"ქართველი" მიურატები

პრინც ალენ მიურატთან და მის თანამეცხედრე პრინცესა ვერონიკასთან შეხვედრამდე, ჩემდა უნებურად, ცერემონიებისთვის მოვემზადე. ძნელია სიტყვების - "პრინცი" და "პრინცესას" გაგონებაზე რაიმე უბრალო, ყოველდღიური, ჩვეულებრივი წარმოიდგინო. თვალწინ 70-იანი წლების ფრანგული ისტორიული ფილმების კადრებმა გამიელვეს, სადაც მამაკაცები, მისალმებისას, შლაპებს ხელის ტალღოვანი და არტისტული მოძრაობებით იხდიან, რასაც ფეხების მოძრაობასაც უხამებენ და ქალები კი მოხდენილ, ლამაზ, ღრმა რევერანსებს აკეთებენ.
ჩემი წარმოდგენები არ გამართლდა და, ჩემდა გასაოცრად, კარი ტიპური ევროპული გარეგნობის, საშუალო ასაკის ქალმა, და ასევე, ევროპული გარეგნობის გრძელულვაშა მამაკაცმა გაგვიღო. წარმოიდგინეთ, არც სახის გამომეტყველება ჰქონიათ მედიდური და გულითადი, ევროპელთათვის დამახასიათებელი ღიმილით შეგვიპატიჟეს სახლში. მოკლე დერეფნის გავლის შემდეგ სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდით, სადაც კედლები ძველი ფოტოსურათებით, ნახატებითა და რეპროდუქციებით იყო დაფარული...

თუ მიურატების საგვარეულოს შესახებ არა გსმენიათ რა, ნაპოლეონის სიძეზე და მარჯვენა ხელზე, დიდ მარშალზე, ნეაპოლისა და ორი სიცილიის მეფეზე " იოაჰიმ მიურატზე " მაინც გექნებათ რაიმე ყურმოკრული. აი, რას წერდა მის შესახებ იმპერატორი: "...ის ჩემი მარჯვენა ხელი იყო... ბრძოლის ველზე ჭეშმარიტი რაინდი გახლდათ... არ არის ქვეყანაზე გენერალი, მიურატზე უკეთესად რომ შეეძლოს კავალერიის გაძღოლა". იოაჰიმ მიურატი, რომელმაც სამხედრო სამსახური უბრალო ჯარისკაცობიდან დაიწყო, სხვადასხვა ბრძოლაში დაუახლოვდა ბონაპარტს და მის დაზე, კაროლინაზე იქორწინა...
სწორედ ამ ლეგენდარული მარშლის ძე გახლდათ ნაპოლეონ III-ის არმიის ახალგაზრდა ოფიცერი აშილ მიურატი, რომელმაც 1868 წელს, პარიზში, დარუს ქუჩის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, დაიწერა ჯვარი სალომე დადიანზე, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა და დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ასულზე...

ორიოდ თავაზიანი სიტყვის გაცვლის შემდეგ ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი, როგორც ახლადგაცნობილებს სჩვევიათ და ჩემდა უნებურად მასპინძლებს შევავლე თვალი: პრინცი ტიპურ ფრანგს ჰგავს, გრძელი ულვაში კი განსაკუთრებულ იერს აძლევს. მასში რაღაც ქართული ნაპერწკალიც არის. იგი, ოდნავ, XIX საუკუნის ქართველ თავადსაც წააგავს. პრინცესას ნამდვილი ევროპული გარეგნობა აქვს, ისეთი, რომ ათას კაცშიც გამოარჩევ...

