ბიბლიური პატიოსანი თვლები
და მათი მისტიკურ-სამკურნალო
თვისებები

გიორგი ალიბეგაშვილი

ი ა კ ი ნ თ ი
(Hyacintus)

ამ პატიოსან თვალზე ამოტვიფრული იყო იაკობის მეოთხე ძის " იუდას სახელი. წმ. ეპიფანე კვიპრელის განმარტებით, იაკინთის ფერი ცეცხლის ბრწყინვალებას ედრება, ნაკვერჩხლის მსგავსია. ამავე ავტორის აზრით, იაკინთის მისტიკური თვისება ასეთია: თუ მას ვინმე წაისვამს, ან მის ნალესავს შესვამს, ამ ადამიანში მართალი სიტყვა იშობა და იგი განსჯისას წრფელ, სამართლიან განაჩენს გამოიტანს.
სულხან-საბა ორბელიანის თანახმად, იაკინთი იგივე იაგუნდია. გარკვეული თვალთახედვით, იგი კარბუნკულს (carbunculus) შეესატყვისებოდა. როგორც ჩანს, კარბუნკულებს უწოდებდნენ ყველა წითელ თვალს " ლალს, შპინელს, იაგუნდს, მაგრამ ყველაზე მეტად სარწმუნოა, რომ მღვდელმთავარ აარონის სამოსზე მიმაგრებული უნდა ყოფილიყო ძოწი, რამდენადაც გრავირებისათვის იგი მეტად დამყოლი ქვაა. სიტყვა "კარბუნკული" მომდინარეობს ლათინური carbunculus -ისგან, რაც ნიშნავს "ნაპერწკალს", "ნაკვესს". პლინიუს უფროსი განმარტავს: ამ პატიოსან თვალს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ იგი "ცეცხლს მოგვაგონებს, თუმცა სინამდვილეში მას ცეცხლი ვერ ვნებს. ამიტომაც ზოგიერთნი ამ ქვას "შეუწველს" უწოდებენ".
თავის უფროს ძმებთან (რუბენთან, სიმეონსა და ლევისთან) შედარებით იაკობის მეოთხე ძე " იუდა გაცილებით დიდი ღვთიური მადლით დაჯილდოვდა: იუდას შტოსგან იშვა დავით ფსალმუნთმგალობელი, ხოლო დავითისგან " ხორციელად ქრისტე, რადგან დავითის სახლის შვილი იყო მარიამ ღვთისმშობელი, ქართულ ჰიმნოგრაფიაში კი იაკინთი მიჩნეულია ღვთისმშობლის შესამკობად. სიტყვა "იაკინთი" ბერძნულია, ხოლო "იაგუნდი" კი არაბული წარმომავლობისაა და ბერძნულიდან არის ნასესხები. ჰ. სმიტის განმარტებით, აღმოსავლური იაკინთი ესაა მოწითალო-ყავისფერი ან ვარდისფერი კორუნდი.
იაკინთთან დაკავშირებით არსებობს რწმენა, რომ იგი ადამიანს იცავს ჰალუცინაციებისა და ბოროტ ძალთა მზაკვრობისა და ძალადობისაგან.
ქრისტეს თორმეტ მოწაფე-მოციქულთაგან იაკინთი ანუ იაგუნდი შეესატყვისება თადეოზს, რომელიც მერწყულის ეტლის
(20 იანვარი " 18 თებერვალი) მოციქულად მიიჩნევა. თავის მხრივ, თადეოზ მოციქული ითვლება მონაზონთა, ხელობის მცოდნეთა
და მუშაკთა მფარველად (ზ. ქოქრაშვილი).
იაკინთი მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტზე, ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკურ დაავადებებზე, დეპრესიაზე, ეპილეფსიაზე; რგებს გულის ტკივილს, გულსისხლძარღვთა სისტემას, სახსრების ტკივილს, კანის დაავადებებს; შველის ყველა სახის ქრონიკულ დაავადებას.

