ჯანსუღ კახიძე:
მე ვიცი, თუ რა არის მისი ოცნება

მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი არქივის გაცნობისას, კაბინეტში, საწერი მაგიდის უჯრაში, დიქტოფონი ვნახე, რომელშიც აუდიოკასეტა იყო ჩარჩენილი.
ფირზე, რომელსაც დიდი ინტერესით მოვუსმინე, ჩაწერილი აღმოჩნდა მამას მოსაზრებები სხვადასხვა ცნობილ პიროვნებაზე და მათ შორის ბატონ ედუარდ შევარდნაძეზეც.
მე ვერ მოგახსენებთ ეს გამონათქვამები რაიმე პუბლიკაციისთვის იყო განსაზღვრული თუ, უბრალოდ, ხმამაღლა ნაფიქრალი...
ყოველ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ამ ჩანაწერის გაცნობა.

ვახტანგ კახიძე
კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

ბატონი ედუარდ შევარდნაძე 1956-57 წლებში გავიცანი, ამ დროს იგი კომკავშირის ცკ-ს II მდივანი გახლდათ, ხოლო მე ვქმნიდი ანსამბლ "შვიდკაცას".
მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებას შორიდან ვადევნებდით თვალყურს, მე მივყვებოდი ხელოვნების გზას, ბატონი ედუარდი კი " პოლიტიკისას.
ეს პერიოდი ბატონი ედუარდისთვის საკმაოდ რთული გახლდათ. დაპირისპირებული ძალები მის პოლიტიკური გზიდან ჩამოშორებას ცდილობდნენ, იგი ჯერ რაიკომის პირველ მდივნად გადაიყვანეს პირველი მაისის რაიონში, შემდეგ კი " მცხეთაში. გადიოდა წლები. გარკვეულ პირთა ჩანაფიქრი ასეთი იყო: შევარდნაძე საერთოდ ჩამოეშორებინათ პარტიული მოღვაწეობისათვის. იგი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. აქ კი დაპირისპირებულმა ძალებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. ახალმა თანამდებობამ ბატონ ედუარდს გაცილებით უფრო გაუადვილა იმ პერიოდში გამეფებული კორუფციის მხილება და მასთან ბრძოლა.
1972 წელს ბატონი ედუარდი ცეკას პირველ მდივნად გვევლინება. მე მას ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ეს, საოცრად ნიჭიერი და ნათელი პიროვნება იზრდებოდა ყოველ საათში და დიდ პოლიტიკოსად ყალიბდებოდა.
70-იანი წლების დასაწყისი ეს ის პერიოდია, როცა კულტურა და ხელოვნება სათანადო ყურადღებას ითხოვს. შევარდნაძე უკვე მაშინ ხვდება და აცნობიერებს, რომ რეფორმების გატარება საბჭოთა სტრუქტურების გარდაქმნასა და გარდასახვაში, კულტურისა და ხელოვნების აღზევების გარეშე, შეუძლებელია. და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კულტურის აღმავლობის ხანა ყველა მიმართულებით. რაც განსაკუთრებით იჩენს თავს სამოცდაათიანი წლების დასასრულს. ამ აღმავლობას, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, საფუძველი ჩვენც, სამოციანელთა თაობამაც, ჩავუყარეთ: ელდარ შენგელაიამ, გია ყანჩელმა, გივი ორჯონიკიძემ, ნოდარ დუმბაძემ, ნიკო ჭავჭავაძემ, ზურაბ კაკაბაძემ, ოთარ იოსელიანმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა და სხვებმა, ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება.