" ეს პოლიტიკური ქორწინება გახლდათ " ბრძანა პრინცესა ვერონიკამ " საფრანგეთს შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში სჭირდებოდა გავლენის მოპოვება, სალომე დადიანის ქორწინება აშილ მიურატზე კი ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ამ მიზნის განსახორციელებლად.
ახლად დაქორწინებულები ალჟირში გაემგზავრნენ, სადაც საფრანგეთი დაპყრობით ომს აწარმოებდა.
მეორე იმპერიის დაცემის შემდეგ ინგლისში გაქცეულ ნაპოლეონ III-ს აშილ მიურატიც თან გაჰყვა, მაგრამ მალე დემობილიზებული, უკანვე, საფრანგეთში დაბრუნდა და, ცოლ-შვილთან ერთად, საქართველოში, სამეგრელოში გამოემგზავრა, სადაც სალომეს ანდერძით ორი ადგილი " სალხინო და ჭკადუაში " ერგო. მათ ზუგდიდშიც ააგეს ფრანგული ტიპის პატარა სასახლე, რომელიც, სამწუხაროდ, 1894 წელს, აშილის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხანძარმა დაანაცარა.
სალომესა და აშილს ორი ვაჟი: ლუსიენი (ალჟირში), ნაპოლეონი (პარიზში) და ერთი ქალიშვილი ანტუანეტა (ზუგდიდში) შეეძინათ...

"თანამედროვე" მიურატები " პრინცი ალენი და პრინცესა ვერონიკა " საქართველოში პირველად 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის შემდეგ, ჩამოვიდნენ: "რადიოში მოვისმინეთ, ზუგდიდში დადიანებისა და მიურატების სასახლეს ალყა აქვს შემორტყმული და საფრთხეშიაო. იმ დროს ჩვენ ერთადერთი სურვილი გაგვიჩნდა, ჩამოვსულიყავით და დაგვეცვა ჩვენი წინაპრების სამოსახლო. აქ, განსაკუთრებით სამეგრელოში, საოცრად თბილად დაგვხვდნენ და მიგვიღეს. ყველა გვეუბნებოდა: "ჩვენ თქვენ გელოდით. ვიცოდით, რომ ჩამოხვიდოდით"!..

...მამის გარდაცვალების შემდეგ დაოჯახდა ლუსიენ მიურატი. ეს ქორწინებაც გარიგებით შედგა და მისი მეუღლე " გრაფინია დე როან შაბო " იმ პერიოდის საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი პირის ქალიშვილი გახლდათ.
ლუსიენის მეუღლე ინტელექტუალი, ნიჭიერი მხატვარი იყო და მის სახელოსნოში, პარიზში, უამრავი ხელოვანი იყრიდა თავს.
1898 წელს ლუსიენსა და გრაფინია როან შაბოს ვაჟი " აშილი " შეეძინათ, მაგრამ, როგორც ჩვენგან ჩანს, ეს არ იყო ბედნიერი წყვილი. მამამ პატარა უფლისწული მალე სამეგრელოში წამოიყვანა, სადაც მარტო ზრდიდა. გრაფინია როან შაბო, მხოლოდ ერთხელ, 1904 წელს, ჩამოვიდა დედასთან ერთად შვილის სანახავად, მაგრამ ჩქარა უკანვე, პარიზს გამგზავრებულა. საინტერესოა, რომ ლუსიენის სიდედრს, ჰერცოგინია ვერტეიაკს კავკასიაში, კერძოდ სამეგრელოში, მოგზაურობის შთაბეჭდილებებით სავსეს, საკმაოდ საინტერესო წიგნი დაუწერია...
ნაპოლეონმა, ლუსიენის უმცროსმა ძმამ, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მანჯურიაში ორივე ფეხი დაკარგა, სამეგრელოში ხეიბარი დაბრუნდა, საიდანაც შემდეგ, დასთან ანტუანეტასთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა...

1917 წელს წვევამდელი აშილ მიურატი საფრანგეთში გაემგზავრა სამხედრო ბეგარის მოსახდელად. ის საფრანგეთის არმიის ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო და შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოში ვეღარ დაბრუნდა.

