"კაი ყმის სახელი ლამპარია"

"გურამის ნაჩუქარი ხელნათურა კიდევ ანათებს და ახლაც წვდება მტკვრის გაღმა ნაპირს... მაგრამ იქ აღარ არის მისი ნავალი... მკრთალი შუქით გურამის კვალს ამაოდ ვეძებ... მაგრამ ადამიანის გული მინაქარი სილა როდია?! იგი ფაცერგოდორას უფრო ჰგავს და შიგ შეღწეულს იქვე იტოვებს, ვიდრე თავადაც გარდაუვალი წყალდიდობით წაილეკება. ახლაც კი, როდესაც ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მომაგონდება, მტკვარს მივაშურებ და მის დინებას გულაჩქროლებით ვუმზერ... აქ არის ჩემი თვალდათვალი "საგურამო"... და მე მუდამ გურამი მახსენდება, როდესაც გაღმა, სილიან ნაპირზე ირემი ჩამოივლის და კვალს დატოვებს".

"ირმის კვალი", ლევან გოთუა

გურამ თიკანაძე წელს, სექტემბრის თორმეტს, სამოცდაათი წლისა შესრულდებოდა...
არიან ადამიანები, რომლებიც სულ მუდამ ჩქარობენ. ჩქარობენ და, რაც მთავარია, შედარებით მოკლე დროში, ყველაფერს ასწრებენ, ძალიან ბევრსაც... უცნაურია, მაგრამ ხშირად მათი ეს სიჩქარე ერთგვარი განწირულობის ნიშნითაა აღბეჭდილი. თითქოს ბედისწერა აჩქარებთ, რათა ახალგაზრდობაშივე მოასწრონ რაც შეიძლება მეტი. ასეთი აჩქარებული ტემპით ცხოვრობდა გურამიც...
კოლორიტული, უსაზღვრო ენერგიით, მრავალმხრივი ნიჭით, კრისტალური პატიოსნებითა და სამშობლოს სიყვარულით გამორჩეული ახალგაზრდა ბუნებამ გარეგნობითაც დააჯილდოვა: "აღნაგობითაც ხელოვნების ნიმუშს წააგავდა. ახოვანი ტანისა, მოგრძო სახეზე სუფთა ცისფერი თვალებით, ანტიური ცხვირით და მისებრ ვაჟკაცისთვის ოდნავ მოულოდნელი სახის ნაზი კანით " წერს სარგის ცაიშვილი " გულიდან მოვარდნილი სიცილით კი მყისვე გაგრძნობინებდათ მისი პატრონის ზნეობრივ სისპეტაკეს. იგი ადამიანებისადმი უსაზღვრო რწმენით იყო განმსჭვალული და მის გარშემო ყოველთვის გულითადობის ატმოსფეროს ქმნიდა. ამიტომაც იყო, ალბათ, რომ პირველივე გაცნობისთანავე, იგი ნდობასა და სიმპათიას იმსახურებდა".
სტუდენტობისას კრივითა და ალპინიზმით დაინტერესდა და 1952 წელს, სპორტის ამ სახეობებში, პირველი თანრიგის ნორმატივები შეასრულა. 1954 წელს იგი ალპინიზმის ინსტრუქტორი გახდა და რამდენიმე რთული ასვლა განახორციელა კავკასიონსა და პამირზე. მთები გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მისი სიყვარული და ბედისწერაც. ნარკვევში " "დამარცხებული გოლიათები" - გურამ თიკანაძე წერს: "მთასვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთო ენას ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან".
ვისაც ძალის, სილამაზის და სიმამაცის ნახვა სურს, მან მთაში გურამ თიკანაძე უნდა ნახოსო, ამბობდნენ; იქ, სადაც, სხვებისგან განსხვავებით, მას დამატებითი სიძნელეების გადალახვა, ფოტო-კინო აპარატურის ზიდვა (და რას ნიშნავს ალპინისტისთვის თითოეული ზედმეტი გრამი) უხდებოდა. იგი ხან წინ უსწრებდა ჯგუფს, ხან გვერდით, გაუკვალავი ბილიკით მიჰყვებოდა, ხანაც ერთი კარგი კადრისთვის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, მაგრამ შეღავათი არასოდეს მოუთხოვია.
მეშვიდე კლასში იყო როცა ფოტოგრაფიით დაინტერესდა და პირველი ფოტო " "საახალწლო ვაჭრობა თბილისში" " ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, 1950 წელს, გამოაქვეყნა.
მოგვიანებით ეს კითხვაც დაებადა: "გეოლოგიაში დავრჩე, ფოტორეპორტიორობას მოვკიდო ხელი, თუ ოპერატორობას. გაოცებას ვარ... ჯერხნობით ყველაფერს დინებას ვაძლევ. მე მგონი დინება ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანს..."