სამოციანი წლების ბოლოს, იმდროინდელი კულტურის სამინისტროს მმართველობისგან, მეც დიდ წინააღმდეგობებს ვხვდებოდი, რის გამოც იძულებული გავხდი, 1971 წლიდან 1973 წლამდე, მიმეტოვებინა სამშობლო და, როგორც დევნილი, გადავხვეწილიყავი პოლონეთში. ცეკას პირველ მდივანს " ბატონ ედუარდ შევარდნაძეს " მოვუკითხივარ: სად არის კახიძე? და რომ შეუტყვია ჩემი პოლონეთში ყოფნის შესახებ, უთქვამს: " განა ბევრი გვყავს ასეთი დირიჟორი?! მოძებნეთ, მოელაპარაკეთ და დააბრუნეთ სამშობლოშიო! 1973 წელს, სწორედ მისი წყალობით, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე, სადაც 1993 წლამდე ვმოღვაწეობდი. ეს ოცი წელი, მე ვფიქრობ, იყო აღზევების პერიოდი, როგორც ჩემი პიროვნული შემოქმედების, ასევე ჩვენში სიმფონიური მუსიკის მუზიცირებისა. ამ პერიოდში სიმფონიურმა ორკესტრმა გადადგა უდიდესი ნაბიჯი, როგორც მხატვრულმა კოლექტივმა. ორკესტრის ირგვლივ დაირაზმნენ პერსპექტიული, მაშინ საშუალო თაობის კომპოზიტორები: გია ყანჩელი, რეზო ლაღიძე, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ გაბუნია და სხვები, რომელთა მიერ შექმნილი ნაწარმოებები, დღეს, ქართული კულტურის ოქროს ფონდშია შესული.
1982 წელს ბატონმა ედუარდმა თავისთან მიხმო და მითხრა: "ჯანსუღ, უნდა მივხედოთ ოპერისა და ბალეტის თეატრს". თავდაპირველად ვიუარე, ჩემი არგუმენტები მქონდა, ვიცოდი, რომ ოპერაში რეფორმების გატარებას კოლოსალური თანხა სჭირდებოდა, საჭირო იყო ძველი თაობის მომღერლების გაშვება და ახლების მოყვანა, ორკესტრისა და გუნდის ხელახლა შექმნა და მრავალი სხვა. ამიტომ ვუთხარი: "მე მგონი ჩემი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება და დროის ტყუილუბრალოდ დაკარგვა არ მსურს-მეთქი". მან მიპასუხა: "ესე იგი შენ არ ხარ დაინტერესებული, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს უფრო მაღალი დონის, კი ბატონო, მე სხვა მრავალი საქმე მაქვს, მათ მივხედავ და დარჩეს ჩვენი ოპერა პროვინციულ თეატრად"" რაღა გავაგრძელო და ჩვენი შეხვედრები და საუბრები იმით დამთავრდა, რომ მე ოპერის თეატრს ჩავუდექი სათავეში. ყველა პრობლემა, რომელიც თეატრის წინაშე იდგა, ბატონმა ედუარდმა თავის თავზე აიღო, ძალიან სწრაფად მოაგვარა და სამუშაოდ ხელსაყრელი პირობები შეგვიქმნა.

თეატრში სიმფონიური ორკესტრიდან მუსიკოსები გადმოვიყვანეთ (შეთავსებით), რამაც საგრძნობლად ასწია საოპერო ორკესტრის დონე; ძველი თაობის მომღერლები, დიდი პატივისცემითა და გარკვეული ანაზღაურებით, თეატრიდან გავუშვით და მოვიწვიეთ ახალგაზრდები, შევქმენით რეჟისორთა კოლეგია, რომელშიც შედიოდნენ: მიშა თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, გურამ მელივა და მე. ჩვენი მოღვაწეობა, 1982 წლიდან 1991 წლამდე, შეიძლება ჩაითვალოს ოპერის თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ოქროს ხანად. ამ პერიოდში შეიქმნა არაჩვეულებრივი სპექტაკლები. გერმანიაში, დუისბურგის ფესტივალზე, უდიდესი წარმატებით წარმოვადგინეთ პროკოფიევის ორი ოპერა, ფესტივალის ორგანიზატორებს მე პირობა წავუყენე, რომ ფესტივალის ზევით წარმოვადგენდით ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერს". ამ სპექტაკლმა ევროპელებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა და რეზონანსი, რომელიც დადგმას მოჰყვა, ყუმბარის გასკდომას ჰგავდა!
დიდი ღვაწლი მიუძღვის ბატონ ედუარდ შევარდნაძეს კინორეჟისურის და, საერთოდ, ქართული კინოს განვითარებაში. რომ არა მისი დაინტერესება, ხელშეწყობა და, მეტსაც გეტყვით, ჩარევაც კი, ის ფილმები, რომელთაც ქართულ კინოს მოუტანეს სახელი და დიდება, არ გვექნებოდა. თენგიზ აბულაძის "მონანიება" მხოლოდ მისი პასუხისმგებლობით, დაფინანსებით და სხვადასხვა ხერხითაა გადაღებული " თითქოს ეს უნდა ყოფილიყო სატელევიზიო ფილმი, დახურული, ვიწრო ინტერესებით. დამთავრდა თუ არა ფილმზე მუშაობა, ის თაროზე შემოდეს. მე ვკითხე ბატონ ედუარდს: რას იღებდით ბატონო ედუარდ, თუ თაროზე შემოსადებად გინდოდათ-მეთქი. მან მიპასუხა: "თქვენ მოუთმენელი ხალხი ხართ, ამის დრო ძალიან მალე დადგება". მართლაც რამდენიმე წელში "მონანიებამ" თავისი სიტყვა თქვა.
დიდ ყურადღებას და გვერდით დგომას გრძნობდნენ ედუარდ შევარდნაძისგან 60-იანი და უფრო ახალგაზრდა თაობის ქართველი მწერლები, მხატვრები.