"ჩემი მამამთილი ხშირად იხსენებდა იმ არაჩვეულებრივ, ზღაპრულ ქვეყანას " ბრძანა პრინცესა ვერონიკამ " სადაც გაიზარდა და ბავშვობა გაატარა. როდესაც ზუგდიდში მოვხვდი პირველად, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ამ სახლს, ეზო-კარსა და გარემოს კარგად ვიცნობდი. თითქოს მეც მიანცია და მირბენია ამ სახლის აივნებზე. ტაძარში, მღვდლის საცეცხლურში წაბლი ჩამიგდია, რომელიც წირვის დროს "აფეთქებულა" და თერთმეტი წლისას დათვი მომინადირებია. და, ალბათ, ამიტომ დღესაც, მიურატების ამ შტოს საფრანგეთში "ქართველ მიურატებად" იხსენიებენ და ეს ჩვენ სიამაყით გვავსებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩემმა მამამთილმა მეგრული "ნანა" წაიღიღინა და გაკვირვებული მოწყალების დის კითხვას " სადაურია ეს სიმღერა? " თვალცრემლიანმა უპასუხა: " მეგრული!"

1923 წელს აშილი დაქორწინდა ქალბატონ მაგდოლენ დე შასელუ ლობაზე და მასთან ცხრა შვილი შეეძინა. პრინცი ალენი ნაბოლარა, მეცხრე შვილი გახლავთ...

პრინცესა ვერონიკა პროფესიით ისტორიკოსია და საფრანგეთში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად, პრინცი ალენი კი ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ხელმძღვანელობდა. როგორც თავად ბრძანეს, საშუალება მიეცათ თუ არა, "განგებით, ღვთის ნებით", ყველაფერი მიატოვეს და მამა-პაპეულ კერას დაუბრუნდნენ. თან საგვარეულო განძიც ჩამოიტანეს და ზუგდიდში ახლად შეძენილ სახლში განათავსეს. მაგრამ, სამწუხაროდ, 2000 წლის 15 ნოემბერს, როგორც მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს, ხანძარმა თითქმის ყველაფერი გაანადგურა...

პრინც ალენსა და პრინცესა ვერონიკას ხუთი შვილი ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან პრინცესას ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი და პრინცს ერთი ქალიშვილი, ანონსიადი, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას პოლიტიკური მეცნიერებების განხრით აპირებს.
უმცროსი მატილდა, იგივე მარიამი, კი ჩვენთან ათი წლისა ჩამოვიდა და როგორც მიურატები ოჯახში ხუმრობენ: "ქართულად ოცნებობს და ქართულ სიზმრებს ნახულობს". მან საშუალო განათლება ზუგდიდის მე-11 სკოლაში მიიღო და სორბონის უნივერსიტეტში ორტი-კულტურის ფაკულტეტზე შესასვლელად ემზადება. ეს პროფესია ახალგაზრდა პრინცესას, რომელსაც საქართველოში ცხოვრება სურს, და რომელიც ქართული ტრადიციების თაყვანისმცემელია, საშუალებას მისცემს, აღადგინოს და პირვანდელი სახე დაუბრუნოს დადიანების სასახლის ბაღს.

წელს მიურატებმა, 2000 წლის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ მოიკრიბეს ძალა და ფონდი " "მიურატები საქართველოში" " დააარსეს. "დღეს ჩვენ შედეგს ვმკურნალობთ და არა ამ შედეგის მიზეზს - ბრძანა პრინცმა - ამიტომ ჩვენი მიზანი კონკრეტულია: გვინდა, დავამყაროთ კონტაქტები საფრანგეთის ანალოგიურ მუზეუმებთან და მათი გამოცდილება, მუშაობის თანამედროვე სტილი, ჩვენშიც დავამკვიდროთ".

P.S.

პრინცესა ვერონიკა, საფრანგეთის უწარჩინებულეს გვართა შაბოთა და ტრამკურთა შთამომავალი გახლავთ. სამწუხაროდ, ჩვენს პატარა წერილში ვერ შევძელით მოგვეთხრო მისი წინაპრების: საფრანგეთის, იერუსალიმის, სიცილიის, კონსტანტინეპოლის მეფეთა, ერთ-ერთი რომის პაპისა და სხვა ისტორიულ პირთა შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ამის საშუალება მომავალში მოგვეცემა...