საფირონი
(Sapphirus)

საფირონს წმ. ეპიფანე კვიპრელი სამეფო ქვად მიიჩნევს. ბიბლიაში ეს პატიოსანი თვალი ასეთ კონტექსტშია მოყვანილი: მოსე, აარონი, ნადაბი და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი მივიდნენ ღვთის მთასთან და "იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა, როგორც თავად ზეცა" (გამოსვლათა 24.10).
ისტორიული ცნობით ეგვიპტელი ქურუმთუხუცესი მკერდზე საფირონს ატარებდა, რომელზეც გამოსახული იყო ჭეშმარიტების ქალღმერთის გამოსახულება. წარმართული მისტერიებისას ქურუმთუხუცესი შემოსილი იყო ციურ-ლურჯ სამოსში, რომელიც ვარსკვლავებით მორთული და ყვითელი ქამრით შემოსალტული იყო. ასევე იმოსებოდა აარონიც, რაც მარადიული ჭეშმარიტების მფლობელობას ნიშნავდა. ამასთანავე, ციურ-ლურჯ ფერში უნდა დავინახოთ სულის სიმბოლო, რომელიც მარადიულობისკენ მიისწრაფვის.
აღმოსავლური ტრადიციით, საფირონი კორუნდის ოჯახში შედის. იგი ერთ-ერთი მათგანია ამ ქვის სახეობებიდან: ცისფერი იაგუნდი ანუ საფირონი, ყვითელი იაგუნდი ანუ ტოპაზი და წითელი იაგუნდი ანუ ლალი. ზოგიერთი სპეციალისტი ამ ოჯახს მიაკუთვნებს ლეიკოსაფირონსაც ანუ თეთრ იაგუნდს " აღმოსავლურ ამეთვისტოს. იშვიათია მწვანე შეფერილობის იაგუნდი " აღმოსავლური ზურმუხტი.
მიუხედავად ზემოთქმულისა, სხვადასხვა შეფერილობის საფირონთაგან "ნამდვილ" საფირონად ითვლება ე.წ. "სამეფო საფირონი", ღრმა ცისფერი ფერისა. თავის მფლობელს იგი ანიჭებს ერთგულებასა და კდემას, ლოცვისას ხელს უწყობს გულისყურის მოკრებას. ამიტომ საფირონს ზოგჯერ "მონაზონთა ქვას" უწოდებენ. ეს პატიოსანი თვალი ანელებს ვნებებს და ინარჩუნებს უბიწოებას. წმ. ეპიფანე კვიპრელის განმარტებით, თუ ვინმე საფირონის ნალესავს აიღებს, რძეში აურევს, წაუსვამს სიმსივნეს, წყლულს, მუწუკს, ავადმყოფობა განიკურნება.
საფირონზე წარწერილი იყო იაკობის მეხუთე ვაჟის " დანის სახელი. "დანი" ნიშნავს "მსაჯულს". ბიბლიაში აქცენტირებულია მისი შთამომავლების ძალა და საბრძოლო სულისკვეთება. მართლაც, დანის შტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება, სამსონი, გამორჩეული იყო მოხერხებულობით, ცბიერებითა და ძლიერებით. ქრისტიანული ეგზეტიკით, დანის ნათესავთაგან უნდა იშვას ანტიქრისტე, რასაც წინასწარ მიანიშნებს პატრიარქ იაკობის სიტყვები: "გველი იქნება დანი გზაზე, უნასი " ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ქუსლისა" (დაბადება 49.17). ამიტომაც ახალ აღთქმაში, კერძოდ, აპოკალიფსში უფლის ბეჭდით აღბეჭდილ მონებს შორის დანის ნაცვლად მანასეა (იაკობის მეთერთმეტე ვაჟის " იოსების ერთ-ერთი ძე) დასახელებული (აპოკალიფსი 7.6).
სხვა ძვირფას ქვათა უმრავლესობის მსგავსად, საფირონი მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, ანელებს სიბერეს, შველის ბრონქიალურ ასთმას, რგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტს, ნერვულ სისტემას, რევმატიზმს, ენდოკრინულ და ინფექციურ დაავადებებს, დიაბეტს და სხვ.
ზ. ქოქრაშვილის გამოკვლევით საფირონი კუროს (21 აპრილი " 21 მაისი) ეტლის ძირითადი ქვაა, ხოლო მისი შესატყვისი მოციქულია მათე.

იასპი
(Jaspis)

აარონის შესამოსლის VI ქვა " იასპი, შეესაბამება იაკობის VI ვაჟს " ნეფთალემს და მის შტოს. წმ. ეპიფანე კვიპრელის განმარტებით, იასპის შეფერილობებია: მწვანე, მოწითალო და წინწკლებიანი ან ზოლებიანი მწვანე ფერით. სწორედ მწვანე ტონალობისა ფასობს განსაკუთრებით.
ჩინურ ლიტერატურაში ხშირად იასპი ქალურ სილამაზესთან ასოცირდება. იასპის საფეხურები გახდა სასახლისა და იქაური ცხოვრების სიმბოლო. თხელი, გამჭვირვალე და ე.ი. თავისი შინაგანი არსის გამომჟღავნებელი იასპის დისკო, შუაში ღიობით, ძველ ჩინეთში, თავადური და თვით საიმპერატორო ღირსების ემბლემადაც კი ითვლებოდა. ეს გახლდათ თავისებური სკიპტრა, რომელიც ერთმანეთზე ზუსტად მისადაგებული ორი ნახევარსფეროსგან შედგებოდა. იგი იყო ცის სიმბოლო, მისი უსასრულობისა და ძალაუფლების მომნიჭებელი. ასე რომ, იასპი გაიაზრება სიმბოლოდ ცისა, სიმბოლოდ ადამიანისა და სამყაროს გარდასახვისა.
იასპის მისტიკური თვისებებიდან მიუთითებენ, რომ იგი ადამიანს ანიჭებს სიბრძნეს, წინასწარგანჭვრეტის უნარს, სიმტკიცეს უბედურების ჟამს; ეს ახასიათებს ცივი ფერის იასპებს, ხოლო წითელი ფერისანი აჩერებენ სისხლდენას.
აპოკალიფსის მიხედვით, ზეციური იერუსალიმი იასპითაა ნაგები. ქრისტიანული ეგზეტიკით, ამ კონტექსტში იასპის ფერი ცეცხლმოდებული ნახშირის " ნაკვერცხლის ფერია. ეს ფერი გამოუთქმელია და ამავე დროს ყოვლისმომცველი, მსგავსი იმ ფერისა, როგორსაც მიწიერი მზის სინათლე მოიცავს შეფარვით ცისარტყელას ყველა ფერის დაუშლელ მთლიანობაში.
თანამედროვე ბიოსამედიცინო დაკვირვებით, იასპი მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, რგებს ნერვულ სისტემას, კურნავს ქალურ დაავადებებს, ეპილეფსიას, ენაბლუობას, უნაყოფობას, ინფექციურ სნეულებებს, გულსისხლძარღვთა სისტემას და სხვ.
იასპი ვერძის ეტლის (21 მარტი "
20 აპრილი) ქვაა, ამ ზოდიაქოს მოციქულად კი ფილიპე ითვლება (ზ. ქოქრაშვილი).

ლიგვირიონი
(Lincurius)

იაკობის მეშვიდე ძის " გაადის შესატყვისი პატიოსანი თვალი ლიგვირიონი, წმ. ეპიფანე კვიპრელის თანახმად, მოიპოვება ეგვიპტეში, კერძოდ, თებეში; გამოხატული აქვს მწვანე ფერის ძარღვები, ტონალობით კი თაფლის ან ძოწეულის ფერია. წმ. ეპიფანესავე ცნობით, ეგვიპტელთა ქვეყანაში ბინადრობენ ველური ძროხები, ე.წ. ლვიგვიროსები, რომელთა კუდის წვერი მწვანე ფერის ბრწყინვალებას გამოცემს. სწორედ ამ ფერთან მსგავსების გამო უწოდეს ამ ქვას ლიგვირიონი. მის მისტიკურ თვისებად ითვლებოდა მშობიარობისას ქალისათვის მოთმინების ძალის მინიჭება და მშობიარობის გაადვილება.
ლიგვირიონი მიჩნეულია დაკარგულ ქვად, უფრო ზუსტად " თუ რომელი პატიოსანი თვალი იგულისხმებოდა სახელწოდება "ლიგვირიონში", ბოლომდე გაურკვეველია. წმ. ეპიფანე კვიპრელს ლიგვირიონი იაკინთის ოჯახის ქვად მიაჩნია. თანამედროვე მინერალოგიით, ეს იყო მოყვითალო შეფერილობის განსაკუთრებით მტკიცე პატიოსანი თვალი, უფრო კი " ცირკონი; სხვა განმარტებით, ებრაული ტექსტების გათვალისწინებით, ლიგვირიონი ქარვის ყვითელ-წითელი სახეობაა.
ქრისტიანული ეგზეტიკის თანახმად, აპოკალიფსში გადმოცემული ზეციური იერუსალიმის საფეხურების აღწერის საფუძველზე, ლიგვირიონის შესაბამისი ქვა უნდა იყოს ქრიზოპრაზი, რაც ითარგმნება "ოქროსფერ-მწვანედ" და უახლოვდება წმ. ეპიფანეს მიერ შემოთავაზებულ ლიგვირიონის აღწერილობას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიგვირიონი და ქრიზოპრაზი იდენტური ქვებია. უბრალოდ, ლიგვირიონის ჩანაცვლება ქრიზოპრაზით მოხდა, შესაძლებელია, მისტიკური და სამკურნალო თვისებების მსგავსების საფუძველზე.
ქრიზოპრაზი ადამიანს იცავს ავი თვალისაგან, შურისა და ცილისწამებისაგან. ანიჭებს მას ამტანობას. ეს ქვა სამაჯურით უნდა ატარო. ამასთანავე, იგი რგებს ნერვულ სისტემას, თვალის დაავადებებს, აუმჯობესებს მხედველობას, აჩერებს სისხლდენას, არჩენს გულის ტკივილს, ქალურ დაავადებებს და აადვილებს მშობიარობას (თეძოზე დამაგრებით).
ზ. ქოქრაშვილის თანახმად, ქრისტეს თორმეტ მოწაფიდან ქრიზოპრაზი უფლის ძმას " იაკობს შეესაბამება, რომელიც თხის რქის (22 დეკემბერი " 19 იანვარი) მოციქულია. აქედან გამომდინარე, თხის რქის პატიოსანი თვალია ქრიზოპრაზი.

