2002 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით
მაგთი GSM-მა ოპერირების დაწყებიდან
ხუთი წლის იუბილე აღნიშნა.

საზეიმო კონცერტი 22 სექტემბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობაში გაიმართა და მას თბილისში, სპეციალურად ამ თარიღისთვის ჩამოსული უამრავი უცხოელი საპატიო სტუმარი და ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო.

კონცერტი დაიწყო "ნეოსტუდიის" მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმით " "მაგთი GSM " მუდმივი კავშირის სამყარო" (რეჟისორი სერგო ბუიღლიშვილი, ოპერატორი სოსო გულბანი). ფილმი სექტემბრის დასაწყისში შეიქმნა. გადაღებები მიმდინარეობდა: თბილისში, კოდორის ხეობაში, სვანეთში " სოფელ ჭუბერსა და საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში.

ოპერის თეატრში წარმოდგენა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა დადგა, ორიგინალური და თვალისმომჭრელი დეკორაციები კი, თამრიკო ფოცხიშვილმა შექმნა.

გთავაზობთ მაგთიკომის საიუბილეო საღამოსა და კომპანიის ხუთი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღების ფოტოკოლაჟს.

ნინო კასრაძე: ხუთი წელია, რაც მაგთი GSM ჩვენთან ერთადაა. ჩვენთან ერთადაა ავდარში, დარში, მთაში და ბარში, გზაში და სახლში, ზღვაშიც და ცაშიც. მაგთი GSM მაშველის ხმობის, ამბის შეტყობინების და, ხანდახან, სიყვარულის ახსნის ერთადერთი საშუალებაა და, რაც მთავარია, არასოდეს გვღალატობს. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს, თითქოს, ძალზე მარტივია, იღებ ტელეფონს, კრეფ ნომერს და საუბრობ. ყოველივე ამის მიღმა კი ადამიანები დგანან, რომლებიც დღედაღამ შრომობენ, რათა გაგვიადვილონ ურთიერთობები. მაგთი GSM ხომ კეთილი, მუდმივი კავშირის სამყაროა.

ნინო კურატაშვილი: თბილისში სატელეფონო ზარი პირველად XIX საუკუნის მიწურულს, 1882 წელს გაისმა. არავინ უწყის, რა შინაარსის იყო მაშინდელი სატელეფონო დიალოგები, ალბათ, დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან: საქმიანი, საჭირო და ზოგჯერ " გასართობიც.

გია ჯოხთაბერიძე: ნება მიბოძეთ მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ დღევანდელ საღამოზე მობრძანებისთვის. მადლობა ვუთხრა მაგთი GSM-ის ყველა თანამშრომელს იმ ენერგიისა და ცოდნისათვის, რომელსაც ისინი მაგთიკომში მუშაობისას ავლენენ; მადლობა ვუთხრა ჩვენს საქმიან პარტნიორებს, ჩვენში თუ საზღვარგარეთ; მივესალმო და მადლობა ვუთხრა ჯეოსელს " ჯანსაღი კონკურენციისთვის; "ნეოსტუდიას" " მაგთი GSM-ის წარმატებული სარეკლამო კამპანიისთვის.

ჩემს შემდეგ სიტყვით "მეტრომედიას" ყოფილი პრეზიდენტი ბატონი რიჩარდ შერვინი გამოვა და უფლება არ მაქვს არ ვთქვა: რომ არა იგი, იმ არეულ დროს, აწეწილ ქვეყანაში, ვერ შეიქმნებოდა მაგთიკომი, საქართველოს ტელეკომი, აიეტი-TV, ორი რადიო " ერა და ფორტუნა, პეიჯინგური კომპანიები. დიდი მადლობა მას ამ უანგარო დახმარებისთვის...

და დიდი მადლობა ჩვენს 240 ათასზე მეტ აბონენტს, რომლებიც ჩვენი წინსვლის საწინდარი არიან! დიდი მადლობა!

სალომე ღვინიაშვილი: Metromedia International Telecommunications-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ შერვინი ჟურნალ "მუდმივი კავშირის სამყაროს" პირველ ნომერში იხსენებდა: "1996 წლის ივნისში თბილისში კვლავ ჩამოვედი და პირველად მაშინ შევხვდი გია ჯოხთაბერიძეს. იგი დიდად იყო დაინტერესებული GSM სისტემის შექმნით, ლიცენზიაც ჰქონდა და მეც ვთქვი: " რატომაც არა!"

