მომავლის ავტო მობილები
(ჩვეულებრივი საგნები ახალი ტექნოლოგიების პრიზმაში)

ბოლო პერიოდში მოწყობილ ავტოგამოფენებზე წარმოდგენილი ავტომობილების კონცეფციური მოდელები შეიძლება ფანტასტიკურად და უტოპიურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების განვითარების ტემპი და ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ ბევრი მათგანი შეიძლება, უახლოეს პერიოდში, გამოჩნდეს ავტოსალონებში.
თანამედროვე ავტომობილები უამრავი საინფორმაციო თუ გასართობი საშუალებებითაა აღჭურვილი. დღეს ძნელი წარმოსადგენია რომელიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტომწარმოებლის ახალი მოდელი მობილური ტელეფონის, CD-ფლეიერის, ტელევიზორის თუ თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა GPS-ს* გარეშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღევანდელი სიახლეები ავტოინდუსტრიაში სრულიად ახლებური მიდგომის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.
ბოლო დროს, ავტომოყვარულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და საჭირო ინტელექტუალური მანქანების შესაქმნელად, ავტომწარმოებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ელექტრონიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების ცნობილ კომპანიებთან. ახლახან გამჟღავნდა Toyota-სა და Sony-ს ერთობლივი, მომავალი ავტომანქანის კონცეფცია Toyota Pod. ეს სისტემა აღჭურვილია თვითსწავლების ფუნქციით და იმახსოვრებს ავტომობილის მფლობელის ჩვევებს. აფიქსირებს, თუ რა ტელე და რადიო პროგრამებით სარგებლობს იგი, როგორ მუსიკას უსმენს და რა ინტერნეტ-გვერდებს ათვალიერებს შინ თუ სამსახურში. ამის გათვალისწინებით ინტელექტუალური სისტემა ცდილობს, ავტომობილის მართვისას, მანქანის მფლობელს საინტერესო ტელეპროგრამა, მუსიკა თუ ინტერნეტ-გვერდი შეურჩიოს.
Toyota Pod-ს ნავიგატორული ფუნქციებიც გააჩნია: იგი მფლობელს საშუალებას აძლევს განსაზღვროს უმოკლესი გზა დანიშნულების პუნქტამდე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მანქანის დისპლეის რუკაზე აჩვენოს ის დამახსოვრებული რესტორნები და ავტოგასამართი სადგურები, რომელთა ხშირი სტუმარიცაა მანქანის მფლობელი. საკმარისია მძღოლმა ხმამაღლა წარმოთქვას მშია, რომ Toyota Pod თვითონ შეურჩევს საყვარელ რესტორანს, თანხმობის შემთხვევაში კი ინტერნეტით გაგზავნის მოთხოვნას ადგილის დაჯავშნის შესახებ, იმ დროის მითითებით, რაც საჭიროა ობიექტამდე მისვლისთვის.
Toyota-ს გარდა Nissan Motor Co.-ც სერიოზულად ფიქრობს მომავალი მანქანები აღჭურვოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით. მაგალითად, Nissan-ის მარკეტოლოგების აზრით, მობილური ტელეფონი დიდ როლს ითამაშებს მომავალი ავტომფლობელების ცხოვრებაში, და მას კომპანიის ინჟინრები ავტომობილის გასაღების ალტერნატივად მიიჩნევენ: საკმარისია მანქანის მფლობელმა მობილური ტელეფონი სპეციალურ დამჭერში ჩადოს და მანქანა მაშინვე დაიქოქება. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მანქანაში ჩამონტაჟებულ ეკრანზე სამგანზომილებიან გრაფიკაში გამოისახოს მოძრაობისას ქუჩაზე განლაგებული ობიექტები და მძღოლს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საინტერესო ობიექტის შესახებ. რა თქმა უნდა, ასეთი სისტემის მუშაობისთვის აუცილებელია შესაბამისი საქალაქო ინფრასტრუქტურის არსებობაც.
ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით ავტომოყვარულების ყურადღების მიპყრობას მხოლოდ ავტომწარმოებლები არ ცდილობენ. ფინური კომპანია Nokian Tyres აპირებს კავშირგაბმულობის ახალი სისტემების გამოყენებას საკუთარი წარმოების საბურავების რეკლამირებისთვის და თანამშრომლობს Road Snoop Safety System-თან, რომლის დამუშავებული მოწყობილობა, ინფორმაციას, ავტომანქანების საბურავების მდგომარეობის შესახებ მძღოლს, მობილურ ტელეფონზე უკაბელო მონაცემთა გადაცემის პროტოკოლის Bluetooth-ის** საშუალებით აწვდის. სისტემა Road Snoop შედგება საბურავის შიდა ნაწილში ჩამონტაჟებული სპეციალური სენსორისგან, რომელიც, თვლის ბალანსირებას არ არღვევს და იკვებება სპეციალური ბატარეით. ბატარეა ვარგისია 5 წლის განმავლობაში.
სამომავლო კონცეფციებისგან გასხვავებით, ავტომობილების საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვის მხრივ, საინტერესოა ცნობილი გერმანული კომპანია BMW-ს უახლესი მიღწევები. BMW-ს მეშვიდე სერიის ავტომობილებში გამოჩნდა უნიკალური მოწყობილობა iDrive. იგი ხავერდოვანი ალუმინის გადამრთველს წარმოადგენს, რომელიც სალონში წინა სავარძლებს შორის არის მოთავსებული, იქ, სადაც, ჩვეულებრივ სიჩქარის გადამრთველი სახელურია განთავსებული. iDrive კომპიუტერის მაუსს მოგვაგონებს, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს, მენიუს რვა ძირითად პუნქტში იმოძრაოს და, საჭირო ფუნქციის ამორჩევისას, მოწყობილობაზე ხელის დაჭერით დააფიქსიროს იგი. ეს, San Jose's Immersion-ის მიერ დამუშავებული მოწყობილობა, 700 სხვადასხვა ფუნქციაზე გადასვლის საშუალებას იძლევა, კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებიდან დაწყებული, სალონში კლიმატ-კონტროლით დამთავრებული.
საინტერესოა ის გარემოება, რომ BMW-ს ინჟინრები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. iDrive-ის მენიუს რვა ძირითადი პუნქტიდან ცალკეა გამოყოფილი გართობის და კავშირგაბმულობის ქვემენიუები. მენიუში გართობა შედის რადიოს, CD, MD და ტელევიზორის ჩართვა, ხოლო iDrive-ის სახელურის კომუნიკაციის რეჟიმში გადართვისას შესაძლებელია სატელეფონო წიგნში ჩახედვა, ყველაზე ხშირად გამოყენებად რვა ტელეფონის ნომერზე გადასვლა, ბოლოს აკრეფილი ნომრების ნახვა. ტელეფონზე დარეკვა შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივად, ნომრის აკრეფით, ასევე ხმოვანი ბრძანებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალზე მოხერხებულია მძღოლისთვის მანქანის მართვის დროს.
გათვალისწინებულია საშუალება - მანქანიდან მოხდეს დაკავშირება BMW-ს სერვის ცენტრთან (BMW Service); კომპანიის საინფორმაციო (BMW Info) და საცნობარო (Inquiry Plus) სამსახურებთან, შესაძლებელია გზებზე ტრაფიკების (მოძრაობის ინტენსივობის) შესახებ ინფორმაციის მიღება Traffic Info-ს გამოყენებით. ავტომობილში ჩამონტაჟებულია GPRS მოდულიც და თუ ოპერატორს ეს სისტემა ჩართული აქვს, (საქართველოში მაგთიკომი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც GPRS სისტემა გაუშვა ექსპლუატაციაში) არსებობს საშუალება, გამოყენებულ იქნას მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემის უახლესი ტექნოლოგიაც.