ა ქ ა ტ ი
(Achates)

ამ პატიოსან ქვას შეესატყვისება იაკობის მერვე ძე " ასერი. აქატს ძველი დროის ავტორები სხვადასხვა ფერისა და ტონალობის თვალად მოიხსენიებენ, კერძოდ: სპილოსძვლისფრად, ლომისფრად (წმ. ეპიფანე კვიპრელი), ლურჯად (სულხან-საბა ორბელიანი), ნახევრადგამჭვირვალე ძარღვიან ქვად (იოანე ბაგრატიონი), ვარდისფერი შეფერილობისად, ხავსისფრად და ა. შ.
წმ. ეპიფანეს გადმოცემით, თუ აქატის ნალესავს გააზავებენ წყალში და წაუსვამენ წყლულებს, მხეცთა, ასპიტთა და ღრიანკალთა ნაკბენებს, ადამიანი განიკურნება.
ახალ აღთქმაში, ზეციური იერუსალიმის აღწერისას, აქატი აღარაა მოხსენიებული, მაგრამ, შესაძლებელია, მისი ჩანაცვლება ქალცედონით მომხდარიყო, რადგან, თანამედროვე მინერალოგიური მონაცემებით, აქატი, რომელიც დეკორატიულ ქვადაა მიჩნეული, ქალცედონის ერთ-ერთი მთავარი ნაირსახეობაა. აქატისათვის ტიპური ზოლებრივი აგებულება შეიძლება ხაზთა სხვადასხვა სისქითა და შეფერილობით ხასიათდებოდეს.
ქალცედონი ქრისტეს თორმეტ მოწაფე-მოციქულთაგან თომას შეესაბამება, რომელიც ტყუპების ეტლის (22 მაისი " 21 ივნისი) მოციქულია (ზ. ქოქრაშვილი). ეს თვალი პატიოსანი მფლობელს იცავს ავი თვალისაგან. იგი რგებს ნერვულ სისტემას, მკერდზე მიმაგრებით მოჰყავს დედის რძე, აჩერებს სისხლდენას, კურნავს თვალის დაავადებებს, დეპრესიას, აუმჯობესებს მხედველობას, აადვილებს მშობიარობას, ამყარებს სქესობრივ ჰარმონიას, დადებითად მოქმედებს უშვილობაზე. რაც შეეხება აქატს, ეს ძვირფასი ქვაც ანალოგიურ დაავადებებს შველის და დამატებით: აუმჯობესებს მეხსიერებას, კურნავს იმპოტენციას, სხვადასხვა სახის ქრონიკულ დაავადებებს, ნიკრისის ქარს, აწესრიგებს გულის ცემას
და ა.შ.

სტატიაში გამოყენებულია კ.კეკელიძის სახელობის
ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების მინიატურები
ზ. ქოქრაშვილის წიგნის " "ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ", თბილისი, 2001 " მიხედვით.