსხვავდება, რომ "მაგთიკომში" დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან კრედიტების დროული გასტუმრების საკითხს, რაც არა მარტო ერთი კომპანიის, არამედ მთელი საქართველოს პრესტიჟის საქმეცაა. ამის დასტურად შეიძლება ისიც მოვიყვანოთ, რომ "მაგთიკომმა", ინვესტორებისთვის მოულოდნელად, ვადაზე ადრე დაფარა კრედიტები, რაც უცხოური კომპანიებისთვისაც კი იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს.

ხუთი წლის მუშაობის შემდეგ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული კომპანიის შექმნის იდეა შედგა. "მაგთიკომი", განვლილი წლების განმავლობაში, მუდმივად ფიგურირებდა საქართველოს უდიდეს კომპანიებს შორის. საქართველოში ბევრი სიახლე დამკვიდრდა სწორედ მისი შემწეობით, "მაგთიკომმა" შეუქმნა ჩვენში მომუშავე კომპანიებს სტაბილურობისა და საიმედოობის იმიჯი.

მაგთიკომის მენეჯმენტი
სხედან: ნათია კახიძე, ელისო წიკლაური, ლევან ბუჩუკური,
ეკა ლომიძე, ანი რეხვიაშვილი, გია ჯოხთაბერიძე

დგანან: ნიკა წერეთელი, დათო ნასარიძე, არჩილ ქავთარაძე,
ჯაბა დიხამინჯია, ტატო მახარაძე, ზურაბ გურგენიძე,
ზურაბ გოჩიტაშვილი, გია კოშორიძე, გიგიშა წულაძე

საამაყოა ჩვენთვის ის წვლილი, რომელიც "მაგთიკომს" შეაქვს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. ღიად ვაცხადებთ ციფრებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს " "მაგთიკომის" მუშაობა საზოგადოებისთვის მთლიანად გამჭვირვალეა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, თუ რა კეთდება სახელმწიფოს მიმართ ჩვენი ვალდებულებების შესრულების შემდეგ. ეს ის უდიდესი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობაა, რომელიც უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბებით და რომელსაც კომპანია საკუთარი სურვილით, უკეთესი სახელმწიფოს შენების მიზნით ეწევა. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში საქველმოქმედო, დახმარების და სპონსორობის სახით გაცემულია 1.727.145 ლარი, კომპანია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

და მაინც, ზემოთქმულის მიუხედავად, გვინდა ერთი ფაქტიც აღინიშნოს: დღევანდელი "მაგთიკომი" მხოლოდ მისი დამფუძნებლების და მფლობელების კომპანიად აღარ მოიაზრება. ეს ყველა იმ ადამიანის კომპანიაა, რომლებიც ყოველდღიურად არიან დაკავშირებული მის საქმიანობასთან. მათი შემოსავლები ამ კომპანიის წარმატებული მუშაობით განისაზღვრება. პირველ რიგში ესენი "მაგთიკომის" თანამშრომლები არიან, ის 450 ადამიანი (რომელთა შორის 150 რეგიონებშია დასაქმებული), რომელთაც, საქართველოს პირობებში, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. ამ წლის დასაწყისში კი, "მაგთიკომის" დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, მათი ხელფასები კიდევ 15 %-ით გაიზარდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია "მაგთიკომის" წარმატებული მუშაობა იმ ასობით პატარა თუ საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული "მაგთიკომის" წინასწარი გადახდის სისტემის ბარათების, "მონოს", დისტრიბუციასთან. "მაგთიკომის" მუშაობის გაფართოებასთან შესაბამისად, დილერების რაოდენობაც იზრდება. ასევე იზრდება იმ საკომისიოს მოცულობაც, რომელსაც "მაგთიკომი" ყოველთვიურად გასცემს დილერებზე, და რომელიც, სავარაუდოდ, მათი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. "მაგთიკომის" მიერ 2000 წლის ივლისიდან 2002 წლის ივნისამდე დილერებზე გაცემულმა საკომისიომ 3.19 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ საქმიანობის გარდა "მაგთიკომის" მუშაობასთან უამრავი ქართული კომპანიაა დაკავშირებული, რომელთათვისაც ჩვენი კომპანია მთავარი, და ზოგიერთ შემთხვევაში, ერთადერთი შემკვეთია. ამ სამსახურებშიც რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული. "მაგთიკომის" სტრატეგიაც ყოველთვის მიმართულია სამუშაოების შესრულებისას ადგილობრივი კომპანიების მოძიებისკენ, რაც დასაქმების საკითხის გარდა ფულადი რესურსების გადინების პრობლემის მოგვარებასაც უწყობს ხელს.
გვიხარია, რომ მივიღეთ მონაწილეობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და მოსახლეობას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დამატებითი ლეგალური შემოსავლის წყაროს გამონახვის საშუალება მივეცით.

ჩვენ არ გვსურდა, ხუთი წლის მუშაობის შემაჯამებელი სიტყვა მეტად გადატვირთული გამოსულიყო, შეგნებულად ავუარეთ გვერდი ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას. რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, რომლებიც ჩვენს აბონენტებთან ერთად დავძლიეთ.
იმედია, ჩვენ და ჩვენი მომხმარებელი მომავალშიც ერთად ვიქნებით, რაშიც "მაგთიკომის" ჟურნალიც " "მუდმივი კავშირის სამყარო" " დაგვეხმარება, რომელიც ერთგვარი საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენი საქმიანობით არის დაინტერესებული.