იგი ხშირად ესწრებოდა ფილოსოფიის ინსტიტუტში ჩატარებულ სხდომებს და სწორედ იქ აღმოაჩინა აწ განსვენებული გივი ორჯონიკიძე. ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც გივი სიტყვით გამოდიოდა, ბატონმა ედუარდმა ბრძანა: " ეს კაცი უნდა იყოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბატონი გივი ამ კავშირის თავმჯდომარე გამხდარიყო. მართლაც, კომპოზიტორთა კავშირში, გივი ორჯონიკიძის მოსვლის შემდეგ, მუშაობა საოცრად საინტერესო, რევოლუციური, პროგრესული გახდა.
ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს. მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ ნიჭიერებამ, აზროვნების ფართო სპექტრმა მალევე იჩინა თავი და შევარდნაძე მსოფლიომ შეიყვარა, დიდ პოლიტიკოსად აღიარა. ეს არის პიროვნება, რომელსაც გააჩნია საოცარი მოთმინება, განჭვრეტის უნარი, ნიჭიერება და საოცარი ალღო იმისა, თუ როგორ განახორციელოს მიზანდასახული იდეა.
ახალ თანამდებობაზე მოკლე მოღვაწეობის პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ მოასწრო ავღანეთში ომის შეწყვეტა, ბერლინის კედლის დანგრევა და გარბაჩოვის შემზადება იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში გარდაქმნები აუცილებელია.
ფორმაციათა ცვლა, გადატანილი კატაკლიზმები ჩვენს სამშობლოს უდიდესი მსხვერპლის ფასად დაუჯდა...
ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გამაოცა მაშინ, როდესაც დანგრეულ, ძმათამკვლელ ომში ჩათრეულ, კრიმინალებით სავსე სამშობლოში გადაწყვიტა დაბრუნება. მაშინ თავად მას ვერა, მაგრამ ქალბატონ ნანულის ვესაუბრე, ვურჩიე, რომ იმ სიტუაციაში დაბრუნება არ ღირდა. მაგრამ ვერ შევაჩერეთ. ის ბანდიტებით სავსე საქართველოს სამართავად ჩამოვიდა და გაწევრიანდა ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებულ ე.წ. "სამხედრო საბჭოში". მისი ეს ნაბიჯი მაშინ, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვითმკვლელობა იყო; თუმც დარწმუნებული ვიყავი, რომ ედუარდ შევარდნაძე მოახერხებდა დაქცეული, განადგურებული ქვეყნის ფეხზე დაყენებას და უდიდეს როლს შეასრულებდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
მე ვიცი თუ რა არის მისი ოცნება " საქართველო იქცეს ევროპის პატარა, მაგრამ მოწინავე ქვეყნების " შვეიცარიის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, შვეციის, ფინეთის დარ ქვეყნად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეძლებს!