მაგთი GSM წარმოგიდგენთ:
ტანია მარია " აკა კორეა რაის მარია

წელს, ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში, "ისტერნ ფრომოუშენისა" და საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის მიერ ორგანიზებულმა VI საერთაშორისო ჯაზ ფესტივალმა თბილისელებს უდიდესი სიხარული მოჰგვარა. ჩვენს ქალაქს
ესტუმრნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ტანია მარია, ელ ჯერო, ბობ მინცერი, დენის როლინსი, ალფრედ "პი ვი" ელისი.
30 ივნისი კი იოკოჰამასა და თბილისში ბრაზილიური დღე იყო. ჩვენ, ტანია მარიასთან ერთად, ვზეიმობდით ბრაზილიელი ფეხბურთელების გაჩემპიონებას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
ეს ექსკლუზიური ინტერვიუც კონცერტის შემდეგ ჩავიწერეთ.

საქართველოში მუსიკის მელომანები თითქმის სამი ათეული წელია იცნობენ გამოჩენილი მუსიკოსის ტანია მარიას შემოქმედებას. მისი ალბომები: "ტაურუსი", "ბლუზილიან", უახლესი "ევროპა", დიდი პოპულარობით სარგებლოს ჩვენში.
ტანია მარია მეორედ ეწვია თბილისს და ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში აღფრთოვანებით საუბრობდა საქართველოსა და ქართველ მსმენელზე.
ამჯერად, იგი ჩამოვიდა ცნობილ ბრაზილიურ ჯგუფთან "ვივა ბრაზილ"-თან ერთად. დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა აღტაცებით აღიქვა მუსიკოსების ვირტუოზული და ტემპერამენტული შესრულება.
საუბარში ტანია მარია ყვებოდა, რომ მას იურიდიული განათლება აქვს და ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ იგი ამ სპეციალობას გაჰყოლოდა, მაგრამ მან მუსიკა აირჩია. სამი წლის განმავლობაში ტანია მარია სან-პაულოსა და რიო-დე-ჟანეიროს კლუბებში გამოდიოდა, რის შემდგომაც ევროპაში, პარიზში გაემგზავრა, სადაც განაგრძო საკლუბო მოღვაწეობა. ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო, მას დიდი გამოცდილება და პოპულარობა შესძინა, უფრო ჰარმონიული გახდა მისი ვოკალისა და ინსტრუმენტული თანხლების შერწყმა.

შეკითხვაზე, ჰქონია თუ არა ისეთი პროექტი, სადაც ის მხოლოდ პიანისტის ფუნქციას ასრულებდა სხვა ვოკალისტთან ერთად, ან პირიქით, ტანიამ უპასუხა:

- ძალიან იშვიათად, ასეთი ექსპერიმენტი "ტექნო" პროექტში მაქვს გათვალისწინებული, იქ მხოლოდ მომღერლის ამპლუაში მოვევლინები მსმენელს.
საერთოდ კი ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ინსტრუმენტის გარეშე, ჩემი სიმღერა და ფორტეპიანოზე დაკვრა ცოლ-ქმარივით არიან, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ავსებენ ერთიმეორეს, საერთო ენაზე საუბრობენ... ეს შერწყმა ჩემთვის სულიერია, მუსიკაც თავისთავად სულიერია... მუსიკა და მუსიკის ნიჭის ფენომენის ახსნა შეუძლებელია. ეს სიყვარულივითაა, რომელიც მატებს უდიდეს ძალას ჩემს სულსა და სხეულს.

- თქვენ კომპოზიტორი ბრძანდებით და, ძირითადად, ასრულებთ საკუთარ კომპოზიციებს, თუმცა არის გამონაკლისიც, როდესაც მიმართავთ სხვა ავტორებს. მე, როგორც მუსიკოსს, მაინტერესებს ასეთი რამ როდის ხდება? კონცერტის მსვლელობის დროს ხომ არა აქვს განწყობას გარკვეული მნიშვნელობა?

- არა, მე როგორც წესი, ჩემი მუსიკის გარდა ვასრულებ სხვა ავტორების ნაწარმოებებსაც და ეს წინასწარ არის ხოლმე დაგეგმილი. ეს ავტორები ის ხალხია ვისი მუსიკაც ძალიან მომწონს.
რაც შეეხება მუსიკას, რომელსაც ჩვეულებრივ ვუსმენ ხოლმე და ძალიან მიყვარს: რაველი, დებიუსი, რახმანინოვი, სტრავინსკი, ასევე სტივი ვანდერი, ჯილბერტო ჯილი, ჯორჯ ბენსონი, ედიტ პიაფი, არეტა ფრანკლინი, ფრენკ სინატრა...

- თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ, არის თუ არა სხვაობა სხვადასხვა ეროვნების მსმენელს შორის?
- დიახ, არის საკმაოდ დიდი განსხვავება აშშ-ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის, საქართველოს მსმენელს შორის. შეიძლება ითქვას, რაც უფრო სამხრეთით ვიმყოფებით, მით უფრო "თბილი" მსმენელია, თუმცა, გერმანელების "გახურებაც" შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმ დარბაზზე, სადაც გამოდიხარ.
ჩემი აზრით, ევროპელები, ამერიკელებისგან განსხვავებით, უფრო აფასებენ იმპროვიზაციას, ისინი უფრო თავისუფლებიც კი მეჩვენებიან თავიანთი ემოციების გამოხატვაში, მაგრამ თავიდან მათი "ანთება" რთულია. სცენაზე ყოფნის დროს 80% ბედნიერებას მე ვიღებ, დანარჩენ
20%-ს კი პუბლიკას ვაძლევ. მიყვარს, როცა მსმენელი მომყვება, როდესაც ის ჩემთან ერთად ცეკვავს და მღერის.

- გავიგეთ, რომ თბილისში ჩამოსვლისას მაგთი GSM-ის აბონენტი გახდით...

- მე (სიცილით), ცოტა ხანში თბილისელიც გავხდები...