რიჩარდ შერვინი: საქართველოში, პირველად, 1990 წელს ჩამოვედი და, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის დაბრკოლება რომელიც ამ წლების მანძილზე თქვენმა ქვეყანამ გამოიარა, მეც გამოვიარე. ამიტომ თავს, ნაწილობრივ, მეც ქართველად ვთვლი...

მე ვიცნობ ქართული ხასიათის თვისებებს: შემართებას, მხნეობას, სიმტკიცეს... ქართული სიტყვები "გამარჯვება" და "გამარჯობა", ჩემი აზრით, სწორედ სირთულეების, დაბრკოლებების გადალახვის სიმბოლური გამოხატულებაა და ნათელია, რომ მაგთიკომი, მისი კოლექტივი და ბატონი გია ჯოხთაბერიძე, რომელიც საქმის ცოდნითა და განსაკუთრებული ხედვით გამოირჩევა, სწორედ ამ სულისა და მხნეობის მატარებელნი არიან.
ამის დასტური მაგთი GSM-ის 250 ათასზე მეტი აბონენტია. გაგიმარჯოთ!

მამუკა ლორია: რა არის მაგთი GSM და რა მუდმივი კავშირი აქვს მას საფეხბურთო სამყაროსთან? ახლავე აგიხსნით: მაგთი GSM არის " გადასცა ერთმა, გაატარა მეორემ, მიიღო მესამემ " ალოოოო! ფეხბურთი? გადასცა ერთმა, გაატარა მეორემ, მიიღო მესამემ " გოოოოლ!

ზაზა შენგელია: მაგთი GSM ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აკეთო წარმატებულად საქმე და, ამავე დროს, დაიმკვიდრო მეცენატის იმიჯი, აკეთო სიკეთე და არ იფიქრო იმაზე, რომ ამ სიკეთისთვის გეტყვიან მადლობას.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მაგთიკომს და ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მხარში უდგანან ტელერადიოკომიტეტს. მათი მხარდაჭერით, თანადგომით, უამრავი პროექტი განხორციელდა, როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მაგთიკომი მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა იზრუნო ქვეყნის წინსვლაზე, მის ფინანსურ მომძლავრებაზე და, რაც მთავარია, ეს კომპანია მაგალითია წარმატებისა, რისი პრეცედენტი ძალზე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ: ქართული ბიზნესი შედგა, შედგა ქართული სახელმწიფო!

ვანო იანტბელიძე: დიდი ბოდიში, ჩემო კარგებო, გამორთვა დამავიწყდა და, როგორცა ხედავთ, აქაცა რეკავს ეგ დალოცვილი. დღეს კახეთში, ქვევრში და აქ, ორკესტრის ორმოში კი არა, საქართველოში ადგილი არ მეგულება, რომ მაგთი GSM-ით ვერ მიპოვონ; კაცო, კოდორშიცაო წეღან მოვისმინე და გამიხარდა. რაღა დარჩა, ერთი ზნაურიდან გაგრაში რო გავაგზავნი მესიჯსა საქართველო სრულად დაიფარება მაგთის სიგნალით. ეგ დღეც მალე დადგება!

დიმიტრი ჯაიანი: საქართველოსთვის ქველმოქმედება უცხო ხილი არ გახლავთ, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას ერთი კუთხით გავამახვილებ: დევნილები! კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოველი პრემიერა და გასტროლი დაკავშირებულია მაგთიკომთან! აფხაზეთის მწერალთა კავშირის ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებულია მაგთიკომთან!

ახალგაზრდა, დევნილ სპორტსმენთა ყოველი წარმატება დაკავშირებულია მაგთიკომთან! სიკვდილიდან გამოგლეჯილი მრავალი დევნილი ოჯახი დაკავშირებულია მაგთიკომთან!

მაქვს პატივი დამსწრე საზოგადოებას შევახსენო:
ბატონი გია ჯოხთაბერიძე სოხუმელია!
და ყველა დევნილის სახელით კომპანიის თანამშრომლებსა და პირადად მას მინდა ვუთხრა: დიდი მადლობა!

ნინო კასრაძე: მე პროფესიონალი მსახიობი ვარ, თეატრში ვმუშაობ და, ამავე დროს, რიგითი მაყურებელიც ხშირად ვყოფილვარ. მსახიობისა და მაყურებლის მუდმივი კავშირის სამყარო კარგადაა ჩემთვის ცნობილი. ამის გამო ადვილი გასაგებია თუ რა არის სივრცის მძლეველი მაგთი GSM-ის მთავარი პრინციპი: ადამიანებმა იცხოვრონ მუდმივი კავშირის სამყაროში, რომელიც ნდობაზე, სიკეთეზე, სიყვარულსა და სათნოებაზეა აგებული...