კომპანიის ხელმძღვანელობა ოპტიმიზმით უყურებს ახალი სისტემის მომავალს, iDrive-მა ხომ ის უამრავი გადამრთველი თუ კლავიში გააერთიანა, რომელიც წინა მოდელებში იყო და ზოგიერთ ავტომფლობელს აბნევდა კიდეც. უმნიშვნელოვანესია ის გარემოებაც, რომ, ახალი მოწყობილობის დახმარებით, მძღოლები მოძრაობაზე მეტად კონცენტრირებულნი იქნებიან, რადგან ამ დროს საქმე ერთ მოწყობილობასთან ექნებათ და მხედველობითი ყურადღება ნაკლებად იქნება გაფანტული. მე მჯერა, რომ ეს (iDrive) უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია - ახალი სისტემის პრეზენტაციის დროს განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის BMW-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.
BMW-მ ახალი სისტემა iDrive-ის შექმნისას ასევე გერმანული კომპანია Siemens VDO Automative AG-ის საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოიყენა, რომელიც თავის მხრივ ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის საოპერაციო სისტემა Windows® CE-ს ბაზაზეა აგებული. ავტომობილის შიგნით დამონტაჟებულ მოწყობილობებს შორის მაღალი სიჩქარით მონაცემთა გაცვლას კი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უზრუნველყოფს.
BMW-ს სტრატეგია ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მომავალში კიდევ უფრო გამოიკვეთება. 2002 წლის იანვრიდან ამუშავდა კომპანიის ახალი ქვედანაყოფი BMW Car IT, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული ავტომობილებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) დანერგვით. ეს კომპანია BMW ჯგუფის წევრია და მისი მუშაობის კონცეფცია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო მეცნიერებათა ინსტიტუტის დახმარებით ჩამოყალიბდა. იმისთვის, რომ უახლესი სისტემები უფრო სრულყოფილი და მომხმარებელთა ფართო ჯგუფისთვის საინტერესო იყოს, BMW Car IT განყოფილებები ჩამოყალიბდა Palo Alto, Silicon Vally (აშშ) და იაპონიაში.
რა თქმა უნდა, BMW ამ მიღწევებს არ დასჯერდება. კომპანია უკვე, ამ წლისათვის, გეგმავს საკუთარი წარმოების ავტომობილების დისტანციური დიაგნოსტიკის დაწყებას. GSM ტექნოლოგიის გამოყენებით და ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი იქნება მანქანის დაზიანებული ნაწილების გამოვლენა და მათი შემცვლელი სათადარიგო ნაწილების შეკვეთა ავტოგასამართ სადგურებში მისვლამდე. ასევე დაგეგმილია ავტომობილებში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაცია ავტოგასამართ სადგურში მისვლის გარეშე.

* GPS Global Positioning System (გლობალური პოზიციონირების სისტემა) თანამგზავრის დახმარებით ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემაა. თავიდან იგი დამუშავდა აშშ-ს სამხედრო დანაყოფებისთვის, ხოლო შემდგომ ფართო გამოყენება პოვა სამოქალაქო მიზნებისთვისაც. მოწყობილობა თანამგზავრიდან იღებს ინფორმაციას თავისი ადგილმდებარეობის შესახებ - გრძედი, განედი, სიმაღლე ზღვის დონიდან (სულ რამდენიმე მეტრის სიზუსტით).

** Bluetooth - წარმოადგენს მოკლე მანძილიან რადიო დაკავშირების სტანდარტს, რომელსაც სახელწოდება X საუკუნის ვიკინგების მეფის Harald Bluetooth საპატივცემულოდ დაერქვა. სტანდარტი განკუთვნილია მობილურ ტელეფონსა, პერსონალურ კომპიუტერს, ლეპტოპსა და PDA (Personal Digital Assistance) შორის ინფორმაციის გაცვლისთვის და მოქმედების რადიუსი არაუმეტეს 10 მეტრს წარმოადგენს. Bluetooth-ით აღჭურვილი სისტემები მუშაობს 2.4 2.4835 GHz დიაპაზონში და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 721 კილობიტ/წამში სიჩქარით. Bluetooth-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები უკვე გამოჩნდა ბაზარზე, მაგალითისთვის შეიძლება Nokia 6310, Ericsson T39m დავასახელოთ.