საქართველოში ფოტოხელოვნებას დიდი ტრადიციები აქვს. ალექსანდრე ერმაკოვის, ენგელის, ვიტორიო სელას, ალექსანდრე როინაშვილის და სხვათა შესანიშნავი ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს ახლო წარსული, დღეს უძვირფასესი განძია არა მარტო იმ მუზეუმებისთვის და არქივებისთვის, რომელთა ფონდებშიცაა დაცული, არამედ თითოეული ქართველისათვის.
მაგრამ 50-იან წლებში, როცა გურამ თიკანაძე ფოტოხელოვნებით დაინტერესდა, ეს დარგი ჩვენში ჩრდილში იყო მოქცეული. გურამი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაარღვია დამკვიდრებული სტატიურობა და მძაფრი სიუჟეტი შეიტანა კადრში. მან ფოტოსაქმე ხელოვნებად აქცია და მხატვრობას დაუახლოვა. გურამ თიკანაძის ფოტოებს, ფაქტის ან მოვლენის კონსტატაციასთან ერთად, წმინდა მეცნიერული, ისტორიული თუ ეთნოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს. ეს 50-60-იანი წლების საქართველოს მხატვრულად ასახული ფოტომატიანეა მისი მთითა თუ ბარით, ბუნებით, მწუხარებითა თუ სიხარულით და, რაც მთავარია, მისი ადამიანებით. "თითქოს სამი თვალით უმზერდა იგი ქვეყანას, მაგრამ სამივე მიპყრობილი იყო ერთისაკენ. ეს ერთი იყო მისი სამშობლო და მისი ხალხი" (კოტე ჯავრიშვილი).
50-იანი წლებიდან მოყოლებული გურამ თიკანაძე სისტემატურად აქვეყნებს ფოტოებს რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საზღვარგარეთულ პრესაში. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა დროს მოწყობილ ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში. "თქვენ ნამდვილი პოეტი ხართ, ვწუხვარ, რომ აქამდე არ გიცნობდით", " უთქვამს ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ ჩეხ მწერალ კოპოუტს და, ალბათ, ამიტომ ირჩევდნენ თავის კორესპონდენტად მას ქართული, გერმანული, ჩეხური, პოლონური თუ იტალიური ჟურნალ-გაზეთები.
"მაგრამ " ბრძანებს ლევან გოთუა " შენი ყველაზე უფრო დიდი და კეთილი ნიჭი იყო უნარი და გრძნობა მეგობრობისა. შენ სამოყვასოდ იყავ გაჩენილი, ამიტომ გყავდა ბევრი მეგობარი და ძმა საკუთრივ უძმოს".
უსაზღვრო სიყვარული იყო ის მადლი, რომელსაც ასე უხვად აფრქვევდა ირგვლივ. თანამედროვენი აღნიშნავდნენ მის იშვიათ უნარს " ადვილად დაახლოებოდა ადამიანებს, გულთან მიეტანა მათი სიხარული თუ ჭირ-ვარამი, ეთანაგრძნო და დახმარება გაეწია, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, კეთილი საქმისთვის დაეჭირა მხარი.

ადამიანებს, ხშირად საოცარი წინათგრძნობა ეწვევათ ხოლმე. რამდენი შემოქმედი ვიცით, ვინც თითქოსდა იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი. ამგვარია გურამის ფოტოც " "მოწყვეტა აილამას ქედიდან" " და 1961 წელს გაკეთებული მისივე ჩანაწერი უბის წიგნაკში: "ჯუმბერი! კუხო! და ილიკო! საშინელებაა!.. ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია"...
იგი 1963 წლის 27 აგვისტოს შხარადან დაშვებისას დაიღუპა...

გურამ თიკანაძის ფოტოებს, ფოტოკლასიკად ქცეულთ, ხშირად ვხვდებით გამოფენებზე, პრესაში თუ სხვადასხვა გამოცემებში. ისინი დღესაც ისეთივე აქტუალური და მშვენიერია, როგორც 40 წლის წინ.

მისი არქივიდან უცნობი ფოტოები დიდი ხანია აღარ გამოქვეყნებულა...

გურამ თიკანაძე წელს, სექტემბრის თორმეტს, სამოცდაათი წლისა შესრულდებოდა...